კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენმა ქალმა დაიწვა თავი ინდოეთში, ქალაქ კალკუტაში, მეცხრამეტე საუკუნის პირველ მეოთხედში

მეთოთხმეტე საუკუნის პირველ ნახევარში ფრანგ მისიონერთა ჯგუფი ინდოეთში ჩავიდა ღმერთის სიტყვის საქადაგებლად. მათგან ერთ-ერთმა, ჟურდენ დე სევერაკმა, რომელიც მოიხიბლა ეგზოტიკური ქვეყნითა და მისი გასაოცარი წეს-ჩვეულებებით, დაწერა წიგნი: „საოცრებანი, აღწერილი ძმა ჟურდენისა მქადაგებელთა ორდენიდან, დაბადებული სევერაკში და ინდოეთის უდიდესი ქალაქის – კოლუმბის ეპისკოპოსისა“, რომელშიც იგი გვაუწყებს:
„ინდოეთში, როდესაც რამდენადმე ცნობილი ქმარი, აგრეთვე, რაღაცის მფლობელი ადამიანი კვდება, მათ სხეულს ცეცხლში წვავენ; ამათანავე, მათი ცოლები ცეცხლში მიილტვიან, რათა ქმრებთან ერთად გაემგზავრონ საიქიოში. საერო ცხოვრებაში სახელის დიდებისთვის, ქმრისადმი სიყვარულისა და სამარადისო სიცოცხლისათვის ისეთი სიხარულით იწვავენ თავს, თითქოს გვირგვინით უნდა შეიმოსონ და, ისინი, რომლებიც ასე იქცევიან, აღიარებულნი არიან ყველაზე ღირსეულ და საუკეთესო ცოლებად. გასაკვირია ყველაფერი ეს! და არაერთხელ, ჩემ თვალწინ, ერთადერთი მიცვალებულის კვალობაზე, ხუთი ქალი ჩავარდა ცეცხლში და თავი დაიწვა“.
მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეების მიჯნაზე ქართველი თავადი რაფიელ დანიბეგაშვილი, რომელიც ინდოეთში მოგზაურობდა, სატის (თვითდაწვის) წეს-ჩვეულების შესრულების მოწმე გახდა:
„... ორმოცი დღის შემდეგ ჩავედი ქალაქ ნორპორში, ანუ ფარში, რომელიც მთაზე მდებარეობს. ქალაქში ჩასვლისთანავე, პირველი სანახაობა, რომელიც მე ვიხილე, იყო ყველაზე მწუხარე და გულის ამაჩუყებელი – მომკვდარიყო ერთი კერპთაყვანისმცემელი, რომელიც უნდა დაეწვათ. აი, როგორი ცერემონია სრულდება ამ დროს: გარდაცვლილის გვამი მოათავსეს ერთობ მორთულ კუბოში და წაიღეს, მათი წესის მიხედვით, დასაწვავ ადგილზე. გარდაცვლილს ორი ცოლი ჰყავდა, რომლებიც ძვირფას და საუცხოო ტანსაცმელში გამოწყობილნი მიუყვებოდნენ ქმრის კუბოს. დანიშნულების ადგილზე მისვლისთანავე, სპეციალური სახით მოაწყვეს დასანთები კოცონი, უამრავ შეშაზე დააწყვეს ჭოკები, რომელზეც მიცვალებული მოათავსეს. იქაური მკაცრი ჩვეულების მიხედვით, ცოლებს ნებაყოფლობით, ქმრისადმი სიყვარულისა და ერთგულების ნიშნად, თავი უნდა დაეწვათ კოცონზე. ეს ორი ქვრივი აქეთ-იქით, ორივე გვერდიდან შემოუსხდა მიცვალებულს. ქურუმებმა საკმაო რაოდენობის ზეთი და სხვა საწვავი ნივთიერება დაასხეს სამივეს, უცებ ყველა მხრიდან ცეცხლი ააგიზგიზეს და ეს ორი უცოდველი მსხვერპლი ქმრის გვამთან ერთად ცეცხლს მისცეს. კოცონის ირგვლივ შეკრებილმა ხალხმა სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრა დაიწყო და უკრავდნენ მანამ, სანამ მიცვალებული და ის ორი საბრალო ქალი ფერფლად არ იქცნენ მაგრამ, ცოლებს შეუძლიათ, უარი თქვან არაადამიანური წეს-ჩვეულების აღსრულებაზე. ნათესავნი და ნაცნობნიც ცდილობენ, დაიყოლიონ ისინი, რათა ხელი აიღონ განზრახვაზე, ცოცხლები დარჩნენ ბავშვების გასაზრდელად და ქმრის დანატოვარის მოსავლელად. მაგრამ, თუ მათ უკვე გადაწყვეტილი აქვთ, რომ მსხვერპლად შეეწირონ ქმარს, მიუახლოვდებიან კოცონს, უცებ იგრძნობენ, თუ რა საშინელება მოელით და უკან გამობრუნებას მოისურვებენ, მაშინ, კოცონის ირგვლივ მდგარი ზედამხედველები მათ სხვა სიკვდილით დაემუქრებიან – ხმლებით აჩეხავენ“.
ჟურნალი „მოსკოვსკი ტელეგრაფი“ 1826 წელს წერდა: „ცნობილია ბრაჰმანისტური რწმენის ინდოელ ქალთა შემზარავი წეს-ჩვეულება: მათ თავი უნდა დაიწვან თავიანთ გარდაცვლილ ქმრებთან ერთად, თუ ისინი ცოცხალი იქნებიან მეუღლის გარდაცვალების შემდეგ. შერცხვენა და სახელის გატეხა ატყდება თავს ყველა იმ ქვრივს, რომელიც უარს განაცხადებს თვითდაწვის წეს-ჩვეულების აღსრულებაზე და არავითარ საშუალებასა და რწმუნებას არ ძალუძს, წინ აღუდგეს ამ საშინელი წესის შესრულებას. ინგლისელებმა გადაწყვიტეს, ბოლოს და ბოლოს, ძალისმიერად აღდგომოდნენ წინ ამ რიტუალის მოქმედებას. ისინი ახერხებდნენ, რომ თერთმეტიდან ათი თვითდაწვა შეეჩერებინათ და, ყველაფერ ამის მიუხედავად, 1823 წელს ბენგალში 575 ცოლმა დაიწვა თავი, მათ შორის 109 ქალი იყო 60 წელზე მეტი ხნის; 226 – 40-დან 60 წლამდე ასაკის; 208 – 20-დან 40 წლამდე ასაკის, ხოლო 32 ქალი – 20 წელზე ნაკლები ასაკის. კალკუტაში 1819 წელს თვითდაწვა 650 ქალმა განახორციელა, 1820 წელს – 597-მა, 1821 წელს – 654-მა, 1822 წელს – 583-მა, 1823 წელს – 575-მა. თვით დიდი გადასახადის დაწესებამაც კი ვერ შეაჩერა ამ წეს-ჩვეულების მოქმედება. ინდოელი ქალები ყიდდნენ, რაც კი გააჩნდათ, რომ თვითდაწვის უფლება მოეპოვებინათ. ინგლისელები ვერ ბედავდნენ, მტკიცედ და შეუპოვრად შებრძოლებოდნენ ამ წეს-ჩვეულებას, რამეთუ ეშინოდათ, რომ ამას ხალხის აჯანყება მოჰყვებოდა. ამიტომ, ამ საკითხის გადასაწყვეტად მთავრობა სხვადასხვა ხრიკს მიმართავდა.
ინდოეთში ჩასულმა ინგლისელებმა მართლაც ვერ გადაწყვიტეს, უცბად აღეკვეთათ ეს საშინელი წეს-ჩვეულება და, ასევე, ადამიანთა მსხვერპლშეწირვის სხვა სახეები, რომლებიც, მართალია, არა ხშირად, მაგრამ, სრულიად ღიად ტარდებოდა განგის ნაპირებზე. ამ წეს-ჩვეულების აკრძალვის ან თუნდაც შეზღუდვის მცდელობისას, ისინი წინააღმდეგობას აწყდებოდნენ მოსახლეობის, რომელსაც მიაჩნდა, რომ ეს თვითნებობა იყო კოლონიზატორთა მხრიდან. სატის წესის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში ჩართეს ლექციები და სტატიები, მქადაგებელთა საუბრები... ქალებისგან, რომლებიც სატის რიტუალის ჩატარების სურვილს აცხადებდნენ, მოითხოვდნენ საბუთებზე ხელის მოწერას, რომ მათ ნებაყოფლობით სურდათ ამის გაკეთება. თანდათანობით ერთიმეორეს მიყოლებით ხდებოდა სხვადასხვა შტატში სატის ამკრძალავი კანონების მიღება.

скачать dle 11.3