უმნიშვნელო შეცდომა
ჰოვარდი ყოველთვის თავად მართავდა თვითმფრინავს. მას ეს სიამოვნებას ანიჭებდა. თვითმფრინავი სულ ოთხადგილიანი და ძალიან კომფორტული იყო. ჰოვარდ დუნბარმა, წარმატებულმა ბიზნესმენმა და მილიონერმა, ჯერ ცოლს შეხედა, მერე თავის მდივანს...
– სავარაუდოდ, პორტლანდში ვეღარ ჩავფრინდებით. თვითმფრინავი ჩემთვის გაუგებარი მიზეზის გამო ძირს ეშვება.
– რა? ეს ნიშნავს, რომ ჩამოვვარდებით? – იწივლა კელიმ, მისმა ცოლმა.
– ჰო, მაგას ნიშნავს და ტყუილად ნუღარ ყვირი. ამას უკვე აღარაფერი ეშველება... ვეცდები, ნაკლებად დავზიანდეთ... ჰოვარდმა მართლაც მთელი ოსტატობა გამოავლინა... თვითმფრინავი მაღალ თოვლში ჩავარდა. აყირავდა და ფრთა ხეზე შეამსხვრია... ჰოვარდმა გონება წამიერად დაკარგა... მგრძნობელობა მას მდივნის ხელების შეხებამ დაუბრუნა.
– როგორ ხარ? – ჰკითხა ქალმა, – ხელები, ფეხები, კისერი შეიმოწმე, ყველაფერი წესრიგში გაქვს?
– მგონი, ჰო... იოლად გადავრჩით?
– არც ისე, კელის აქვს პრობლემა. ღია მოტეხილობაა ხელი და მხარი სერიოზულად დაიზიანა. სალონიდან უნდა გამოვიყვანოთ და ჭრილობა შევუხვიო, – მდივანმა რაღაცნაირად, უცნაურად შეხედა ჰოვარდს... ემა ძალიან ლამაზი იყო, უცნაური – მწვანე თვალებით... მაღალი მკერდით... ჰოვარდმა როცა გაიცნო, ექთნად მუშაობდა. მაშინვე მოიხიბლა და ოფისში გადაიყვანა, თავისთან. ემამ საოცარი გამჭრიახობა, მიხვედრილობა გამოიჩინა... ყველა საქმეს აუღო ალღო. მალე ჰოვარდმა მნიშვნელოვანი საქმეები გადააბარა, ყველაზე სერიოზული შეხვედრების მომზადებასაც კი მას ავალებდა. კარგი იქნებოდა, ემა მისი ცოლი რომ ყოფილიყო. სწორედ ასეთი ცოლი სჭირდებოდა, მაგრამ კელისგან თავის დახსნა როგორ უნდა მოეხერხებინა. ქალი განქორწინებაზე ადვილად არ დათანხმებოდა... ხმაურს ატეხდა. ხმაური კი მას არ აწყობდა. რეპუტაციას უფრთხილდებოდა...
– ჰოვარდ, მომეხმარე! – ემამ ფეხებში მოკიდა კელის ხელი და საყვარელს ანიშნა, ქალის ტორსი შენ ასწიეო.
– კიდევ კარგი, თვითმფრინავში ექვსი პლედი გვაქვს, საკმაოდ ცივა. ცეცხლიც უნდა ავანთოთ... როგორ ფიქრობთ, გვიპოვიან? – ემა უკვე საქმიანი და მობილიზებული იყო. სწორედ ამ თვისებებს აფასებდა ჰოვარდი ამ მშვენიერ ქალში.
– არ ვიცი. წესით, უკვე უნდა იცოდნენ, რომ რადარიდან გავუჩინარდით. როგორ ფიქრობ, კელის ხერხემალი არ ექნება დაზიანებული?
ემამ ქალს დახედა, კელი თვალებდახუჭული იწვა და კვნესოდა.
– შესაძლოა, მაშინ დარჩენილ სიცოცხლეს ინვალიდის ეტლში ჩამჯდარი ცოლის გვერდით გაატარებ, – ხმადაბლა, ირონიულად გადაულაპარაკა მდივანმა ჰოვარდს, – არადა, როგორ ახლოს ხარ თავისუფლებასთან, ჰოვარდ. ერთი თამამი ნაბიჯია საჭირო და სულ ერთად ვიქნებით. დასამალიც არავისგან არაფერი გვექნება.
– ემა, რას გულისხმობ, რა გინდა, რომ გავაკეთო?!
– იცი, რასაც ვგულისხმობ და ისიც იცი, რომ ჩემსავით გინდა ეს... შეხედე, შეხედე, როგორ კვნესის... ნამდვილად ხერხემალიც დაზიანებული აქვს.
– ჭრილობა შეუხვიე... – ჰოვარდმა ცოლს ძალიან საცოდავად რომ გამოიყურებოდა, მზერა აარიდა... – არა, ემა, მე ვერასდროს გავაკეთებ ამას... მეცოდება.
– მე გავაკეთებ. შენ მარტო მითხარი...
– ემა... – ჰოვარდი უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა, – თვითმფრინავში შოკოლადია და თერმოსით ყავა. არ გვაწყენდა. ცოტას მოგვამაგრებს. მეტი საჭმელი არაფერი გვაქვს... ცეცხლისთვის ტოტები იქნება მოსატანი. კოცონი აუცილებელია. მე გზამდე შევეცდები გასვლას. უნდა დავადგინო, სად ვიმყოფებით და რა შანსები გვაქვს... რადარი სერიოზულად დაზიანდა... ჩვენს კოორდინატებს ვერავის ვაცნობებ... კარგი, მანამდე კელის ჭრილობა შეუხვიე... მე მალე დავბრუნდები.
ჰოვარდმა ორ საათზე მეტი იბორიალა, თითქმის გაუკვალავ თოვლში. ხელები და სახე სულ გაეყინა. რამდენჯერმე ბუჩქებშიც გადავარდა და დაიკაწრა. უკან რომ მობრუნდა, მისი მდივანი უკვე კოცონთან იჯდა. დამშვიდებული სახით თერმოსიდან ყავას წრუპავდა და შოკოლადს კვნეტდა. თვითმფრინავთან ახლოს, პლედში გახვეული, მოგრძო საგანი იდო...
– რა ჩაიდინე ემა?
– ის, რაც ორივეს გვინდოდა. ნუ გეშინია, არ უწვალია. საძილე არტერიაზე ხელი მჭიდროდ დავაჭირე... სულ ეს იყო. მე ხომ ექთანი ვიყავი. ასეთი რამეები ვიცი... შენ რა ქენი, მიხვედი გზამდე?
– ვერა. გზა ამერია. უკანაც ძლივს დავბრუნდი.
– ძალიან კარგი იქნება, თუ ცოტა ხანს ვერ გვიპოვნიან
– რატომ? – ჰოვარდი ვერ მიხვდა.
– იმიტომ, რომ გვამმა გაშეშება მოასწროს... თუ შენი ცოლი თვითმფრინავის ჩამოვარდნისას დაიღუპა და არა შემდეგ.
ჰოვარდმა აღფრთოვანებით შეხედა საყვარელს. ამ ქალს შეცდომა არასდროს მოსდიოდა...
შერიფისა და მისი თანაშემწის ორი „ჯიპი“ დათოვლილ გორაკზე ოთხი საათის შემდეგ მივიდა... უკვე ბნელდებოდა. მანამდე ემამ ჰოვარდს პირობა ჩამოართვა, რომ სამ თვეში დაქორწინდებოდნენ. პრინციპში, მას ამის საწინააღმდეგოც არაფერი ჰქონდა....
სამართალდამცველებმა კელის გვამი ერთ მანქანაში ჩადეს. მეორე მანქანით კი ჰოვარდი და მისი თანაშემწე მიიყვანეს სასტუმროში... შერიფმა მწუხარება გამოხატა მისის დუნბარის დაღუპვის გამო... ჰოვარდს ძალიან გაუკვირდა, როდესაც ორი საათის შემდეგ შერიფი ისევ დაბრუნდა მასთან.
– მისტერ დუნბარ, რამდენიმე შეკითხვა მაქვს თქვენთან. უფრო სწორად, ერთი შეკითხვა მაქვს: რომელმა მოკალით მის დუნბარი, თქვენ თუ თქვენმა მდივანმა?
– რა? რა სისულელეს ლაპარაკობთ? – განრისხა ჰოვარდი.
– სისულელეს? – გაეღიმა შერიფს, – ეს ეჭვს უკვე აღარ იწვევს. ახლა მარტო ის მაინტერესებს, კონკრეტულად რომელმა მოუღეთ ბოლო. ფაქტია, რომ თვითმფრინავის კატასტროფას ის ცოცხალი გადაურჩა.
– თქვენ გესმით, რას ლაპარაკობთ? ჩემი ცოლი თვითმფრინავის კატასტროფამ იმსხვერპლა.
– არა, მისტერ ჰოვარდ. თქვენი ცოლი ცოცხალი იყო. სხვანაირად, რით ახსნით იმას, რომ მას ჭრილობა შეუხვიეთ? მკვდრებს ჭრილობებს არ უხვევენ. მითხარით, თქვენ ხართ მკვლელი თუ თქვენი მომხიბლავი მდივანი? – შერიფის ხმა უკვე აღარ ჟღერდა თანაგრძნობით. პირიქით, საკმარისად მკაცრი იყო... ჰოვარდმა თვალები დახუჭა... რატომ იყო დარწმუნებული, რომ ემას არასოდეს არაფერი ეშლებოდა... რამდენიმე საათის წინ მან გამოუსწორებელი, საბედისწერო შეცდომა დაუშვა.