ვინ იყო ცნობილი ქართველი მოთამაშე და თაღლითი, მეტსახელად „სეკა“ და ვინ იხსნა ის დახვრეტისგან
2007 წელს, სანკტ-პეტერბურგში ცნობილი საბჭოთა-ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი, პროფესიით თაღლითი – ავთანდილ კალანდაძე, მეტსახელად „სეკა“ გარდაიცვალა. გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს ამ პიროვნების მდიდარი კრიმინალური ცხოვრებიდან.
პატარა მოთამაშე
ავთანდილ კალანდაძე 1930 წელს გურიის ერთ-ერთ პატარა სოფელში დაიბადა და იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. სწავლისადმი დიდი ლტოლვით არასდროს გამოირჩეოდა – სამოსანი მოსწავლე იყო. სამაგიეროდ, გააჩნდა სხვადასხვა სამაგიდო თამაშის ათვისების დიდი ნიჭი. მთელ სოფელში მასზე უკეთ ვერავინ თამაშობდა დომინოს, შაშს, ჭადრაკს. ბანქოს რომ დაიჭერდა ხელში ხომ, ავთო ნამდვილ ჯადოქრად გადაიქცეოდა. ყველას ნებისმიერ თამაშს უგებდა და ამის გამო, პატარა მოთამაშე უწოდეს თანასოფლელებმა. კალანდაძეს კარტების დამახსოვრებისა და კომბინაციების გათამაშების განსაკუთრებული უნარი ჰქონდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სამაგიდო თამაშებში. მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო. პატარა ავთოს სოფელში ქორწილი გაიმართა. სუფრის დაწყებამდე სოფლელები და სტუმრები სეკას თამაშს შეუდგნენ, რომელიც ძალიან პოპულარული იყო იმ პერიოდში. კარტს ფულზე თამაშობდნენ და მინიმალური კონი 50 კაპიკს შეადგენდა. ბათუმიდან ჩამოსულმა ერთ-ერთმა სტუმარმა, სახელად დურსუნმა, ყველას მოუგო. მთელი ფული მოხვეტა და კმაყოფილებით იფშვნეტდა ხელებს. უცებ ვიღაცას პატარა მოთამაშე გაახსენდა და ავთოს დაუძახეს.
– ეთამაშე! – შესთავაზეს ბათუმელ სტუმარს.
– ბოვშებს არ ვეთამაშები, – უარი განაცხადა ორმოციოდე წლის სტუმარმა.
– შეგეშინდა? – წააქეზეს ბათუმელი, რომელიც სინამდვილეში ცნობილი შულერი დურსუნ ცეცხლაძე იყო და სწორედ კარტის თამაშით ირჩენდა თავს.
სტუმარი „ავარდა“. ფულით გატენილი პარკი წინ დაიდო და ავთოს სათამაშოდ დაუჯდა... ორიოდე საათიც არ იყო გასული, რომ ფულით სავსე პარკმა საწინააღმდეგო მხარეს გადაინაცვლა. ფულის გარდა, ცნობილმა ბათუმელმა მოთამაშემ წააგო ოქროს საათი, მსხვილი ვერცხლის ჯაჭვი და მდიდრული პორტსიგარი... ნივთები სტუმარს უკან დაუბრუნეს. ფული კი პატარა ავთომ თანასოფლელებს გაუნაწილა და ორმოცდაათი მანეთი დაიტოვა თავისთვის.
იდეალური ტანდემი
დურსუნ ცეცხლაძისა და ავთო კალანდაძის გზები მეორედ 1949 წელს გადაიკვეთა. იმ პერიოდში 19 წლის ავთო ბათუმის საზღვაო სასწავლებლის მესამე კურსზე სწავლობდა და მეზღვაური უნდა გამხდარიყო. მას ვინმე ელისო აბაშიძე უყვარდა. ელისომ ერთხელ ავთო დაბადების დღეზე დაპატიჟა. დღეობაზე მისულ ბიჭს, სუფრასთან ძველი ნაცნობი, ბათუმელი დურსუნა დახვდა... დურსუნ ცეცხლაძე სუფრის თამადა და ელისოს ბიძა (დედის ძმა) აღმოჩნდა. თამადა გამოეცნაურა ბიჭს. ყველაფერი დაწვრილებით გამოჰკითხა და ერთად „მუშაობა“ შესთავაზა. მუშაობაში ცნობილი შულერი კარტის თამაშსა და თაღლითობას გულისხმობდა. დურსუნ ცეცხლაძე მთელ საბჭოთა კავშირში მოგზაურობდა. კარტს თამაშობდა, თან თაღლითობდა და ამით შოულობდა ფულს.
– რად გინდა „მარიაკობა“? სამ დღეში მოსკოვში მივემგზავრები „პოეზდით“. წამომყევი. ერთი წლის შემდეგ კი ბევრი ფული გექნება და ელისოსაც გაგატანთ, – შესთავაზა დურსუნმა ავთოს. დაითანხმა და ბიჭს სწავლაზე ხელი ააღებინა.
სანამ ახალშექმნილი ტანდები ბათუმიდან მოსკოვში მატარებლით ჩავიდა, ხუთი დღის განმავლობაში მათ ათას ორასი მანეთი მოუგეს მგზავრებს, რაც საკმაოდ სოლიდური თანხა იყო. სწორედ მოსკოვიდან დაიწყო ამ იდეალური ტანდების ტრიუმფალური კრიმინალური ვოიაჟი და თოთხმეტი თვის განმავლობაში საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქში, კარტის თამაშისა და თაღლითობის მეშვეობით, ნახევარი მილიონი მანეთი იშოვეს. ტანდემი 1950 წლის მიწურულს დაბრუნდა ბათუმში. ავთო ელისოზე დაინიშნა. შემდეგ დაქორწინდა მასზე და ქორწილის მეორე დღეს ელისოს ბიძა, დურსუნ ცეცხლაძე გარდაიცვალა. მას ტრომბი ჰქონდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. უპატრონოდ დარჩენილი ავთო, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, საკმაოდ გამოცდილი კრიმინალი იყო. ფულის გემო უკვე გაგებული ჰქონდა და კრიმინალური საქმიანობა მარტომ გააგრძელა.
ბეწვების აფერა
გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში, ავთო კალანდაძემ კარტის თამაშით დიდი ფული იშოვა. კრიმინალურ სამყაროში კი ძალიან ცნობილი გახდა და კოლეგებმა მას „სეკა“ შეარქვეს. კარტის სათამაშოდ სეკას არავინ უჯდებოდა. ამიტომ, ის იძულებული იყო, რომ „გოიმები“ პერიფერიებში ეძებნა. 1959 წელს სეკამ შუააზიური ვოიაჟიდან 400 ათასი მანეთი წამოიღო. მოგებული თანხის დიდი ნაწილი ქურდულ „ობშჩიაკში“ ჩარიცხა. დანარჩენი კი თავისთვის დაიტოვა და ოჯახს მოახმარა. სეკას ოთხი შვილი ჰყავდა. სამაგალითო მეოჯახედ ითვლებოდა და ცოლ-შვილი, ნათესაობა და ნაცნობ-მეგობრები ხელის გულზე ატარებდნენ. თამაშიდან თავისუფალ დროს ავთო კალანდაძე ასევე თამაშებში ატარებდა და ძირითადად, ჭადრაკით ირთობდა თავს.
1960 წელს სეკა რიგაში იმყოფებოდა. ერთ-ერთ ელიტურ ოჯახში სტუმრობისას მან ვინმე მიშა გაიცნო – ახალგაზრდა, გრძელცხვირა მამაკაცი, რომელიც ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა. ისე მოხდა, რომ სეკამ და მიშამ ჭადრაკი ითამაშეს და ავთო კალანდაძემ პარტია ყაიმით დაასრულა, თან სინანულით თქვა, უნდა მომეგოო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ვინმე მიშა, მომავალში მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში, მიხეილ ტალი იყო...
გასული საუკუნი სამოციანი წლების დასაწყისში, ხრუშჩოვის პირადი მითითებით, ყველა აზარტული მოთამაშე დააპატიმრეს და ციხეებში გამოამწყვდიეს. დააპატიმრეს სეკაც, რომელიც მხოლოდ 1965 წლის დასაწყისში, ბრეჟნევის ამნისტიით გათავისუფლდა. ციხიდან გამოსულმა სეკამ 1971 წლამდე კვლავ დიდი ფული იშოვა კარტის თამაშით. 1971 წელს კი მან და მისმა პარტნიორმა, ისააკ კაპლანმა ბეწვის ცნობილი აფერა განახორციელეს, რომელმაც მათ რამდენიმე მილიონი მანეთის მოგება მოუტანა. თაღლითებმა იაპონიაში გასაგზავნი, ციმბირში წარმოებული ანდატრის უძვირფასესი ქურქები ხელოვნურით შეცვალეს. ნატურალური საქონელი კი საბჭოთა კავშირში გაასაღეს და 2 მილიონ 700 ათასი მანეთი იშოვეს. ატყდა სკანდალი. საქმეში „კაგებე“ ჩაერთო. თაღლითები დააპატიმრეს. გაასამართლეს და დახვრეტა მიუსაჯეს. ფული და დანარჩენი ქონება კი ჩამოართვეს. სიკვდილმისჯილები ებრაულმა მაფიამ იხსნა და 2 წელიწადში ორივე თაღლითი გაათავისუფლეს.
უქონებოდ დარჩენილმა სეკამ ყველაფერი ნულიდან დაიწყო. 1973-1974 წლებში მან დიდი ვოიაჟი მოაწყო კვლავ შუა აზიაში და მილიონ მანეთზე მეტი იშოვა. ამის მერე ის ცოლ-შვილთან ერთად ლენინგრადში გადასახლდა და იქვე გარდაიცვალა.