მაფიის შვილობილი
***
– მეძახდით, რამზან ბეი? – ჰკითხა საველე მეთაურს შალაშში შესულმა ჯალალ ჯეინ-ადინმა.
– დაჯექი და მომისმინე, – უთხრა რამზან ბეიმ ჯალალს, – შენთან საქმე მაქვს.
– გისმენთ, რამზან ბეი.
– ჯალალ, ხომ იცი, როგორ გენდობი და შენს ერთგულებასა და სიტყვას როგორ ვაფასებ?
– გმადლობთ, რამზან ბეი, – მოწიწებით დაუკრა თავი ჯალალმა.
– ჯალალ, ერთი მნიშვნელოვანი საქმე უნდა დაგავალო და, სანამ გეტყოდე, შენი საბოლოო აზრი მინდა გავიგო ჯამალ ჯურთის შესახებ.
– რის შესახებ, რამზან ბეი?
– როგორ ფიქრობ, ჯალალ, სანდო კაცია ჯამალი და შეიძლება, რომ მას ბოლომდე ენდო? გონებით არა, გულით მითხარი. რას გიგრძნობს გული?
– რამზან ბეი, დარწმუნებული ვარ, რომ ჯამალი ჩვენიანია. გულანთებული ალაჰის მებრძოლი და აბსოლუტურად სუფთა კაცია. ამას გულით გეუბნებით და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მის პატიოსნებაზე თავს დავდებ. ჩემს სიტყვებზე კი საკუთარი სიცოცხლით ვაგებ პასუხს.
– კეთილი, მჯერა. მან არაერთხელ დაამტკიცა თავისი ერთგულება. ყველა გამოცდას გაუძლო და მეც მჯერა მისი. ამიტომ, შენთან ერთად გამოემგზავრება ევროპაში, მით უმეტეს, რომ განათლებულია, ენები იცის და დაგეხმარება. თუმცა, მაინც არ მოადუნო ყურადღება და ფხიზლად იყავი.
– ევროპაში მგზავნით? – გაუკვირდა ჯალალს.
– სწორედ იქ და შენ იქნები ჩვენი წარმომადგენელი მნიშვნელოვან მოლაპარაკებაში, რომელიც ჩვენთვის საჭირო შედეგს მოიტანს.
– გასაგებია, რამზან ბეი. მზად ვარ, თქვენი ნებისმიერი ბრძანება შევასრულო.
რამზან ბეის გაეღიმა, ჯალალი შეათვალიერა და უთხრა:
– მომწონს შენი მორჩილება და ამიტომაც გენდობი და გაფასებ. შენგან ნამდვილი წინამძღოლი გამოვა. სულ მალე სტუმარი გვეწვევა და დეტალებს ის გაგაცნობთ. შენ კი ჯამალს უხმე და სტუმრის დასახვედრად მოემზადეთ.
– კარგი, რამზან ბეი, წავალ და ჯამალს ვუხმობ.
– მოიცა, ჯალალ. არ გაინტერესებს სტუმრის ვინაობა?
– დიახ, მაინტერესებს.
– სულ მალე აჰმად მანსური გვესტუმრება, მაგრამ, არავისთან დაგცდეს.
– აჰმად მანსური?
– თავად აჰმადი და მან თვითონ ისურვა ასე. ჩვენ ძველი მეგობრები ვართ და პატივისცემის ნიშნად უნდა გვესტუმროს. თანაც, პირადად უნდა შენი და ჯამალის გაცნობა.
– დიდი პატივია, რამზან ბეი.
– გეთანხმები. მაგრამ, შენ ნამდვილად იმსახურებ ამას. ახლა კი წადი და მოემზადეთ. მე თვითონ გიხმობთ, – უთხრა რამზან ბეიმ ჯამალს და შალაშიდან გაისტუმრა.
ერთი საათის შემდეგ ჯალალი და ჯამალი სახელგანთქმული საველე მეთაურის წინაშე წარდგნენ. რამზან ბეიმ ისინი აჰმად მანსურს გააცნო. სტუმარმა ახალგაზრდები შეათვალიერა, დაჯდომა შესთავაზა და ჯამალს ფრანგულ ენაზე ჰკითხა:
– შენზე ამბობენ, ამერიკიდან ჩამოვიდაო. მართალია?
– დიახ, სრული სიმართლეა, – გამართული ფრანგულით, მოწიწებით მიუგო ჯამალმა.
სტუმარი ახლა ინგლისურზე გადავიდა და ჯამალს უთხრა:
– მამაშენს კარგად ვიცნობდი. დიდებული ვაჟკაცი და ნამდვილი ალაჰის მებრძოლი იყო.
– გმადლობთ, ბატონო, – უაქცენტო ინგლისურით უპასუხა ჯამალმა.
აჰმად მანსურს გაეღიმა და ავღანურად ჰკითხა რამზან ბეის:
– რამზან ბეი, ასეთ ახალგაზრდებს სად პოულობ?
– ალაჰი მიგზავნის. დიდება ალაჰს! – რამზან ბეიმ წვერებზე ხელები ჩამოისვა.
– დიდება ალაჰს! – იგივე გაიმეორეს დანარჩენებმაც და აჰმად მანსურმა უკვე ჯალალს უთხრა:
– შენს სიმამაცესა და ერთგულებაზე ბევრი რამ მსმენია. გიქებ ვაჟკაცობას.
– გმადლობთ, აჰმად მანსურ, – ჯალალმა მოწიწებით დაუკრა თავი სტუმარს.
სტუმარი მასპინძელს მიუბრუნდა და უთხრა:
– ახლა კი საქმეზე გადავიდეთ.
– გადავიდეთ. გისმენთ, აჰმად მანსურ.
– ოთხი დღის შემდეგ პრაღაში კლაუს ჰაშეკთანაა დანიშნული შეხვედრა. მას შენ, მგონი, იცნობ.
– ახლოს არა, ისე კი ბევრი რამ მსმენია მასზე, – მიუგო რამზან ბეიმ.
– მე კი მას კარგად ვიცნობ. ჯერ კიდევ პარიზში სწავლისას მქონდა მასთან შეხება. ძალიან საშიში, მაგრამ, საჭირო კაცია. ჩეხეთის დაზვერვის თანამშრომელი იყო. ამბობენ, რუსებთანაც აქვს კავშირებიო. მის გარეშე ევროპაში ერთი გრამი ნარკოტიკიც ვერ გაიჭაჭანებს. ნაცნობობის დიდი წრე ჰყავს როგორც შავი ბიზნესის ბოსებში, ასევე პოლიტიკურ-არისტოკრატიულ წრეებთანაც. ჩვენს ჰეროინსაც ის აძლევს მიმართულებას. ამას წინათ შემომითვალა – შემხვდიო. მისმა კურიერმა ბევრი არაფერი იცოდა, მაგრამ, მივხვდი, რომ საქმე კონკურენციას ეხება. ლათინოსებს უნდათ ბაზრის გაფართოება ევროპაში და, როგორც ჩანს, ჰაშეკს სარფიანი წინადადება შესთავაზეს. სავარაუდოდ, იმიტომ დამინიშნა შეხვედრა, რომ ფასის დაკლებაზე მელაპარაკოს. შენმა ბიჭებმა უნდა გაარკვიონ, რა სურს და პასუხი ჩამოგვიტანონ, შემდეგ კი გადავწყვეტთ, რა ვქნათ.
– იცის, რომ შენ არ ჩადიხარ? – ჰკითხა სტუმარს რამზან ბეიმ.
– არა, – მიუგო აჰმად მანსურმა.
– დაჟინებით მოითხოვა შენთან შეხვედრა. რატომ მაინცდამაინც შენთან?
აჰმად მანსური მიხვდა, რასაც გულისხმობდა მასპინძელი, გაეღიმა და უთხრა:
– შენ ფიქრობ, რომ მას ჩემი ჩატყუება უნდა ევროპაში მოკვლის მიზნით?
– შენ რა, ამას არ ფიქრობ? – კითხვა შეუბრუნა მასპინძელმა.
– არა მგონია, თუმცა, გამორიცხული არაფერია. სწორედ ამიტომ ვიღებ უსაფრთხოების ზომებს და მე არ მივემგზავრები.
– შაითანს, ურჯულოს არ უნდა ენდო. თუკი დაზვერვაში მუშაობდა, შეიძლება, ამერიკელებთანაც კი ჰქონდეს კავშირი და მათი დავალებით მოქმედებს.
– არა მგონია, მაგრამ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
– რამზან ბეი, აჰმად მანსურ, – მოწიწებით მიმართა უფროსებს ჯალალმა, – თუ ის ჰაშეკი შაითანი და მოღალატეა, მობრძანეთ და მის თავს ჩამოგიტანთ პრაღიდან.
– არა, ჯალალ, არაა საჭირო. ჯერ მისი წინადადება ჩამომიტანეთ და განვიხილოთ, შემდეგ კი გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცეთ. არ მგონია, ჰაშეკი ისეთი სულელი იყოს, რომ ჩვენს მტრებს სატყუარად დაუდგეს და დაგვიპირისპირდეს. თუმცა, შეიძლება, რაღაც აქციების ჩატარება მაინც დაგვჭირდეს ჩვენი კონკურენტების წინააღმდეგ, – მიუგო ჯალალს აჰმად მანსურმა.
– ლათინოსებს გულისხმობ, ხომ? – ჰკითხა სტუმარს რამზან ბეიმ.
– სწორედ მაგათ, – დაუდასტურა სტუმარმა და ახალგაზრდებს მიუბრუნდა: – იქიდან გამომდინარე, რომ ჯამალმა ენები იცის, ჰაშეკთან ის გამართავს მოლაპარაკებებს და ჯალალს ეს არ ეწყინება, – სტუმარმა ჯალალს მიაპყრო მზერა და პაუზა გააკეთა.
– რა თქმა უნდა, არა, აჰმად მანსურ. უფროსების სიტყვა ჩემთვის წმიდათაწმინდაა.
– ყოჩაღ, ჯალალ! უფრო და უფრო მომწონხარ. გეტყობა, რომ გულწრფელად ამბობ და ქების ღირსი ხარ, – უთხრა ჯალალს სტუმარმა და განაგრძო: – პრაღაში ჰაშეკის ხალხი დაგხვდებათ და ისინი მიგიყვანენ თავიანთ ბოსთან. წვერი გაიპარსეთ, ევროპულად გამოეწყვეთ და ყურადღებით იყავით. შაითანს არ სძინავს და ხიფათს არ გადაეყაროთ.
ოთხი დღის შემდეგ, ევროპულად გამოწყობილი, მუქსათვალიანი, სიმპათიური ახალგაზრდები ჩეხეთის დედაქალაქში ჩავიდნენ. როგორც მათ აჰმად მანსურმა უთხრა, ახალგაზრდებმა ცრუ მანევრი გააკეთეს „კუდის“ აღმოსაჩენად და რომ დარწმუნდნენ, არავინ უთვალთვალებდა, შეხვედრის ადგილისკენ აიღეს გეზი.
– კუდზე არავინ გვაზის, – უთხრა ჯალალმა ჯამალს.
– რა იცი, ახლა ისეთი ტექნოლოგიებია, რომ უჩინრად მოქმედებენ, მიუგო ჯამალმა.
– უჩინრად – როგორ?
– ელექტროსისტემებს იყენებენ, თანამგზავრულ ტექნოლოგიებს.
– არა, ძმაო, ასეთი რამ საჩემო არაა, – გაეცინა ჯალალს, – მაინც ვერ გავიგებ. ჩემი საქმეა ბრძოლა, ურჯულოების განადგურება, სხვა კი არ ვიცი.
– ისწავლი, – ღიმილითვე მიუგო ჯამალმა ჯალალს და ზურგზე ხელი მოუთათუნა.
კლაუს ჰაშეკის ხალხმა ახალგაზრდები „მერსედესში“ ჩასხეს და წაიყვანეს. შემინული ფანჯრებიდან არაფერი ჩანდა, წინა და უკანა სალონებს შორის კი სქელი, ასევე შემინული ფანჯარა იყო აწეული და ჯალალმა ჯამალს უთხრა:
– ეს რა საკანში მოგვაქციეს ამ ურჯულოებმა?
– ეტყობა, ეშინიათ, რომ გზა არ დავიმახსოვროთ.
– რა სისულელეა! რაში სჭირდებათ? მე უფრო სხვა რამ მგონია.
– რა?
– ჩვენი დათრგუნვა უნდათ და საკანში გამოგვამწყვდიეს. მაგრამ, ამ ურჯულოებმა არ იციან, რომ დედაბუდიანად ავაფეთქებთ, თუკი ჩვენზე ზეწოლა სცადეს.
– დამშვიდდი, ჯალალ. აი, მე მგონი, უკვე მოვედით. ვნახოთ ერთი, რა უნდათ, – უთხრა ჯამალმა ჯალალს. ამ დროს კარი გაიღო და ქამარში პისტოლეტგარჭობილმა ოცდაათიოდე წლის ათლეტმა მამაკაცმა ახალმოსულები ხელით მოიხმო.
– ეს რა უზრდელი ვინმეა. მომცა ამის თავი ცალკე და ტანსაცმლიანად გავაძრობდი ტყავს! – თქვა კოპებშეკრულმა ჯალალმა.
– ნუ ცხარობ. არ აჩვენო, რომ ბრაზობ, – მიუგო ჯამალმა და პისტოლეტიანს ინგლისურად ჰკითხა:
– ინგლისურად ლაპარაკობთ?
– უნდა შეგამოწმოთ, – ინგლისურად მიუგო ათლეტმა ჯამალს და ახალმოსულები ელექტრომოწყობილობით გაჩხრიკა, შემდეგ წინ წაუძღვა და ფეშენებელურ ვილაში შეიყვანა.
მუხის პანელებით გაწყობილ უზარმაზარ კაბინეტში გრძელთმიანი, ორმოცდაათიოდე წლის ელეგანტურად გამოწყობილი მამაკაცი იჯდა. მან ცივად გაუღიმა ახალგაზრდებს და ჯალალს ინგლისურად ჰკითხა:
– თავად თქვენი შეფი რატომ არ ჩამოვიდა?
– მე მელაპარაკეთ, სერ. ჩემმა მეგობარმა ინგლისური ენა არ იცის, – უთხრა ჯამალმა.
– არ იცის? – ირონიულად თქვა მასპინძელმა. კოპებშეკრული ჯალალი შეათვალიერა და ჯამალს ჰკითხა:
– რატომ არ ჩამოვიდა?
– სერ, თქვენ, ალბათ, მისტერ კლაუს ჰაშეკი ბრძანდებით.
– დიახ, მე ვარ.
– ჩვენ კი – თქვენი პარტნიორის ნდობით აღჭურვილი პირები.
– ლაწირაკებს გელაპარაკოთ?
– სერ, კორექტულად მოგვექეცით. ჩვენი შეურაცხყოფით თავად ჩვენს პარტნიორს აყენებთ შეურაცხყოფას, ეს კი ჩვენთან სასიკვდილო ცოდვად ითვლება.
სიკვდილის ხსენებაზე ჰაშეკს ფერმა გადაჰკრა. ჯამალმა კი მას ბარათი მიაწოდა და უთხრა:
– წაიკითხეთ, სერ, პატრონისგანაა!
მასპინძელმა გულდასმით წაიკითხა აჰმად მანსურის გზავნილი და რაღაცის თქმა დააპირა. ჯამალმა კი მას ბარათი გამოართვა, დაჭმუჭნა, გადაყლაპა და თვალებგადმოკარკლულ ჰაშეკს უთხრა:
– გისმენთ, სერ!
ჰაშეკმა სტუმრებს მზერა შეავლო და ჯამალს უთხრა:
– აქ ნათქვამია, რომ თქვენ ისე გელაპარაკოთ, როგორც მას. კეთილი, ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის. დავიწყოთ.
– ბოდიში მიღებულია, სერ. ბრძანეთ, გისმენთ.
– ბატონო ჯამალ, თქვენს ბაზარზე ვითარება შეიცვალა. ჩვენი ლათინოსი პარტნიორები სარფიან პირობებს გვთავაზობენ და აქ იმიტომ მოგიწვიეთ, რომ შევთანხმდეთ.
– რაზე, მისტერ კლაუს, გისმენთ.
– თქვენს საქონელს ფასი უნდა დააკლოთ.
– რამდენი?
– მოწოდებული პარტიის ძველი ღირებულების ათი პროცენტი. ჩვენი ლათინოსი პარტნიორები ბევრად უფრო იაფად გვთავაზობენ თავიანთ საქონელს და, გარწმუნებთ, თუკი ვერ შევთანხმდებით, ისინი ჩაგანაცვლებენ ბაზარზე.
– სერ, მერე რა მოჰყვება ამას, ამის შესახებ თუ დაფიქრებულან ჩვენი პარტნიორ-კონკურენტები?
– რას გულისხმობთ?
– ვერ ხვდებით, სერ?
– თქვენ თქვით.
– ამას ომი მოჰყვება, ომი კი სისხლი და უბედურებაა. ასეთი რამ ჩვენ არ გვესწავლება.
– გვემუქრებით?
– არა, სერ, რეალურს ვამბობ.
– ომი არც ლათინოსებისთვისაა უცხო.
– მერედა, თქვენ გაწყობთ ეს?
– მე რა შუაში ვარ? მე მხოლოდ შუამავალი ვარ ამ საქმეში.
ჯამალმა შემკრთალ მასპინძელს ღიმილით უთხრა:
– ჰოდა, სერ, გვიშუამდგომლეთ – ერთმანეთს შეგვახვედრეთ და მოვილაპარაკოთ.
– ლათინოსებს შეგახვედროთ?
– დიახ, სერ. ვფიქრობ, ასე აჯობებს.
ჰაშეკი წამით ჩაფიქრდა და ჯამალს უთხრა:
– კარგი, დღეს დაველაპარაკები მათ და ხვალ ამ დროს შევხვდეთ.
– კეთილი.
– სად დაბინავდით?
– ოტელ „კონტინენტალში“.
– ხვალ ჩემი ხალხი იქ მოგაკითხავთ. ისინი წაგიყვანენ აქედანაც.
– მისტერ კლაუს, თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს.
– ბრძანეთ.
– იქნებ ამ კატაფალკით მგზავრობა აგვარიდოთ და ჩვეულებრივ მანქანაში ჩაგვსხათ?
– კარგი. ხვალამდე, – მასპინძელი გამოემშვიდობა სტუმრებს და თავის თანაშემწეს ტელეფონით უთხრა: – ეგ ნაბიჭვრები „ჯიპით“ წაიყვანეთ და ფრთხილად იყავით, არანორმალურები არიან და კორექტულად მოექეცით.
„ლექსუსის ჯიპში“ მოკალათებული ახალგაზრდები სასტუმროში მიიყვანეს და, ჰოლში რომ შევიდნენ, ჯალალმა ჯამალს უთხრა:
– რაო, რა გითხრა იმ შაითანმა?
– ხვალ ჩვენს კონკურენტებს ვხვდებით.
– ვის?
– ლათინოამერიკელებს.
– ეგ ტიპი ნამდვილი შაითანია და, მინდოდა, შუაზე გამეგლიჯა.
– ჰაშეკი?
– ჰო.
– დამშვიდდი, ჯალალ. გაგლეჯას ყოველთვის მოვასწრებთ. ახლა კი მოდუნდი და დავისვენოთ.
მეორე დღეს კლაუს ჰაშეკის კაბინეტში შესულ ჯამალსა და ჯალალს ორი ოცდაათიოდე წლის კოლუმბიელი დახვდათ.
– გაიცანით, ბატონებო, მისტერ სილვა და მისტერ რაული, – უთხრა ახალმოსულებს ჰაშეკმა.
ჯალალმა ცივად ჩამოართვა ხელი კოლუმბიელებს, ჯამალმა კი ხელის ჩამორთმევისას გამართული ესპანურით უთხრა:
– მოხარული ვარ, ბატონებო, თქვენი გაცნობით. იმედია, ურთიერთსასარგებლო გადაწყვეტილებამდე მივალთ.
– ბატონებო, – უთხრა სილვამ ახალგაზრდებს, – თქვენი გუშინდელი საუბრის შესახებ ინფორმირებულიები ვართ და აქ მხოლოდ იმიტომ მოვედით, რომ თქვენდამი პატივისცემა გამოგვეხატა.
– გმადლობთ, სერ. ჩვენც იმავეს გეტყვით, – გაუღიმა ჯამალმა კოლუმბიელს.
– ჩვენ ამ დილით დონ კარლო მოზესს დავუკავშირდით და მან სურვილი გამოთქვა, რომ მისტერ აჰმად მანსურს პირადად შეხვდეს ნეიტრალურ ტერიტორიაზე, თუნდაც შვეიცარიაში.
– გასაგებია, სერ.
– აი, ბატონებო, რისი თქმაც გვინდოდა. ჩვენ ვერ გადავწყვეტთ ამ პრობლემას, ბოსები უნდა დაელაპარაკონ ერთმანეთს, – უთხრა ჯამალს კოლუმბიელმა, მასპინძლისკენ გაიშვირა ხელი და დაამატა, – მისტერ ჰაშეკის მეშვეობით გაგვაგებინეთ პასუხი. ჩვენ მას ვენდობით და შუამავალიც ის იქნება ამ შეხვედრასა და მოლაპარაკებაში.
– კარგი, პასუხს ორ დღეში გავიგებთ და მაქსიმუმ ერთ კვირაში შეგატყობინებთ.
საუბარი სულ რაღაც ნახევარ საათს გაგრძელდა და ახალგაზრდები კვლავ სასტუმროში დაბრუნდნენ.
– რა ხდება, ჯამალ, ვერაფერი გავიგე, – ჰკითხა ჯალალმა ჯამალს.
– რა და, ეს შაითნები დონ კარლო მოზესთან აჰმად მანსურის შეხვედრას ითხოვენ.
– ეგ ვინღაა?
– ვინ და კოლუმბიური ნარკოკარტელის შეფი. ჩვენ რომ ველაპარაკეთ, იმათი.
– ამ საყურიანი პიდარასტების? – გაეცინა ჯალალს.
– ჰო. მათი.
– ეგენი გვიპირებენ ომს?
– ეგენი.
– მაგათ ხომ ტურებივით გავწყვეტთ.
– კი, მაგრამ, ომი არ გვაწყობს. თანაც, არც ეგენი არიან სუსტები.
– ვინ, ეგ საყურიანები? – გადაიხარხარა ჯალალმა. გადაიხარხარა ჯამალმაც და კოლეგას მხარზე მოუთათუნა ხელი.
– მაგ შაითნებს ჭკუით უნდა ვაჯობოთ. მერწმუნე, ძმაო, ტყვიასა და ბომბზე ეფექტური ჭკუაა. თუმცა, თუ დაგვჭირდა, არც ტყვიებსა და ბომბებს დავიშურებთ ურჯულოთათვის.
ჯამალი და ჯალალი სამი დღის შემდეგ დაბრუნდნენ ავღანეთში. რამზან ბეისა და აჰმად მანსურს ეახლნენ, რომელიც ისევ იქ დახვდათ და მოკრძალებულად მიესალმნენ საველე მეთაურებს.
– აბა, რა ამბავი ჩამოგვიტანეთ, ძმებო? – ჰკითხა ახალმოსულებს რამზან ბეიმ და დაჯდომა შესთავაზა.
ჯამალმა დაწვრილებით უამბო ყველაფერი უფროსებს. აჰმად მანსურმა კი თქვა:
– დონ კარლო მოზესს პირადად არ ვიცნობ. თუმცა, მასზე რაღაც-რაღაცეები მსმენია. მნიშვნელოვანი ფიგურაა ნარკობიზნესში და ძლიერი კლანი ჰყავს. ღირსეული მეტოქეა. რამდენად ღირსეული პარტნიორი იქნება, ვერ ვიტყვი, რადგან ურჯულოა. თუმცა, მასთან შეხვედრა აუცილებელია და თანახმა ვარ შეხვედრაზე.
– აჰმად მანსურ, ხაფანგს არ გიგებდნენ შაითნები, – უთხრა კოლეგას რამზან ბეიმ.
– რამზან ბეი, ფეხის დაუსველებლად მდინარე ვის გადაუცურავს, – მიუგო მანსურმა. ჯალალისა და ჯამალისკენ გაიშვირა ხელი, – ასეთ არწივებთან ერთად ყველა ხაფანგს დავაღწევთ თავს. უკიდურეს შემთხვევაში, ალაჰისთვის მაინც დავიღუპებით. თუმცა, არ მგონია, კლაუს ჰაშეკს და კარლო მოზესს ორი თავი ჰქონდეთ და უჭკუოები იყვნენ. ერთ კვირაში შვეიცარიაში მივემგზავრები და ამ არწივებსაც თან ვიახლებ.
***
მარტინ პოული თავის შეფს კაბინეტში ეახლა. სავარძელში მოკალათდა და ჰკითხა:
– სერ, უშბას ველაპარაკე.
„ფებეერის“ დირექტორი გამოცოცხლდა და თავის მოადგილეს უთხრა:
– რაო, რა თქვა უშბამ?
– კლაუს ჰაშეკთან ყოფილა მოლაპარაკებაზე ერთ ფანატიკოსთან ერთად.
– მერე?
– ერთ კვირაში შვეიცარიაში უნდა ეახლოს აჰმად მანსურს.
– რატომ?
– კარლო მოზესთან შეხვედრაზე, – მიუგო პოულმა შეფს, – ევროპაში ნარკობაზრის გაყოფაზე უნდა მოილაპარაკონ:
– ეგ უკვე ძალიან საინტერესოა, – ჩაილაპარაკა „ფებეერის“ დირექტორმა და მცირე პაუზა გააკეთა, – გამორიცხული არაა, რომ ამ საქმეში თომას ბრაუნიც იყოს გარეული.
– თომას ბრაუნი?
– კი, ის.
– რატომ გგონიათ, სერ?
– იმიტომ რომ, ჯერ კიდევ კანტორელი ბრაუნი სწორედ კარლო მოზესთან დანაშაულებრივი კავშირისთვის დააპატიმრა ჩემმა მეგობარმა. მისი და მისი ჯგუფის წევრების იდუმალი გარდაცვალებები კი ამ ისტორიას მოჰყვა. მოზესი მსხვილი ნარკობარონია და მისი საქმე ჩვენს უწყებას ებარა. იმ ისტორიის შემდეგ კი მოზესის საქმე კანტორამ წაიღო.
– „ცეერუმ“?
– სწორედ მათ. კანტორამ წაიღო. ჩვენ მასზე მუშაობა აგვიკრძალეს. ეს ყველაფერი კი უმაღლესი ეროვნული ინტერესებით ახსნეს. თუმცა, არაფერი დაუკონკრეტებიათ. თანაც, მკაცრად გაგვაფრთხილეს, რომ თუკი რომელიმე საქმეში მოზესი ამოგვივარდებოდა, მთელი მასალა მათთვის გადაგვეცა. მოზესის წინააღმდეგ კი, არანაირი ღონისძიებები არ გაგვეტარებინა.
– გამოდის, რომ მოზესი კანტორაზე მუშაობს?
– მე უფრო მგონია, რომ კანტორა მას ხელს აფარებს. ამას კი ვიღაცეების დავალებით აკეთებს.
– ვისი დავალებით, სერ?
– ჩემი აზრით, უოლტ-სტრიტის იმ ფინანსური ჯგუფის დავალებით, ვისზეც ადრე გელაპარაკე. საინტერესო სამკუთხედი იკვრება, – უოლტ-სტრიტის ჯგუფი, ბრაუნი და მოზესი. ბრაუნი კოორდინატორია, მოზესი და მისი კლანი – ნარკომწარმოებლები. უოლტ-სტრიტის ჯგუფი კი ამ სიბინძურის მფარველი, მეწილე და ფარული მმართველი. იმის დიდი ალბათობაა, რომ ეს შეხვედრა სწორედ ამ ჯგუფის მიერ იყოს ორგანიზებული. უფრო დიდ მიზანს ისახავდეს და ბაზრის გაყოფა მხოლოდ შეხვედრის საბაბი იყოს.
– რა მიზანს უნდა ისახავდეს, სერ? რას ფიქრობთ?
– გამორიცხული არაა, რომ მოზესმა, ბაზრის ნაწილის დათმობის ფასად, ავღანელ ტერორისტებს შეიარაღების მიწოდება შესთავაზოს. თუკი ასე მოხდა და ამაზე შეთანხმდნენ, ტერორისტული საფრთხე გაიზრდება. ამას კი ადეკვატური რეაქცია უნდა მოჰყვეს ჩვენი მთავრობის მხრიდან. ანუ, გაიზრდება ანტიტერორისტული ოპერაციის ხარჯები და ამით ყველაზე მეტად სწორედ ის ჯგუფი იხეირებს. დაახლოებით ირან-კონტრასის ვარიანტია, მაგრამ უფრო კარგად შენიღბული და მომგებიანი.
– სატანური სქემაა. თუ ეს სიმართლეა, გამოდის, რომ თომას ბრაუნი საქმის კურსშია და მას რომ ეს ინფორმაცია დავუმალო, ჩვენზე ეჭვს აიღებს. მიხვდება, რომ მასზე რაღაც ვიცით. ამას კი შეიძლება, ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს ჩვენთვის. თანაც, მას უფრო მეტად გამოვაფხიზლებთ.
– კი. ასეა. ამიტომ, ეს ინფორმაცია ახლავე უნდა ვაცნობოთ ბრაუნს. დე იფიქროს, რომ ვერაფერს ვხვდებით. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს, – უთხრა დირექტორმა პოულს. შემდეგ ბრაუნს დაურეკა და მასთან მისვლა სთხოვა.
ბრაუნი სწრაფად მივიდა „ფებეერში“. დირექტორს და მის მოადგილეს ხელი ჩამოართვა. გაუღიმა და იკითხა:
– რით გამახარებთ, ბატონებო?
– მისტერ ბრაუნ, უშბა გამოვიდა კავშირზე და შეგვატყობინა, რომ აჰმად მანსურს პრაღაში გაუგზავნია კლაუს ჰაშეკთან შესახვედრად. ჰაშეკს ის და მისი მეგზური კარლო მოზესის ხალხთან შეუხვედრებია. ერთ კვირაში კი მოზესი და აჰმად მანსური შვეიცარიაში უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, – მოახსენა ბრაუნს „ფებეერის“ დირექტორმა.
– შეხვედრის მიზანზე არაფერი უთქვამს უშბას?
– ნარკობაზრის გაყოფა. როგორც უშბამ შეგვატყობინა, კოლუმბიელები ჰაშეკს ბევრად უფრო სარფიან წინადადებას სთავაზობენ. მან კი კონკურენტებს ერთმანეთთან შეხვედრა და საკითხის ერთმანეთში მოგვარება შესთავაზა.
– ჭკვიანი კაცი ჩანს ეგ ჩეხი. ზედმეტი პრობლემები თავიდან აიცილა და გვერდზე გადგა. კონკურენტები რომ შეთანხმდებიან, კვლავ საქმეში ჩაერთვება და დიდ ფულს მოხვეტავს. მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. ჩვენს სტრატეგიულ დაგეგმვაში გამოვიყენებთ. უშბასთვის ხომ არაფერი დაგივალებიათ?
– ახალი არაფერი, მისტერ ბრაუნ. ამ ეტაპზე ჩვენი აგენტი დამკვირვებლისა და ინფორმატორის როლს ასრულებს.
– აჰმად მანსურს შვეიცარიაში უნდა ეახლოს?
– დიახ.
– ძალიან კარგი. ჩვენ იმ შეხვედრის ყველა დეტალს შევიტყობთ და სათანადოდ გამოვიყენებთ. თქვენზე კი ქების მეტი არაფერი მეთქმის და ეს პრეზიდენტმაც აღნიშნა. გუშინ მე მას შევხვდი და მომავალი სტრატეგიული ოპერაციის დეტალები განვიხილეთ. უშბა ძალიან ძვირფასი აგენტია. გადაეცით, რომ თავს გაუფრთხილდეს. ისიც უთხარით, რომ მისი მუშაობით პრეზიდენტიც კმაყოფილია, – თქვა ბრაუნმა. წამოდგა. მასპინძლებს გამოემშვიდობა და წავიდა.
***
აჰმად მანსურისა და კარლო მოზესის შეხვედრა ჟენევის ტბასთან შედგა. ვილაში, რომელიც კლაუს ჰაშეკს ეკუთვნოდა, პირველი აჰმად მანსური მივიდა ჯამალთან და ჯალალთან ერთად. ათიოდე წუთში, კარლო მოზესიც გამოიჩნდა. მას ის საყურიანი მცველები ახლდნენ, რომლებსაც ჯამალი და ჯალალი პრაღაში შეხვდნენ.
დონ კარლო მოზესი სამოცდახუთიოდე წლის, თავშენახული მამაკაცი იყო, საშუალოზე მაღალი, ათლეტური აღნაგობის. შავი, გრძელი თმა შეკრული ჰქონდა. მარჯვენა ლოყაზე სქელი, საშუალო ზომის იარა აჩნდა. სათვალეს ატარებდა და დინჯად, გამოზომილად საუბრობდა. კლაუს ჰაშეკმა ახალმოსულები ერთმანეთს წარუდგინა. მოზესმა ხელი ჩამოართვა ავღანელ საველე მეთაურს და ინგლისურად უთხრა:
– მოხარული ვარ თქვენი გაცნობის, აჰმად მანსურ.
– მეც მოხარული ვარ, რომ გაგიცანით, სენიორ მოზეს, – ესპანურად მიუგო აჰმად მანსურმა, – ვფიქრობ, ესპანურ ენაზე საუბარი უფრო მოსახერხებელი იქნება ჩვენთვის.
– მთავარია, ბიზნესში გამოვნახოთ საერთო ენა და ინგლისურად გავაკეთებთ ამას თუ ესპანურად, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მით უმეტეს, რომ თქვენ ბრწყინვალედ ფლობთ ორივეს, – უთხრა მოზესმა აჰმად მანსურს. მოწევის ნებართვა სთხოვა და პატარა, სურნელოვანი სიგარა გააბოლა, რომელზეც ავღანელმა საველე მეთაურმა უარი განაცხადა. ბოსებმა ორი საათი ილაპარაკეს და ვერ შეთანხმდნენ. კარლო მოზესი დაჟინებით ითხოვდა ავღანურ ჰეროინზე ათი პროცენტით ფასის დაკლებას. ამას კი იმით ხსნიდა, რომ კოლუმბიურ ნარკოტიკებსაც ჰქონდა გასავალი ევროპულ ბაზარზე.
– სენიორ მოზეს, აბსურდი გამოდის. ჩვენ რომ ფასი დავაკლოთ, თქვენი საქონელი ხომ უფრო მეტად გაუფასურდება და ჩაწვება. მით უმეტეს, რომ ჩვენი თქვენზე ბევრად ხარისხიანია, – უთხრა აჰმად მანსურმა მოზესს.
– ეს იმ შემთხვევაში, თქვენვე რომ ჰყიდდეთ თქვენსავე საქონელს. მე კი შესასყიდი ფასის დაკლებას გთხოვთ, – მოზესმა ჰაშეკისკენ გაიშვირა ხელი და დაამატა, – თუკი მისტერ ჰაშეკმა ისევ ძველი ფასი გადაიხადა თქვენს საქონელში, მაშინ ჩვენი საქონლის შესყიდვას ვეღარ შეძლებს. ჩვენ კი, იძულებული ვიქნებით, თვითონ გავასაღოთ ჩვენი საქონელი. ეს კი დაპირისპირებას გამოიწვევს. ისე გამოვა, რომ ჩვენ თქვენი ბაზრის დაკავებას ვცდილობთ და ამას დიდი უსიამოვნება მოჰყვება. სწორედ ამიტომ გთავაზობთ შეთანხმებას. თუკი მისტერ ჰაშეკი ჩვენსა და თქვენს საქონელს შეისყიდის, ბაზარს თვითონ მიხედავს. ჩენ კი ჩვენს წილს მივიღებთ და კმაყოფილები დავრჩებით.
– სენიორ მოზეს, თქვენ მე მთავაზობთ, რომ ორმოცდაათი მილიონი დოლარი გაჩუქოთ. ეს სწორედ ის დანაკარგია, რასაც ათპროცენტიანი ფასდაკლება გამოიწვევს რატომ უნდა წავიდეთ ასეთ დათმობაზე? – ღიმილით მიუგო მოზესს აჰმად მანსურმა.
– ბატონო აჰმად მანსურ, თქვენთან ერთი კითხვა მაქვს.
– ბრძანეთ.
– თქვენ ხომ ფულის დიდ ნაწილს შეიარაღების შესყიდვაში ხარჯავთ?
– დიახ.
– მაშინ, მე რომ თქვენ იმ ორმოცდაათი მილიონი დოლარის საკომპენსაციოდ შეიარაღება გადმოგცეთ, იქნებით თანახმა?
– რა შეიარაღებას მთავაზობთ?
– ოთხას ცალ „სტინგერს“ და ორი ათას ცალ „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატს ტყვია-წამლითურთ, – მიუგო მოზესმა და დასძინა, – ერთი „სტინგერის“ ფასია ას ოცი ათასი დოლარი, ერთი ავტომატის კი – ექვსასი დოლარი, ხოლო ტყვია-წამალს გაჩუქებთ. ზუსტად ორმოცდაათი მილიონი გამოდის. გაწყობთ?
აჰმად მანსურს გაეცინა და მოზესს უთხრა:
– სენიორ მოზეს, ჩვენ პატიოსანი პარტნიორები ვართ და ტყუილი არ გვიყვარს. თქვენ ცდებით.
– რაში, ბატონო აჰმად მანსურ?
– „კალაშნიკოვის“ ავტომატი მართლაც ექვსას დოლარად იშოვება, „სტინგერი“ კი ას ოცდაათი ათასი დოლარი ღირს და საკომპენსაციო თანხას აჭარბებს, – თქვა აჰმად მანსურმა და ჯამალს უთხრა:
– „სტინგერების“ ზუსტი თანხა მიანგარიშე!
ჯამალმა ჯიბის კალკულატორი ამოიღო. მანიპულაცია ჩაატარა და აჰმად მანსურს უთხრა:
– ოთხასი „სტინგერის“ ფასია ორმოცდათორმეტი მილიონი დოლარი.
– აი, ხომ ხედავთ. თქვენ სამ მილიონ ორასი ათასში ცდებით და ამდენივეთი დაზარალდებით. ამიტომ, „სტინგერების“ რაოდენობას დააკელით. ავტომატი ამდენივე გვჭირდება, ხოლო ტყვია-წამალს, მივიღებთ საჩუქრად, – მიუგო აჰმად მანსურმა მოზესს. შემდეგ კვლავ ჯამალს მიუბრუნდა:
– რამდენი „სტინგერი“ უნდა მოაკლოს სენიორ მოზესმა?
ჯამალს უკვე დაანგარიშებული ჰქონდა და აჰმად მანსურს უთხრა:
– ოცდათერთმატი ცალი, აჰმად მანსურ.
– სენიორ მოზეს, თქვენ ჩვენ სამას სამოცდაცხრა ცალი „სტინგერი“ უნდა გადმოგვცეთ.
– აჰმად მანსურ, თქვენი პატიოსნება ქების ღირსია. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ საიმედო პარტნიორი ხართ. ხოლო, რაც შეეხება „სტინგერებს“, ჩვენ გვიღირს ის ასეთ ფასად და როგორც გითხარით, ოთხას ცალს გადმოგცემთ.
– თუ მასეა, მადლობის მეტი რა მეთქმის. მაშინ შევთანხმდით, – უთხრა აჰმად მანსურმა კარლო მოზესს, – როდის და როგორ მივიღებთ ამ შეიარაღებას?
– ერთ კვირაში, ბატონო აჰმად მანსურ. ავტომატები ტაჯიკეთიდან შემოვა. მას ქაბულში ჩამოიტანენ და იქიდან ტრანსპორტირება თქვენი საქმეა. „სტინგერებს“ კი ჰუმანიტარული მისია ჩამოიტანს პაკისტანიდან ქალაქ ღანიში. თუ არ ვცდები, ეს თქვენ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა?! – უთხრა მოზესმა აჰმად მანსურს.
– დიახ. სწორედ ასეა. თანახმა ვარ, – მიუგო მოზესს კმაყოფილმა აჰმად მანსურმა.
– ბატონო აჰმად მანსურ, პაკისტანში თქვენი ნდობით აღჭურვილი პირი უნდა ჩავიდეს და ჰუმანიტარულ მისიას გამოჰყვეს. ასე უფრო საიმედო იქნება. გყავთ ასეთი კაცი აქ?
– რა თქმა უნდა. აი, ჯალალი შეასრულებს ამ მისიას, – მიუგო აჰმად მანსურმა.
– მაშინ ჯალალი მისტერ ჰაშეკთან ერთად უნდა დაბრუნდეს პრაღაში და ერთ კვირაში „სტინგერებს“ ჩამოგიტანთ, – უთხრა მოზესმა აჰმად მანსურს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში