ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: მოქალაქემ უარი თქვა მამის სამკვიდრო ქონების მიღებაზე თავისი ძმის სასარგებლოდ. მისმა შვილმა გადაწყვიტა სასამართლოში სარჩელის შეტანა პაპის ქონებიდან წილის მოთხოვნის მიზნით. კანონიერია თუ არა ეს სარჩელი?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ, ზოგადად, მემკვიდრეს შეუძლია, უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სხვა პირთა სასარგებლოდ, კანონით ან ანდერძით მემკვიდრეთა რიცხვიდან, ხოლო შვილიშვილები, შვილიშვილის შვილები და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. ასეთი უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში სხვა მემკვიდრეების მიერ. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას. გამომდინარე აქედან, თუ მემკვიდრემ უარი თქვა მამის სამკვიდრო ქონებაზე ძმის სასარგებლოდ, მისი შვილი ვერ ჩაითვლება მემკვიდრედ და, შესაბამისად, მისი სარჩელიც, მემკვიდრეობის მიღების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდება.
კითხვა: ტურისტული ფირმა ხელშეკრულებით შეჰპირდა ტურისტს ერთ-ერთი ქვეყნის შიგნით თვითმფრინავით მოგზაურობას. ხელშეკრულებით გათვალისწინებული თვითმფრინავით მოგზაურობის ნაცვლად, მას გაუწიეს ავტობუსით მომსახურება. მოგზაურობის პერიოდში ტურისტმა ხარვეზის შესახებ ფირმას არ შეატყობინა. ორი კვირის მერე ის საქართველოში დაბრუნდა და მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ნაწილის დაბრუნება მოსთხოვა ტურისტულ ფირმას. აქვს თუ არა მას ამის უფლება?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ, თუ მოგზაურობა ხარვეზიანია, მაშინ მისი ღირებულება მცირდება იმ დროის გათვალისწინებით, რომლის განმავლობაშიც არსებობდა ხარვეზები. ამასთან, ღირებულება არ შემცირდება, თუ ტურისტი თავისი მიზეზით არ შეატყობინებს მოგზაურობის მომწყობს ხარვეზის შესახებ. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ტურისტის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება. ამასთან, თუ მოგზაურობის მომწყობი არ აღმოფხვრის ხარვეზებს ტურისტის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, მაშინ ტურისტს შეუძლია, თვითონ აღმოფხვრას ხარვეზები და მოითხოვოს მათზე გაწეული აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება. შესაბამისად, ტურისტს უნდა შეეტყობინებინა ტურისტული ფირმისათვის ხარვეზის შესახებ ან თავისი ხარჯით ემგზავრა თვითმფრინავით და შემდეგ მოეთხოვა შესაბამისი ანაზღაურება.
კითხვა: ბიძაშვილმა გადაწყვიტა მიწის ნაკვეთის გაყიდვა და, რადგან ის იმყოფებოდა უცხოეთში, თავისსავე თანასოფლელს სთხოვა, მოეძებნა კლიენტი და ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას გამოსულიყო როგორც წარმომადგენელი. ერთი წლის განმავლობაში მიწა არ გაიყიდა. ამის შემდეგ წარმომადგენელმა გადაწყვიტა, თავად ეყიდა ნაკვეთი და გააფორმა სათანადო ხელშეკრულება, სადაც, ერთი მხრივ, გამოვიდა, როგორც მეპატრონის წარმომადგენელი, მეორე მხრივ – ნივთის უშუალო მყიდველი. კანონიერია თუ არა ამგვარად დადებული გარიგება?
პასუხი: გაცნობებთ, რომ დავალების ხელშეკრულებით, რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯით. ამასთან, რწმუნებული მოვალეა, შეასრულოს მარწმუნებლის მითითებები. თუ რწმუნებულის ამგვარი მოქმედებით ზიანი არ ადგება მარწმუნებელს და იგი რეალურ საბაზრო ფასად შეიძენს იმ ქონებას, რომელიც მარწმუნებლის საკუთრებაშია და რომლის გაყიდვაც მას აქვს დავალებული, მაშინ ამგვარი ფორმით დადებული გარიგება არ უნდა ჩაითვალოს უკანონო გარიგებად.