ფლორის სამყაროში
კითხვა: როგორ გავუხანგრძლივო ყვავილობა სპარსულ იას?
პასუხი: დამჭკნარი ყვავილები რეგულარულად მოაშორეთ და ყვავილობის პერიოდი გაუხანგრძლივდება. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, სპარსულ იას მით მეტი ტენი სჭირდება. თუ ბინაში მშრალი ჰაერია, ქოთანი სველკენჭებიან ლანგარზე დადგით და ეცადეთ, ნათელი ადგილი შეურჩიოთ.
კითხვა: რა ტემპერატურაზე ვამყოფო ლოტუსი?
პასუხი: მისთვის საუკეთესოა ოთახის ნორმალური ტემპერატურა, 18-24 გრადუსი, თუმცა, ზამთარში 5-6 გრადუსსაც აიტანს. მთელი წლის განმავლობაში კაშკაშა სინათლეზე ამყოფეთ – ეს მცენარე მზის მწველ სხივებსაც იტანს. დაბალ ტემპერატურაზე იშვიათად მორწყეთ.
კითხვა: ბინაში სპატიფილუმი მაქვს და, არ ვიცი, სიცივეში როგორ მოვუარო. იქნებ ამიხსნათ, რა მოვლა სჭირდება მცენარეს ამ დროს, რომ ჯანსაღად იყოს?
პასუხი: ზაფხულში სპატიფილუმი მცხუნვარე მზეს მოარიდეთ, ხოლო ზამათარში სინათლეზე გაიტანეთ. წელიწადის ამ დროს მცენარე იტანს მინიმუმ 16 გრადუსს. იშვიათად მორწყეთ და მიწას შეშრობა აცადეთ. გაზაფხულიდან შემოდგომამდე, ანუ, აქტიური ზრდის პერიოდში, მიწა მუდამ ტენიანი უნდა ჰქონდეს.
კითხვა: როგორ მოვუარო ფალენოპსისს?
პასუხი: ფალენოპსისს სჭირდება სინათლე, ზამთარში, ყვავილობის ხელშესაწყობად, ხელოვნური განათებაც მიაშველეთ. მისთვის იდეალურია დაახლოებით 20 გრადუსი სითბო და მაღალი ტენიანობა. მოსწონს სიგრილეც – ღამით ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაბალი უნდა იყოს. ზამთარში იშვიათად დაუსხით წყალი და სიმშრალეში ამყოფეთ, ზრდის პერიოდში კი უხვად მორწყეთ. ზაფხულში ორ კვირაში ერთხელ, 5 წუთით გააჩერეთ ორქიდეებისთვის განკუთვნილ თხევად სასუქში, შემდეგ კი დაწრიტეთ. დაყვავილების შემდეგ ღერო ქვემოდან მეორე კვირტის სიმაღლეზე გადაჭერით. შეგიძლიათ, ძველი ღერო მთლიანად მოაშოროთ.
კითხვა: როდის გავამრავლო პატარძალა?
პასუხი: პატარძალას გამრავლება გაზაფხულზე შეგიძლიათ. 3-4 სანტიმეტრი სიგრძის მცენარე წყალში დაფესვიანებული ყლორტებით გამრავლდება. „გამოზამთრებული” მცენარე შეგიძლიათ გადაჭრათ. ოღონდ, მხოლოდ ზამთარში სინათლე და სითბო არ მოაკლოთ.
კითხვა: ჩემი ფალენოპსისი თითქოს ლპობას იწყებს. რისი ბრალია?
პასუხი: ალბათ, მის მცენარეს ყვავილები და ფოთლები დაუსველეთ – ლპობას ეს გამოიწვევდა. ზრდის პერიოდში უხვად მორწყეთ, მაგრამ ზამთარში სიმშრალე უყვარს და წყალი აუცილებლად შეუმცირეთ. მას რბილი წყალი მოსწონს.
კითხვა: აგლაონემას ფოთლები დაეწვა, რა არის ამის მიზეზი?
პასუხი: მცენარეს ფოთლები მცხუნვარე მზის გამო დაეწვებოდა. მიაქციეთ ყურადღება, სად გიდგათ და როგორ სინათლეშია. მოარიდეთ მცხუნვარე მზეს და ამყოფეთ ოთახის ნორმალურ ტემპერატურაზე, 18-24 გრადუსზე.
კითხვა: როგორ მოვუარო ბილბერგიას?
პასუხი: ბილბერგია არ არის რთული მოსავლელი მცენარე. უყვარს სინათლე და წყალი. მას მცირე ზომის ქოთანიც კარგად ჰყოფნის, მაგრამ, თუ გადარგვა დასჭირდება, მისთვის განკუთვნილ სპეციალურ მიწაში უნდა გადარგათ.