კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიყვარული ნისიად

რამდენიმე წუთში პირველი ბიჭი დაბრუნდა და ცოტა გაღიზიანებულმა ჰკითხა:
– არ გეწყინოს, მაგრამ, შენ თუ ამათ სჯობიხარ, რატომ აგროვებ ყველაზე ინფორმაციას, იქნებ შენ თვითონაც დაგჭირდეს და გამოგადგეს პონტში?
– არა, – მშვიდად უპასუხა მეორემ, – მე არასდროს გამიკეთებია მსგავსი რამ და არც ახლა ვაპირებ ამ აკრიახებული ქათმების ჩაშვებას ჩვენს ნარცისთან, მაგრამ, რაც უფრო მეტ ადამიანზე ფლობ მეტ ინფორმაციას, მით მეტად  ხარ დაცული – შეეშინდებათ, ჩემი საიდუმლო არ გათქვასო და, ზურგსუკან სამარის თხრას არავინ დაგიწყებს, მით უფრო, რომ პირადად მე გული არასდროს არავისთვის გადამიშლია და, შესაბამისად, ჩემზე არავინ არაფერი იცის, გარდა ელემენტარული ანკეტური მონაცემებისა. თავიდან, პირველ თვეებში, უფრო ვიყავი ამათი ინტერესის ობიექტი, მაგრამ, როგორც კი დაადგინეს, რომ, ჩემი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, არა ვარ სასურველი საქმრო ან საყვარელი, მაშინვე შემეშვნენ. ახლა არავინ მინაბავს თვალებს, არავინ მიგზავნის გულებით მოხატულ ტექსტებს და არავინ მიტოვებს უჯრაში ლამაზ კონვერტში ჩადებულ სასიყვარულო ბარათებს. სამაგიეროდ, ვცხოვრობ და ვმუშაობ მშვიდად და გავხდი ყველას ძმაკაცი და თითოეული მათგანის მესაიდუმლე.
– მერე, ძმაკაცი და მესაიდუმლე თუ ხარ, რატომ მეჭორავები მათზე და რატომ მიმხელ მათ საიდუმლოს? – პირველი ისევ გაღიზიანებული იყო.
– ჯერ ერთი, მე შენთვის არავისი საიდუმლო არ გამიმხელია, უბრალოდ, აქაური წესები გაგაცანი და ამით გითხარი, ფრთხილად იყავი-მეთქი, თან, ცოტა წავიღადავე. რა, ამ მოსაწყენ სამსახურში უმტკივნეულო გართობაც იკრძალება? შენ კი ყველაფერი გულთან ნუ მიგაქვს, დაიკიდე ან გაატარე – დამიჯერე, ასე აჯობებს. ჰო, კიდევ ერთი: ის ჩვენი უფალი ნარცისი თუ გამოგიძახებს ან ისე თუ დაგელაპარაკება, თემას მნიშვნელობა არ აქვს, მაინცდამაინც მორიდებული და გაუბედავი ნუ იქნები, პირიქით, ცოტა ირონიული სახე, ცოტა სითავხედე, ცოტა სითამამე და – იფიქრებს, ამასთან ძმაკაცობა ჯობიაო.
– არ მჭირდება ეგეთ ტიპთან ეგეთი ძმაკაცობა!
– გჭირდება. უფრო სწორად, გამოგადგება, ოღონდ, ეს იქნება ვითომ ძმაკაცობა, რადგან ეგეთები აზრზე არ არიან, რა არის ნამდვილი, კაცური ძმაკაცობა. შენც, რა გენაღვლება, მაინცდამაინც გულში ნუ ჩაიხუტებ; თან, არც თვითონ გადალახო საზღვარი და არც მას მისცე ზედმეტი ფამილარობის თუ სითამამის უფლება. ეგრეთ წოდებული „ოქროს შუალედი“ საუკეთესო საშუალებაა მშვიდი და ნორმალური ურთიერთობისთვის, დამიჯერე, თან მარტო ამ სამსახურში კი არა, საერთოდ, ცხოვრებაშიც. ზედმეტი სიახლოვე მხოლოდ ვნებს ურთიერთობას, თანაც, ორივე მხარისთვის. და, კიდევ: ბოლომდე გულახდილი ნურავისთან იქნები, საკუთარი თავის გარდა – ეს აქსიომაა.
– ჰო, ალბათ, მართალი ხარ, – თქვა პირველმა და კომპიუტერს მიუჯდა, რომ მუშაობა განეგრძო, მაგრამ უცბად რაღაცამ გაიტკაცუნა და ყველა კომპიუტერი ერთბაშად აწივლდა.
– ისევ დენი გამოირთო, – უკმაყოფილოდ თქვა მეორემ, – ახლა ასე უნდა ვისხდეთ, სანამ ილო მოვა.
– ილო ვინღაა? – უინტერესოდ იკითხა პირველმა, ისევ სიგარეტი და სანთებელა აიღო და წამოდგა, – გავალ, მოვწევ, მაინც უსაქმოდ უნდა ვიჯდე.
– ილო, იგივე ილია, ჩვენი ელექტრიკოსია, სხვათა შორის, ძალიან მაგარი კაცია.
პირველს არც მოუსმენია პასუხი, ნელი ნაბიჯით გავიდა ფოიეში.
ათი წუთიც არ იყო გასული, ოფისში ილია რომ შემოვიდა და ხელის აწევით მიესალმა ყველას. ქალები ჟივილ-ხივილით შეეგებნენ და თითქმის ყველამ სათითაოდ მოიკითხა.
– შეფი მოსულია? – ჰკითხა ილიამ ერთ-ერთს.
– კი, თავის კაბინეტშია. რაში გჭირდება, რამე ხდება? – დაინტერესდა ფუმფულა, საკმაოდ უშნო და პრეტენზიული გოგო.
– არაფერი მნიშვნელოვანი, რაღაც უნდა მეკითხა.
– დაუკაკუნებლად მაინც ნუ შეხვალ, შეიძლება, შეფი და მაკა ზოგადსაკაცობრიო თემებს განიხილავდნენ და ხელი არ შეუშალო, – ჩაიქირქილა ფუმფულას გვერდით მჯდარმა ქერათმიანმა.
– ოო, რა მაწაკები ხართ, ვინც არ გიცნობთ! – გაეცინა ილიას და დენის მრიცხველისკენ გაემართა.
– ასეთი ღარიბი და უპოვარი რომ არ იყოს, მართლა კარგი ბიჭია, – თქვა ყველაზე ვულგარულად შეღებილ-შეფერადებულმა არსებამ და სიტყვა „მართლას“ წარმოთქმისას ისე ჩაარბილა ლ, თვითონაც კი იგრძნო და გაწითლდა, მაგრამ მაინც ბოლომდე მიიყვანა სათქმელი: – ცოტა რამე მაინც რომ გააჩნდეს, ნამდვილად (გოგო შეეცადა, ლ გაემაგრებინა) არავის დავუთმობდი. მომწონს ეგეთი ტიპები.
– ეგეთ ტიპებს თუ მოსწონთ შენისთანები? – „უკბინა“ გვერდით მჯდარმა, შედარებით ასაკოვანმა ქალმა.
– ვითომ, რა მაქვს დასაწუნი? – გაწიწმატდა გოგო, – ჩემზე უკეთესები დასდევენ კუდში?
– არ ვიცი, ვინ დასდევს, მაგრამ, გავიგე, ვერიკო მოსწონს თურმე და ისიც საკმაოდ თბილად ექცევა, – მრავალმნიშვნელოვნად ასწია ცალი წარბი ასაკოვანმა.
– ჰოდა, ღმერთმა შეარგოთ ერთმანეთი, იმ ვერიკოს მეტი არც ეკუთვნის, – ცხვირი აიბზუა გოგომ და ილიას თვალი გააყოლა, – არა, ღარიბი და უქონელი ჩემი თავიც მეყოფა, მე სხვა გეგმები და მიზნები მაქვს – მდიდარი ლედი (მცდელობის მიუხედავად, ისევ ჩამბალი ლ გამოუვიდა) უნდა გავხდე, – თქვა და მალულად გააპარა თვალი გენოს კაბინეტისკენ, მერე კი თვალები მინაბა და ძალიან ჩუმად, მაგრამ ვნებით ამოიკვნესა.
ასაკოვანმა მაშინვე დაიჭირა მისი მზერა და დამცინავად უთხრა:
– ეგ მიზნები და გეგმები აქ ლამის ყოველ მეორეს აქვს და ფრთხილად იყავი.
– რაო, რატომ მოგხვდა გულზე, შენც ხომ არ ხარ მათ შორის? – კბენაზე კბენით უპასუხა გოგომ.
– არა, ჩემო კარგო, შეგიძლია, მშვიდად იყო, მე შენი კონკურენტი ნამდვილად არა ვარ – ჯერ ერთი, კარგა ხანია, გამოვედი მაგ ასაკიდან და, თანაც გენოსნაირი ტიპაჟები ნამდვილად არასდროს მომწონდა.
– ეგ კარგია.
– რა არის კარგი?
– რაც ახლა თქვი.
– რატომ?
– შენ საკმაოდ ძლიერი და ძნელად დასამარცხებელი კონკურენტი იქნებოდი.
– რატომ? – ისევ ჰკითხა ასაკოვანმა.
– იმიტომ, რომ ძალიან ჭკვიანი ხარ.
– ეს კომპლიმენტად მივიღო? – გაეცინა ქალს.
– არა, მართლა ასე ვფიქრობ შენზე, – თქვა შეღებილმა, ჩანთიდან მობილური ამოიღო და გასასვლელისკენ გაემართა.
***
ილიამ ათ წუთში აღადგინა ოფისში დენის მიწოდება, ხელსაწყოები თავის პატარა ჩემოდანში ჩააწყო და დირექტორის კაბინეტისკენ გაემართა.
– არ სცალია, – ამრეზით შეაჩერა მდივანმა გოგომ.
– კარგი, დავიცდი, – ღიმილით უპასუხა ილიამ და კართან მდგარ სკამზე ჩამოჯდა, მერე უცბად რაღაცნაირი საბრალო გამომეტყველება მიიღო, თავისი ჩემოდანი მუხლებზე დაიდო და მდივანს ზედმეტად მორიდებული ხმით ჰკითხა: – დალოდების უფლება ხომ მაქვს?
– კი ბატონო, დაელოდე, მაგრამ, ასეთი რა საქმე გაქვს?
– მინდა, მარკშეიდერად გადამიყვანოს, – ისევ საწყლად თქვა ილიამ.
– მარკ... რა? – დაიბნა მდივანი.
– ეეჰ, არაფრის აზრზე არა ხარ, – ხელი ჩაიქნია ილიამ, – წიგნებს თუ არ კითხულობ, ფილმებს მაინც უყურე!
გოგომ ჯერ დამცინავად აიბზუა ტუჩი, მერე კი გაკაპასებით მიაყარა:
– ყველას თავს რომ გიყადრებთ, იმიტომ მიბედავ. შენისთანები იმითაც ბედნიერები უნდა იყვნენ, მისალმება თუ ვიკადრე!
– რომ იცოდე, როგორ არ გიხდება სიავე, ასე არასდროს მოიქცეოდი, – დაყვავებით უთხრა ილიამ და წამოდგა, – წავედი მე, აღარ შევაწუხებ შენს ნაზ და სათუთ მზერას ჩემისთანა უმნიშვნელო ადამიანის ცქერით.
– კარგს იზამ, – მიუღრინა გოგომ, – და, იცოდე შენისთანების აზრი არ მაინტერესებს, რა მიხდება და რა არა!
– ცოდო ხარ, გოგო, ამდენი სიავე ადრე დაგაბერებს, – ჩაილაპარაკა ილიამ და გასასვლელისკენ წავიდა.
უცებ კაბინეტის კარი გაიღო და გენო გამოჩნდა. უკან მაკა მოჰყვებოდა ამაყი და კმაყოფილი ღიმილით. დირექტორს არ ესიამოვნა ილიას დანახვა, მაგრამ, არ შეიმჩნია, მაკას მიუბრუნდა და საქმიანი ტონით უთხრა:
– ესე იგი, როგორც შევთანხმდით: სამუშაო დღის ბოლოს ამომიბეჭდეთ ყველა მონაცემი და კაბინეტში შემომიტანეთ.
– კარგი, ბატონო გენო, დღის ბოლოსთვის ყველაფერი მზად მექნება, – შეთქმული ღიმილით უპასუხა მაკამ და მდივნის ოთახიდან ტანის რხევით გავიდა.
„ნეტავი ამ შტერმა რისი მონაცემები უნდა ამოუბეჭდოს? – შურით გაიფიქრა გაოცებულმა მდივანმა და უცებ მიხვდა: – პაემანი დაუნიშნა ამ ძუკნას! მაგრამ, ჩაგიშლით, ღუღუნა მტრედებო, ეჭვიც არ შეგეპაროთ!“ – სახეზე კი მლიქვნელურ-მზრუნველი ღიმილი დაიფინა და დირექტორს ნაზი ხმით ჰკითხა:
– ბატონო გენო, ჩაი ან ყავა ხომ არ გნებავთ?
– არა, – ცივად უპასუხა გენომ. მას გულზე არ ეხატებოდა თავისი ოფის-მენეჯერი და სულ იმაზე ფიქრობდა, ვისით შეეცვალა, მაგრამ, იმდენად კარგად ართმევდა თავს საქმეს, რომ ამ ნაბიჯს ვერ დგამდა.
ბოლოს გენომ იკადრა და კართან შეჩერებული ილიაც „შეამჩნია“:
– რაო, ილო, რა გაგჭირვებია, ხომ მშვიდობაა? – ჰკითხა ვითომ შინაურულად. გენოს უყვარდა თავის ხელქვეითებთან მფარველური დამოკიდებულების ხაზგასმა – ცდილობდა, ამით მათი კეთილგანწყობა მოეპოვებინა.
– არაფერი, ბატონო გენო, – ილია მიუხვდა ფანდს და გულში ჩაეცინა – უკვე დიდი ხანია, ამჩნევდა, როგორ ცდილობდა გენო მისი ნდობის მოპოვებას და ეს ძალიან ართობდა. ჯერ იფიქრა, გავახარებო, მაგრამ მერე მაინც გადაწყვიტა, არ „გაეჯეჯილებინა“ ისედაც გაყოყოჩებული დირექტორი და ამიტომ ოფიციალური ტონით უთხრა: – სამი დღით გათავისუფლება მინდა.
– ოჯახში ხომ მშვიდობაა? – ისევ გაიმეორა გენომ, ვითომ ძალიან აინტერესებდა თავისი ელექტრიკოსის ოჯახის პრობლემები, – რამე დახმარება ხომ არ გჭირდება?
– დიდი მადლობა, ოჯახშიც ყველა ნორმალურად არის და არც არანაირი დახმარება არ მინდა. უბრალოდ, სამი დღით უნდა გავიდე ქალაქიდან რაღაც საქმეზე.
„ვერ მოვდრიკე ეს ტიპი“, – გაბრაზებით გაივლო გულში გენომ და რაღაც მომენტში გაიფიქრა, უარს ვეტყვიო, მაგრამ ბოლოს მაინც თავისი გულმოწყალების დემონსტრირება ამჯობინა და კეთილი ბატონის ღიმილით უპასუხა: – კი მჭირდებოდი, მაგრამ, რა ვქნა, უარი როგორ გითხრა...
– მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ, – ილია დაემშვიდობა და კარისკენ შინაგანად თავისუფალი კაცის ნაბიჯით გაემართა. მერე მდივანი გოგოსკენ შემობრუნდა, რომელიც მლიქვნელურად შეჰყურებდა შეფს და მოურიდებლად უთხრა: – ისე, რომ იცოდე, არც ეგეთი გამომეტყველება გიხდება, თანაც, ნაადრევ ნაოჭებს აჩენს, – და ოთახიდან გავიდა.
– ბატონო გენო, რატომ აჩერებთ სამსახურში ასეთ უზრდელს? – გოგოს სიბრაზისგან სახე წამოუწითლდა, – ერთხელაც იქნება, გამომტყუებს რაღაცას და მერე არავის ეწყინოს! ვერ ხედავთ, რომ თქვენც გეთავხედებათ? რატომ „უტარებთ“ ყველაფერს?
– ჰო, კარგი, მივხედავ მე მაგას, – ჩუმი მუქარით ჩაილაპარაკა გენომ, მერე საათს დახედა და საქმიანი ტონით განაგრძო: – ვერიკო შემოვიდეს ჩემთან და საბუთები წამოიღოს!
მდივანმა მაშინვე დარეკა ბუღალტერიაში და ძალიან დაკავებული ქალის ხმით უთხრა:
– ქალბატონო ვერიკო, დირექტორი გელოდებათ. საბუთებიც წამოიღეო!
ორი წუთის შემდეგ ვერიკო ფაილებით ხელში შევიდა ოფის-მენეჯერის ოთახში და მორიდებით ჰკითხა:
– შეიძლება?
– შებრძანდით, – ცივად უპასუხა გოგომ. ის ვერ იტანდა ამ უცხვირპირო ეკონომისტს (ასე შეარქვა მას გულში), რადგან, ერთი-ორჯერ შეასწრო თვალი, როგორ შესციცინებდა გენო და, როდესაც ვერიკომ კაბინეტის კარი შეიკეტა, უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა: – ამ კაცებს, მგონი, თვალები მართლა ტ...ში აქვთ! რა მოეწონა გენოს ამ ციფრებიჭამია შინაბერაში, ვერ გამიგია...
მდივანი კიდევ აპირებდა გესლიანი ტექსტის გაგრძელებას, მაგრამ დირექტორმა დაურეკა, ორი ყავა შემოგვიტანეო. გაბრაზდა, თუმცა, სხვა რა გზა ჰქონდა, უჯრიდან „მინუტკა“ ამოიღო, ყავა მოადუღა და მერე ფინჯნები დააწყო პატარა სინზე.
– ცეცხლად და ნავთად! – მიაწყევლა, პირველი ფინჯანი რომ შეავსო, – ორივეს! – დააგვირგვინა მეორე ფინჯნის შევსებისთანავე, მერე სახეზე ცელოფანის პარკივით გადაიკრა ცივი ღიმილი და დირექტორის კაბინეტის კარი შეაღო.
– ამდენ ხანს რას შვრებოდი, გეძინა? – უხეშად მიმართა გენომ და ამ უხეშობით საბოლოოდ გადაიმტერა თავისი ოფის-მენეჯერი.
– ჰო, ცოტა ჩამთვლიმა და... – არ დაუთმო გოგომ, თვალები ბოროტად მოწკურა და სინი ფანჯრის რაფაზე დადგა დემონსტრაციულად, – იმედია, თვითონ გაუმასპინძლდებით თქვენს ძვირფას თანამშრომელს, – მდივანმა სიტყვა „ძვირფასს“ ხაზი გაუსვა, მერე დამცინავად გადახედა გრძელ მაგიდასთან უხერხულად მჯდარ ვერიკოს და უკანალის გამომწვევი ქნევით გაემართა კარისკენ.
მის საქციელზე გენოს კინაღამ ხმამაღლა გაეცინა, მაგრამ თავი შეიკავა და ღიმილით უთხრა დაბნეულ ვერიკოს.
– ხომ ხედავ, რა ვითარებაში მიწევს მუშაობა! არ გინდა, ამდენი სულელი ქალის გამოხტომებს გაუძლო?! – მერე ადგა, ფანჯრის რაფიდან ფინჯნებიანი სინი აიღო და ვერიკოს წინ დადგა, მაგრამ ვერიკომ არ ისურვა უფროსთან ერთად ყავის დალევა და წამოდგა.
– სად მიდიხარ? – გენოს გაუკვირდა, რომ მისმა ეკონომისტმა სათანადოდ ვერ დააფასა შეფის ყურადღება.
– ძალიან ბევრი საქმე მაქვს, ბატონო გენო, ვეღარ მოვასწრებ დღის ბოლომდე, – ვერიკომ სკამი შესწია და თავის შეტანილ საბუთებს წაეტანა.
– ქაღალდები დატოვე, ვნახავ ერთი, როგორ მუშაობ! – ხმა გაიმკაცრა დირექტორმა და უმადური ქალი იმით დასაჯა, რომ კარამდე აღარ მიაცილა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3