როგორ დაალეწეს ერთმანეთს ცხვირ-პირი რიკოვმა და ზინოვიევმა სტალინის გამო
როგორც გადატანითი, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით, სტალინი დიდი მომთვინიერებელი იყო და ეს ეხებოდა როგორც ადამიანებს, ისე ცხოველებსა და ფრინველებსაც კი. დიდი ბელადის ამ უნიკალურ თვისებას ხაზგასმით აღნიშნავდნენ როგორც მისი მტრები, ასევე მისი ერთგული ადამიანებიც, ანუ ყველა განცვიფრებული იყო სტალინის უნარით, ჰიპნოზური ზემოქმედება მოეხდინა სულიერ არსებაზე და თავისი ნებისთვის დაემორჩილებინა ისინი.
დიდი ბელადის ყველაზე თავგამოდებული მოძულე ლევ ტროცკი და მისი მხარდამჭერები ზონევიევი და კამენევი, ხშირად უყვებოდნენ ხოლმე თავიანთი ოჯახის წევრებს, თუ როგორ მონუსხა ისინი სტალინმა და არამარტო ისინი.
1926 წლის 7 აგვისტოს ოპოზიციის წევრები ტროცკის მეთაურობით, ზონოვიევის ბინაში შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, რომ პარტიის გენერალური მდივნისთვის, სტალინისთვის, ულტიმატუმი წაეყენებინათ. საქმე ის იყო, რომ სტალინი ცდილობდა, აბსოლუტური ძალაუფლება ჩაეგდო ხელში და ყველა საკვანძო ადგილებზე თავის ერთგულ ადამიანებს ნიშნავდა. ეს მომენტი, რა თქმა უნდა, არ გამოჰპარვია ოპოზიციას და იმის შიშით, რომ სტალინი მათ თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებდა, გადაწყვიტეს, მასზე გადამწყვეტი იერიში მიეტანათ. იმ პერიოდში სტალინს ჯერ კიდევ არ ჰყავდა აბსოლუტური უმრავლესობა პოლიტბიუროში და ხელისუფლებიდან მისი ჩამოშორება უბრალო კენჭისყრით შეიძლებოდა. ოპოზიცია სწორედ ამ „კოზირის” გამოყენებას აპირებდა და, მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პოლიტბიუროს სხდომის მოწვევითა და სტალინის საკითხის დასმით იმუქრებოდა. ერთი სიტყვით, ოპოზიციამ ქაღალდზე ჩამოწერა თავისი მოთხოვნები, შემდეგ კი თავიანთი სამი ყველაზე თვალსაჩინო ლიდერი – ტროცკი, ზინოვიევი და კამენევი გაგზავნა მასთან.
„მივედით, პოსკრებიშევი საკმაოდ კეთილგანწყობილად შეგვხვდა და დაუყოვნებლივ შეგვიშვა სტალინთან, – ყვებოდა ტროცკი, – სტალინმა კიდევ უფრო კეთილგანწყობილად მიგვიღო და, გულღია მასპინძელივით, ჯერ ჩვენ დაგვსხა სავარძლებზე, შემდეგ თავადაც დაჯდა და მოგვაჩერდა. ჩვენ ჩვენი პირობები ჯერ წავუკითხეთ, შემდეგ კი დისპუტი გავმართეთ.”
ოპოზიციის ეს სამი გამორჩეული ლიდერი რომლებიც სტალინის მოსაშორებლად ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები, მოულოდნელად მისადმი კეთილგანწყობილები გამოვიდნენ მისი კაბინეტიდან.
„ვგრძნობდი, რომ მთელი აგრესია მიქრებოდა მის მიმართ და ვცდილობდი, არ დავყოლოდი მის ნებას, მაგრამ, არაფერი გამოდიოდა, – ამბობდა კამენევი, – ის აშკარად ახდენდა ზემოქმედებას ჩვენზე, მაგრამ, როგორ და რა ხერხებით, ვერ ამიხსნია.”
დაახლოებით იმავეს ყვებოდნენ ტროცკი და ზინოვიევიც.
„ვცდილობდი, თვალებში არ შემეხედა მისთვის, რადგან, ვგრძნობდი, რომ მაჰიპნოზებდა, – ყვებოდა ტროცკი, – მაგრამ, ძალა არ მყოფნიდა საამისოდ და თვალები ავტომატურად გამირბოდა მისკენ. არა, მისი თვალები განა სიბოროტეს აფრქვევდა, მაგრამ, ჟრუანტელი მივლიდა და საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავდი”.
„ერთ მომენტში მომეჩვენა, რომ სტალინი საკუთარი სავარძლიდან ჰაერშიც კი აიწია. რაც შეეხება მის საწერ მაგიდაზე დალაგებულ ნივთებს, ისინი დროგამოშვებით თვითონ მოძრაობდნენ. ხან კალამი გაცურდებოდა მაუდზე, ხან სამელნე და ხან ერთბაშად ყველაფერი. ყოველივე ეს ტროცკიმ და კამენევმაც შეამჩნიეს და სტალინის კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ სამივემ აღვნიშნეთ ამის შესახებ,” – აღნიშნავდა ზინოვიევი.
ოპოზიციის ლიდერები ფართო დისკუსიის გამართვას გეგმავდნენ სტალინთან და ერთიანი ძალით აპირებდნენ მის დათრგუნვას, რაც თავისთავად რამდენიმე საათის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, მათ მხოლოდ თხუთმეტი წუთი დაყვეს მის კაბინეტში და წამოვიდნენ. თავიანთ წარმომადგენლებს ოპოზიციის დანარჩენი წევრები კვლავ ზინოვიევის ბინაში ელოდნენ. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი წარგზავნილები ტრიუმფით დაბრუნდებოდნენ უკან, თუმცა რადიკალურად საპირისპირო რამ მოხდა: ისინი თავგამოდებით უმტკიცებდნენ თავიანთ თანამოაზრეებს იმის საპირისპიროს, რასაც სულ რაღაც ერთი საათის წინ თავადაც ემხრობოდნენ. განსაკუთრებით კი ტროცკი აქტიურობდა და სწორედ მან მოახერხა თავისი მეგობრების დარწმუნება იმაში, რომ სტალინზე იერიში შეეწყვიტათ. ტროცკის ზინოვიევმა და კამენევმაც აუბეს მხარი და, ერთ მომენტში იქამდეც კი მივიდა საქმე, რომ რიკოვსა და ზინოვიევს შორის ხელჩართული ბრძოლაც კი გაიმართა.
– ისეთი რა მოხდა, რომ იმ მონსტრზე რადიკალურად შეიცვალეთ აზრი? – ჰკითხა რიკოვმა ტროცკის, რომელსაც ზინოვიევი გამოექომაგა და სწორედ ამის შემდეგ ატყდა ჩხუბი.
– მონსტრი კი არა, ჩვენი მმართველი და ბელადია, – არ დააყოვნა ზინოვიევმა სტალინის დაცვა.
– რამ გამოგცვალათ ამ ერთი საათის განმავლობაში, არ მესმის! – აღშფოთებული ღრიალებდა რიკოვი, – რაღა ეს ეშმაკი აირჩიეთ თქვენს ბელადად?
მას შემდეგ, რაც სტალინის შურაცხყოფისთვის რიკოვისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს და მან უარი განაცხადა, სწორედ ამის გამო ატყდა ჩხუბი. ზინოვიევმა ცხვირ-პირში შეაფურთხა რიკოვს, შემდეგ საზარდულში ამოჰკრა ფეხის წვერი და ბოლოს მჯიღი ჩაარტყა კისერში.
რიკოვი სასტიკად სცემეს, მერე გარეთ გაათრიეს და ბოლო მარმარილოს კიბეზე დააგორეს. რის შედეგადაც რიკოვს მარცხენა ხელი მოსტყდა და ტვინი შეერყა, ზინოვიევს კი სამუდამო იარა დარჩა კისერზე, რადგან, გამწარებულმა რიკოვმა ზინოვიევს კისერზე უკბინა და ხორცი ამოგლიჯა, ხოლო ტროცკის სახეში შეაფურთხა. მოგვიანებით ამ ცემა-ტყეპის მონაწილეები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ რაღაც შეუცნობელი ძალით იყვნენ შეპყრობილები და მათივე ნების წინააღმდეგ მოქმედებდნენ. ოპოზიციის ასეთი „შეპყრობილობა” სულ ერთ კვირას გაგრძელდა და სწორედ ამ დროის განმავლობაში მოახერხა სტალინმა, პოლიტიკური სიტუაცია ისე შემოებრუნებინა, რომ ხმათა უმრავლესობა მოეპოვებინა პოლიტბიუროში. იმავე დღეს, 7 აგვისტოს, მოსკოვში ფრანგული ცირკი მართავდა წარმოდგენას და იქ მთელი საბჭოთა მთავრობა იყო მიწვეული, მათ შორის – ოპოზიციაც.
ფრანგული ატრაქციონი ბრწინვალედ იყო დადგმული და წარმოდგენამ სტუმრების უდიდესი მოწონება დაიმსახურა, განსაკუთრებით – გენერალური მდივნის. სტალინი მხიარულად უკრავდა ტაშს ფრანგ მსახიობებს. ყველაზე მეტად მას ვეფხვების ატრაქციონი მოეწონა. მომთვინიერებელ ჟაკ დე შაბრონს 4 უსურიული და 4 ბენგალური ვეფხვი ისე ჰყავდა გაწვრთნილი, რომ ისინი ძალიან მოხდენილად ასრულებდნენ სხვადასხვა ტრიუკს. წარმოდგენა რომ დამთავრდა, სტალინმა კულისებში გასვლა და დე შაბრონთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.
– ვისაც არ გეშინიათ, მომყევით! – მხიარულად დაპატიჟა სტალინმა როგორც თავისი ერთგული ჩინოსნები, ისე ოპოზიციაც და, დაახლოებით 30 კაცი კულისებისკენ გაემართა. როდესაც სტუმრებმა ვეფხვების სამფლობელოში შეაბიჯეს, მათი მომვლელები ცხოველებს კვებავდნენ. ვეფხვების გალიები ერთ რიგად იყო ჩამწკრივებული, ორი მომვლელი აქეთ-იქიდან სათითაოდ შედიოდა გალიებში და სისხლიანი ხორცის ნაჭერი შეჰქონდათ მოშიებული მტაცებლებისთვის... ამდენი ხალხის ერთდროულად გამოჩენამ, როგორც ჩანს, გადაღლილი ვეფხვები გააღიზიანა და ღრიალი ატეხეს, განსაკუთრებით კი ერთი უსურიული ძუ ვეფხვი აქტიურობდა. მან თათის დარტყმით ძირს დასცა გალიაში ხორცით შესული მომვლელი და გარეთ გამოვარდა. სტუმრებსა და გამძვინვარებულ მხეცს შორის სულ რაღაც თხუთმეტიოდე მეტრი იყო და გაქცებას არანაირი აზრი არ ჰქონდა. ყველაფერი ეს სულ რაღაც 3-4 წამის განმავლობაში მოხდა და იქ მყოფთა უმრავლესობამ ამოსუნთქვაც კი ვერ მოასწრო. ყველაზე ოპერატიულად მაინც დიდი ბელადის პირადი მცველები მოქმედებდნენ: ისინი ერთდროულად სტალინსაც გადაეფარნენ და იარაღებიც იშიშვლეს. ვეფხვს ორი ნახტომიღა სჭირდებოდა, რომ ადამიანებს სცემოდა. ის სწორედ სტალინის მიმართულებით მიიწევდა და, სანამ დიდი ბელადის მცველები ნადირს საბოლოოდ გაანეიტრალებდნენ, დაჭრილი მხეცი მაინც შეძლებდა რამდენიმე ადამიანის დაფლეთას.
სტალინმა, რაღაც სასწაულებრივად, ჯერ თავისი მცველები გააჩერა და არ ასროლინა, შემდეგ ყველა გაფანტა განზე, თვითონ კი წინ გამოვიდა. ამასობაში ვეფხვი სულ რაღაც 8-9 მეტრით იყო დაშორებული სტალინისგან და ერთი ნახტომით დააცხრებოდა კიდეც მას. ის იყო, ვეფხვი ჰაერში უნდა აწეულიყო და ბოლო ნახტომი გაეკეთებინა, რომ სტალინმა მწველი მზერა ესროლა მხეცს, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და, ჯერ ცხვირ-პირზე მოეფერა, შემდეგ თავზე დაადო ხელი, ნელ-ნელა, ფერებ-ფერებით შეიყვანა გალიაში, თვითონ კი უკან გამობრუნდა. ვეფხვი აბსოლუტურად მშვიდად იყო და მხოლოდ სტალინს მისჩერებოდა. სტალინს უყურებდნენ სხვებიც და გაოცებას ვერ მალავდნენ ნანახის გამო. ყველაზე გაოცებული კი ლევ ტროცკი იყო, რომელიც მონუსხული უყურებდა დიდ ბელადს და, ყველას გასაოცრად, პირჯვარს იწერდა. ამის შემხედვარე კალინინმა ბუხარინს უჩურჩულა: ნახე, ეს უღმერთო ებრაელი კობამ რა უცებ მოაქციაო.