ზნედაცემული ანგელოზები
გოგოები თავიდანვე შეთანხმდნენ – ახალ წელს ერთად შეხვდებოდნენ – მარტონი... ყოველგვარი მამაკაცების გარეშე... მხოლოდ სამნი... თავიანთი დარდებით... მოგონებებით... ოცნებებით... ჰო, ოცნებებით... ასეთ ქალებსაც აქვთ ხოლმე ოცნებები და ისინი ჩვეულებრივი ქალების ოცნებებისგან ბევრით არაფრით განსხვავდება... შეიძლება, ამაზე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს, მაგრამ მთავარი ხომ ქალია და ბევრი მამაკაცი დარწმუნებულიც არის იმაში, რომ ყველა ქალი ერთნაირია. თუმცა, საპირისპირო მოსაზრებაც არსებობს – უკვე ბანალურად ქცეული ფრაზა ყველა მამაკაცის ერთნაირობის შესახებ... არასდროს არავის შეუმკია ქალთა სქესი ეპითეტით – ანგელოზი... ფრანგები ამბობენ: თუ ხედავთ, რომ ქალი მართალია, მოუხადეთ მას ბოდიში... მაგრამ, თუკი დარწმუნდით, რომ მართალი არ არის, ბოდიში ორჯერ მოუხადეთო... როგორები იქნებოდნენ ქალები, მამაკაცები „ფრანგული რჩევის“ მიხედვით რომ იქცეოდნენ? – ძნელი სათქმელია. თუმცა, ორ სქესს შორის ჰარმონია მეტ-ნაკლებად დაისადგურებდა... ზოგადად, ქალები უცნაური არსებები არიან. აბა, რა შეიძლება იყოს საერთო გრძელფეხება, მაღალმკერდიან, გამომწვევი გარეგნობის ქალსა და ჩვეულებრივ, თითქმის ნაცრისფერ თაგუნას შორის?! ერთი თითქოს მამაკაცების მოსახიბლავად გააჩინა განგებამ და მათ ნერვებზე სათამაშოდ, ხოლო მეორე – ბავშვების გასაჩენად და გემრიელი ღვეზელების გამოსაცხობად... პრაქტიკულად, არაფერი, ხომ?! განსხვავებული გემოვნება... განსხვავებული ინტერესები... განსხვავებული ყველაფერი! მიუხედავად ამისა, მაინც ერთ გზაზე მდგარნი, შეიძლება ითქვას, ერთი ბედისწერის... ან იქნებ, უბრალოდ, არჩევნის...
დოდოშკამ თეფშებთან ხელსახოცები დააწყო და დივანზე ნებივრად წამოწოლილ, ნახევრად შიშველ და კედელზე ფეხებმიდებულ ტატას უკმაყოფილო სახით გახედა.”
– არ გინდა, მომეხმარო?
– მე?! – თვალები განცვიფრებით გადაატრიალა ტატამ და თავის მოვლილ, მუქ შინდისფრად შეღებილ გრძელ ფრჩხილებს ჩააშტერდა... – დოდუნა, გენაცვალე... ჩემს იმედად ყოფნას არ გირჩევ. თანაც, შენ გამოიჩინე ინიციატივა და აიხირე, ახალ წელს ოჯახივით შევხვდეთო... იყო ასე თუ არა?!
– ჰო, იყო, – უცებ გაცხარდა დოდო, – და ვერაფერ ცუდს ამაში ვერ ვხედავ. რა, რას მიყურებ? გვინდა თუ არ გვინდა, ამ სახლში ერთად ვცხოვრობთ, ერთმანეთის ცხოვრების ნაწილები ვართ და, მიუხედავად იმისა, რომ მე შენ არ გგავარ, ისევე, როგორც ლალი არ გვგავს ჩვენ, მაინც ერთად ვართ.
– ერთად იმიტომ ვართ, რომ სხვა წასასვლელი არსად გვაქვს, – ამოიოხრა ტატამ და ხელები თეატრალურად გაშალა. დოდოშკამ საყვედურით შეხედა:
– რანაირი ლაპარაკი იცი. რა გინდა მაგით რომ თქვა? ჩემკენ უმიზნებდი, ხო?!
– პრინციპში, არც უმაგისობაა, მაგრამ, არ მინდა ამ საახალწლოდ გუნება მოგიშხამო.
– უკვე მომიშხამე, – თქვა დოდოშკამ, სიგარეტს მოუკიდა და ფანჯარასთან მივიდა. ტატამ ჩაიცინა, თუმცა მერე ინანა.
– კარგი, ჰო.. – ჩაილაპარაკა შემრიგებლური ტონით, – ნუ გწყინს. ჩვენ ხომ ბევრი გვაკავშირებს ერთმანეთთან. მთელი ისტორია, ჩვენი ურთიერთობა. ზოგჯერ, როცა გამახსენდება, როგორ დავახლოვდით, სიცილით ვკვდები.
– არაფერია მაგაში სასაცილო... ყოველ შემთხვევაში, მე სულ არ მეცინებოდა, როცა შენი არსებობის შესახებ პირველად შევიტყვე.
ტატას ძალიან არ უნდოდა, გასცინებოდა, მაგრამ თავი ვეღარ შეიკავა და ახარხარდა. დოდოშკამ დიდხანს უყურა სიგარეტით ხელში, დოინჯშემოყრილმა და წარბშეკრულმა... მერე მასაც სიცილი აუტყდა.
– არა, რა... შენი გამოსწორება არ იქნება. ჩვეულებრივი უზნეო ქალი ხარ, ბოზი...
– ვაიმე, მე უზნეო ვარ და შენ – ანგელოზი? დოდოშკა, გეყოფა... დროა, დაივიწყო შენი სპეტაკი და უმწიკვლო წარსული. ზუსტად ერთნაირად ვიხრაკებით ამ ტაფაში. თანაც, ბოზობა ცოტა სადავო საკითხია. ანუ, ვის ვინ მიაჩნია ბოზად – გესმის, ხომ? პირადად მე, საკუთარი თავი ბოზი არ მგონია.
დოდოშკამ თავი გადააქნია:
– ჰო, აბა, რა, პატიოსანი ხარ.
– დიახ, ძალიანაც პატიოსანი ვარ. ბევრად უფრო პატიოსანი, ვიდრე ბევრი გათხოვილი ქალბატონი ამ ქალაქში.
– ტატუშკი, გეყოფა... ზედმეტი მოგდის.
– მე? აბა, რას ამბობ? მაგალითები ხომ არ დაგისახელო? ჩემზე პატიოსანი რითი არიან ის ცოლები, რომელთა ქმრებიც ჩვენთან დარბიან და არ იმჩნევენ ამ ყველაფერს მარტო იმიტომ, რომ კარგ ცხოვრებას ვერ ელევიან?!
– ასეც ნუ იტყვი. შენ გათხოვილი არ ყოფილხარ და საერთოდ არ გესმის ამ ქალების მდგომარეობა.
– დიახ, გათხოვილი არ ვყოფილვარ და არც მაქვს ამის სურვილი. არცერთი მამაკაცი არ იმსახურებს იმას, რომ საჭმელი უკეთო და წინდები ურეცხო.
– მიუხედავად ამისა, ყველა ქალს საბოლოოდ მაინც უნდა ქმარიც და ოჯახიც, – დაასკვნა დოდოშკამ და ამოიოხრა.
– არა, რა, თავიდანვე ვამბობდი, რომ სისულელე იყო ეს იდეა ახალი წლის ერთად გატარებისა. ჩვენნაირი ხალხისთვის ოჯახური დღესასწაულები მაგარი ბლეფი და ძვირფასი დროის უსარგებლოდ ხარჯვაა.
– რატომ? გააჩნია, ამ საკითხს როგორ მიუდგები. ახალ წელს მაინც არ გიჩნდება სურვილი, ყველაფერი შეცვალო?
– არა. საერთოდაც, ვერ ვხვდები, რა უნდა შევცვალო. მე ძალიან მომწონს ჩემი ცხოვრება: ჩიტივით თავისუფალი ვარ. რასაც მინდა, იმას ვიზამ და ვისთანაც მინდა, იმასთან ვიზამ, – გადაიკისკისა ტატამ, – თანაც ისე ვიზამ, როგორც მომეპრიანება... სულ გადავრევ იმ „ვიღაცას“... მით უმეტეს, რომ კაცის გადარევას ბევრი არც არაფერი სჭირდება... არ მეთანხმები?
დოდოშკამ არ უპასუხა. მხოლოდ ხელი ჩაიქნია. ისევ სიგარეტი ამოიღო კოლოფიდან და ფიქრებში წავიდა... ჯერ კიდევ დილით შესანიშნავი განწყობა ჰქონდა. რაღაცნაირი აღფრთოვანებით შეეგება დილას. ნიგოზიც კი დაჭრა – გოზინაყს გავაკეთებო. ტატამ კი ყველაფერი გააფუჭა... მოგონებები აუშალა და სევდა მოჰგვარა... ოთხი წლის წინ ყველაფერი სხვანაირად იყო: ქალაქგარეთ, აგარაკზე ხვდებოდა ახალ წელს. უზარმაზარ ნაძვის ხეს რთავდა და საყვარელი ქმრისგან საახალწლო საჩუქარს ელოდა... მაშინ უკვე ნაკლებად საყვარელი ქმრისგან, მაგრამ, მაინც ოჯახის წევრისგან... იმ საღამოს ვერაფრით წარმოიდგენდა, ასე რადიკალურად თუ შეიცვლებოდა მისი ცხოვრება... კიდევ ბევრ რამეს ვერ წარმოიდგენდა, ძალიან ბევრს...
– სად დაიკარგა ეს ქალი? – ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ და ფანჯარაში გაიხედა.
– ლალი? – ჰკითხა ტატამ.
– ჰო. აქამდე უნდა მოსულიყო. შამპანურზე და შოკოლადზე ჩავგზავნე მარკეტში.
– დარწმუნებული ხარ, რომ ნამდვილად მარკეტში წავიდა? – ორაზროვანი ირონიით ჩაეკითხა ტატა.
– მოიცა, აბა, სად წავიდოდა?
– რა ვიცი, რა ვიცი... ძალიან საგულდაგულოდ გამოეწყო...
დოდოშკა გაბრაზდა:
– არ მითხრა, რომ ვინმესთან შესახვედრად წავიდა. ხომ შევთანხმდით, რომ არანაირი კაცები – მხოლოდ დღეს და ხვალ... რა მოხდება?
ტატამ მხრები აიჩეჩა:
– არაფერი... იმიტომაც ვარ დივანზე წამოწოლილი ტრუსებით. მაგრამ ლალიკოს, ალბათ, კარგი ვარიანტი ჰქონდა და ხელიდან არ გაუშვა.
– ფუჰ, რა მდაბიური აზროვნებაა, – ტუჩი აიბზუა დოდოშკამ, – აი, მე ასე არასდროს მოვიქცეოდი.
– ეჭვიც არ მეპარება, – დაეთანხმა ტატა.
– ნუ დამცინი.
– არ დაგცინი, სერიოზულად გეუბნები. აბა, ლალი შენთან როგორ მოვა?! ერთი სოფლელი გოგოა. თვითგადარჩენის ინსტინქტი უბიძგებს, ასეთი შანსები ხელიდან არ გაუშვას.
– თვითგადარჩენის ინსტინქტი თუ თვითდამკვიდრების სურვილი?
– აუ, რა მნიშვნელობა აქვს? ხომ მიხვდი, რასაც ვგულისხმობდი. არაფერი უთხრა, იცოდე.
– რა უნდა ვუთხრა? – გაიკვირვა დოდოშკამ, – ისე კი, რა ვიცი, ძალიან გაუხარდა, როცა ვთქვი, ერთად შევხვდეთ ახალ წელს, ნამდვილი ოჯახივით-მეთქი.
– გაუხარდებოდა, აბა, რა! მაგას, როგორც შენ, ნოსტალგია აწუხებს. წარმომიდგენია, სოფელში როგორ ხვდებოდა ხოლმე ახალ წელს. აგუზგუზებული ფეჩის გვერდით, ცხელი ხაჭაპურებითა და მოხარშული, სიმინდით გაზრდილი დედლით სუფრაზე... პროვინციული ბედნიერება, – გაიცინა ტატამ.
– ტყუილად იცინი, რა არის მაგაში ცუდი?
– არაფერი, – მხრები აიჩეჩა ტატამ, – მაგრამ, ზუსტად ვიცი, ჩემსავით, შენც არ ოცნებობდი ასეთ ბედნიერებაზე.
– შენ რა იცი, მე როგორ ბედნიერებაზე ვოცნებობდი, – გაცხარდა დოდოშკა, – საერთოდ, რა იცი ჩემზე?
– საკმარისად ვიცი, საკმარისად, – თითი დაუქნია ტატამ, – მოვყვე?
– არ გინდა, ნერვებს ნუ ამიშლი, თორემ, რაღაც-რაღაცეები გამახსენდება და ამ საახალწლოდ მაგრად ვიჩხუბებთ.
– უჰ, დიდი ამბავი! ჯერ არ გვიჩხუბია თუ რა... თმაშიც წავწდომივართ ერთმანეთს, მაგრამ, დღეს მაინც ერთ სახლში ვცხოვრობთ და სხვათა შორის, ჩემს სახლში.
– აი, ეგ აუცილებლად უნდა შეგეხსენებინა, – ეწყინა დოდოშკას და საკუთარ თითებს ჩააშტერდა. არათითზე ერთადერთი ბრილიანტის ბეჭედი უბრწყინავდა – წარსული ბედნიერი დღეების მოსაგონარი.
– შემახსენე, ეგ ბეჭედი შენმა ქმარმა როდის გიყიდა?! – არ დაინდო ტატამ.
– გეყოფა! – შეჰყვირა დოდოშკამ, – როგორი სასტიკი ხარ! – ამ სიტყვებით კარადასთან მივიდა, კონიაკის სანახევროდ დაცლილი ბოთლი გადმოიღო, ჭიქაში დაისხა და სულმოუთქმელად გამოცალა. ერთ ჭიქას მეორეც მიაყოლა და ლოყებზე ჩამოგორებული ცრემლები ხელისგულით მოიწმინდა.
– მეტი აღარ დალიო, – გააფრთხილა ტატამ, – თორემ, იზმენები დაგეწყება... შენ, მგონი, ისევ გენატრება შენი გამოსირებული ქმარი.
დოდოშკამ ხელი ჩაიქნია:
– ქმარი კი არა, სხვა რაღაც მენატრება, მაგრამ, შენ მაგას მაინც ვერ გაიგებ. ამიტომ ლაპარაკს აზრი არა აქვს.
– რატომ? არც ეგეთი გულქვა და უგრძნობი ვარ, ვერ ვხვდებოდე. შვილიც გენატრება.
– შვილიც?! – მრავალმნიშვნელოვნად იკითხა დოდოშკამ, – შვილიც? მე რომ გამიგო, სულ მინიმუმ, ერთი შვილი მაინც უნდა გყავდეს გაჩენილი და გაზრდილი. თანაც, ხომ გთხოვე, შვილი არასდროს მიხსენო-მეთქი.
– მაინც ვერ ვხვდები, რატომ არ გინდა მისი ნახვა. დიდი ბიჭია, გაიგებს. შენს ადგილას, მე დავისვამდი და ყველაფერს მოვუყვებოდი.
– ასე ადვილი გგონია?
– ლაპარაკს რა უდგას წინ? ადვილი კი ნამდვილად არ მგონია.
– სწორედ იმიტომ, რომ დიდი ბიჭია, აჯობებს, შორს ვიყო მისგან.
– და, ის სირი უნდა ეგონოს კარგი ტიპი? გაკლია შენ... ასე შვილს საერთოდ დაკარგავ.
– ის სირი კარგი მამაა და შვილს ბევრს უკეთებს. გზაზე დააყენებს, ასწავლის, მიხედავს. მე რა უნდა შევთავაზო?
– დედა ხარ! შენ გააჩინე და შენ გაზარდე, მეტი რა უნდა შესთავაზო? – აღშფოთდა ტატა, – შენს ადგილას მე არც იმ სახლიდან წამოვიდოდი და ფულსაც ბლომად დავაყრევინებდი.
– ხომ ხვდები, ეგ რატომაც არ გავაკეთე. ეს ხომ მაინც იცი?!
– აუ, დაიწყო ისევ... გოგო, რა ვერ გაიგე? სახლი და ფული რომ გექნებოდა, მერე შვილიც გვერდით გეყოლებოდა.
– არ მეყოლებოდა... და მოდი, მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს. აიღე ტელეფონი და დაურეკე ლალის.
– „საქმეში“ თუა გართული, ხელს შევუშლი.
– მოკლედ, არ გამოდის, რა, თქვენთან ნორმალური ცხოვრება. მე კი ორივეს საახალწლო საჩუქრებიც გიყიდეთ.
– მართლა? – გაიბადრა ტატა, რა მიყიდე? რამე ზესექსუალური, თუ ქვაბი ან ტაფა...
– ქვაბი ან ტაფა... – გამოაჯავრა დოდოშკამ, – ასე მიცნობ? ადექი, სალათა მაინც გააკეთე. გამზადებულია ყველაფერი, უბრალოდ, ერთმანეთში უნდა შეურიო.
– ჩემი იმედი ნუ გექნება. ეგ რომ მდომოდა, ბოზობას კი არ დავიწყებდი, – ახარხარდა ტატა.
– ყველაფერზე სიცილი და ხუმრობა არ შეიძლება.
– რატომ? ასე გაცილებით მარტივია ცხოვრება... არ ჯობდა, რესტორანში წავსულიყავით? ტიპებსაც ავაგდებდით.
– ვინ ტიპებს... ახალი წლის ღამეს კაცები რესტორნებში ცოლებთან ერთად დადიან...
– მაგრამ, დილაობით „ნაშებთან“ ერთად იღვიძებენ! – წინადადება დაასრულა ტატამ, ნიშნისმოგებით გაიცინა და მკერდი გამომწვევად შეათამაშა.
– ერთი დღე მაინც არ ვიფიქროთ ტიპებზე, პონტებზე და აგდებაზე!
– მაშინ, თხიპნე გოზინაყი და იყავი... გაკეთება მაინც იცოდე.
– თეორიულად ვიცი, – იხტიბარი არ გაიტეხა დოდომ, – გავართმევ თავს.
ტატამ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი:
– ნეტავი ვიცოდე, რა სიამოვნებას იღებ წვალებაში. მართლა არ მესმის.
– ჰო, არ გესმის... როცა გავაკეთებ, შეჭამ და გესიამოვნება, მერე გაგინათდება გონება.
– შენს ქმარსაც გაუნათდა გონება და კარგადაც გიღალატა. ვერ დააფასა კულინარიული ზეაღსვლები, ბინძური სექსი ამჯობინა. ხვდები, სად შეცდი?
– არ მჭირდება შენი ბოზური ფილოსოფიით აპელირება... დაურეკე, რა, ლალის, გახდა ათი საათი. აუცილებლად ვიღაცის ქვეშ უნდა შეხვდეს ახალ წელს?
– პრინციპში, რატომაც არა. დაებედება, – ახარხარდა ტატა და დოდოშკასაც გაეცინა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში