ინტიმური საუბრები
როგორ გავიგე ჩემი ვინაობის შესახებ
ჩემი მშობლების მესამე შვილი ვარ. მყავს უფროსი და-ძმა. ამიტომ, ცხადია, აზრადაც არასდროს გამივლია, რომ, შესაძლოა, არ ვიყავი მათი ღვიძლი შვილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე აღმოჩნდა და ეს მხოლოდ შარშან, 17 წლის ასაკში გავიგე ერთი ნათესავი ქალისგან, რომელიც რაღაცაზე იყო ჩემს მშობლებზე გაბრაზებული და შური იმით იძია, რომ დამირეკა და მითხრა, ნაშვილები ხარო. მე, ცხადია, არ დავუჯერე და კარგადაც გავლანძღე, ამას როგორ კადრულობთ-მეთქი; მან კი მიპასუხა, თუ არ გჯერა, ორივე ერთად დასვი და გადაეკიდე, სიმართლე გითხრან და მერე გაიგებ სიმართლესო.
თავიდან თითქოსდა ყურადღება არ მივაქციე იმ ქალის სიტყვებს, რადგან შურისძიებად ჩავთვალე, მაგრამ მაინც გამიჩნდა გულში ეჭვის ჭია, რომელმაც იფუთფუთა, იფუთფუთა და ბოლოს კინაღამ ჭკუიდან გადამიყვანა. მერე უცებ ვიგრძენი, რომ, თუ სიმართლეს არ გავიგებდი, ძალიან გამიჭირდებოდა აქამდე ჩემს უახლოეს და უსაყვარლეს ადამიანებთან ცხოვრება. ძალიან მეშინოდა, იმ ქალის სიტყვები სიმართლე არ გამომდგარიყო. ერთადერთი, იმის იმედი მრჩებოდა, რომ ორი შვილი, თანაც ქალ-ვაჟი როცა ჰყავს ცოლ-ქმარს, მესამეს რატომღა იშვილებდნენ, მით უმეტეს, რომ მაინცდამაინც შეძლებულად არ ცხოვრობდნენ-მეთქი. ამ იმედს მობღაუჭებულმა, ერთ დღეს, როგორც იქნა, გავბედე და ჩემს მშობლებს ვუთხარი, თქვენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს-მეთქი. მაშინვე დავინახე, როგორი შიში გაუკრთათ თვალებში და უფრო დავიძაბე, მაგრამ, რადგან ეს ნაბიჯი გადავდგი, საქმე ბოლომდე უნდა მიმეყვანა, ამიტომ, შევიყვანე ჩემს ოთახში და, დასხდნენ თუ არა, პირდაპირ ვკითხე, ვინ არიან ჩემი ბიოლოგიური მშობლები და რატომ მიმალავთ სიმართლეს-მეთქი. დედამ ჩემი სიტყვების უარყოფა დააპირა, მაგრამ მამამ ხელის აწევით შეაჩერა და მითხრა – მართალი ხარ, არ უნდა დაგვემალა, და არც ვაპირებდით დამალვას, მაგრამ, შესაფერისი დრო ვერ გამოვნახეთ ამის სათქმელადო. დედამ უხმოდ დაიწყო ტირილი და ძალიან შემეცოდა, მაგრამ, მოფერებისა და დაწყნარების თავიც კი არ მქონდა, თვითონაც ისე ვიყავი აღელვებული. მამამ მიამბო, რომ მე ვიყავი მისი ბიძაშვილის შვილი, რომელიც ცოლ-შვილთან ერთად მოყვა ავარიაში. თვითონ და ცოლი დაიღუპნენ, მათთან ერთად მყოფი 2 წლის შვილი კი გადარჩა. დაობლებული ბავშვის წაყვანაზე ჩემი ბიოლოგიური მშობლების და-ძმას უარი უთქვამთ, მოხუც ბებია-ბაბუას კი ფიზიკურად არ შეეძლოთ მისი გაზრდა. ამიტომ, ნათესავებს ბავშვთა სახლში უნდა ჩაებარებინათ. ეს ამბავი ჩემმა გამზრდელმა დედ-მამამ დასაფლავებაზე მისვლისას გაიგო და ერთი წუთითაც არ უფიქრიათ, ასე წამომიყვანეს იქიდან, საბუთები კი მერე გაუფორმებიათ. როგორც მიხვდით, ის 2 წლის გოგონა მე ვარ. მართლა ისე გამზარდეს, საკუთარ შვილებში არ მარჩევდნენ; თან, ალალი ბიძაშვილის შვილი, ესე იგი, ჩემი გამზრდელი მამის სისხლი და ხორცი ვიყავი, მისი გვარის და ჯიშის.
ამ ისტორიის გაგების შემდეგ მაინც მქონდა განცდები, მაგრამ მალე ყველაფერი მოგვარდა – უარყოფითმა ემოციამ გამიარა და სამაგიეროდ დამრჩა ჩემი გამზრდელი მშობლების გაასმაგებული სიყვარული და პატივისცემა.
ლიზა, 18 წლის.
კატების გამო დედამთილმა არ მიმიღო
დედამთილის მოწონებული რძალი ვარ, ანუ, საერთო ახლობლის ოჯახში ჯერ მან მნახა და, როგორც იტყვიან, თვალი დამადგა. მერე იმდენი იჩალიჩა, თავისი შვილი გამაცნო. მასაც მოვეწონე, მეც მომეწონა და ჩვენი შეხვედრები რამდენიმე თვე გაგრძელდა. ჩვენ მაინცდამაინც არ ვჩქარობდით – გვინდოდა, შეყვარებულობის პერიოდი გაგვეხანგრძლივებინა, მაგრამ ზურას დედა გვაჩქარებდა – თუკი ერთმანეთი გიყვართ, რაღას უნდა ელოდოთ, ბარემ დაქორწინდით და მეც მომასწარით შვილიშვილებსო.
ჩემი სადედამთილო ცოტა გადაპრანჭული ქალია. ასაკის მიუხედავად, სახლშიც თმადახვეული, ფრჩხილებზე ლაქწასმული და დამაკიაჟებული დადის და, მგონი, ჩვეულებრივი ჩუსტები არასდროს ჰქონია – სახლშიც და გარეთაც მაღალი ტანკეტკები აცვია. სხვათა შორის, თანამედროვე მოდაშიც საკმაოდ კარგად ერკვევა და ყველა სტილს კარგად ირგებს, მით უმეტეს, რომ აღნაგობაც უწყობს ხელს. არც ხასიათი აქვს მძიმე. ძალიან ხალისიანი და კომუნიკაბელურია, უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და დიდთანაც და პატარასთანაც ადვილად პოულობს საერთოს, მაგრამ, აქვს ერთი უმძიმესი გართულება და ესაა კატები. გიჟდება კატებზე და სახლში ჰყავს ორი ჯიშიანი კატა – სიამის და რაღაც სპარსული ჯიშის, რომლებიც, მგონი, შვილსაც ურჩევნია და, ვაი შენი ბრალი, თუ კივილ-წივილით არ გამოხატე აღფრთოვანება მათი დანახვისას – მაშინვე მისი მტერი ხდები. ასე დამემართა მეც, მიუხედავად იმისა, რომ მისი არჩეული სარძლო ვიყავი, ზურამ პირველად რომ მიმიყვანა სახლში, კატებს არ მოვეფერე. მართალია, სიტყვით კი გამოვხატე აღფრთოვანება, მაგრამ, ვერ მივეკარე, რადგან საშინელი ალერგია მაქვს კატის ბეწვზე – მაშინვე ცემინება, ხველება და ხუთვები მეწყება. ხელის მოკიდება კი არა, კატამ ახლოს რომ ჩამიაროს, იმაზეც მაქვს რეაქცია. მოკლედ, როგორც კი გაიგო ზურას დედამ ჩემი ალერგიის შესახებ, მაშინვე ამითვალწუნა და გამომიცხადა, თუ ჩემს სახლში ცხოვრება გინდა, ალერგია მოირჩინე, თუ არა და, ჩემი რძალი ვერ გახდებიო. ერთადერთი გამოსავალი ის იყო, რომ მე და ზურას ცალკე უნდა გვექირავა ბინა და ქორწილამდე ერთი თვით ადრე ვიქირავეთ კიდეც, მაგრამ ამაზე დედამისი სულ გადაირია და თავის დაქალებსა და ნათესავებს უყვებოდა, ჩემი რძალი ავადმყოფი გამოდგა, ჩემთან მოსულმა ახლობლებმა რომ ვერ გაიგონ, ცალკე აქირავებინა ჩემს შვილს ბინაო. მოკლედ, ვერაფრით ვერ მაპატია, რომ მის კატებს გულში არ ვიხუტებდი. რა ვქნა, ზოგადად ძალიან მიყვარს ცხოველები, მაგრამ ამ საშინელი ალერგიის გამო ვერ ვეკარები და ჩემი ბრალია? რამდენჯერმე დავურეკე კიდეც ჩემს დედამთილს და ჩვენთან რომ მოვიდა, მაშინაც არაერთხელ მოვუბოდიშე და შევეცადე, ამეხსნა, რომ ამას რაღაც პრინციპების გამო არ ვაკეთებდი, მაგრამ ხელს ამიქნევდა ხოლმე – არ მაინტერესებს მაგ სულელური ბოდიშების მოსმენაო. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვერ ვიტყვი, რომ ვძულვარ და ვერ მიტანს, უბრალოდ, იმას ვერ ინელებს, რომ მის მიერ შექმნილ და დაწესებულ ცხოვრების წესში შევიტანე დისონანსი ჩემდაუნებურად და ახლა უწევს, თვითონ მოერგოს სიტუაციას, რაც მისთვის წარმოუდგენელია, რადგან ყოველთვის თვითონ იყო პირველი ვიოლინოც, სცენარის ავტორიც და რეჟისორიც, ახლა კი იძულებულია, რიგითი პერსონაჟის როლით დაკმაყოფილდეს. მართალია, არ მეგონა, რომ ასე წარიმართებოდა ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ, თუ კატები ურჩევნია შვილის ბედნიერებას, იცხოვროს იმ კატებთან ერთად, ჩვენთან კი მხოლოდ სტუმრად მოვიდეს ხოლმე – მეც უფრო მშვიდად ვიქნები და თვითონაც.
მაკა, 24 წლის.