„ცივი“ და „ცხელი“ დიეტა
აღმოსავლური მედიცინის თანახმად, კვების სისტემა განსხვავებული უნდა იყოს წლის სხვადასხვა პერიოდში, რადგან, საკვების გადამუშავება და ნივთიერებათა ცვლა ყოველ სეზონზე განსხვავებულად ხდება. აიურვედა ყველა სახის საკვებს (მათ შორის სანელებლებსაც) ყოფს ცივ და ცხელ პროდუქტებად. რა თქმა უნდა, ამაში იგულისხმება არა მათი ტემპერატურა, არამედ, უნარი, საჭირო დროს გააგრილონ ან გაათბონ ორგანიზმი, ანუ მოახდინონ სხეულის თერმორეგულაცია. თუ ადამიანი ზამთარში არ იღებს „გამათბობელი“ პროდუქტების საკმაო რაოდენობას, ორგანიზმი გარშემო შემოიკრავს კანქვეშა ცხიმის სქელ ფენას (როგორც სითბურ იზოლაციას) და ამით იცავს თავს სიცივისგან. მაგრამ, საკმარისია, შეცვალოთ კვების სტილი, რომ სხეული შიგნიდან თბება და, შესაბამისად, თავისუფლდება ზედმეტი ცხიმისგან.
მაგალითისთვის ერთი პატარა ცდა ჩაატარეთ: დალიეთ წყალში გარეული ლიმონის წვენი, გაღეჭეთ პიტნის ფოთოლი ან მიირთვით ერთი ნაჭერი ფორთოხალი ან ერთი-ორი ლებანი მანდარინი და დააკვირდით. მაშინვე იგრძნობთ, რომ ჯერ პირის ღრუს, შემდეგ კი მთელ სხეულს ტალღასავით მოედო სიგრილე. ეს შეგრძნება მართლაც ძალიან სასიამოვნოა ზაფხულში, მაგრამ ზამთრის პერიოდში ამ პროდუქტებს, ჯობია, მოერიდოთ. ჩვენ მივეჩვიეთ ციტრუსებზე ზამთარში შეტევას, რადგან ამით ორგანიზმს ვიტამინებით ვამარაგებთ, მაგრამ, ცივ სეზონზე მათი გადაჭარბებით ჭამა ნამდვილად არ მოგვიტანს სასურველ შედეგს. თვით გრეიპფრუტმაც კი, რომელიც აქტიურად წვავს ცხიმებს, შესაძლოა, ცხიმების დაგროვებას უფრო შეუწყოს ხელი, ვიდრე მათ დაშლას.
ასევე, ყურადღება მიაქციეთ სასმელებს. ჩვეულებრივი სასმელი წყლის, მინერალურის ან წვენების შემთხვევაში, ნამდვილად აქვს მნიშვნელობა მათ ტემპერატურას, ანუ, ნუ დალევთ მაცივარში ნადგამ სასმელს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაყაროთ მასში ყინულის კუბიკები. თუ კუჭში, ნაცვლად დაშვებული 37 გრადუსისა, ტემპერატურა მცირდება, საჭმლის გადამამუშავებელი ფერმენტები წყვეტენ მუშაობას და საკვების გადამუშავების პროცესი ირღვევა. შედეგად კი მიიღებთ სიმძიმეს კუჭის არეში, მოთენთილობას და, არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მეტაბოლური ძალების დაქვეითებას: სხეული იწყებს სტრატეგიული რესურსების (ცხიმების) დაზოგვას (ეკონომიის გაკეთებას), რადგან, ცივი პროდუქტებით გადატვირთული საჭმლის მომნელებელი სისტემა შეფერხებებით მუშაობს.
ზაფხულში უფრო ადვილია გახდომა ნახშირწყლებიანი (მცენარეული) პროდუქტების რაციონით; ზამთარში კი ვეგეტარიანული დიეტა არ ამართლებს – ცილოვანი უფრო ეფექტურია. თუ დიეტის დაცვის დროს არ გამიჯნავთ ერთმანეთისგან „ცივ“ და „ცხელ” პროდუქტებს (რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მთლიანად ამოიღოთ თქვენი რაციონიდან), „მოიპოვებთ“ თავის ტკივილს, ყაბზობას, გულისრევის შეგრძნებასა და გაუკონტროლებელ მადას.
ცილოვანი პროდუქტი არ უნდა იყოს მაღალკალორიული (გამორიცხეთ ღორის, ცხვრის, ბატის, იხვის ხორცი). ზამთრის მენიუში შეიტანეთ: ქათმისა და ინდაურის მკერდის ფილე, კურდღლის ხორცი, უცხიმო თევზი, მოხარშული კვერცხის ცილა, ზღვის პროდუქტები, ლობიო, ბარდა, მუხუდო და უცხიმო რძის პროდუქტები. შემწვარ-მოხრაკული კერძები დიეტის დროს გამორიცხულია.
ცხიმების აუცილებელი მარაგი ძირითადად უნდა შეივსოთ ზეთით (მაქსიმუმ 1 სადილის კოვზი დღეში), ნახშირწყლებისა კი – ხილით, კენკრით, ბოსტნეულითა და მწვანილით (უმჯობესია, ეს ყველაფერი უმად მიირთვათ).
ზამთარში გაგათბობთ ნებისმიერი სანელებელი, ამიტომ, შეგიძლიათ, თქვენი საყვარელი სუნელებით გააგემრიელოთ კერძები (ოღონდ, ზედმეტი არ მოგივიდეთ). ასევე, შეგიძლიათ, გლინტვეინიც მოიმზადოთ ალკოჰოლის გარეშე. თუ ცოტა ხანში მთელ სხეულში დაგიარათ სითბომ, ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში დაიწყო კანქვეშა ცხიმების დაშლისა და მისი სითბურ ენერგიად გარდაქმნის პროცესი.
ცივ სეზონზე შეგიძლიათ მოამზადოთ შემდეგი სასმელები:
1) ერთმანეთში შეურიეთ 2-3 ცალი მიხაკი, ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი, ამდენივე გახეხილი კოჭა, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში.
2) გათალეთ კოჭას ფესვი, გახეხეთ (1 სადილის კოვზი უნდა გამოვიდეს) და ჩვეულებრივი ჩაივით მოამზადეთ.
3) აღმოსავლური დასალევი იოგურტის მოსამზადებლად გამოგადგებათ 1 ჩაის ჭიქა ჩვეულებრივი იოგურტი (შაქრისა და დანამატების გარეშე); შეურიეთ ცოტ-ცოტა დაფქული ზაფრანა, დარიჩინი, ილი და მიხაკი, დაუმატეთ თბილი წყალი და ათქვიფეთ მიქსერით.
4) მიიყვანეთ 1 ჭიქა რძე ადუღებამდე და მაშინვე გამორთეთ. შეურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და დანის წვერით – ზაფრანა და დარიჩინი.
რაც შეეხება მწვანილსა და სუნელებს, ისინიც იყოფა ზამთრისა და ზაფხულის „ჯგუფებად“: ცივ სეზონზე მოერიდეთ პიტნას, რეჰანს, ქონდარსა და სალბს. სამაგიეროდ, თამამად შეგიძლიათ, გამოიყენოთ: დარიჩინი, კოჭა, ხახვი, მდოგვი, პირშუშხა, წითელი წიწაკა, შავი პილპილი, კურკუმა, მუსკატის კაკალი. იგივე შეიძლება ითქვას ყველა იმ პროდუქტზე, რომელთა გასინჯვისთანავე პირის ღრუში „ხანძრის” შეგრძნება გვიჩნდება. ქინძი, ოხრახუში, კამა და ნიახური კი მიირთვით წლის ნებისმიერ დროს, განუსაზღვრელი რაოდენობით, ოღონდ, ან ჭამის წინ, ან – უშუალოდ ჭამის პროცესში და არა ჭამის შემდეგ, რადგან, სანამ ეს მწვანილეული თავის რიგს ელოდება (გადამუშავების თვალსაზრისით) სავსე კუჭში, თითქმის მთლიანად კარგავს ვიტამინებს.
ალბათ, გასაგებია, რომ ამა თუ იმ სეზონზე ნებადართული პროდუქტები დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ რამდენჯერმე და მცირე დოზებით (წყალი – ტრადიციულად, 2-2,5 ლიტრი დღეში).
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე კი, შეიძლება, დავასკვნათ: ისინი, ვინც მთელი წლის განმავლობაში ერთნაირად იკვებებიან, თბილ ქურქებშიც კი სცივათ და ადვილად სუქდებიან; ხოლო ისინი, ვინც გულმოდგინედ არჩევენ ზაფხულისა და ზამთრის პროდუქტებს, სულაც არ არიან მცივანები და არც გახდომაა მათთვის პრობლემა.