კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ შეიძლება დაანგრიოს ცოლ-ქმრის ბედნიერი, რამდენიმეწლიანი თანაცხოვრება

მამაკაცების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს თუ ესმის ქალების სრულფასოვნად – ისინი იშვიათი გამონაკლისები არიან და ძალიან უნდა გაგიმართლოთ, რომ სწორედ თქვენი მეორე ნახევარი აღმოჩნდეს ასეთი. დანარჩენ შემთხვევებში, საქმე გექნებათ სტანდარტულ მამაკაცთან, რომელიც თუ საერთოდ მოგისმენთ, ვერ გაგიგებთ. აქედან გამომდინარე კი, პრობლემები შეგექმნებათ, თუკი გაგაბრაზებთ მისი მიუხვედრელობა. პრობლემა – ეს დიდი განხეთქილება იქნება, რამაც, შესაძლოა, განქორწინებამდეც მიგიყვანოთ.

ლელა (34 წლის): მგონი, ყველა ერთი და იმავეს ამბობს – არ ელოდებოდნენ იმას, რაც ოჯახურ ცხოვრებაში მიიღეს. ამ მხრივ, გამონაკლისი ვერ ვიქნები, მაგრამ ინდივიდუალურ დონეზე სათქმელი მაქვს – მართლა არაჩვეულებრივად გვქონდა ყველაფერი. ხომ არის, რომ გიყვარს, მაგრამ რაღაცაში არ ეთანხმები... რაღაცაში შენი არ არის... არ მოგყვება, ყოველთვის უპირობოდ არ გიდგება გვერდით... ან ჰობი გაქვთ განსხვავებული... ან ცხოვრებაზე გაქვთ სხვადასხვანაირი შეხედულება – სრული თანხვედრა გვქონდა ყველა მიმართულებით. ამიტომ იყო სრული შოკი, როცა ქორწინების ხუთი წლის შემდეგ, განქორწინების პირას აღმოვჩნდით.
– ესე იგი, ყველაფერი იდეალურად არ იყო.
– იყო იდეალურად... იყო შესანიშნავი, ფანტასტიკური დღეები... ჩემი ქმარი მხოლოდ დედის გაზრდილია. მამა ძალიან პატარას მოუკვდა და დედამისმა თავი გადადო მისთვის. მთელი სიყვარული დაახარჯა. არაჩვეულებრივი ქალია, მზრუნველი, შეგნებული... ჩემი ქმარი რბილი და დამყოლი ხასიათისაა, მაგრამ აბსოლუტურად არადამოუკიდებელი. რას ვგულისხმობ? – მასზე სულ უნდა ზრუნავდეს ვიღაც, როგორც პატარა ბავშვზე. ვერ უსაყვედურებ და სერიოზულ საქმესაც ვერ დაავალებ. მაგრამ მე ეს ამბავი ნაკლებად მაწუხებდა. მიყვარს, როცა ვზრუნავ ქმარზე და მიმაჩნია, რომ ეს სწორედ ასეც უნდა იყოს. ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ გვქონია. მით უმეტეს, რომ თავად ქმრისგან რადიკალურად განსხვავებული ვარ – ზედმეტად პრაქტიკული, ზედმეტად მოწესრიგებული... საქმიანი და არანაირად სენტიმენტალური.
– და თქვენ ამბობთ, რომ სრულიად განსხვავებული ხასიათის, უნარ-ჩვევების ქმარი არ გაღიზიანებდათ?
– მე მეგონა, რომ არა. თუმცა, როგორც ჩანს, ჩემი ქვეცნობიერის დონეზე, სხვა რამე ხდებოდა და ჩნდებოდა უკმაყოფილება, რომელიც იქ ნელ-ნელა ილექებოდა. მომწონდა, მე რომ მეჭირა ოჯახის მართვის სადავეები ხელში, მაგრამ ნელ-ნელა მაღიზიანებდა... სულ უფრო მეტ დროს და ყურადღებას მოითხოვდა ჩემგან. არც ბავშვის გაჩენამ შეცვალა სიტუაცია. ვერ გაიგო – არ გაიგო, რომ პრიორიტეტული უკვე ბავშვი იყო.
– მამაკაცების დიდი უმრავლესობა არ თმობს ოჯახში პრიორიტეტულობას, მაშინაც კი, როცა შვილი უჩნდება.
– მესმის. ეს მათი ეგოიზმია, მაგრამ ჩემსას სხვანაირად გაურთულდა. აშკარად და ხმამაღლა იწყებოდა წუწუნი, თანაც დილიდანვე, რომ მას ვაკლდი – აკლდა ჩემი სითბო და ყურადღება. მერე უკვე ის პრეტენზია გაუჩნდა, რომ ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი გაჩნდა ჩვენ შორის ინტიმური სიახლოვისთვის. სახლში სულ იყო ვიღაც – ბავშვის ძიძა, დედამისი, დედაჩემი, მეგობარი, ბავშვი, რა თქმა უნდა... ღამე კი ძალიან ვიღლებოდი. ამაზე გაგიჟდა და გადაირია. მეტ-ნაკლებად ვცდილობდი, უარი არაფერზე მეთქვა, მაგრამ ადამიანი ვარ. დაღლილობა კი ძალიან მფიტავდა... მერე სამსახური ცალკე თავისას ითხოვდა. თავი ვერ დავანებე. ფულიც საჭიროა ცხოვრებაში, მით უმეტეს, როცა შვილიც გყავს. მე კი ვერ ავიტან, ჩემს შვილს რამე მოაკლდეს.
– მაგრამ, თქვენმა ქმარმა ეს ვერ გაიგო...
– ვერა, ვერაფრით. არ მოინდომა ჩემს მდგომარეობაში შესვლა. არადა, რომ ჰკითხო, ვუყვარვარ და ჩვენს სიტუაციაში ის არის მართალი. ცოლისგან არაფერს მოითხოვს განსაკუთრებულს – მე გამოვდექი ჭირვეული და შეუგნებელი. წარმოიდგინეთ, ღამე ერთად მივდივართ სახლში და კარიდან იწყებს – რას მაჭმევს დღეს ჩემი ცოლი? რით გამანებივრებს? – აბა, გაბედე და სახეზე უკმაყოფილება გამოგესახოს?! თითქოს, მე არც გამოცვლა მინდა, არც ცოტა დასვენება... იქნებ მეც მშია... როცა ეს ვთქვი, გაბრაზდა. ცოლმა რომ ქმარს ვახშამი მოუმზადოს, ეს პრობლემააო? მეც ვეთანხმები – არ არის პრობლემა, მაგრამ ჩემი მდგომარეობა არ უნდა იყოს გათვალისწინებული? ეს რანაირი სიყვარულია?! როგორ ვუყვარვარ, თუ საერთოდ არ უნდა ჩემს მდგომარეობაში შესვლა. ბოლო დღეებია, სულ იმას ლაპარაკობს, რომ არავინ გაამტყუნებს, თუკი საყვარელს გაიჩენს.
– შანტაჟის მცდელობაა?
– მეეჭვება. მე უფრო სერიოზული ამბავი მგონია. არ არის გამორიცხული, გაიჩინოს ვინმე. ჩემს ქმარს ვიცნობ. არც ინტრიგის დახლართვა შეუძლია და არც შანტაჟით რაღაცის მიღწევა. თანაც, ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს. ამიტომ, უკვე ძალიან ვნერვიულობ... მართლა რომ გაიჩინოს საყვარელი, მერე რა უნდა ვქნა? თან ეგ ისეთი ტიპია, მერე ადგება და სულაც იმასთან წავა. იცხოვრებს ორ ოჯახად და მეც არ მოვითმენ ამას, წარმოუდგენელია... ახლა ვეძებ გამოსავალს, რადგან ვატყობ, ჩემი ქმრის უკმაყოფილება დღითი დღე იზრდება. არაფერი აინტერესებს... არც არაფრის გაგება უნდა. თავისი სიმართლე აქვს და იმას აწვება. სამსახურს დავანებებდი თავს, რომ ვხედავდე, ამ დანაკლისის შევსებას ქმარი შეეცდებოდა. მას აკმაყოფილებს ის შემოსავალი, რომელიც აქვს და ზედმეტად არ გაინძრევა. იღლება, თურმე... მე თავი უნდა მოვიკლა და შეუძლებელი შევძლო, თუ ოჯახის შენარჩუნება მინდა. მთავარია, ქმარი დავაკმაყოფილო, მაგრამ რის ხარჯზე, ამას არავინ შემეკითხება. იცით, როგორ მტკივა გული?! ჩემში ორი არსება ებრძვის ერთმანეთს. ერთი მეუბნება, ვიფიქრო მხოლოდ საკუთარ თავზე; რომ ჩემი ეგოისტი ქმრისთვის წვალება არ ღირს. მეორე – პირიქით, მკარნახობს, დათმობებზე წავიდე. რატომ მივდივართ აუცილებლად ქალები მსხვერპლზე...
– შეგიძლიათ, არ წახვიდეთ მსხვერპლზე. ამის უფლება გაქვთ. ცალმხრივად დათმობა საკმაოდ დამთრგუნველია.
– მერე რა მოხდება? – გაიჩენს საყვარელს და წავა მასთან. მე დავრჩები მარტო. მერე შეიძლება, მობრუნდეს კიდეც და მე აღარ მივიღებ. თავიდან გადასარევად იქნებიან, რატომაც არა?! ჩვენც არანაირი პრობლემა არ გვქონია. ვიყავით ტკბილად და თბილად, სანამ ოჯახმა თავისი არ მოითხოვა და პასუხისმგებლობები არ მოგვემატა. მესმის, რომ ჩემს ქმარს გვერდით ისევ ის ლაღი, მხიარული, თავისუფალი, თვალებაციმციმებული ცოლი უნდა, რომელიც ჰყავდა და სექსისთვის, სიგიჟისთვის სულ მზად იყო. მაგრამ, ბავშვი ხომ არ არის, ვერ ხვდებოდეს, რა შეიცვალა.
– და, რა შეიცვალა?!
– შეიცვალა ის, რომ მოვალეობები მოგვემატა ორივეს. უამრავი საქმე გაგვიჩნდა. შვილი გვყავს. რატომ ვერ ხვდებიან კაცები იმას, რომ ქალებსაც ძალიან გვინდა, მთელი ცხოვრება პრინცესებივით გავატაროთ... გაპრანჭულები ვისხდეთ საწოლზე და ვნებით განაბულები საყვარელი ქმრის დაბრუნებას ველოდებოდეთ. ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ სექსს ჭურჭლის რეცხვა მირჩევნია, ან სახლის დალაგება?! პასუხისმგებლობა რომ მაქვს შვილის, ქმრის წინაშე, ამიტომ უნდა დამენგრეს ოჯახი? რა ვქნა, რანაირად გავაგებინო ეს ყველაფერი ჩემს ქმარს?

скачать dle 11.3