რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ შვილი უფულობამ არ შეაწუხოს
ყველაზე დაუცველები პატარა არსებები არიან, რომლებიც ჯერ კიდევ ახლა იწყებენ ცხოვრებას და გაცნობიერებული არ აქვთ ამ სამყაროს უცნაურობები. ამიტომ, როგორც პარაფსიქოლოგები გვაფრთხილებენ, სწორედ მათ მიმართ უნდა გამოვიჩინოთ მეტი სიფრთხილე და დავიცვათ ისინი გარშემო მყოფთა აგრესიისგან. უძველესი დროიდან არსებობს ეგრეთ წოდებული დაუწერელი კანონები, რომელთა მიხედვითაც, მაგალითად, ბავშვის მშობელს ეკრძალება თოკზე ჩვილის სარეცხის ღამით დატოვება, მზის ჩასვლის შემდეგ დაბანა, მის დაბადების დღეს ფრჩხილის მოჭრა და ასე შემდეგ. ბევრს აინტერესებს, უნდა გავითვალისწინოთ თუ არა ყოველივე ეს. როგორ დავიცვათ შვილის ქვეცნობიერი უარყოფითისგან, ამ თემაზე რეკომენდაციებს მოგვაწვდის პარაფსიქოლოგი, ქალბატონი მაგდა.
– თითქმის ყველა დედამ იცის, რომ ჩვილი უნდა მოარიდოს უცნობებს, გარშემო მყოფთა აგრესიას, არ გაიყვანოს ბავშვი ქუჩაში მზის ჩასვლის შემდეგ, არ დატოვოს მისი სარეცხი ღამით თოკზე და ასე შემდეგ. უმრავლესობა ამ დაუწერელ კანონებს იცავს, მაგრამ, მისი აზრი და მნიშვნელობა არ იცის. იქნებ აგვიხსნათ, ეს მხოლოდ ცრურწმენებია, ხალხური ჩვეულება თუ აუცილებლად გასათვალისწინებელი წესები?
– კარგია, ამ თემას რომ შეეხეთ, რადგან ჩემთან ბევრი დედა მოდის და უამრავ კითხვას მისვამს. გეტყვით, რომ სიცოცხლის პირველ წლებში ადამიანის კარმა თითქმის მთლიანად გახსნილია და ადვილად იზიდავს ყველაფერ უარყოფითს, რაც მის გარშემოა. ამიტომ, ბევრი ხალხური ჩვეულება არსებობს პატარა ბავშვების არასასურველი ძალებისგან დასაცავად. მაგალითად, არ შეიძლება თოთო ბავშვს ხშირად ვაკოცოთ ლოყაზე – ასე მას კბილები გვიან და მტკივნეულად ამოუვა. მაგრამ, თუ ფეხისგულზე ჰკოცნით, მალე ამოუვა კბილები და, თან, არც ისე მტკივნეული პროცესი იქნება ეს მისთვის. თუ გსურთ, თქვენს შვილს საღი კბილები ჰქონდეს და ჯანმრთელი იყოს, პატარაობიდანვე ვერცხლის კოვზით აჭამეთ საჭმელი. თუ ბავშვს ხელები ხშირად აქვს მუშტებად შეკრული, ძუნწი იქნება.
– ამბობენ, ადამიანის დაბადების მომენტსაც დიდი მნიშვნელობა აქვს მის მომავალზეო.
– დიახ, დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის დაბადების მომენტსაც, კერძოდ, თუ ის ნებისმიერი თვის პირველ რიცხვებში ან ახალმთვარეობის დღეებში დაიბადება, ბედნიერი, დღეგრძელი და ნიჭიერი იქნება. გირჩევთ, ჭირვეული და მტირალა ბავშვები ხშირად დააძინეთ ხმაურში, რადგან ასეთ გარემოში ისინი დაწყნარდებიან და იშვიათად იტირებენ. ასევე, არ ვარგა, როცა მშობელი შვილის დატოვებულ საჭმელს ჭამს – ამით უარყოფითად მოქმედებს მის ჯანმრთელობაზე; ნუ მიაჩვევთ ბავშვს იმ მაგიდასთან ჯდომას, სადაც უფროსები სხედან – ასე ის უმიზეზო გაჯიუტებასა და ტირილს მიეჩვევა.
– რომ ამბობენ, არ ვარგა მძინარე ბავშვზე დაჟინებით ცქერა, თმის მოჭრა ან ერთ წლამდე მისი სარკეში ჩახედებაო?
– დიახ, ეს მართალია და სწორედ ამას გვასწავლიდნენ ჩვენი წინაპრები. თუ დაჟინებით დააკვირდებით მძინარე ბავშვს, ამით მას ძილშივე შეაშინებთ და კოშმარული სიზმრის ნახვისკენ უბიძგებთ. ასევე, არ შეიძლება ერთ წლამდე ჩვილის სარკეში ჩახედება, რადგან, ითვლება, რომ ასე მის ბედნიერებას გადაუსვამთ ხაზს, ერთ წლამდე თმის შეჭრით კი სიცოცხლის წლებს უმოკლებთ. ასევე, ბევრი საინტერესო ჩვეულება არსებობს ბავშვების დაბანასთან დაკავშირებით მაგალითად, როდესაც დედ-მამა ჩვილს ერთად აბანავებს, ასე ისინი თავიანთ ბიოენერგიას გადასცემს, რაც აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის. მერწმუნეთ, გაცილებით ბევრ სიკეთესა და სარგებელს მოუტანს თქვენს პატარას დაბანა, თუ ამ ხალხურ სიბრძნეს დაუჯერებთ. ახალშობილ გოგონას, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, დაბანისთანავე, აუცილებლად უნდა ჩააცვათ თეთრი, მაქმანიანი პერანგი, რომ ის მომავალში ნაზი, სპეტაკი და ქალური გაიზარდოს. თუ გსურთ, შვილის სამომავლო ფინანსებში წვლილი შეიტანოთ და ის უფულობამ არ შეაწუხოს, დაბანის დროს წყალში ვერცხლის კოვზი ჩაუდეთ. არ დაბანოთ ერთ წლამდე ასაკის ბავშვი ორშაბათს, კვირას და იმ დღეს, როცა ის დაიბადა. თუ თქვენი შვილი საღამოს აბანავეთ, არ გადაღვაროთ ნაბანი წყალი, ის დილამდე შეინახეთ და მხოლოდ მზის ამოსვლის შემდეგ გადააქციეთ. ასევე, არ დატოვოთ მისი სარეცხი ღამით გარეთ. ზოგადად, ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მისი პირველი ბანაობა. არსებობს სპეციალური წესი, რომელიც ამ დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ და შეასრულოთ, კერძოდ, აბაზანაში ჩასვით ბავშვი და შემდეგი სიტყვები წარმოთქვით: „გაუძელი სიცივეს, შიმშილს, გაჭირვებას და მფარველი ანგელოზი დაგეხმარება ყველა გაჭირვების გადალახვაში, გაძლიერდი შენ (ბავშვის სახელი უნდა თქვათ ამ დროს) სულითა და ხორცით და იარე სწორი ცხოვრების გზით”. ექვს თვემდე ასაკის დაბანილ ბავშვს აბაზანიდან ამოყვანისთანავე, რამდენჯერმე უნდა აუსვათ ხელი სველ ზურგზე ქვემოდან ზემოთ, რომ ის მაღალი გაიზარდოს. ასევე, შუბლზეც უნდა გადაუსვათ ხელი, რომ ჭკვიანი და გონებამახვილი იყოს.
– ხშირად მინახავს, ჩვილი ბავშვი სიზმარში იღიმება და უფროსები ამბობენ, ამ მომენტში ანგელოზებს ხედავს ძილშიო. ამაზე რას იტყვით?
– სიზმარი არის ჩვენი ქვეცნობიერის გამოძახილი, ხშირ შემთხვევაში კი ის ჩარჩენილი მოვლენები, რასაც გონება ინახავს და შემდეგ ღამით, მძინარეს გვახსენებს. ბავშვი ყველაფერს ხედავს და აღიქვამს, უბრალოდ, ლაპარაკი არ შეუძლია. შესაძლოა, ის სიზმარში იმ ახლობელ ადამიანებს ხედავს, ვინც მას ეფერება, ეალერსება, თბილ სიტყვებს ეუბნება, მას კი ეს სიამოვნებს და ძილში ნანახ სიზმარზე ღიმილით რეაგირებს. ზოგი ბავშვი კი ღამით ძილში ტირის და მშობელი მის გამოფხიზლებას დიდხანს უნდება. ამ დროს ის ხედავს იმ ადამინს, რომელიც მისკენ უარყოფით იმპულსებს გზავნის, თუნდაც ქვეცნობიერის დონეზე. ამ დროს ბავშვი აუცილებლად უნდა გამოაფხიზლოთ, ცოტა ხანს ათამაშოთ და ისევ დააძინოთ, რომ კოშმარული სიზმარი აღარ დაესიზმროს.
– არსებობს მოსაზრება, რომ მზის ჩასვლის შემდეგ ბნელი ძალები აქტიურდებიან და მათი მთავარი სამიზნეები სწორედ ენერგეტიკულად დაუცველები არიან. მათგან თავდაცვა როგორღა შევძლოთ?
– ამიტომაც გეკრძალებათ ბავშვის გაყვანა ქუჩაში შებინდებულზე. მე ძალიან მჯერა მსგავსი რამეების, ვითვალისწინებ და ისე გავზარდე ჩემი სამივე შვილი, მეტ-ნაკლებად არ დამირღვევია არცერთი წესი, რომლებიც ზემოთ მოგახსენეთ. ისინი დღეს ბედნიერები არიან, თავადაც ჰყავთ შვილები და ისევე უფრთხილდებიან, როგორც მე გავუფრთხილდი მათ ბავშვობისას. ახლანდელი დედები კი მსგავს რამეებს სკეპტიკურად უყურებენ და ბავშვებსაც წინაპართა ჩვეულებების გაუთვალისწინებლად ზრდიან. ვფიქრობ, ეს არასწორი მიდგომა და გამოუსწორებელი შეცდომაა.