ჭეშმარიტი სარწმუნოება
„ოდესმე დადგება ჟამი, როცა ბერები მიატოვებენ უდაბნოს და მიაშურებენ უმდიდრეს ქალაქებს...“
ერთხელ ღმრთაებრივი აბბა ანტონის მოწაფეებმა, რომლებიც ხედავდნენ უდაბნოში მოღვაწე უთვალავ ბერს, დიდი საღმრთო მოშურნეობით აღძრულთ და ყველა სათნოებისა და წმიდა ღვაწლის ერთმანეთზე უკეთ აღსრულებისთვის მისწრაფებულთ, ჰკითხეს მას: მამაო! ნეტავ დიდხანს გაგრძელდება ეს მოშურნეობა და გულმოდგინება განმარტოების, სიგლახაკის, სიმდაბლის, სიყვარულის, თავშეკავებისა და ყველა სხვა სათნოებისადმი, ბერების ეს სიმართლე თითქმის გამონაკლისის გარეშე ასე ბეჯითად რომ იქმს? ღმრთის კაცმა ამოიოხრა და ცრემლების ღვრით ასე უპასუხა მათ: „ოდესმე დადგება ჟამი, საყვარელო შვილებო, როცა ბერები დატოვებენ უდაბნოს და მათ ნაცვლად მიაშურებენ უმდიდრეს ქალაქებს: იქ მღვიმეებისა და ქოხების ნაცვლად, რომლებითაც მოფენილია უდაბნო, ერთი მეორეზე აღმატების სურვილით შეპყრობილნი, აღმართავენ დიდებულ შენობებს, რომლებიც ბრწყინვალებით სამეფო დარბაზებს შეეცილებიან. სიგლახაკის ნაცვლად შემოიპარება ლტოლვა სიმდიდრის შეგროვებისკენ; გულის სიმდაბლე გადაიქცევა ამპარტავნებად; მრავალნი იქნებიან ცოდნით სავსენი, მაგრამ ამ ცოდნის მიერ ნაბრძანებ კეთილი საქმეებისაგან უცხოქმნილნი; სიყვარული დაიშრიტება; თავშეკავების ნაცვლად გაჩნდება მუცლის მაამებლობა და მრავალი ბერი ერისკაცებზე არანაკლებ იზრუნებს, რომ თავი რჩვეული სასმელ-საჭმლით დაიკმაყოფილოს; ერისკაცთაგან მათ მხოლოდ შესამოსელი და კუნკულ-ბარტყული გამოარჩევს. სოფლის შუაგულში მყოფთ არ შერცხვებათ, მიითვისონ ბერისა და მეუდაბნოის სახელი. ისინი არ მოეშვებიან თავის განდიდებას და იტყვიან: „მე პავლესი ვარ, ხოლო მე – აპოლოსი“ (1 კორ. 1,12), – თითქოსდა ღმრთის მსახურების მთელი არსი მდგომარეობდეს წინამორბედთა მნიშვნელობაში, თითქოსდა დასაშვები და სამართლიანი იყოს მამებით თავის ქება, როგორც იუდეველები იქებდნენ თავს თავიანთი წინაპრით, აბრაამით! თუმცა ამ ჟამის ბერთაგან ზოგიერთი ჩვენზე გაცილებით უკეთესი და სრულყოფილი იქნება: რამეთუ უფრო ნეტარია ის, ვისაც „შეეძლო ცოდვის ქმნა და არ შესცოდა, ბოროტება ჩაედინა და არ ჩაიდინა“ (ზირაქი 31,10), ვიდრე ის, ვინც სიკეთისკენ მიიტაცა მრავალი კეთილი მაგალითით. ასე, ნოეს, აბრაამსა და ლოთს, რომლებიც წმიდად ცხოვრობდნენ უკეთურთა შორის, სამართლიანად განადიდებს წმიდა წერილი“.