რა დაავადებებს იწვევს სექსუალური დაუკმაყოფილებლობა და რა ასაკში იწყებს მოზარდი სქესობრივ მომწიფებას
ადამიანის სექსუალური ცხოვრება ხშირ შემთხვევაში არის თემა, რომელზე საუბარიც უხერხულად მიიჩნევა და თავს იკავებენ. მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე მოზარდებს ეხება. რა უნდა იცოდეს მოზარდმა სექსუალური ცხოვრების შესახებ, სად უნდა მიიღოს ეს ინფორმაცია და როდის უნდა დაიწყოს სექსუალური ცხოვრება, ამ თემებზე ექიმ-სექსოლოგ პაატა სოფრომაძეს ვესაუბრეთ.
– სასკოლო ანატომიის სახელმძღვანელოში გარკვეულწილად არის ფიზიოლოგიის საფუძვლები. როცა ვასწავლით ორგანოებს, ვასწავლით მის ფუნქციებსაც. მაგრამ, ეს უნდა მოხდეს დოზირებულად, საინტერესოც რომ იყოს და მისაღებიც იმ ასაკის ბავშვისთვის. სკოლაშიც, თუ ჩვენ საგანს დავარქმევთ სექსოლოგიას, სექსის გაკვეთილებს, ან სექსუალური ცხოვრების გაკვეთილებს, ეს გამოიწვევს მოსწავლეთა შორის არაჯანსაღ აჟიოტაჟს, მაგრამ ეს საკითხები სხვადასხვა საგანში შეიძლება, მივაწოდოთ რაღაც დოზით. იგივე ბიოლოგიაში, სულაც შეიძლება, ლიტერატურის გაკვეთილზე რომელიმე ნაწარმოების განხილვისას შეეხო. უამრავ ნაწარმოებშია ისეთი თემატიკა, რომელიც ამ თემაზე საუბრის საშუალებას მოგცემს. ყოველგვარი უხამსობის გარეშე შეიძლება ამის სწავლება – ის კი არა, რომ მე შენ ახლა სექსს გასწავლი. ვინ უნდა შევუშვათ სკოლებში – სექსოლოგი, რომელიც ამ საქმის სპეციალისტია? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამდენ სექსოლოგს ფიზიკურად ვერ ვნახავთ. გარდა ამისა, როცა სექსოლოგი შედის სკოლაში, ეს უკვე არაჯანსაღ აჟიოტაჟს იწვევს. უფრო გამართლებულია, თუ მსგავს ინფორმაციას მივაწვდით საბავშვო ბაღის აღმზრდელებს და სკოლის პედაგოგებს.
– ძირითადად, რა პრობლემებით მოგმართავენ ხოლმე პაციენტები?
– ძალიან ბევრი პაციენტი გვყავს, რომელებიც ელემენტარულად საკუთარ სხეულს არ იცნობს. არ აქვთ ინფორმაცია სექსუალური ურთიერთობების შესახებ. შეიძლება, წყვილმა საერთოდ ვერ დაიწყოს სექსუალური ცხოვრება. ამას „ვირგოგამიას“ უწოდებენ, რაც ქალწულებრივ ქორწინებას ნიშნავს. წყვილი წლების განმავლობაში ცხოვრობს ერთმანეთთან და მათ შორის სექსუალური ურთიერთობა არ არის, ბუნებრიავია არ არის შვილიც. ეს ხშირად მხოლოდ და მხოლოდ უცოდინრობის ბრალია. არიან წყვილები, რომელთაც აქვთ სექსუალური ურთიერთობა, მაგრამ წლების შემდეგ, რაღაც პრობლემები ჩნდება. იმიტომ რომ, არ იციან ელემენტარული საკითხები, არადა, სექსუალურობის გამოვლინებებს თავის პარამეტრები აქვს. თუ ეს პარამეტრები ნორმაში არ არის, რომელიმე პარტნიორს პრობლემები ექმნება. მაგალითად, რამდენ ხანს უნდა გრძელდებოდეს სექსუალური აქტი. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და უპირველესად, ქალებისთვის. თუ აქტი მთავრდება ძალიან სწრაფად, შეიძლება, ქალმა ვერ მოასწროს სიამოვნების მიღება, რაც მის ჯანმრთელობაზე აისახება. მამაკაცის მიერ ქალის სურვილების ხშირმა გაუთვალისწინებლობამ შეიძლება, მიგვიყვანოს უამრავ პრობლემამდე. მუდმივი სექსუალური დაუკმაყოფილებლობის ფონზე თავის, გულის, მკერდისა და სხვა, უამრავი ტიპის ჩივილი შეიძლება, გამოვლინდეს. ასეთი შემთხვევა ძალიან ხშირია და მიზეზი უმთავრესად უცოდინრობაა... ან რამდენჯერ უნდა გქონდეს სქესობრივი აქტი? კვირაში ათი სქესობრივი აქტიც ნორმაა და ერთიც. აქ უნდა გავითვალისწინოთ ასაკი, სქესობრივი კონსტიტუცია, გვყავს თუ არა მუდმივი სექსუალური პარტნიორი და სხვა. ეს მთლიანობაში უნდა იქნას განხილული. რამდენ ხანს უნდა გრძელდებოდეს აქტი? ექიმების წრეში ერთმა მამაკაცმა დაიკვეხნა, მე სამი საათი მქონდა სქესობრივი აქტიო და ერთი ქალბატონი ეუბნება, თქვენ ალბათ, იქიდან დაიწყეთ დროის ათვლა, ტაქსიში რომ ჩაჯექით და რესტორანში წახვედითო (იცინის). უშუალოდ სქესობრივი აქტი უნდა გრძელდებოდეს დაახლოებით წუთი-წუთნახევრიდან ხუთ წუთამდე. აქაც უნდა გავითვალისწინოთ როგორ მდგომარეობაშია მამაკაცი, დაღლილია, ნასვამია, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშაა, რამდენად მოსწონს ქალი და ასე შემდეგ.
– ქალწულებრივ ქორწინებაზე საუბრობდით, რა იწვევს მას ან რა არის გამოსავალი?
– ამის მიზეზი შეიძლება, იყოს რომელიმე პარტნიორის ფსიქო ან ფიზიკური, რეალურად არსებული პრობლემა. ეს უნდა დადგინდეს, თუმცა ხშირად ელემენტარული ინფორმაციის არარსებობა იწვევს პრობლემებს. მაგალითად, როგორ უნდა ჩაატარონ სქესობრივი აქტი. ახლა ერთი ჩვენი პაციენტი ფეხმძიმედ არის, საინტერესო წყვილია. რამდენიმე თვის განმავლობაში იყვნენ ქორწინებაში, ვერ შეძლეს სქესობრივი ურთიერთობის დაწყება და ძალიან ბევრი იმკურნალეს. იყო რეალური ფიზიოლოგიური პრობლემები, რაშიც მამაკაცს დახმარება სჭირდებოდა, მაგრამ პრობლემა გადაიჭრა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სქემატურად ვაჩვენეთ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ საწოლში და რა უნდა გაეკეთებინათ. იმ ბიჭმა, ასე არავინ დამლაპარაკებია, მამაჩემსაც არ უთქვამს ამდენი ჩემთვისო. ეს თავის დროზე მშობლებს უნდა ეთქვათ, სკოლაში უნდა ესწავლა. უცოდინრობის გამო, კიდევ ერთი საინტერესო პრობლემა მახსენდება. აზერბაიჯანელი წყვილი იყო და იგივე „ვირგოგამიური“ ქორწინება ჰქონდათ, რომელიც ორი წელი გრძელდებოდა. თუმცა, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ინარჩუნებდნენ ოჯახს. უამრავ ექიმთან დადიოდნენ. ჩემთან რომ მოხვდნენ, მათი ავადმყოფობის ისტორია „ომი და მშვიდობის“ ტოლი იყო. ხანგრძლივი საუბარი დაგვჭირდა და გაირკვა, რომ ორივე მზად იყო ურთიერთობისთვის, თუმცა ადგილი ჰქონდა გაუგებრობას. ბიჭი შუქს ანთებდა „სიტუაციაში გასარკვევად“, გოგონას კი შუქზე რცხვენოდა და ეს პრობლემას ქმნიდა.
– სქესობრივი ცხოვრების დაწყებისთვის რა ასაკია რეკომენდებული?
– აქ პირველი კრიტერიუმია მომწიფებულობა. ვერ ვიტყვით კონკრეტულ ასაკს. ძალიან ინდივიდუალურია. მომწიფებულობაში იგულისხმება ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური მომწიფებულობა. მოზარდმა უნდა იცოდეს, რა მოჰყვება სექსუალურ ურთიერთობებს – იგივე, ფეხმძიმობა, სხვადასხვა დაავადებები და ასე შემდეგ და მნიშვნელოვანია სოციალური მომწიფებულობაც. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ოჯახის შექმნაზე ვსაუბრობთ. სოციალური მომწიფება უფრო გვიან ხდება და ამიტომ ქორწინების ასაკმა გადაიწია. ამან მოიტანა განვითარებულ ქვეყნებში გერლფრენდ-ბოიფრენდის ინსტიტუტი. არ გამოდის სხვანაირად. ოჯახი დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა ესეც დელიკატური თემაა.
– ეს, ჩვენს რეალობაში, ქალების შემთხვევაში პრობლემაა, მამაკაცთან მიმართებაში კი ნაკლებ პრობლემური საკითხია.
– ორმაგი მიდგომაა. მამაკაცის სექსუალობა წასახალისებელია, ქალის – ცუდი. როგორ ვზრდით გოგონებს? ახალგაზრდა ვაჟი თუ დროზე მოვიდა სახლში, საათს ვუყურებთ – ასე მალე რატომ მოვიდა, ქალებში არ დადის? გოგონასთან მიმართებით – პირიქით, სადა ხარ, შვილო, თავი არ მომჭრა, ხომ იცი, ყველა კაცი ერთნაირია. ყველას ერთი რამ უნდა და ფრთხილად იყავი. ის კი არა, რომ შენ იყავი კარგად, მე არ მომჭრა თავიო. ამის გოგოს პარტნიორები ჰყავს, ცუდი ტონია და ბიჭს – პირიქით. არ ვამბობ, რომ კარგია, თუმცა ეს რეალობაა. აქედან გამომდინარე, ვაჟები თამამად დგამენ ამ ნაბიჯს. ვაჟისთვის სექსუალობის გამოვლენა, პირველი ეაკულაცია, პირველი სქესობრივი აქტი სიამოვნებაა, სექსუალურობა ყველა მხრიდან წახალიასებული – აუ, მაგარი ბიჭია, ბევრი გოგო ჰყავს. ქალებში პირველი მენსტრუაცია, პირველი სქესობრივი აქტი ხშირად ტკივილთან ასოცირდება. ასევე, „ვაი, მამამ და დედამ არ გამიგონ, გამწეწავენ“ მომენტიც არის. არის დაორსულების შიშიც, თუნდაც დაქორწინებული იყოს. ანუ, მამაკაცის სექსუალობა ყოველთვის დადებით ფერებშია შეფერილი, ქალის – პირიქით. ქალის სექსუალობა სულ მიჩქმალული გვაქვს და მეტსაც გეტყვით, პაციენტებს რომ ვეკითხებით, მეუღლე თუ იღებს სიამოვნებას აქტის დროს? ზოგი ისე შემოგხედავს, რას ჰქვია სიამოვნებას იღებს, ჩემი შვილების დედაა, ბოზი კი არ არისო. ერთხელ მეგობარმა, რომელსაც მეუღლე ძალიან უყვარს, თან, მაშინ ახალი დაქორწინებული იყო, მითხრა: მეუღლესთან ისეთ სიამოვნებას ვერ ვიღებ, როგორიც მანამდე, სხვა ქალებთან მქონდაო. ვუთხარი, მოიქეცი მეუღლესთნ საწოლში ისე, როგორც იქცევი სხვა ქალებთან-მეთქი. შეურაცხყოფად მიიღო, ჩემი მეუღლე მეძავი ხომ არ არისო. პარტნიორული ურთიერთობის განხილვისას რამდენიმე კრიტერიუმი უნდა გავითვალისწინოთ. დასაშვებია ყველა ფორმა, რომელიც არ არის მავნე არცერთი პარტნიორის ჯანმრთელობისთვის; მისაღებია ორივეს პიროვნული მორალისათვის, თუ ერთ-ერთის მორალისთვის მიუღებელია, მაშინ ძალადობა გამოდის და მესამე, სასიამოვნო უნდა იყოს თუნდაც ერთი პარტნიორისთვის მაინც.