როგორ გახდა აკაკი ვასაძისა და მარინე თბილელის შთამომავალი ანკა ვასაძე „საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი“ და რა შექებას იმსახურებს ის ბებიასგან – ბაია დვალიშვილისგან
ნიჭიერი მსახიობი ანკა ვასაძე ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, თუმცა უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თეატრში და ცოტა ხნის წინ კი, დააჯილდოვეს, როგორც „საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი“. ანკა თავისი დიდი ბაბუა-ბებიის – აკაკი ვასაძისა და მარინე თბილელის თეატრალურ გზას ღირსეულად მიუყვება და დარწმუნებული ვარ, ეს ნიჭიერი, ენერგიული და პოზიტიური გოგონა არაერთხელ წარდგება მაყურებლის წინაშე კარგი, საინტერესო როლებით. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ანკას ოჯახი აქვს და ჰყავს ოთხი წლის შვილი ნიკოლოზი, რომელიც, დედის თქმით, სასაცილო ბავშვია პაროდიისა და იუმორის გრძნობით.
ანკა ვასაძე: ბევრი მსახიობი დადის დღეს დაუსაქმებელი და მიხარია, ვაფასებ, რომ თეატრში მუშაობის საშუალება მომეცა, თან არაჩვეულებრივ მსახიობებთან და რეჟისორებთან ერთად. ახლა ვმუშაობ ლევან წულაძესთან ახალ სპექტაკლზე, რომელსაც მარტში ჩემს ჯგუფელებთან ერთად ვითამაშებ. თუმცა, ჯერ არ ვიცით, რა ერქმევა, რადგან მუშაობის პროცესში ვიგონებთ ისტორიას, ტექსტს, პიესას. გარდა ამისა, მიმდინარებს გოგი მარგველაშვილის სპექტაკლის, „სამი დის“ აღდგენა, სადაც მაშას როლს ვთამაშობ. ეს სპექტაკლი აპრილის დასაწყისში მიგვაქვს ბრნოში, ჩეხეთში სტუდენტურ ფესტივალზე. პირველად მივდივართ მასზე საქართველოდან, რადგან ამ ფესტივალში ევროკავშირის ქვეყნები და რუსები მონაწილეობენ, ახლა კი ჩვენც დაგვრთეს ნება. ძალიან ვღელავთ. ასევე, დაკავებული ვარ იმ სპექტაკლებში, სადაც უკვე ვთამაშობდი და ესენია: „ტარტიუფი“, „ტოიბელე და მისი დემონი“. შემოდგომაზე შევედი ლევან წულაძის სპექტაკლში „როგორც გენებოთ“ – ქეთევან შათირიშვილი იყო დეკრეტულ შვებულებაში.
– სპექტაკლმა „ტოიბელე და მისი დემონი“ სერიოზული წარმატება მოგიტანა – გახდი „წლის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი.”
– სიმართლე რომ გითხრა, საერთოდ არ ველოდი. ეს მოხდა 14 იანვარს, თეატრის დღეს. ისიც კი არ ვიცოდი, თუ წარდგენილები ვიყავით. საკუთარ თავზე ამას საერთოდ ვერც ვიფიქრებდი. წინა დღეს დამირეკეს: მოდი დაჯილდოებაზეო. ვიფიქრე: ალბათ, სპექტაკლმა რაიმე ჯილდო აიღო-მეთქი. რა თქმა უნდა, წავედი და ჩემი სახელი რომ გამოაცხადეს, სრული შოკი მივიღე. ძალიან გამიხარდა, მერე კი უხერხულად ვიგრძენი თავი. თან, 23 წლის ვარ, ჯერ არც დამიმთავრებია თეატრალური – ახლა მაქვს სადიპლომო სპექტაკლი. 21 წლიდან ვარ თეატრში. „ტარტიუფში“ რომ ვითამაშე, მესამე კურსზე ვიყავი. ახალი სცენის გახსნა იყო, მოლოდინი დიდი ჰქონდა საზოგადოებას, ელოდებოდნენ ლევან წულაძის ახალ სპექტაკლს. ისე ვღელავდი, თან, ისეთ მსახიობებთან ერთად ვთამაშობდი... სპექტაკლის დაწყებამდე ხომ ირეკება სამი ზარი და რომ გავიგონე მისი ხმა, ზუსტად ის ზარი იყო, როგორიც თეატრალურ სარდაფში. ამ ზარზე ვარ გაზრდილი, სულ იქ ვიყავი. გული ამიჩუყდა, მთელი გრიმი ჩამომივიდა. საბოლოოდ, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა.
– რომ ამბობენ, თეატრის მტვერს თუ ჩაყლაპავ, მერე მთლიანად იწამლები და იქიდან წამოსვლის სურვილი არასდროს გიჩნდებაო. შენც, ალბათ, ასე ხარ უკვე?
– ეს მტვერი გენეტიკურად გამომყვა, თაობები ყლაპავდნენ, მერე უკვე ჩემს სისხლში გადმოვიდა. ალბათ, ამიტომაც ორი წლის ასაკში, თეატრში არც კი ვიქნებოდი ნამყოფი, გაუცნობიერებლად ვამბობდი: მსახიობი უნდა გამოვიდე-მეთქი. მერე სარდაფში გავიზარდე, ბუნდოვნად მახსოვს „კავკასიური ცარცის წრე“, დედა მეუბნებოდა, ამას შენი დიდი ბებია თამაშობდაო. სულ დავყავდი ჩემს მშობლებს თეატრში, ოპერაში. ჩემთვის დღესაც გამოსასვლელი ადგილი თეატრი, ოპერა, კონსერვატორიაა. რა თქმა უნდა, უცხოები რომ გაიგებდნენ, აკაკი ვასაძე, მარინე თბილელი, ბაია დვალიშვილი – ყველანი ჩემები რომ იყვნენ, მეუბნებოდნენ: ალბათ, შენც მსახიობი გამოხვალო. სხვათა შორის, ჩემ გარდა, არცერთი შვილიშვილი არ გამოსულა მსახიობი, არც ჩემი და და არც ჩემი მამიდაშვილები. სხვა რამეზე არასდროს მიფიქრია. დედა და მამა მირჩევდნენ: იქნებ გადაიფიქროო, მაგრამ ვერ გადამაფიქრებინეს, რადგან ამის გარდა, სხვა არაფერი მინდოდა.
– როდესაც ასეთი წინაპრების შთამომავალი ხარ, თან მათ პროფესიას მიჰყვები, ალბათ, ეს ორმაგად და სამმაგად საპასუხიმგებლოა შენთვის.
– ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ყველა გეუბნება: შენ, აკაკი ვასაძის შვილთაშვილი ხარ, მარინე თბილელის შთამომავალი... ერთადერთი, თეატრალურის მისაღებ კონსულტაციაზე, სადაც ძალიან ბევრი ბავშვი იყო და უცებ მკითხეს: დიდი ვასაძის შთამომავალი ხარო, მე ვუპასუხე: არა-მეთქი. თან, ისე ბუნებრივად ვთქვი, შემეშინდა. ასეთ დროს სხვა თვალით გიყურებენ: ზოგჯერ არაობიექტურად, ზოგჯერ უფრო მეტად კრიტიკულად. მე კი მინდოდა, ჩემთვის ისევე შემოეხედათ, როგორც ნებისმიერი აბიტურიენტისთვის.
რომ დამთავრდა, იქვე მითხრეს: ვერაფერს დამალავ, ბებიაშენს ძალიან ჰგავხარ და ნუ გრცხვენიაო. არ მრცხვენია, სხვანაირად არ გაიგოთ, უბრალოდ, არ მინდოდა, გამორჩეულივით ვყოფილიყავი-მეთქი. რა თქმა უნდა, ძალიან მეამაყება. გასაკუთრებით მეამაყება ის, რომ ძალიან ბევრი დიდი მსახიობი იყო იმ დროს, მაგრამ დღემდე ბევრის სახელი არ შემორჩენილა ისე, როგორც აკაკი ვასაძის. ის დღემდე ძალიან უყვარს ხალხს, პატივს სცემენ. მიუხედავად იმისა, რომ კინო მაინცდამაინც არ უყვარდა, ამბობდა: თეატრი არის გულისთვის, კინო ფულისთვისო. მე ბებიასთან გავიზარდე, აკაკი ვასაძის სახლ-მუზეუმში, რომელიც რამდენიმე წელია, გადავეცით ხელოვნების სახლს. მანამდე ბებია იყო მუზეუმის დირექტორი. რა თქმა უნდა, ბევრ რამეს მიყვებოდნენ მასზე. ყველაზე მეტად რასაც მასში ვაფასებ, როგორც მსახიობში, ძალიან კეთილგანწყობილი იყო სხვა მსახიობების, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების მიმართ. ამას მიყვებოდა ბებია, რომელიც მისი რძალი იყო, მამაჩემის დედა. ახალგაზრდა თაობას ისეთი ანთებული თვალებით უყურებდა, ისე გულშემატკივრობდაო... – ამბობდა ბებია. საკუთარ თავზე ძალიან ბევრს მუშაობდა, თეატრში წასვლის წინ აუცილებლად კითხულობდა მონოლოგს. ერთხელ, როდესაც მამაჩემი ოთხი წლის იყო, ეზოში თამაშობდა და უცებ ავიდა სახლში, რაღაც უნდა ჩაეტანა. ამ დროს ბაბუა კითხულობდა მონოლოგს და ისეთი ემოციებით, ისე დამაჯრებლად, რომ მამა გაჩერებულა და ტირილი დაუწყია. ოთხი-ხუთი წლის ბავშვს ეზოში თამაშს რომ მოწყვეტ, თან გულს აუჩუყებ, ხომ წარმოგიდგენიათ, ეს რამხელა რამ არის მსახიობისთვის. სახლ-მუზეუმში მაქვს გატარებული მთელი ჩემი ბავშვობა. თან, იმ სახლში მარტო ბაბუა კი არ ცხოვრობდა, აკაკი ხორავაც და კიდევ ბევრი მსახიობი, მომღერალი. საოცარი ადგილია, დღემდე ძალიან მიყვარს.
– რომ გაკვირდები, მართლა ჰგავხარ დიდ ბებიას, მარინე თბილელს. თვითონ რას ამბობდა ამაზე?
– როგორც კი დავიბადე, მაშინვე უთქვამთ: ბებოს, მარინე თბილელს ჰგავსო. მარინე მამაჩემის მამის დედა იყო. გარდატეხის ასაკში ცოტა წონაში მოვიმატე და მაშინ უფრო ვგავდი, ახლა იმდენად არა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი კომპლიმენტია. მერე მასთან რომ მივდიოდით სახლში, სულ ამბობდა: ვის ჰგავს ეს ბავშვი – ძალიან უხაროდა. ხანდახან ბაია დვალიშვილსაც მამსგავსებენ, რომელიც ძალიან მიყვარს და არ მაქვს ამის გამო პროტესტი. პირიქით, მიხარია. მარინე თბილელის მეუღლეს, კაკო დვალიშვილსაც ძალიან ვუყვარდი. თორმეტი წლის ვიყავი, მარინე რომ გარდაიცვალა. მე და ბებია ხშირად მივდიოდით მასთან და მის სახლში სტუმრობა ძალიან მიყვარდა, მის ფოტოებს ვათვალიერებდი. მერე მისი მონაწილეობით გადაღებულ ფილმებს ვუყურებდი და შემდეგ მის პაროდიას რომ გავაკეთებდი, უხაროდა, ბევრს იცინოდა, სიამოვნებდა. ბაია ჩემი ბაბუდაა, ანუ ბაბუაჩემის და. ბაია ძალიან საყვარელი ადამიანია. თვითონ ამბობს, მე ამის ბებია ვარო და ხალხს შოკში აგდებს. კაკო მეორე ქმარი იყო მარინესთვის, მაგრამ მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა მეც, მამასაც, ერთი ოჯახი ვიყავით. მე და ბაია „ტარტიუფში“ ვართ ერთად და ისე ვნერვიულობდი, ის რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ინფარქტს მივიღებდი. მამხნევებდა, რჩევას მაძლევდა. ახლაც, თუ რამე შემოთავაზებაა, მას ვეკითხები რჩევას. მას იმხელა გამოცდილება აქვს, შენიშვნებსაც მაძლევს, მაგრამ ბებიაა და უფრო ხშირად მაქებს ხოლმე.