რატომ ეძახდნენ პირველ მსოფლიო ომში მონაწილე ქართველ გენერალს „ეშმაკს“ და როგორ გააცურა მან თავხედური აქტით თურქები
პირველი მსოფლიო ომი იყო ის ომი, რომელმაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა თანამედროვე პოლიტიკური რუკის ფორმირება და რომელიც თავისი შედეგებით უდიდესი მნიშვნელობის აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის. მოხდა საქართველოს, როგორც დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარება. მართალია, სამი წლით, მაგრამ მაინც. თუმცა თავისუფლებისთვის გაღებული მსხვერპლი საკმაოდ დიდი აღმოჩნდა ჩვენთვის. ომმა უამრავი ქართველის სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ ქართველებს საამაყო ბევრი გვაქვს, რადგან ომის დღიურები ბევრი ქართველი მეომრის სახელს ინახავს, რომლებმაც თავიანთი გმირული საქციელით მნიშვნელოვანწილად განსაზღვრეს ომის ბედი.
გიორგი კალანდია (საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი): პირველი მსოფლიო ომი უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო, რომელმაც ასეთივე დიდი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაზეც. პირველ მსოფლიო ომში გაწვეულ ქართველთა რაოდენობის ზუსტი მონაცემი არ არსებობს. საარქივო მასალებში, პერიოდულ პრესაში თუ მემუარულ ლიტერატურაში სხვადასხვა მონაცემებია მოყვანილი: სახელდება 180 000, 200 000 და 300 000 ჯარისკაცი. ზუსტი ციფრის არარსებობის მიუხედავად, ცხადია, რომ ომმა საზოგადოების ყველა ფენა მოიცვა. არც იმის ზუსტი მონაცემი არსებობს, რამდენი დაიღუპა და დაიჭრა, მაგრამ, ფაქტია, რომ ამ ომმა უამრავი ქართული ოჯახი გაანადგურა. თუმცა, ქართველთა თავდადებას უშედეგოდ არ ჩაუვლია: დიდი ომის დამთავრებისთანავე დაიწყო თანამედროვე პოლიტიკური რუკის შექმნა და ამ რუკაზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაც გაჩნდა. მერე რა, რომ მან მხოლოდ სამი წელი იარსება, ამ მოკლე პერიოდში სამხრეთ კავკასიაში მობრუნებულ საბჭოთა იმპერიად გარდაქმნილი რუსეთი იძულებული გახდა, არსებულ რეალობას შეჰგუებოდა. თუნდაც ფიქტიურად, მაგრამ, საბჭოეთის შემადგენლობაში უკვე „სუვერენული სახელმწიფოების“ სტატუსით და კავშირიდან „თავისუფალი გასვლის“ უფლებით შევედით. საბჭოთა კოსტიტუციის ეს მუხლი კი 1991 წლის ბოლოს იმპერიის ნგრევის შედეგად წარმოქმნილი ახალი ქართული სახელმწიფოს საერთაშორისო აღიარების საფუძველი გახდა.
– თუ არის ჩვენამდე შემორჩენილი იმ ქართველთა სახელები და ისტორიები, რომლებმაც პირველ მსოფლიო ომში განსაკუთრებული სიმამაცით გამოიჩინეს თავი?
– პირველ მსოფლიო ომში ბევრმა ქართველმა გამოიჩინა თავი გმირობით. მათ შორის არიან: გენერალი გიორგი კვინიტაძე; საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე კონსტანტინე აფხაზი; თავადი გივი ამილახვარი; სამხედრო მოღვაწე ვასილ გაბაშვილი; თავადი და საზოგადო მოღვაწე კონსტანტინე გელოვანი; სამეგრელოს მთავრის, ლევან დადიანის ძმიშვილი – უჩა დადიანი; გენერალი გიორგი მაზნიაშვილი; ლეო კერესელიძე და უამრავი სხვა. საერთო ჯამში, ქართველებმა არნახული მამაცობა აჩვენეს. გენერალ კვინიტაძის ცნობით, ომის ფრონტზე 25 ქართველი გენერალი იბრძოდა, მათგან 23 „წმინდა გიორგის ჯვრით“ იყო დაჯილდოებული. არნახულმა ვაჟკაცობამ უამრავი ჯილდო არგუნა ქართველებს. თავადი სუმბათოვი აღნიშნავდა, რომ ის ქართველი ჯარისკაცი, რომელსაც მხოლოდ ერთი „წმინდა გიორგის ჯვარი“ ჰქონდა მიღებული, დიდად პატივსაცემი არ იყო, რადგან მრავლად იყვნენ რამდენიმე ასეთი ჯვრის მქონე ქართველები. გაზეთი „საქართველო“ წერდა: „სამხედრო ჯილდოებს არავის მხარბეჭი ისე არ დაუმძიმებია, როგორც ქართველების“. უმაღლესი მთავარსარდლის, ნიკოლოზ რომანოვის სიტყვებია: „თითოეულ ჩემს ბრძოლაში ხუთი ქართველიც რომ ერიოს, ვიცი, როგორც იომებდა ჩემი არმია“.
იყვნენ ისეთებიც, ვინც განსაკუთრებულთა შორის განსაკუთრებით გამოიჩინა თავი. მაგალითად, ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი ტარას ვაშაკიძე, რომელიც მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. მან განსაკუთრებით გამოიჩინა თავი სარიყამიშის ბრძოლაში. 22 დეკემბერს კაპიტანმა ვაშაკიძემ წარმოუდგენლად რისკიანი, შეიძლება ითქვას, თავხედური მანევრი განახორციელა: მან ორ ნაწილად გაყო თავისი ასეული. პირველი დანაყოფით შეუმჩნევლად მოუარა ზურგიდან მტერს და პოზიციიდან უკან დასახევი ერთადერთი ბილიკი გადაუჭრა. მეორე დანაყოფი კი, უშუალოდ თავისი მეთაურობით, სწრაფი მარშით დაძრა თურქთა შტაბისკენ და ორივე მიმართულებით ერთდროულად გაუხსნა ცეცხლი ხეობაში მომწყვდეულ ორჯერ უფრო მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგეს, რომელსაც თოვლის სქელი საფარის გამო გადაადგილება უჭირდა. დანებების გარდა სხვა გამოსავალი აღარ დარჩა. კაპიტანმა ვაშაკიძემ ტყვედ იგდო: მეცხრე კორპუსის მეთაური ისხან-ფაშა, სამი დივიზიის მეთაური თავიანთი შტაბით, 107 სხვადასხვა რანგის ოფიცერი, სამედიცინო პერსონალი, 2 000-ზე მეტი ასკერი თოფ-იარაღით, 8 ზარბაზანი და 24 ტყვიამფრქვევი, ვაზნები, ბანაკი, ჰოსპიტალი, ცხენები და ასე შემდეგ. საკმარისი იყო თურქთა მხრიდან ოდნავი შეეჭვებაც კი და მთელი ავანტიურა ჩაიშლებოდა. „მათ რომ სცოდნოდათ, რამდენი ვიყავით სინამდვილეში, ჯოხებითაც თავისუფლად გამოგვრეკავდნენ ტყიდან ცელქობის გამო“, – ირონიულად აღნიშნავდა თავის მოგონებებში სარიყამიშის გმირი. მან ტყვეები შტაბში წაასხა და რუსთა ჯარის გაოგნებულ მეთაურს ჩააბარა. როცა ერთ-ერთმა თურქმა გენერალმა ვაშაკიძის მანევრის შესახებ გაიგო, გაბრაზებულმა დაიყვირა: „ღმერთმა დალახვროს შაითან-კაპიტანი!“. მას შემდეგ ტარას ვაშაკიძეს მეტსახელად ეშმაკს, ანუ „შაითან კაპიტანს“ ეძახდნენ.
განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ქაქუცა ჩოლოყაშვილმაც. ის იყო ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. უნიშვნელოვანესი იყო მისი მონაწილეობა სარიყამიშის ბრძოლაში. ქაქუცა ციხესიმაგრე „არწივის ბუდესთან“ დაიჭრა. ამ ბრძოლაში ჩადენილი გმირობისთვის ის ოქროს ხმლით დააჯილდოეს.
აღსანიშნავია ილია ჩოლოყაშვილი, რომელიც 1915 წლის 9 სექტემბერს ბელორუსიაში, სოფელ ბარანციში მტრის ორი ტყვიამფრქვევის გააფთრებულ წინააღმდეგობას შეხვდა. თავადი ჩოლოყაშვილი არ დაიბნა, ის, შეძახილით „ვაშა“, სანგრიდან ამოხტა და თავის ასეულთან ერთად პირდაპირ მტრისკენ დაიძრა. მან პირველმა მიირბინა გერმანელების ტყვიამფრქვევთან, ხელჩართულ ბრძოლაში ჩაება და მალევე იგდო ხელთ საცეცხლე წერტილი. მოწინააღმდეგე შედრკა და გაიქცა.
– პირველ მსოფლიო ომში ქართველთა ორიენტაცია ცალსახა იყო?
– პირველი მსოფლიო ომის დროს ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში ორი ძირითადი ორიენტაცია გამოიკვეთა: პრორუსული და პროგერმანული. იყვნენ მესამენიც, რომელთა მიზანს შეადგენდა მსოფლიო ომის სამოქალაქო ომად გადაქცევა. პრორუსული ორიენტაციის მომხრეთა ბანაკს სოციალ-დემოკრატთა მენშევიკური ფრთა წარმოადგენდა. პირველი დღეებიდანვე გამოჩნდა პროგერმანული ორიენტაციაც, ისინი ეროვნული იდეალის განხორციელებას საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენით ფიქრობდნენ, რაც გერმანიასთან მოკავშირეობითა და რუსების დამარცხებით მიაჩნდათ შესაძლებლად. 1914 წლის 27 ოქტომბერს თურქეთ-გერმანიის ფლოტი შავ ზღვაში შევიდა. 29 ოქტომბერს მათ მიერ დაბომბილ ქალაქებს შორის ფოთი, ბათუმი და სოხუმი იყო. ასე აღმოჩნდა პირველი მსოფლიო ომის ჭურვები და ცეცხლი უშუალოდ საქართველოში.
რევაზ გაბაშვილის მოგონება – „საიდუმლო ოპერაცია“:
1915 წლის დასაწყისში რუსეთის იმპერიის სამხედრო მინისტრმა ვასილ დუმბაძეს ფული და შესაბამისი დოკუმენტაცია ჩააბარა და ამერიკის შეერთებული შტატებისკენ გაისტუმრა, სადაც მას ამერიკელი მეწარმეებისთვის 15 მილიონი ოქროს მანეთის ღირებულების ჭურვები და ტყვია-წამალი უნდა შეეკვეთა. მგზავრობის მარშრუტი სტოკჰოლმზე გადიოდა, სადაც რუსეთის იმპერიის ქართველ ჩინოვნიკს გიორგი მაჩაბელი ელოდა. ვასილ დუმბაძეს მაჩაბელი სტოკჰოლმის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში 1915 წლის დასაწყისში შეხვდა. ერთი თვის შემდეგ ვასილ დუმბაძე რუსეთში დაბრუნდა და სამხედრო მინისტრსა და შესაბამის სამსახურებს 15 მილიონის ქვითრები და დოკუმენტაცია ჩააბარა. დოკუმენტების თანახმად, ამერიკელ მეწარმეებს რუსეთის სამხედრო სამინისტროსთვის შესაბამისი კალიბრის ჭურვები და ტყვია-წამალი სრულად შეკვეთის მიღებიდან სამი თვის თავზე უნდა ჩაებარებინათ. დათქმულ დროს დამზადებული პროდუქცია რუსულ მხარეს მართლაც ჩაბარდა. სამინისტრომ მიღებული პროდუქცია სხვადასხვა ფრონტს უმოკლეს ხანში დაუგზავნა, რადგან რუსი არტილერისტები ჭურვების ნაკლებობას თითქმის ყველა ფრონტზე განიცდიდნენ. ყუმბარები „დამშეულ” მოწინავე რაზმებს დაეგზავნათ საჩქაროდ, რომ წინანდელი ნაკლი – ერთ ზარბაზანზე ერთი ყუმბარა, ერთ საათში გაეცათ და გაეოცკეცებინათ. მაგრამ პეტროგრადში სეტყვასავით წამოვიდა ყოველი მხრიდან დეპეშები, შიკრიკები, წერილები – „არცერთი ყუმბარა, არცერთ ზამბარას არ ადგება, ყველა ერთი მილიმეტრით უფრო მსხვილია ლულებზედაო“. ატყდა ალიაქოთი, დაიწყო გამოძიება და, სანამ გამოარკვევდნენ, რომ „ამერიკელ ფირმებს“ არც კი გაუგიათ და სიზმარშიც არ უნახავთ არც ფული და არც შეკვეთა, არც დუმბაძე, არც სხვა ვინმე „რწმუნებული“... დუმბაძის მიერ წარმოდგენილი ქვითრები და დოკუმენტაცია ყალბი აღმოჩნდა. 15 მილიონი მანეთი ოქროთი ჩაბარდა არა ამერიკის შეერთებულ შტატებს, არამედ რუსეთის მტერს – გერმანიას. შეკვეთილი ჭურვები გერმანიამ დაამზადა – გათვალისწინებულზე ერთი მილიმეტრით მეტი ზომის. გერმანიის დაზვერვის სამსახურისა და ქართველი პატრიოტების მიერ ჩატარებულმა ერთმა ოპერაციამ, რუსეთის იმპერიის ფრონტი თურქეთის წინააღმდეგ საგრძნობლად დაასუსტა და ხელი შეუწყო გერმანიის აღმოსავლეთ ფრონტზე წარმატებას.
პირველ მსოფლიო ომში მონაწილე ქართველებზე საუბრისას, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ნინო ჯორჯაძე, რომელიც მიხეილის სავადმყოფოში მოწყალების დის კურსების გავლის შემდეგ გახდა „წითელი ჯვრის” საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. 1914 წელს ის კავკასიის ფრონტზე წავიდა მოხალისედ და თან წაიღო თავისი განუყრელი „კოდაკის“ ფირმის ფოტოაპარატიც. ომის ყველა დღე სწორედ ამ ფოტოაპარატმა შემოინახა, ფრონტის ამბები კი მის დღიურს შემორჩა. ეს არის გაცოცხლებული ისტორია პირველი მსოფლიო ომის შესახებ. მისი ფოტოები ამჟამად ალექსანდრე ბაგრატიონისა და თამარ ლორთქიფანიძის ოჯახში ინახება.