რა როლის გამო დატოვა მარგო ლუჩკომ „შალვა რამიშვილის შოუ“ და უნდოდათ თუ არა შალვა რამიშვილის შვილებს კიდევ ერთი ძმა
შალვა რამიშვილი, როგორც ყველამ იცით, იუმორისტულ გადაცემასთან ერთად „იმედის კვირის“ ერთ-ერთი თანაწამყვანია. ორი სხვადასხვა შინაარსის გადაცემის წაყვანა მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა თავად, როგორც ყოფილ პოლიტიკოსსა და იუმორში გაწვრთნილ ადამიანს, ეს ნამდვილად არ უჭირს. ტელეწამყვანმა საახალწლოდ განსაკუთრებული საჩუქარი მიიღო – მეოთხე ბიჭის მამა გახდა.
– იუმორისტულ გადაცემასთან ერთად, „იმედის კვირის“ თანაწამყვანობა რთული არაა?
– არა. ყოველთვის არ ვიყავი იუმორისტული გადაცემის წამყვანი, საკმაოდ მდიდარი გამოცდილება მაქვს პოლიტიკურ სფეროშიც. მოხდა ისე, რომ გადაცემა „იმედის კვირის“ თანაწამყვანიც გავხდი. საერთოდ, იუმორისტული გადაცემებით და სახალისო რაღაცეების კეთებით დაიწყო ჩემი კარიერა. როდესაც პოლიტიკიდან, პრეზიდენტის რეზიდენციის მაღალი თანამდებობიდან წამოვედი, თავიდან მქონდა ადაპტაციის პერიოდი. ახლა მუღამში შევედით და რეიტინგმაც მოიმატა. ეს არის გადაცემა, სადაც ადამიანი, რომელიც ხარისხიან იუმორს აფასებს და ინტელექტუალური ხუმრობების მოსმენა უნდა, აუცილებლად იპოვის თავის საკბილოს.
– ბევრი კრიტიკა ისმის „იმედის კვირასთან“ დაკავშირებით, ამ საკითხზე რას ფიქრობთ?
– ყველა კარგ და რეიტინგულ პროდუქტს ჰყავს გულშემატკივარი მაყურებელი, ასევე ხალხი, რომელსაც არ მოსწონს გადაცემა, აგინებს, ლანძღავს, მაგრამ მაინც უყურებს. ეს ყოველივე ბუნებრივია. ზოგადად, როდესაც ამ სფეროში მოღვაწეობ და შენი თავის ტირაჟირებას ახდენ, მზად უნდა იყო, რომ გარკვეული რაოდენობა მოქალაქეებისა, ცუდ და ძალიან ცუდ კომენტარებს გაგიკეთებს. ეს არის შენი პოპულარობის ფასი და უნდა შეეგუო. შესაბამისად, ამ საკითხს ძალიან მშვიდად ვუყურებ.
– ხშირად კამათობთ წამყვანები გადაცემის მსვლელობისას, ესეც გარკვეულ უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს...
– ჩემი აზრით, ეგ პროცესი პირიქით, კარგია. აზრთა სხვადასხვაობა შობს დისკუსიას, რომელშიც იბადება ჭეშმარიტება. ეს არის გადაცემა, რომელზეც ძალიან კარგი ჟურნალისტები მუშაობენ. შესაბამისად, ვერ ვხედავ პრობლემას, რაღაც საკითხზე ერთი, შეხმატკბილებული პოზიციის ნაცვლად, აზრთა სხვადასხვაობა თუ გვაქვს. უფრო მეტიც, მიმაჩნია, რომ ეს ყოველივე, საინტერესოს ხდის გადაცემას.
– კადრს მიღმა რა ხდება? არის ინფორმაცია, რომ მაშინაც ძალიან კამათობთ.
– არა, მსგავსი არაფერი ხდება. არ ვადასტურებ ამ ინფორმაციას. კადრს მიღმა, რა თქმა უნდა, მეგობრებად ვრჩებით. თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ გარკვეულ საკითხებზე სხვადასხვა შეხედულება გვქონდეს.
– რით განსხვავდება „შალვა რამიშვილის შოუ“ სხვა იუმორისტული გადაცემებისგან, თუნდაც „ვანო ჯავახიშვილის შოუსგან“?
– „ვანო ჯავახიშვილის შოუ“, არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ სააკაშვილის პროპაგანდის ნაწილია. ეს არის ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდა, ოღონდ სატირაში გადატანილი. მთავარი განსხვავება ის არის, რომ ჩვენ არცერთ პოლიტიკურ დაკვეთას არ ვასრულებთ და ვხუმრობთ ნებისმიერ პერსონასა თუ მოვლენაზე. რამდენად უკეთესად ვხუმრობთ და ხარისხიანია, ეს უკვე მაყურებელმა უნდა განსაჯოს. ის, რაც თვალში საცემია და რასაც „რუსთავი2-ის” მესვეურები არ უარყოფენ, არის, რომ პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებლები არიან.
– მეოთხე ბიჭის მამა გახდით, როგორი ბავშვია, ხომ არ გაბრაზებთ?
– როგორ შეიძლება ორი თვის ბავშვმა გაგაბრაზოს (იცინის).
– ისეთი წყნარი ბავშვია, რომ მთელი ღამე მშვიდად სძინავს და მშობლებსაც ძილის ნებას აძლევს?
– არის ხოლმე მსგავსი სიტუაციები, თუმცა ხშირად არა. ძალიან მაგარი ბავშვია.
– ძმებს როგორი დამოკიდებულება აქვთ პატარასთან?
– ძალიან უხარიათ ბიჭებს, კიდევ ერთი ძმა რომ გაუჩნდათ. ისე, უფრო და კი უნდოდათ, მაგრამ, რას იზამენ.
– ხშირად ნახულობენ?
– არა, არცთუ ისე ხშირად, მაგრამ ნახულობენ.
– რატომ აღარ არის მარგო ლუჩკო თქვენი თანაწამყვანი?
– მარგო ლუჩკოს დავავალეთ, რომ წასულიყო იტალიურ ეზოებში, ჩაეცვა კომბინეზონი და ეძახა: ჯართს ვიბარებთ! რატომღაც მარგოსთვის ეს ხალხის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო თქვა, რომ ამ რაღაცას არ გააკეთებდა. წამყვანი, როდესაც მენეჯერს, პროდიუსერს აუხირდება, მეტი გზა არ გრჩება და უნდა უთხრა: დიდი მადლობა თანამშორომლობისთვის, მაგრამ ჩვენ ერთად ვეღარ ვიმუშავებთო. ვის უნდა მიაყენო შეურაცხყოფა იმით, რომ განასახიერო ჯართის ჩამბარებლის როლი, არ ვიცი. ამიტომ, მარგო ლუჩკო წავიდა ჩვენგან და რაღაც საინტერესო ინტერნეტ-საიტისთვის აკეთებს რეპორტაჟებს. წარმატებებს ვუსურვებ მას.
– ალბათ, მარგოს კარგი რეიტინგიც მოჰყვებოდა.
– რა თქმა უნდა, მარგოს ჰყავდა თავის მაყურებელი და რეიტინგზეც აისახებოდა ეს. მაგრამ, შოუ-ბიზნესს აქვს თავის წესები, ისევე როგორც, ნებისმიერ საქმეს. ვინც არ უნდა აუხირდეს პროდიუსერს, მასთან დამშვიდობება გარდაუვალია, მერე რომ არ შეიქმნას პრობლემები.
– როგორ ეგუება ხატია მეუღლის დატვირთულ რეჟიმს?
– ეგ ნამდვილად რთული თემაა და მას ამ ფურცლებიდან კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს, ასეთი დატვირთული რომ ვარ და ხშირად ვერ ვახერხებ სათანადო ყურადღების გამოჩენას. ძალიან მიყვარს და შეძლებისდაგვარად, მიგებს.
– კამათობთ ხოლმე?
– არა, რაღა დროს ჩემი კამათია, ყველასთან „ნაკამათარი” ვარ უკვე (იცინის). არა, საერთოდ არა, არც გვაქვს საკამათო თემა.
– პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ აპირებთ?
– არა, მომბეზრდა. მოსაწყენია პოლიტიკა. შეზღუდული ხარ, საკუთარ აზრს ვერ ამბობ თამამად. თავისუფლებისმოყვარე ადამიანისთვის კი, ეს რთულია.