რატომ აქვს ავთო ხურციძეს მარცხენა მხარე სულ „დაფუფქული“ და რის გამო იყვნენ მასთან გოგონები
ავთანდილ ხურციძე რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა რინგს და ისევ ძველებურ ფორმაშია. უკვე, რვა თვეა, რაც ამერიკაში იმყოფება და შედეგიც ისეთივე აქვს, როგორიც ორგზის მსოფლიოს ჩემპიონს შეეფერება: 1 000 მოკრივეს შორის, დეკემბრის მონაცემებით, მეორმოცე ადგილს იკავებს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო ბრძოლებიდან, ამ ეტაპზე, მხოლოდ ორი აქვს ჩატარებული. მსოფლიო დონის მოკრივე და მხიარული რესპონდენტი ბევრ საინტერესო თემაზე გვესაუბრა.
ავთო ხურციძე: პირველი ბრძოლა ზაფხულში მქონდა, მეორე – ოქტობერში, მესამე კი – თებერვალში. ამერიკაში რომ დავბრუნდი, რეიტინგში საერთოდ არ ვიყავი – როგორც იცით, უკრაინიდან წამოსვლის შემდეგ აღარ ვიბრძოდი, მაგრამ, აქ ჩემი ძველი ფორმა დავიბრუნე და ჯერ გაჩერებას არ ვაპირებ. ბრძოლებმა საკმაოდ კარგი შედეგი აჩევნა – დეკემბრის მონაცემებით, 1 000 მოკრივეს შორის მეორმოცე ადგილზე დავფიქსირდი.
– ათეულში გინდა მოხვედრა?
– ადრე სულ ათეულში ვიყავი, მაგრამ, ახლა იმიტომ ვარ აქ, რომ ყველა ვერსია მოვიგო, მხოლოდ ათეული არ მაკმაყოფილებს. სერიოზული გეგმები მაქვს და, ვნახოთ, რა იქნება. ჩემი მწვრთნელი უფრო კლასიკური კრივის მიმდევარია, მე კი არ მიყვარს ეს სტილი, ჩხუბი მომწონს (იცინის). ამიტომ, ჩემს ტრიუკებსაც ვაკეთებ.
– მართალია, რომ შეჯიბრებების წინ ჰამლეტ გონაშვილის სიმღერებს უსმენ?
– დიახ, მართალია. როდესაც საასპარეზოდ გადიხარ, არ უნდა გაითიშო ნერვიულობისგან. ზოგი იმდენად იძაბება, რომ გამოცოცხლება სჭირდება და სახეში არტყამენ. მე ისედაც გადარეული ვარ და კიდევ გარტყმა არ მჭირდება (იცინის); ამიტომ, რაც მამშვიდებს იმას ვაკეთებ. ძალიან მიყვარს ჰამლეტ გონაშვილის სიმღერები, შინაარსიანია.
– შენი მეტსახელები: „ჩაქუჩა“, „ტორნადო“, „ჰეიმერი“ – საიდან წამოვიდა?
– „ჩაქუჩა“ ბავშვობის „კლიჩკაა“. ქუთაისში არ ცხოვრობს ადამიანი, რომელსაც მეტსახელი არ აქვს. ერთ დღესაც, ბიჭებმა ვიჩხუბეთ გოგოს გამო. მე ერთ-ერთ მათგანს ვახლდი და, რის გამო ჩხუბობდნენ, ისიც კი არ ვიცოდი, მგონი, ორივეს ერთი გოგო უყვარდა. ბოლოს, ეს გოგო არც ერთს გაყვა ცოლად და არც – მეორეს, სულ ტყუილუბრალოდ დახოცეს ერთმანეთი (იცინის). ჩხუბის დროს ერთს მაგრად მოვუქნიე და გონდაკარგული დაეცა ძირს. აზრზე რომ მოვიდა, პირველი ის თქვა, ბიჭო, რა ეკავა ამას ხელში, მუშტი თუ ჩაქუჩიო (იცინის) და ამის შემდეგ შემრჩა ეს მეტსახელი. რაც შეეხება მეორე მეტსახელს: ოდესაში ტარდებოდა ტურნირი, რომელშიც მთავარი ბრძოლა ჩემი იყო. ამ შეხვედრას დაარქვეს „ტორნადო.” მე ჩემპიონი გავხდი და, ტურნირიდან გამომდინარე, „ტორნადო“ დამარქვეს. თან, ისე მოხდა, რომ ბრძოლაც სწრაფად მოვიგე. „ჰეიმერი” კი ამერიკელებმა დამარქვეს. თავდაპირველად, ამერიკაში რომ ჩავედი (ეს დაახლოებით 12 წლის ამბავია), იქ მყოფი ქართველები „ჩაქუჩათი“ მომმართავდნენ. ჩემი მენეჯერი დაინტერესდა, რას მეძახდნენ. გადაუთარგმნეს ჩემი „კლიჩკა“ და ამის შემდეგ ინგლისურად მეძახიან „ჩაქუჩას“, ანუ – „ჰეიმერს“ (იცინის).
– შენი წონის მოკრივეები სპარინგზე უარს რატომ გეუბნებიან?
– სპარინგის დროს, შეგიძლია, აირჩიო სასურველი პარტნიორი. ქუთაისიდან რომ კაცი ჩახვალ და ამერიკაში დაბადებულს, გულშემატკივრების თანდასწრებით, საკუთარ დარბაზში გალახავ, სასიამოვნო ნამდვილად არ არის. არც მე მესიამოვნებოდა, ქუთაისში ვიღაც ამერიკელს რომ მოეგო ჩემთვის (იცინის). ამიტომ, ჩემზე დიდ მოკრივეებთან მიწევს ბრძოლა. ერთ-ერთი მათგანი ჯესი ჰარდია, რომელიც ჩემზე ათი კილოგრამით მძიმეა, თან, სიმაღლეში ორ მეტრამდე იქნება. ისე ვერ ვწვდები ჯესის და, რომ ვბრაზდები, სიმაღლე მემატება თუ რა არის, არ ვიცი, მშვენივრად ვუთანაბრდები (იცინის).
– როგორც ვიცი, 34-ის ხარ. ამ პერიოდის განმავლობაში შეყვარებული არ ყოფილხარ?
– რას ამბობ, მარცხენა მხარე სულ „დაფუფქული“ მაქვს (იცინის). ბევრჯერ ვყოფილვარ შეყვარებული, მაგრამ, იცი, როგორ? აი, რომ გიყვარს და, შემდეგ – უი, არ მყვარებია. ისე, ვისთანაც მქონია ურთიერთობა, სერიოზულად ვფიქრობდი.
– „უი, არ მყვარებია“ სიყვარულში ითვლება?
– ჩემს შემთხვევაში ასე გამოდის (იცინის). დღეს სიყვარული ბევრს ცუდად ესმის. არ მიყვარს, როდესაც ვიღაცას რაღაცის გამო „უყვარხარ“. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ძალიან ხშირად, ამ „რაღაცის” გამო იყვნენ ჩემთან. უკრაინაში კონფლიქტი რომ მომივიდა პრომოუტერებთან და დროებით შევეშვი სპორტს, ძალიან ბევრი მეგობარი დავკარგე.
– მათ შორის შეყვარებულიც?
– ისეთი ადამიანები გაქრნენ, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ უჩემოდ სიცოცხლე არ შეეძლოთ და მათ ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა. საბედნიეროდ, ბევრი თაყვანისმცემელი მყავს. ყველას ვაფასებ და პატივს ვცემ, ამრავლოთ ღმერთმა! (იცინის). ვერ ვიტყვი, ჩემი თაყვანისმცემლები, მხოლოდ ამერიკელები არიან-მეთქი, აქ ყველა ჩამოსულია. ისე, ამაში გამიმართლა: ადრე წარმოშობის მიხედვით მარჩევდნენ სხვისგან, ახლა კიდევ – თეთრი რომ ვარ (იცინის).
– ოჯახის შექმნაზე არ ფიქრობ?
– ოჯახის შექმნა მინდა, მაგრამ, საცოლე ჯერ კიდევ არ მყავს (იცინის). ალბათ, ყველაფერს თავისი დრო აქვს, არ ვფიქრობ სერიოზულად ამ საკითხზე. ისე, მნიშვნელობა არ აქვს, ქართველი იქნება, თუ უცხოელი, თუმცა, სასურველია, ქართველი იყოს. ადრე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი წარმომავლობას და ქართველის გარდა ცოლად არავინ მინდოდა. ბევრი გოგო მინახავს „ჩაქუჩას“ გამო ატირებული და მაშინ ვფიქრობდი: რა ლამაზია და ჩემ გამო როგორ ტირის, ამას ჭკუა აქვს ახლა თავში-მეთქი?! (იცინის) ერთხელ საქართველოში ორი წლით ჩამოვედი სპეციალურად ცოლის მოსაყვანად.
– ანუ, საცოლეც გყავდა; მაგრამ, ორი წელი რაში დაგჭირდა, ან, ეს პერიოდი ქორწილით რატომ არ დაგვირგვინდა?
– არა, არავინ მყავდა. უბრალოდ, ორი წელი ვიყავი მაქეთ და, თუ ვინმე შემხვდებოდა ისეთი, ვინც შემიყვარდებოდა, ჩემს ბედს დავუკავშირებდი, მაგრამ, ასეთი ვინმე არ გამოჩნდა. ალბათ, არ მინდა, თორემ, ცოლის მოყვანას რა უნდა (იცინის). რაც მინდოდა, მივაღწიე. ისე, 18-დან 25 წლამდე რომ ვინმეს ეთქვა, ცოლად გამოგყვებიო, მეორე დღესვე მოვიყვანდი, მაგრამ, მაშინ ვინ გამომყვებოდა – ჩემს სახლს ჭიშკარი, სახურავი და ღობე არ ჰქონდა და, ვის რაში ვჭირდებოდი (იცინის)...
– ალბათ, ახლა როგორ ნანობენ...
– ერთხელ, შემთხვევით შევხვდი იმ გოგოს, რომელიც ბავშვობაში, სკოლაში მიყვარდა. მანქანა გავუჩერე და სახლამდე მივიყვანე. თვითონ დამიწყო საუბარი წარსულზე – მკითხა, მართლა მიყვარდა თუ არა მაშინ. მიყვარდი-მეთქი, ვუპასუხე. ახლა არ არის ნაპერწკალი დარჩენილიო? ცეცხლი მქონდა გულში და იმას არ უყურებდი, ახლა ნაპერწკალს ეძებ-მეთქი?! (იცინის) ცხოვრებაში ასე არ უნდა ხდებოდეს. მერე რა, რომ მდიდარი არ ხარ. ბავშვობაში რთული პერიოდი მაქვს გამოვლილი – ჩემს ოჯახს ძალიან უჭირდა და ბევრი რამ მაკლდა. საშუალება რომ მომეცა, რაც არ მქონდა შევიძინე, საფრანგეთში 4 თუ 5 შარვალ-კოსტიუმი ვიყიდე, ძლივს გამომიყვანეს მაღაზიიდან. უკრაინაში სახლი ავაშენე, საუნაც მქონდა შიგნით. პრესკონფერენციაზე წავედი და მეზობლებმა დამირეკეს – ავთო, შენი სახლი იწვისო. სახლამდე მისასვლელად 20 წუთი დამჭირდა და, რომ მივედი, ყველაფერი ფერფლად იყო ქცეული. ეს იმიტომ მოგიყევი, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება – დღეს თუ არ გაქვს, ხვალ გექნება. სახლი რომ დამეწვა, მარტო მანქანა და ქამრები დამრჩა. ჩემდა საბედნიეროდ, ქამრები მჭირდებოდა და იმიტომ წავიღე. მათ გამო თავ-პირი მაქვს დალეწილი და, რომ დამწვარიყო არ ვიცი, რა დამემართებოდა.
ეთო ხურციძე