კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მიიჩნევა, ქართული კანონმდებლობით, კოცნა, დაჟინებული მზერა, სიმღერა, მოშილიფება და სმა წვრილმან ხულიგნობად

თბილისის საკრებულოში მუშაობენ კანონპროექტზე, რომლის მიზანიც იმ უდროო დროს ხმაურის აღკვეთაა, რაც თბილისელებს ძილს უფრთხობს (თუმცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ამ საკითხს მეტნაკლებად არეგულირებს, პროცედურაა ცოტა რთული). კერძოდ, მოსალოდნელია, რომ ღამის 11 საათიდან დილის 7 საათამდე მხოლოდ 30 დეციბალის ხმაური იქნება დასაშვები, დილის 7-დან ღამის 11-მდე კი 40 დეციბალამდე ხმაურის გამოწვევის ნებას დაგვრთავენ. ჯარიმებიც შესაბამისი წესდება: ფიზიკური პირებისათვის დღის განმავლობაში ერთჯერადი ჯარიმის ოდენობად 150 ლარია განსაზღვრული, ხოლო საღამოს საათებში – 300 ლარი. იურიდიული პირებისათვის პირველ ჯერზე ჯარიმის ოდენობა დღის საათებში 500 ლარი იქნება, აი, ღამის საათებში კი – 1 000 ლარი. ზოგადად, ქცევის რა ნორმებს უწესებს ქართული კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეებს, ანუ რისი ჩადენის და არჩადენის უფლება გვაქვს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა თუ, სულაც, ჩვენი საცხოვრებელი ბინა-სახლების მშობლიურ კედლებში? – საკითხს საიას იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი ლაშა ჩალაძე განგვიმარტავს.

– რა საკანონმდებლო აქტები არეგულირებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოქალაქეთა ქცევის ნორმებს?
– ძირითადი საკანონმდებლო აქტი, რომელიც ქცევის წესებს არეგულირებს, არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელშიც გაწერილია დეტალურად, თუ როგორი ტიპის ქცევაა მიღებული საზოგადოებაში. კოდექსში არსებობს წვრილმანი ხულიგნობის მუხლი, რაც მოიაზრებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებასა და სხვა იმგვარ მოქმედებებს, რომლებიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს. ცოტა ბუნდოვანი დეფინიციაა, რადგან „სხვა ამგვარ მოქმედებებში“ შესაძლოა, ისეთი რაღაცეებიც მოიაზრებოდეს, რაც არის შეფასების ნაწილი.
– ვიღაცას დაჟინებულად ვუმზერ, მაგალითად.
– ეს შეიძლება, ჩაითვალოს შეურაცხმყოფელ გადაკიდებად. ეს არის კონკრეტული სამართალდამცველი პირის შეფასების საკითხი და სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის შემდეგ უკვე სასამართლო განმარტებით დგინდება, რამდენად შეიძლება, ეს ქმედება დაკვალიფცირდეს, როგორც შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან სხვა მოქმედება. რადგან ამგვარი ქცევის წესის თავისებურებიდან გამომდინარე, ყველა ასეთი ქცევის ზუსტი ფორმულირება შეუძლებელია, განმარტებები კეთდება სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე. ზოგჯერ ეს მუხლი არასწორად აღიქმება და ყოფილა შემთხვევა, რომ მშვიდობიან აქციაზე მშვიდობიანი მოქალაქე ამ მუხლის, წვრილმანი ხულიგნობის, საფუძველზე დაუკავებიათ, რომ თითქოს ის არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. ანუ დასადგენია, სად გადის ზღვარი მანიფესტაციასა და წვრილმან ხულიგნობას შორის და ასეთი პრობლემები ხშირია საქართველოს დღევანდელ პრაქტიკაში.
გარდა ამისა, არის სხვა მუხლები, რომლებიც ეხება ალკოჰოლური სასმელების მიღებას სტადიონებზე, სკვერებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რაც ისჯება ჯარიმით 50-დან 150 ლარამდე.
– რის მიხედვით დგინდება ჯარიმა, რაც მეტს დავლევ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში?
– რაც მინახავს სამართალდარღვევის ოქმები, ყოველთვის ყოფილა გამოწერილი მაქსიმალური ჯარიმა, ანუ 150 ლარი. ანუ აქაც დისკრეცია აქვს საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, რომელიც ამ კონკრეტულ სამართალდარღვევას აფასებს.
ასევე, ამავე მუხლშია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საზოგადოებრივი ღირსებისთვის შეუფერებელი ქცევა და ამაში მოიაზრებს ისეთ ქმედებებს, რომლებიც არღვევს საზოგადოებაში დამკვიდრებული მორალისა და ქცევის წესებს და ადამიანი იწვევს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას თავისი ქმედებებით. ამ შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ გარემოში იგულისხმება…
– ეს თავის დროზე ინტერპრეტირებული იყო, როგორც კოცნა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
– აქ ზუსტად ეს მოიაზრება: სექსუალური ხასიათის ქცევა, უხამსი გაშიშვლება, ასევე, სანქციას ითვალისწინებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება.
– ანუ დეფინიცირებული და ცალკე გამოყოფილია ჯარიმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოსაქმებისთვის?
– ზუსტად აი, ამ მუხლშია გაწერილი და პირდაპირ წერია: საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და ეს ყველაფერი იწვევს დაჯარიმებას 100-დან 200 ლარამდე და აქაც შეფასების საკითხია, რა კრიტერიუმით გამოიყენებს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი საჯარიმო სანქციებს.
– ერთი ანეკდოტი გამახსენდა საპირფფეხსალაგის ფასებზე, მაგრამ ახლა არ მოვყვები.
– ასევე, ჯარიმებია გათვალისწინებული თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევისთვის. მათ შორის, არასრულწლოვნისთვის თამბაქოს ნაწარმის მიყიდვის გამო. ამას გარდა, თამბაქოს ნარჩენის ქუჩაში გადაგდება ისჯება 80-ლარიანი ჯარიმით, ხოლო თამბაქოს ნარჩენის ავტომობილიდან გადაგდება, 120-ლარიანი ჯარიმით. ამას გარდა, ნარჩენების დაყრისთვის განსხვავებული სანქციებია დაბინძურების ხარისხიდან და ოდენობიდან გამომდინარე, სხვა სანქციაა სასმელი წყლის დაბინძურებისთვის, სხვა – ზღვის დაბინძურებისთვის და ასე შემდეგ. დაბინძურების თითოეული კატეგორია სხვადასხვა სანქციას ითვალისწინებს.
– საიდან სადამდე?
– დაბინძურების ხარისხისა და საშიშროებიდან გამომდინარე, არის 5 000-ლარიანი ჯარიმა, 2 000-ლარიანი ჯარიმა, მაგალითად, ხელოვნურად აგებული კონსტრუქციიდან მავნე ნივთიერების გადინების გამო. თუმცა მდინარის ჩვეულებრივ დაბინძურებაზე, მაგალითად, მდინარეში ნარჩენების ჩაყრისთვის ჯარიმის ოდენობაა 50-დან 100 ლარამდე.
ასევე, სანქციაა დაწესებული არასრულწლოვნის დათრობის გამო, ოღონდ უკვე მნიშვნელობა არ აქვს, ეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხდება თუ სადმე სხვაგან.
– ჩვენთან მიღებულია, როდესაც არასრულწლოვნებს სთავაზობენ დალევას უმნიშვნელო ოდენობით.
– იმდენად არაეფექტიანი მუხლია, რომ არასდროს მსმენია, მსგავსი მუხლით დაჯარიმება. ის, რომ 170-ე მუხლი არ გამოიყენება, ეს შეგვიძლია, მივაწეროთ, ერთი მხრივ, სამართალდამცველი ორგანოების არაეფექტიან მუშაობას ან მივიჩნიოთ კანონმდებლობის ხარვეზად: არ ეთმობა ამ საკითხს ისეთი ყურადღება, როგორსაც იმსახურებს.
– რეალურად, არის ეს პრობლემა, ვინმე ათრობს ძალით არასრულწლოვანს, იმას გარდა, რომ საკუთარი სურვილით თვრებიან?
– დათრობა არ არის აუცილებელი, საკმარისია არასრულწლოვნისთვის სასმელის შეთავაზება სახლში.
– ბებიაჩემი მთავაზობდა ხოლმე ერთ ჭიქა წითელ, ნატურალურ ღვინოს ჰემოგლობინის ასაწევად. არ ვიცოდი, თუ კანონს არღვევდა.
– ამ კოდექსში ბევრი ბუნდოვანი მუხლია, მოგეხსენებათ, ის საბჭოთა დროსაა მიღებული და თუმცა ბევრი ცვლილებაა შესული, კოდექსის ახალი ვარიანტია შესამუშავებელი.
– არასრულწლოვნისთვის ზრდასრულის მიერ შეთავაზება ჯარიმდება მხოლოდ თუ არ აქვს მნიშვნელობა შემთავაზებლის ასაკს?
– აი, ამ მუხლით, არასრულწლოვნის დათრობით, დარღვევისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება შემთავაზებელი, გამოწვეული ქმედება იწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, უბრალოდ ამ მუხლის გამოყენების პრაქტიკა საქართველოში საერთოდ არ არსებობს.
– შემთხვევები თუ არის?
– აქ არ იგულისხმება დაძალება, მაშინაც იწვევს ის სანქციას, თუ არასრულწლოვანი სვამს მშობლის წინ ან ნასვამი არასრულწლოვანი მოდის მშობლებთან ერთად. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მშობლების თანხმობით დალია, თავისი ნებით თუ დაძალებით, რადგან მშობლის ვალდებულებაა არასრულწლოვნის მოვლა სრულწლოვნებამდე, ჯარიმა გამოეწერება მშობელს.
– მაგალითად, თუ ვხედავ, რომ ქუჩაში მოდის დედა-შვილი ან მამა-შვილი და არასრულწლოვანი შვილი ნასვამია, შემიძლია, დავრეკო პატრულში, ჯვარი მწერია და მშობელს დააჯირიმებენ 300 ლარით?
– დიახ, ეს სავსებით შესაძლებელია, ამ მუხლის განმარტებიდან გამომდინარე.
– რა სანქციას ითვალისწინებს ხმაური საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რაც მოსახლეობას ძილს უფრთხობს?
– ხმაური წვრილმან ხულიგნობაში გადის. მართალია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არაფერს ამბობს ხმაურის, როგორც სამართალდარღვევის, შესახებ, მაგრამ ხმაურს წვრილმან ხულიგნობად განმარტავს სასამართლო პრაქტიკა. წვრილმან ხულიგნობასთან დაკავშირებული მუხლი განიმარტება შემდეგნაირად, როდესაც ირღვევა საზოგადოების ან კონკრეტული ადამიანის სიმშვიდე. ამ შემთხვევაში ხმაური იწვევს კონკრეტული პირის სიმშვიდის დარღვევას და ამდენად, ეს შეიძლება, დაკვალიფიცირდეს, როგორც წვრილმანი ხულიგნობა, თუმცა, როგორც წესი, სამართალდარღვევათა სტატისტიკიდან გამომდინარე, როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს იძახებენ, არც თუ ისე ხშირია სამართალდარღვევის ოქმების შედგენა, რაც ძალიან ცუდია, რადგან მათი მხრიდან არასწორი მიდგომაა, იმიტომ რომ ხმაური ისევე შეიძლება, გადავიდეს წვრილმან ხულიგნობაში, როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გინება.
– სანქცია რა არის?
– 100-ლარიანი ჯარიმა და ზოგიერთ შემთხვევაში პირის 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.
– მე გამომიძახებია საპატრულო პოლიცია შუაღამისას ქუჩაში ხმაურისას და დავკვირვებივარ, რა ხდება: როგორც წესი, როდესაც საპატრულოს ციმციმა ჩნდება, წყნარდებიან. ჩემი პრაქტიკა ასეთია.
– ეს არის სიტუაციის განმუხტვა.
– ჩემთვის, როგორც უდროო დროს ხმაურით შეწუხებული მოქალაქისთვის, ეს საკმარისია, მთავარია, ისინი გაჩუმდნენ და არა ის, რომ დააჯარიმონ ან დააპატიმრონ.
– მაგრამ სამართლდამცველების მიერ ეს თავიანთი მოვალეობის მაინც არაეფექტიანი შესრულებაა, რადგან ჯარიმის მიზანი ხომ ის არის, რომ სამომავლოდ პრევენცია მოხდეს?!
– თუკი ვთქვათ მეზობლის სახლში დილამდე ქეიფი ან აყალმაყალია, კანონი ითვალისწინებს სანქციას?
– ესეც შეიძლება, ჩაითვალოს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად, რადგან არღვევს ადამიანის სიმშვიდეს და ამდენად, შესაძლოა, განვმარტოთ ამ მუხლის ფარგლებში, თუმცა სამოქალაქო კუთხითაც მიმდინარეობს ხოლმე დავები ხმაურთან დაკავშირებით, ოღონდ ეს ძირითადად, ეხება კერძო საწარმოებიდან გამოსულ ხმაურს და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებითაა დადგენილი სტანდარტი – რამდენ დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს კონკრეტულ საათებში ხმაური.
– მაგრამ მაინც პრობლემაა ბარებიდან და კაფეებიდან მუსიკის ხმამაღალი ხმა.
– პრობლემაა, რადგან ყველას არ აქვს რესურსი, იდავოს სასამართლო წესით. მოგეხსენებათ, სასამართლოში სარჩელის შეტანა გარკვეულ თანხასთან არის დაკავშირებული, აღარაფერი რომ არ ვთქვათ სახელმწიფო ბაჟზე, რა თქმა უნდა, ეს ბაჟი შესაძლოა, დაბრუნდეს საქმის მოგების შემთხვევაში, მაგრამ მოქალაქეთა მხრიდან არც ისე დიდი აქტივობაა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის უფლება აქვთ და ამის რეალურად განხორციელებაცაა შესაძლებელი. კონკრეტულ დაწესებულებას სასამართლო დაავალდებულებს, შესაბამისობაში მოიყვანოს ხმაურის სტანდარტი. არსებობს სპეციალური ჩამხშობი აპარატურა, რომელიც ხმაურს არ უშვებს შენობის გარეთ.
– თუ საკრებულო მიიღებს შესაბამის კანონპროექტს, მოქალაქეებს გაუადვილდებათ მოქმედება. თუ, მაგალითად, მეზობელი ხმაურობს ღამით, რაღაცეები უცვივდება, დარბის, ბურღავს?
– ესეც შეიძლება, გავიყვანოთ წვრილმან ხულიგნობაში. შესაძლოა, განხორციელდეს აუდიოჩანაწერი, რაც დამატებით მტკიცებულებად წარედგინება და შემდეგ უკვე სამართალდამცველების გადასაწყვეტია, რამდენად მიიჩნევენ ამას წვრილმან ხულიგნობად.

скачать dle 11.3