გალოთებული დათვები
„სამი დალიე – შეგერგება, არ დაითვრები“
ის, რომ რფ-ში ალკოჰოლიზმი დიდი პრობლემაა, ლამის სახელმწიფოებრივი, ამას ვერც მოყვრები მალავენ და არც – მტრები, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ საქმე უფრო მძიმედაა. კერძოდ, „ბი ბი სის“ რუსული სამსახურის განცხადებით, ორი ბრმა დათვი, რომლებიც 20 წელზე მეტხანს სოჭის ერთ-ერთ ქართულ რესტორანში იყვნენ დაბინავებულნი, გაულოთდათ. –
ამიტომაც მათთვის რუმინეთში სარეაბილიტაციო კურსის ჩატარება გადაწყდა. ცხოველებს ზღვით გადაიყვანენ პორტ კონსტანციაში, იქიდან კი – დათვების პარკში, სადაც მათ პროფესიონალები დახვდებიან, ცხადია, ცხოველებთან მუშაობის დიდი გამოცდილებით. გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალისტებს უმუშავიათ ისეთ დათვებთან, რომლებსაც ცეკვას აიძულებდნენ.
დათვების გალოთების ფაქტი 2012 წელს გამხდარა ცნობილი და ადგილობრივ აქტივისტებს ისე უაქტიურიათ, რომ საქმეში თვით პროკურატურაც ჩართულა. შესაბამისად, 2015 წლის თებერვლის დასაწყისში სასამართლომ მფლობელებს დათვები ჩამოართვა. ჩამორთმევის მიზეზი კი შემდეგნაირია: ცხოველებს, რომლებიც მოთავსებულნი იყვნენ რესტორნის მინი-ზოოპარკში, თუმცა რესტორნის მფლობელებმა იცოდნენ, რომ დათვები ალკოჰოლზე იყვნენ დამოკიდებულები, ხელს მაინც არ უშლიდნენ რესტორნის მომხმარებლებს, რომ მათთვის ალკოჰოლური სასმელები მიეცათ.
გალოთებული დათვები სარეაბილიტაციო მოგზაურობას მარტში შეუდგებიან, მანამდე კი კვლავ რესტორანში იცხოვრებენ. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ლოთ დათვებს, შესაძლოა, ეშველოთ, თუმცა, აი, ის კი უცნობია, ჩვენ რა გვეშველება მათი ორფეხა პატრონების ხელში.