სამვალუტიანები
მადა თვითგამოცხადებაში მოდისო
თუმცა საომარი მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს, თვითგამოცხადებულ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში ეკონომიკაზეც ფიქრობენ.
კერძოდ, გასულ კვირას შევიტყვეთ, რომ მულტისავალუტო ფინანსურ სისტემაზე გადავიდნენ, რომლის თანახმადაც, სეპარატისტულ ტერიტორიაზე დაუშვეს რუსული რუბლი, უკრაინული გრივნა და ამერიკული დოლარი. ამის შესახებ თავის სეპარატისტულ სამწყსოს „ელ დე ერის“ თავკაცმა იგორ პროტნიცკიმ აუწყა.
გადაწყვეტილება კი შემდეგნაირად ახსნა: „უკრაინა არ აპირებს, მოხსნას ეკონომიკური ბლოკადა, რომლის მოხსნაზეც შევთანხმდით“ და, უფრო მეტიც, ამ სამი ვალუტის გარდა, მიმოქცევაში ყველა იმ ვალუტასაც დავუშვებთ, რომლებიც ჩვენთვის ხელსაყრელი იქნებაო.
ხოლო უფრო ადრე, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავკაცმა ანდრეი პურგინმა განაცხადა, რომ კიევის მიერ გამოცხადებულ ბლოკადას ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მივყავართო.
თუ ამ ორი თვითმარქვიას განცხადებას მათი მესამე კოლეგის – თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის ხელმძღვანელობის მიმართვასაც დავამატებთ დასავლეთისადმი, ფინანსურად დაგვეხმარეთო, სავარაუდოა, რომ, ჩვენი სეპარატისტებისგან განსხვავებით, უკრაინისა და მოლდოვის სეპარატისტებს ტანკები რფ-სგან უნდათ (ტერიტორიების წასაგლეჯად), კეთილმოწყობილად ცხოვრება კი – დასავლეთისგან, ანუ ჭეშმარიტად, მადა თვითგამოცხადებაში მოდისო.