ვინ უკრძალავდა ლელა მებურიშვილის თაყვანისმცემლებს მასთან მიკარებას და როგორ მოახერხა ბაჩო საგანელიძემ მსახიობის გულის მოგება
სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო სეზონის უკანასკნელ სერიაში, ერთ-ერთი მთავარი და ყველასთვის საყვარელი პერსონაჟი – კატო კვლავ დაუბრუნდა მაყურებელს და ახალი სეზონიდან აქტიურად განაგრძობს არსებობას. მისი როლის შემსრულებელი, მსახიობი ლელა მებურიშვილი კი მაყურებლის წინაშე ახალი იმიჯით, მოკლედ შეჭრილი თმით წარდგა. სერიალის პარალელურად, საინტერესოდ ვითარდება ლელას პირადი ცხოვრება. მსახიობი პატარა ალექსანდრეს ზრდის და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ცდილობს, ყურადღება არც შვილს და არც საყვარელ მეუღლეს მოაკლოს.
– ლელა, მაყურებლის წინაშე ახალი იმიჯით წარდგები. რატომ გადაწყვიტე ვარცხნილობის შეცვლა და თუ გაგიჭირდა მოკლე თმასთან შეგუება?
– მთელი ცხოვრება გრძელი თმა მქონდა, რომელიც ძალაინ მომწონს და მიყვარს, მაგრამ მინდოდა, რამე შემეცვალა. სულ მინდოდა მოკლედ შეჭრა, მაგრამ მენანებოდა. ძალიან მინდოდა სიახლე და აღარ ვიცოდი, რა მექნა, ცოტა სხვანაირად ვაპირებდი შეჭრას, მაგრამ უცებ, ასე გამოვიდა. დავხუჭე თვალები და აღარაფერზე აღარ დავფიქრდი (იცინის). თავიდან 15-20 წუთი გამიჭირდა, როგორ უნდა ვიცხოვრო-მეთქი, მაგრამ შევეჩვიე (იცინის). თუმცა, გრძელი თმა მაინც მირჩევნია და ალბათ, ისევ გავიზრდი. ბაჩო და ოჯახის სხვა წევრებიც პირველ წუთებში შოკში იყვნენ, მაგრამ მერე ყველას მოეწონა და შეეჩვია (იცინის).
– კატოს რაც შეეხება, მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის?
– დიდი იმედი მაქვს, რომ კატოს ცხოვრებაში რამე ახალი და საინტერესო მოხდება. როცა სერიალში ძველი პერსონაჟი ბრუნდება, თუ ზუსტად იგივენაირად განვითარდა ყველაფერი და პერსონაჟმა ცვლილება არ განიცადა, საინტერესო აღარ არის. სერიალში ბევრი რაღაც შეიცვალა და კატოს ცხოვრებაც, ჩემი აზრით, ახლებურად წარიმართება. წინასწარ არ ვიცი და ზუსტად ვერ ვიტყვი, აბსოლუტურად განსხვავებული იქნება-მეთქი, მაგრამ ვნახეთ, რომ ახალი სამსახური დაიწყო, ახალი ნაცნობები ჰყავს და ალბათ, ნელ-ნელა უფრო საინტერესოდ განვითარდება მისი ცხოვრება.
– შენი პირადი ცხოვრება შეიცვალა და შეიცვალა შენი გრაფიკიც. როგორ უთავსებ ოჯახს და შვილს სერიალს? თან, თეატრშიც ხარ.
– ჩემი პროფესია ისეთია, რომ ძალიან დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ ყველანაირად მიწყობენ ხელს. ცდილობენ, გადაღებები დილით დამინიშნონ, რომ საღამოს ოჯახთან და შვილთან ერთად ვიყო, რისთვისაც მინდა, მათ მადლობა გადავუხადო.
– ალექსანდრე შენი პირველი შვილია. საინტერესოა, როგორი დედა ხარ?
– მაქსიმალურად ვცდილობ არ დავმდუღრო ყველაფერი, რასაც ჩემი შვილი ეხება (იცინის). თუ დაუვარდა რამე, არა უშავს აიღოს, ყველაფერზე წყალს არ გადავუვლებ. პირველი შვილის დროს ძალიან გაფაციცებულები არიან ხოლმე, მაგრამ მგონია, რომ მე ზედმეტად გიჟი დედა არ ვარ.
– ალექსანდრე როგორი ბავშვია, ვის ჰგავს?
– რომ გაჩნდა, ყველა ამბობდა, რომ ვიზუალურად მე მგავდა. მერე, ცოტა რომ წამოიზარდა და გაბუთქუნდა, ამბობდნენ, მამას ჰგავსო. ახლა ბაჩო მეუბნება, ისევ შენ გემსგავსებაო. მე, როგორც ვატყობ, ნაკვთებით ძალიან მგავს, მაგრამ იერით საოცრად ჰგავს ჩემს მეუღლეს. ხასიათით ძალიან დინჯი და მშვიდი რაჭველია. ბუთქუნაა, წყნარი. უყვარს ჭამა და სიმღერა. ლაპარაკიც უყვარს, თავის ენაზე რაღაცეებს ლაპარაკობს და მთელი დღე მღერის. ძალიან მოძრავია, მაგრამ ამ აქტიურობასაც სიმშვიდე ახლავს.
– შენ როგორი ბავშვი იყავი?
– მაგ ასაკში მეც ალექსანდრესავით მრგვალი და მსუქანი ვიყავი და ჩემი მეუღლეც. მე და ბაჩო, მგონი, ვგავდით ბავშვობაში ერთმანეთს (იცინის). მეც დინჯი, მშვიდი და ნელი ვიყავი, მაგრამ ცოტა რომ წამოვიზარდე, ძალიან აქტიური გავხდი. იცი, როგორი აქტიური ვიყავი? მე რომ ვუყურებ, ახლა ეგეთ აქტიურ ბავშვებს, არ მომწონს. ზედმეტად მეტიჩარა ვიყავი. მუსიკის ხმას რომ გავიგონებდი, ვცეკვავდი, არ მრცხვენოდა ლექსების თქმა. ძალიან ბევრს რომ ლაპარაკობენ, ეგრევე ჩემი თავი მახსენდება.
– როგორ წარმოგიდგენია, მომავალში როგორი დედა იქნები?
– იცი რა არის? რაც არ მომწონს და ვფიქრობ, რომ არასწორია და უზრდელობაა, ამაზე აუცილებლად მივცემ შენიშვნას. ბევრჯერ გამიგია, რომ პატარაა და ჯერ არ უნდა უსაყვედუროო. მე კი მგონია, ბავშვს ესმის და თავიდანვე უნდა აუხსნა ყველაფერი. ოღონდ ყვირილი და ჩხუბი არ არის საჭირო. შეიძლება, სასაცილოდ ჟღერს, ჩემი შვილი ჯერ ძალიან პატარაა, მაგრამ ახლაც ვაძლევ შენიშვნებს.
– შენ თუ ითვალისწინებდი მშობლების შენიშვნებს თუ დაუმორჩილებელი ბავშვი იყავი?
– არ ვიყავი ძალიან ურჩი ბავშვი. არ მახსოვს, მშობლებთან კონფლიქტები მქონოდა. ჩემი კლასი არასდროს არსად იპარებოდა, არც შატალოზე დავდიოდით. მაგრამ, მე და ჩემი ტყუპისცალი ძმა ყოველდღე ვიპარებოდით სკოლიდან. ჩემი ძმა მოიტყუებოდა, რომ ავად იყო. მე მივდიოდი ექიმთან და ვთხოვდი, რომ ჩემი ძმა ცუდადაა და სახლში უნდა გავყვე-მეთქი. ასე, ყოველდღე, მეორე, მესამე გაკვეთილიდან მოვდიოდით. თუმცა, მეც და ჩემი ძმაც ბოლომდე ძალიან კარგად ვსწავლობდით და ამიტომ, აღარ გვიბრაზდებოდნენ.
– როგორი გოგონა იყავი, ბიჭები რომ სულ მის მოხიბვლას ცდილობენ?
– (იცინის) მგონი, ყველამ იცის, რომ სამი ძმა მყავს და ჩემი ტყუპისცალი სკოლაში ჩემთან ერთად სწავლობდა. მახსოვს, ვერავინ ვერაფრის თქმას ვერ მიბედავდა.რომ გავიზარდე, რამდენიმე ჩემმა მეგობარმა მითხრა: აუ, როგორ მიყვარდი ბავშვობაში და თქმას ვერ გიბედავდიო. ჩემს ძმას ჰქონდა ნათქვამი, არ გაბედო თქმა და საერთოდ, მიკარებაო. ეგეთი სიტუაციები მქონია, მაგრამ სკოლის ასაკში არ ვიყავი პრანჭია. ბოლო კლასებში, ყველას რომ ქუსლებზე ეცვა, მე – არა. ყველას რომ შეყვარებული ჰყავდა და იპრანჭებოდა, ჩემთვის ეგ საერთოდ სასაცილო თემა იყო. სკოლის მერე, ბევრი ჩემი მეგობარი რომ გათხოვდა, ვერ ვუგებდი მათ, რადგან იმ ასაკში გათხოვება ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. ზოგადად, ძალიან გვიან მივხვდი, რომ შეყვარებული საჭირო იყო (იცინის). შეიძლება, ვიღაცას მოვწონდი, მაგრამ ასეთ რაღაცეებს არ ვაქცევდი ყურადღებას. ალბათ, ცოტა უკარებაც ვიყავი. ზოგადად, მეგობრული ვარ და კონტაქტში ადვილად შევდივარ, ადრე – მით უმეტეს. მაგრამ, თუ ვატყობდი ვინმეს, რომ სხვა მხარეს მიდიოდა და მე არ მომწონდა ის ადამიანი, მაშინ უკარებაც ვიყავი.
– წელიწად-ნახევარი გავიდა შენი და ბაჩოს ქორწინებიდან, ოჯახურმა ცხოვრებამ თუ შეცვალა თქვენი ურთიერთობა?
– შეიცვალა იმ მხრივ, რომ უფრო ყურადღებიანები გავხდით ერთმანეთის მიმართ და შვილმა უფრო დაგვაახლოვა. შეყვარებულობის პერიოდი მართლა საოცარი იყო, ბევრს ვმოგზაურობდი და ბაჩოც ხშირად ჩამოდიოდა იქ, სადაც მე ვიყავი. ის პერიოდი ძალიან ლამაზი იყო ჩემს ცხოვრებაში და კარგად მახსოვს. თუმცა, იგივე გაგრძელდა ქორწინების შემდეგაც. ერთადერთი, რაც ახლა შეიცვალა – გვყავს შვილი და უფრო მეტ დროს ვატარებთ სახლში.
– ბაჩოს რომ ხშირად უწევს ქვეყნის დატოვება, ამას როგორ ეგუებით შენ და ალექსანდრე?
– ადრე უფრო ხშირად უწევდა, ახლა – იმდენად აღარ. ბაჩო უფრო რთულად ეგუება ამ ყველაფერს, ვიდრე ჩვენ. მას ორი ადამიანი აკლდება, მე ალექსანდრე მრჩება (იცინის). ძალიან უჭირს და ყოველწამს „სკაიპშია,” რომ დაგვინახოს და გველაპარაკოს. ბაჩო უფრო გიჟი მამაა (იცინის). ბავშვი ლაპარაკისთვის ჯერ პატარაა, მაგრამ იმ საღამოს ბაჩო მიფრინავდა და ალექსანდრემ თქვა – „მამა“. ბაჩოს ისეთი რეაქცია ჰქონდა, იმხელა იყვირა, რომ ბავშვმა ტირილი დაიწყო. ბაჩომ – დახიეთ ბილეთები, არსად არ მივდივარო (იცინის).
– როგორც მეუღლე რომანტიკული თუა და ქორწინებამდე როგორ ცდილობდა შენს მოხიბვლას?
– ყველა შეყვარებული რაღაც დონით რომანტიკულია. როცა შეყვარებული ხარ, გინდა, სულ ასიამოვნო შენს მეორე ნახევარს და ცდილობ, ის გააკეთო, რაც მას უყვარს. ბაჩოსთვის ისიც კი სიურპრიზია, გემრიელ საჭმელს რომ გავუკეთებ (იცინის). ძალიან უყვარს გემრიელი ჭამა. მე კიდევ დროც ცოტა მაქვს და არც ვიცი მომზადება. ამიტომ, თუ მოვახერხე, ძალიან ბედნიერია. ყოველთვის დამცინოდნენ, როგორ არავინ მოგწონსო. ყველასთან კარგად ვარ მიყვარს, მაგრამ ისე, რომ მამაკაცი მოგეწონოს და ფლირტი გააბა, არ მქონია არასდროს. ბაჩოზე აშკარად ვიცოდი, რომ მოვწონდი. ისეთ სიტუაციაში მოხდა ჩვენი გაცნობა, რომ მივხვდი, მისი მოწყობილი იყო და არა შემთხვევითი. ვითომ საქმეზე დამიბარა ბაჩოს და ჩემმა საერთო მეგობარმა. ვითომ შემთხვევით ამ შეხვედრაზე კაფეში ბაჩო შემოვიდა მეგობართან ერთად და გვერდზე მაგიდასთან უნდა დამსხდარიყვნენ. მეგობარმა – მოვრჩით საქმიან საუბარს და ჩვენთან გადმოჯექიო, – უთხრა. ასე გავიცანი. რა თქმა უნდა, მივხვდი, რომ ჩაწყობილი ამბავი იყო (იცინის). ნელ-ნელა დავმეგობრდით. მირეკავდა, მწერდა. ახლა ხუმრობს, ძველი მესიჯები შენახული მაქვს. მე ძალიან ბევრს გწერ, რაღაცეებს გეუბნები და შენ: „ხო“, „არა“ და ასეთ პასუხებს მცემო. მაგრამ, ბაჩო არცერთი წამით არ დანებდა. შეიძლება, სხვაც არ დანებებულა, თუმცა ვერაფრისთვის მიუღწევია. მე ბაჩოს თვისებებმა მომხიბლა. ძალიან მხიარულია და უამრავი მეგობარი ჰყავს. ზოგადად, ძალიან უყვარს ადამიანები. ქუჩაში, სადაც არ უნდა გაევლო, ყველა უახლოესი მეგობარივით ხვდებოდა. იმდენად მხიარული და ლაღი იყო, მასთან ყოფნა არ მოგბეზრდებოდა. სადაც არ უნდა წავსულიყავი, ყველგან თაიგული მოჰქონდათ ჩემთვის, ან სხვა რაიმე საჩუქარი და სიურპრიზი დამხვდებოდა. ვიღაცისგან ეს, შეიძლება, არც გესიამოვნოს, მაგრამ, როცა უკვე სიმპათიები გაქვს ადამიანის მიმართ, ძალიან სასიამოვნოა. როცა საჭიროა, ბაჩო მშვიდი და სერიოზულიცაა, ღამის გართობაც მოსწონდა. არის უპრობლემო, უკომპლექსო და კომფორტული (იცინის). ეს ყველაფერი დამანახვა და ამით მომხიბლა. ჩემთვის, ნამდვილად იდეალური მამაკაცია. დედაჩემმა რომ გაიგო, გათხოვებას ვაპირებდი, ძალიან ნერვიულობდა – როგორი ადამიანი იქნებოდა ჩემი რჩეული. იდეალური არავინაა და რომ გათხოვდები, რაღაცეებზე თვალი უნდა დახუჭო-მეთქი, – ვამბობდი. მაგრამ, გათხოვების შემდეგ ვამბობ, ისე გამიმართლა, რომ არაფერზე არ მაქვს თვალი დასახუჭი. ბედნიერი ვარ და ბაჩო ძალიან მიყვარს.