როდის დაიწყებენ გიორგი ნაზღაიძის წარსულში „ქექვას“ და რატომ არ ეშინია მას შიშველი ფოტოების გამომზეურების
სკანდალური იმიჯის მქონე გიორგი ნაზღაიძე, ბოლო პერიოდში საკმაოდ შეიცვალა. ეს მის გარეგნობას, ჩაცმის სტილსა და ცხოვრების წესსაც დაეტყო. როგორც თავად ამბობს, უზომოდ ბედნიერია, რადგან წინა, წარუმატებელი სიყვარულების ფონზე, ჩამოყალიბებულ ასაკში, სწორედ იმ ადამიანს შეხვდა, ვის გვერდითაც ბედნიერია და ყოველი დილის გათენება უხარია. როგორც საუბრიდან შევიტყვე, ის პოლიტიკაშიც გეგმავს ძალების მოსინჯვას, თუმცა ჯობია, ეს მისი ინტერვიუდან შეიტყოთ.
გიორგი ნაზღაიძე: იღბლიანად მივიჩნევ თავს, რადგან ცხოვრება ყოველთვის მაძლევს შანსს. მთავარია, ეს შანსი სწორად გამოვიყენო და გვერდი არ ავუარო. მიმაჩნია, რომ, 30 წლის განმავლობაში, ყველა შანსი გამოვიყენე. გამოწვევები არ მაშინებს და არასდროს ვყოყმანობ გადაწყვეტილების მიღების დროს. რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ და როგორც საჭიროდ მივიჩნევ, ისე ვიქცევი. ამის გამო, ხშირად ვეხვევი სკანდალებში, მაგრამ სკანდალების მოყვარული არ ვარ. არ მიყვარს თამაში, ზურგს უკან არ ვიტყვი, პირში გეტყვი და გინდა გეწყინოს, გინდა არა. ათი წელია, რაც საზოგადოებაში აქტიურად ვჩანვარ და სულ ვცდილობდი, ის სტერეოტიპები დამენგრია, რაც ჩემს გარშემო იყო, ხმამაღლა გამომეთქვა საკუთარი აზრები, მეტარებინა საყურე და ამის გამო, ბევრს ჩემს ორიენტაციაში შეჰქონდა ეჭვი. მეკითხებოდნენ, ქართველობაზე რომ დებ თავს, საყურე რა „პონტიაო”. დამიჯერეთ, მათი აზრი ჩემთვის არ იყო მნიშვნელოვანი. უხერხულ სიტუაციაში მე კი არ ვხვდები ჩემი პირდაპირობით, ისინი ვარდებიან, ვინც მეკამათება.
– ესე იგი, შენთან დისკუსია, კამათი და ბრძოლა რთულია?
– არა, რთული არ არის. თუმცა არის თემები, რაზეც მე ვერ ვიდავებ. მაგალითად, სიყვარულზე, გემოვნებასა და პოლიტიკაზე – ეს ჩემი სუსტი წერტილია (იცინის).
– პოლიტიკაზე გამახსენდა, როგორც მახსოვს, პოლიტიკოსობა გინდოდა. გადაიფიქრე?
– არა, არ გადავიფიქრე და ამის დროც მოვა. 35 წლამდე მოსამზადებელი პერიოდი მაქვს და მერე აუცილებლად მოვალ პოლიტიკაში. ალბათ, ბევრს გაეღიმება, სად გიორგი ნაზღაიძე და სად პოლიტიკაო. დაიწყებენ ჩემი წარსულის „ამოქექვას” და ფოტოების „გამომზეურებას”. კახი კალაძესაც ხომ აქვს შიშველი ფოტოები გადაღებული, მაგრამ ხომ არის მინისტრი?
– შენ რომელ სამინისტროს ჩაიბარებ?
– კულტურის მინისტრობაზე არ ვიტყოდი უარს (იცინის).
– შიშველ ფოტოებს რომ მიადექი შენი წარსულიდან, იმას რატომ არ იხსენებ, რომ თქვი, ვინც მლანძღავს და მაგინებს, მზად ვარ, სტალინივით, კედელთან მივაყენო და მივახვრიტოო?
– მე ვთქვი, სტალინი ისტორიში შევიდა იმით, რასაც აკეთებდა და ძალიანაც კარგს შვრებოდა, ბოლო-ბოლო მეორე მსოფლიო ომი მოიგო კაცმა-მეთქი. სტალინიც და ჰიტლერიც შეიძლება, დესპოტები იყვნენ, მაგრამ ისტორიაში შევიდნენ, როგორც ძლიერი პიროვნებები, მაგარი მმართველები, ისტორია შეცვალეს. აი, ამაში ვგავარ მეც სტალინს და ჰიტლერს – ძლიერი ვარ და, რომ დამნიშნავენ კულტურის მინისტრად, მერე მნახეთ, როგორ შევცვალო, პოლიტიკა ვერა, მაგრამ, საქართველოს კულტურა (იცინის).
– მახსოვს, ისიც თქვი, მაქვს სურვილი, ახალ თაობას კომპლექსები მოვუხსნაო. იქნებ დააკონკრეტო, ამაში რას გულისხმობდი?
– ვიგულისხმე ის, რომ ახალ თაობას მოვუხსნა ჩაცმის კომპლექსი და ვასწავლო საკუთარი აზრის დაფიქსირება. ჩვენ რომ გამუდმებით გვეჩიჩინებოდნენ, უფროსს ყველაფერი უნდა აპატიო, რადგან უმცროსი ხარო. ისეთ ჩარჩოებში მოგვაქციეს, დაგვაკომპლექსეს. თუ უფროსი მლანძღავს და მაგინებს, პასუხი არ უნდა გავცე? ჩვენი თაობა სხვა დროში გაიზარდა. წინ კი წავედით, მაგრამ მაინც იმ ოთხმოცდაათიანებში დავრჩით და აზროვნებაში „გავიჭედეთ” ძველსა და ახალს შორის.
– მეჩვენება, თუ იმიჯი შეიცვალე და აკადემიურად ჩაცმა დაიწყე? ესეც პოლიტიკაში მოსვლის ეტაპია?
– რა ეტაპია ვერ გეტყვით, მაგრამ ასაკთან ერთად, გემოვნებაც შემეცვალა. თუ ადრე, ჭრელ ტანსაცმელს ვიცვამდი, დღეს ვეღარ ვიცვამ. ერთი ტონალობის ჩასაცმელს უფრო ვიხდენ. თმაც ძალიან მოკლედ მაქვს და გრძელს აღარ ვატარებ. ვფიქრობ, სიახლე ყოველთვის სასიამოვნოა, ხშირად უნდა ცვალო ცხოვრებაში რაღაც-რაღაცეები და ერთფეროვნებით არ მოაბეზრო ხალხს თავი.
– ეს ცვლილებები და მრავალფეროვნებები პირად ცხოვრებასაც ეხება?
– რასაკვირველია, ცვლილებები პირად ცხოვრებასაც ეხება. ამერიკაშიც ვაპირებ წასვლას და იქ ყველაფრის ნულიდან დაწყებას, ახალი ცხოვრების აწყობას.
– იყავი ამერიკაში, მაგრამ ცხოვრება ვერ მოიწყვე. ახლა მეორე შანსი გინდა, გამოიყენო?
– იყო რაღაც ფაქტორები, რის გამოც არ გამოვიდა ამერიკაში ცხოვრების აწყობა. მართლა კარგად ვიყავი ამერიკაში და მოწყობილიც მქონდა ცხოვრება, როგორც პირადში, ასევე კარიერაში, მაგრამ ასაკში შესული მშობლების გამო მომიწია აქ დაბრუნება. ძირითადი მიზეზი ეს იყო.
– გავიგე, ამერიკაში აქამდეც აპირებდი წასვლას, მაგრამ სიყვარულის გამო თქვი უარი და ახლაც, როგორც ვხვდები, ყოყმანობ და არ გინდა. ასეა?
– სწორად მიხვდით (იცინის). თუმცა, იმდენად ვასაიდუმლოებ ჩემი სიყვარულის ისტორიას, მიკვირს საიდან გაიგეთ. არ დაგიმალავთ, ძალიან ვარ შეყვარებული და ეს თვალებზეც მეტყობა. ამ სიყვარულის გამო, ბევრი რამ შევცვალე ჩემს ცხოვრებაში. სანამ სერიოზულ ეტაპამდე არ მივა ჩვენი ურთიერთობა, მანამდე საიდუმლოდ დავტოვებთ.
– როგორც გავიგე, ბიზნესშია.
– თავის სფეროში ძალიან ცნობილი ადამიანია, წარმატებულია და ჩემზე სამი წლით უფროსი. ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს ერთად. გაცნობის პერიოდი ამოვწურეთ და ახლა შეგუების ეტაპზე ვართ. წელიწადი არ არის, რაც ერთად ვართ და მივხვდი, ეს ისაა, ვინც მე მჭირდებოდა გვერდით. ერთადერთი, რაზეც ვკამათობთ, ჭამაა. ბოლო დროს მოვიმატე წონაში და მეჩხუბება, დაიკელიო (იცინის). მის გამო, ღამის ცხოვრებაც დავთმე, სასმელიც და თავშეკავებულიც გავხდი – დავწყნარდი და დავმშვიდდი.
– რატომ ასაიდუმლებ მის ვინაობას?
– რამდენჯერაც აფიშირება გავუკეთე ჩემს გრძნობებს, იმდენჯერ „თვალი მეცა”. დაიწყო ლაპარაკი და ცუდად დასრულდა. მივხვდი, რომ სანამ ბოლომდე არ ვიქნები დარწმუნებული, მანამდე ინკოგნიტოდ დავტოვო ჩემი პირადი ცხოვრება. მართლა ამ ადამიანის გამო არ წავედი ამერიკაში და ქურდობაც კი ჩავიდინე (იცინის). ნამდვილად ვიცი, ეს გატაცება არ არის – ეს ის ქალია, ვის გამოც გათენება მიხარია.
– რა მოიპარე?
– მინდოდა, სიურპრიზი გამეკეთებინა. რესტორანში მოვიპარე ყვავილების თაიგული და მივართვი (იცინის). ვალენტინობის დღეს, თავად სუნამო მომართვა, მე კი არ გამიკეთებია საჩუქარი. ჩავთვალე, რომ ყოველი დღე სიყვარულისაა და არ ვიზრუნე საჩუქრის ყიდვაზე. ახლა ვალში ვარ და ვფიქრობ, ორიგინალური საჩუქარი ვუყიდო და მივართვა.