რისთვის გახდა საჭირო „ავერსის კლინიკაში“ აღდგენითი თერაპიის ცენტრის შექმნა და რა განსაკუთრებული დანიშნულება აქვს მას
ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მის ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობას. სრულფასოვანი ჯანმრთელობა სრულფასოვანი ცხოვრების გარანტია. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა „ავერსის კლინიკაში“ აღდგენითი თერაპიის ცენტრი და ადვილად მისადგომ ადგილას, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარე ახლადგარემონტებულ და სრული კომფორტით აღჭურვილ შენობაში განთავსდა. ფართო, უფასო ავტოსადგომი, პაციენტზე მორგებული სამუშაო საათები, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და უახლესი მოდელის, ევროპული წარმოების აპარატებით აღჭურვილი კომფორტული კაბინეტები მზად არიან გადაგვიჭრან უამრავი პრობლემა და გახადონ ჩვენი ცხოვრება უფრო სრულფასოვანი. წამლების, ტკივილებისა და დისკომფორტის გარეშე.
ცენტრს ემსახურება სათანადოდ აღჭურვილი მანქანა მოძრაობაშეზღუდული პაციენტების ტრანსპორტირებისთვის.
აღდგენითი თერაპიის ცენტრის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი თანამედროვე ტრენაჟორებით აღჭურვილი სავარჯიშო დარბაზები და შესანიშნავი აქვა-აერობიკისთვის განკუთვნილი აუზია.
შესაბამისად, ცენტრი გვთავაზობს მომსახურებათა მთელ კომპლექსს როგორც პაციენტებისთვის, ასევე ჯანმრთელებისთვის. „ავერსის კლინიკის“ აღდგენითი თერაპიის ცენტრი ემსახურება როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებს. ფუნქციონირებს ჯგუფები ორსულთათვის.
უფრო დაწვრილებით ცენტრის შესახებ გვიამბობს „ავერსის კლინიკის“ ექიმი-რეაბილიტოლოგი ნინო კერვალიშვილი.
– ქალბატონო ნინო, რატომ გახდა აუცილებელი ამ ცენტრის შექმნა და საერთოდ რას ნიშნავს აღდგენითი თერაპია?
ნინო კერვალიშვილი: კლასიკური განმარტებით აღდგენითი თერაპია, ანუ რეაბილიტაცია ნიშნავს იმ ღონისძიებათა (არა მარტო სამედიცინო) კომპლექსს, რომელიც საჭიროა ადამიანის ჯანმრთელობის, ავტონომიურობისა და შრომისუნარიანობის აღსადგენად, როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი დაავადებების, ტრავმის, დაზიანების შემდეგ.
ჩვენი განყოფილება „ავერსის კლინიკის“ შექმნისთანავე ჩამოყალიბდა. საქმიანობის მასშტაბების გაზრდამ მოითხოვა გაფართოება, კლინიკამ შეძლო და განახორციელა დიდი ინვესტირება სარეაბილიტაციო სამსახურისთვის, გარემონტდა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აღიჭურვა ცალკე შენობა, სადაც განვთავსდით 2014 წლის მარტის თვიდან. დაგვემატა ბევრი ახალი სერვისი, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, გეგმები დიდი გვაქვს, კიდევ ვგეგმავთ ახალი სამსახურების დამატებას.
– ამჟამად რომელი კაბინეტები და სერვისები ფუნქციონირებს ცენტრში?
– ფუნქციონირებს აპარატურული ფიზიოთერაპიის კაბინეტი აღჭურვილი გერმანული წარმოების აპარატების სრული სპექტრით: ტარდება ელექტრო-, ულტრაბგერითი, მაგნიტო-, ლაზერო-, კრიოთერაპია, ულტრა და ზემაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ველით, ულტრაიისფერი სხივებით მკურნალობა, აპარატული ლიმფოდრენაჟი, პარაფინოთერაპია.
სავარჯიშო დარბაზები აღჭურვილია საუკეთესო სარეაბილიტაციო ტრენაჟორებით, მაგალითად, ტრავმატოლოგიური პაციენტებისთვის ARTROMOT® ACTIVE-K კონკრეტულად მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრისთვის, medislipper–medisport ტერფისთვის, ასევე ზედა კიდურის სარეაბილიტაციო ტრენაჟორები. ცალკე ფუნქციონირებს ბავშვთა ორთოპედიული რეაბილიტაციის ჯგუფები, ამბულატორიულ ეტაპზე მომსახურებას ვთავაზობთ ნევროლოგიური დაავადებების დროსაც (მათ განკარგულებაშია, მაგალითად, MOTOmed Viva2-აპარატი ცენტრალური და პერიფერიული პარეზებისა და პლეგიებისას პასიური (აპარატით წარმართული) ვარჯიშისთვის და ა. შ.) სარეაბილიტაციო ვარჯიშებს ატარებენ უმაღლესი, სპეციალური სამედიცინო განათლების მქონე მაღალკვალიფიციური მეთოდისტები.
ჩვენთან ფუნქციონირებს სამკურნალო მასაჟის კაბინეტები, წყალქვეშა მასაჟისა და ჰიდროთერაპიის კაბინეტი, აკუპუნქტურისა და სუ-ჯოკ თერაპიის კაბინეტი. ცენტრში მუშაობს საზღვარგარეთ მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილების მქონე ექიმი-ტრავმატოლოგი, რომელიც ჩვენთანვე ატარებს ამბულატორიულ სამკურნალო პროცედურებს.
– ცენტრის აუზი განსაკუთრებით მომეწონა, რომელიც საგანგებოდ არის მოწყობილი სავარჯიშოდ.
– დიახ, აუზი აღჭურვილია წყლის სპეციალური ტრენაჟორებით, ტარდება როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი, ასევე სამკურნალო ვარჯიშები. აუზში ჩასასვლელად, მოძრაობის უნარშეზღუდული პაციენტებისთვის დამონტაჟებულია სპეციალური ლიფტი. მეთოდისტების დახმარებით ხდება ვარჯიში საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების, პოსტტრავმული პრობლემების, სქოლიოზის, ოსტეოქონდროზისა და სხვა დისპლაზიური პრობლემების გამოსასწორებლად. ფუნქციონირებს ჯგუფები ჭარბი წონის დასაკლებად. უნდა გითხრათ, რომ სპეციალური პროგრამა გვაქვს წონის კორექციისთვის, რაც გარდა აუზში და დარბაზში ვარჯიშისა მოიცავს საჭიროებისას სამკურნალო, ანტიცელულიტურ მასაჟს, ჰიდროთერაპიას და წყალქვეშა მასაჟსაც, ასევე, აკუპუნქტურასაც. ეს უკანასკნელი ტარდება ჩვენი ცენტრის აკუპუნქტურისა და სუ-ჯოკ თერაპიის კაბინეტში.
– გარდა ჩამოთვლილისა, დაავადებათა კიდევ რა ჯგუფის მკურნალობას მოიცავს ცენტრი?
– სპექტრი ძალიან ფართოა, გარდა ძვალსახსროვანი, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებისა მოიცავს შარდ-სასქესო სისტემის დაავადებებს. ენდოკრინულ პათოლოგიებს; ოტო-რინო-ლარინგოლოგიურ დაავადებებს, ფაქტობრივად, არ არსებობს სფერო მედიცინაში, სადაც საჭირო არ არის სარეაბილიტაციო მკურნალობა. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გაანგარიშებით ცნობილია, რომ რეაბილიტაციისთვის გაწეული ინვესტიცია ორმაგად ანაზღაურდება.
ჩვენი ცენტრის ექიმის მიერ ჩვენებებისა და უკუჩვენებების განსაზღვრის, პაციენტის მდგომარეობის შეფასების შემდეგ ხდება თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალური სამკურნალო სქემის შემუშავება. ჩვენი პრიორიტეტებია, კვალიფიციური, ძალიან გამოცდილი პროფესიონალები და უახლესი, ძალიან თანამედროვე, ძალიან კარგი აპარატურა. პლუს მაქსიმალური კომფორტი პაციენტებისთვის.