როგორ აღმოჩნდა ციხეში 68 წლის მამაკაცი ნარკომანი სიძის დასჯისთვის და რატომ მისცა მის წინააღმდეგ ჩვენება შვილმა
68 წლის მამაკაცს სასამართლომ ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე სხეულის დაზიანების მუხლით აღიძრა. სასამართლომ გაითვალისწინა მამაკაცის ასაკი, მისი რეპუტაცია და ის გარემოებები, რომელშიც დანაშაული მოხდა, თუმცა გივი ჭ-შვილი, რომელიც ციხის გზას საკუთარმა სიძემ გაუყენა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მაინც ვერ გადაურჩა. ის დანაშაულში, არც მეტი არც ნაკლები, საკუთარმა შვილმა ამხილა, რომლის უფლებების დაცვისთვის ემოციურ ფონზე ჩადენილი ქმედება მას ძვირად დაუჯდა.
როგორც საქმის მასალებით გახდა ცნობილი, ორი ქალიშვილის მამა, გივი ჭ-შვილი სოფელში პატიოსანი, მშრომელი ადამიანის სახელით სარგებლობდა. მას საკუთარი სახელოსნო ჰქონდა გახსნილი, სადაც რადიოტექნიკის და ტელევიზორების შეკეთებას ეწეოდა. უმცროსი ქალიშვილი – ნინო რვა წლის წინ გაჰყვა ცოლად 29 წლის კახი კ-ძეს, რომელიც გივი ჭ-შვილს სასიძოდ არ მოსწონდა. თუმცა, შვილის ნებას დაჰყვა და უმცროსი ქალიშვილის ქმარი სახლში საცხოვრებლადაც კი მიიღო. კახი კ-ძე მის ოჯახში სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ამ პერიოდში სიმამრი არაერთხელ გახდა ახალგაზრდა ცოლ-ქმრის კონფლიქტის მომსწრე. ბოლოს კი ურთიერთობა უკვე სიძე-სიმამრს შორისაც დაიძაბა. ოჯახური დრამები იმდენად გახშირდა, რომ გივი ჭ-შვილმა შვილსა და სიძეს მისი ბინის დატოვება მოსთხოვა. კახი კ-ძემ ცოლი და მცირეწლოვანი შვილი თავის მშობლებთან გადაიყვანა საცხოვრებლად. მას შემდეგ კი სიმამრი ისე მოიძულა, რომ ცოლს მშობლებთან აღარ უშვებდა. უფრო მეტიც, ნინო იძულებული გახდა, ქმრის ნებას დაჰყოლოდა, რომელიც მას მშობლებთან სატელეფონო კონტაქტსაც კი უშლიდა. ამას სიძე-სიმამს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავება მოჰყვა. მას შემდეგ კი, რაც გივი ჭ-შვილისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი სიძე ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელი იყო, მან რამდენჯერმე შეუთვალა შვილს: თუ ოჯახში დაბრუნება გსურს, პრობლემებს არ შეგიქმნით, გადმოდი შენს შვილთან ერთად და ჩვენთან იცხოვრეო. კახი კ-ძე სიმამრს სახლში მიუვარდა: ოჯახს მინგრევ და არ გაპატიებო. მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. სიძემ სიმამრს სახის არეში დაზიანებებიც მიაყენა, რაც არაერთი მეზობლის თანდასწრებით მოხდა. მოჩხუბრები მათი ჩარევის შედეგად დაზავდნენ. მეზობლებმა გივი ჭ-შვილს ურჩიეს, ეს კაცი თავს არ დაგანებებს და მომხადრის შესახებ პოლიციაში განაცხადეო, თუმცა ის ვერ დაითანხმეს.
ამ ისტორიიდან ერთი თვე იქნებოდა გასული, როცა კახი კ-ძე სიმამრს ქუჩაში შემთხვევით შეხვდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მოწმეთა განცხადებით, რომლებიც დაიკითხნენ როგორც გამოძიების მიერ, ასევე სასამართლო პროცესზე მისცეს ჩვენება, შეურაცხყოფილმა გივი ჭ-შვილმა სიძეს დაუთმო, თუმცა მათი კონფლიქტი საღამოს კვლავ გაგრძელდა. გივი ჭ-შვილის მეზობლის, ანზორ ს-შვილის განცხადებით, ის თავად გახდა მოწმე, როგორ მიუვარდა მთვარლი სიძე სიმამრს სახლში და ცდილობდა მისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას. ამონაწერი მოწმის ჩვენებიდან: „საღამო იყო. მე და გივი მის ჭიშკართან ვისხედით. სახლთან ტაქსი გაჩერდა. იქიდან კახი გადმოვიდა და არეული ნაბიჯებით ჩვენსკენ წამოვიდა. შორიდანვე ემჩნეოდა, რომ ნასვამი იყო. გივი მაშინვე წამოდგა და სახლში შევიდა. მივხვდი, რომ კახის მოსვლა ჩხუბით დასრულდებოდა, გივის სახლის კართან გავჩერდი. კახი ეზოში შესვლისთანავე აუხირდა, უშვერი სიტყვებით მიმართა. გივიმ უთხრა, წადი ჩემი სახლიდან და სადაც დაგილევია, იქ მოინელეო. ამის თქმა იყო და კახიმ სახეში ჩაარტყა. მე მაშინვე ეზოში შევვარდი. გივი ისეთი წყნარი და მშვიდი კაცია, მისგან ზედმეტ სიტყვას ვერ მოისმენ. კახიმ ისეთი სიტყვები უთხრა, ისეთი შეურაცხყოფა მიაყენა, რომ გივი წყობიდან გამოიყვანა. სანამ ჩხუბში ჩავერიე, გივის ხელში ნაჯახი დავინახე. აივნის ქვეშ შეშა ეყარა, იქვე ეგდო ნაჯახიც. გივიმ ნაჯახი აიღო და სიძეს, რომელიც მას თავს ესხმოდა, თავში ჩაარტყა. მახსოვს მისი სიტყვები: შენ კაცი ხარ, ცოლს დედ-მამას არ აჩვენებო?! ოღონდ ნაჯახის დარტყმამდე უთხრა, თუ მერე, ვერ ვიხსენებ. გივის ნაჯახი მე გამოვგლიჯე, კახის თავიდან სისხლი მოსდიოდა, თუმცა ჭრილობა მძიმე არ იყო. ნაჯახი ირიბად მოხვედროდა თავში. პირველი დახმარება მას მე და ჩემმა ცოლმა აღმოვუჩინეთ. გონზე რომ მოვიდა, გივის სახლი დატოვა. ორი-სამი საათი იყო გასული, გივისთან რომ პოლიცია მოვიდა. როგორც გავიგე, ჩვენება მამის წინააღმდეგ მისმა ქალიშვილმაც მისცა, რომელიც, როგორც მერე გაირკვა, ქმარმა აიძულა, ასე მოქცეულიყო და პოლიციაში კახისთან ერთად ისიც მომჩივანი ყოფილიყო.
გივი ჭ-შვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. მან დეტალურად აღწერა მომხდარის შესახებ. მოწმეთა დაკითხვით ცნობილი გახდა, რომ მას დანაშაულის ჩადენისკენ სიძემ უბიძგა, რომელსაც სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტიზის მიხედვით, მას სისხლში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველობა დაუდგინდა, რის გამოც ის გისოსსებს მიღმა მოხვდა. საქმის მასალების, მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, რომელიც ამტკიცებდა, რომ მამაკაცმა დანაშაული ემოციური აღელვების ნიადაგზე ჩაიდინა და იმ გარემოებების მიუხედავად, რაც ჩადენილ დანაშაულს ახლდა, გივი ჭ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სასამართლო პროცესზე განსასჯელის ადვოკატი მისთვის სასჯელის შემსუბუქებას მოითხოვდა. განსასაჯელის ინტერესებს იცავდა მთელი სოფელი, რომელიც სასამართლოსგან ნარკომანი სიძის მკაცრად დასჯას და გივი ჭ-შვილის გათავისუფლებას მოითხოვდა. მათი ჩვენებების მიხედვით, მამაკაცი დანაშაულის ჩადენის მომენტში სიძისგან იცავდა თავს. სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა კახი კ-ძეს ნარკოტიკის მოხმარებისთვის, გივი ჭ-შვილს კი, ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.