ფლორის სამყაროში
კითხვა: გინურას ფოთლებს წყალი რომ მოხვდეს, ხომ არ დააზიანებს?
პასუხი: მის ფოთლებზე წყლის დასხმა სასურველი არ არის. ეცადეთ, მორწყვისას წყალი პირდაპირ მიწაზე ან ლამბაქზე დაუსხათ. ზაფხულობით მისი მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს. ზამთარში კი იშვიათად მორწყეთ.
კითხვა: როგორი სახის შეიძლება იყოს სურო?
პასუხი: სურო ძალიან მრავალფეროვანია, შესაბამისად, სხვადასხვაგვარია მისი ფოთლების ზომა და ფორმა: ბუჩქოვანი, ხვიარა ან დაკიდებული. რაც შეეხება მის ფერს, შეიძლება შეხვდეთ მწვანეს, ყვითელსა და თეთრს.
კითხვა: როგორი სინათლე მოსწონს ჰიპოესტესს?
პასუხი: თუ გსურთ, რომ ამ მცენარემ მკვეთრი ფერები მიიღოს, კაშკაშა სინათლეზე დადგით. ზაფხულში მზეს მოარიდეთ, ზამთარში კი – პირიქით, ყველაზე მეტად სჭირდება მზე.
კითხვა: როგორ ავაყვავო გარდენია ხელმეორედ?
პასუხი: გარდენია განთქმულია თავისი ულამაზესი ყვავილებით. მართალია, მისი გაზრდა რთული არ არის, მაგრამ, ძნელია მისი ხელმეორედ აყვავება. ამისათვის საჭიროა სტაბილური ტემპერატურა და ტენიანობა. ტემპერატურის უეცარმა ცვლილებამ, ორპირმა ქარმა და ცვალებადმა ტენიანობამ შეიძლება მცენარეს კოკრები დააყრევინოს, ამიტომ მას ძალიან დიდი ყურადღება და კარგი მოვლა სჭირდება. შესაძლებელია ის მეორედ ვეღარ ააყვავოთ და ახალი მცენარის შეძენა მოგიწიოთ.
კითხვა: როგორ მოვუარო ფიტონიას?
პასუხი: ფიტონიასთვის აუცილებელია სითბო და მაღალი ტენიანობა. ზაფხულის თვეებში, მცენარის აქტიური ზრდის პერიოდში, ფიტონია მორწყეთ გაზავებული ბალანსირებული სასუქით. ზედმეტ წყალს ნუ დაუსხამთ, განსაკუთრებით – ზამთარში, თორემ, შეიძლება ღეროები დაულპეს. ზაფხულობით მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს, მაგრამ, არა სველი. კარგი იქნება, თუ მცენარეს ქილაში ან აკვარიუმში ჩადგამთ.
კითხვა: როგორი პირობები უნდა შევუქმნა აგავას, რომ კარგად გაიხაროს?
პასუხი: ამ მცენარეს განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება, ის ზამთრის დაბალ ტემპერატურასაც კი უძლებს. მთავარია, მშრალ ადგილას არ დადგათ. როდესაც მცენარე ზრდის პერიოდში იქნება, რეგულარულად მორწყეთ, ზამთარში კი ყურადღება მიაქციეთ, რომ მიწა მთლიანად არ გამოშრეს. მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა უნდა აცადოთ.
კითხვა: როგორ მოვახერხო, რომ ადიანტუმი მალე გაიზარდოს?
პასუხი: ადიანტუმისთვის ფორმის მიცემა ძალიან იოლია. თუ გსურთ, რომ სიმაღლეში მალე გაიზარდოს, ტენი არ უნდა მოაკლოთ. თუ მისი ფორმა აღარ მოგეწონებათ, შეგიძლიათ, გაკრიჭოთ – ან ყველა რტო ძირში მოაჭრათ – ახალი ყლორტები მალე ამოუვა. გირჩევთ, ეს გაზაფხულზე გააკეთოთ.
კითხვა: შეიძლება ალოეს ხშირი მორწყვა?
პასუხი: : ალოეს ზაფხულში მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს, მაგრამ, ზედმეტი წყალი არ მოგივიდეთ – შეიძლება ამით მცენარე დაზიანდეს. მჭიდროდ ჩარიგებულ ფოთლებს წყალი არ მოახვედროთ. ორ კვირაში ერთხელ მიაწოდეთ გაზავებული, ბალანსირებული თხევადი სასუქი. ალოეს ზამთარში უფრო იშვიათად სჭირდება წყალი, თუმცა, მიწის გამოშრობაც არ არის სასურველი. ამ დროს დამატებითი კვებაც არ სჭირდება.