კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიყვარული ნისიად

ვერიკოს 5 საათამდე ეძინა. თვალი რომ გაახილა, ვერც კი მიხვდა, სად იყო; ვერც ის გაიხსენა, დილა იყო თუ საღამო, მოკლედ, დროისა და სივრცის შეგრძნება დაკარგა. რამდენიმე წუთს იწვა ასე გაშტერებული, მერე თავს ძალა დაატანა, თვალები მოიფშვნიტა და წამოჯდა. საათს რომ დახედა, გაოცებისგან დაუსტვინა – ასე ბავშვობაში იცოდა ხოლმე. სტვენა ბიჭებმა ასწავლეს. თვითონ ძალიან მოსწონდა, მამა იცინოდა, დედა კი კატეგორიულად უკრძალავდა. როგორც კი ყურს მოჰკრავდა, როგორი დაკავებულიც არ უნდა ყოფილიყო, თავს წამოადგებოდა ხოლმე – სტვენა რა გოგოს საქმეა, მეორედ აღარ გავიგონოო. ახლაც ასე მოხდა – მეგიმ იმწამსვე შეაღო შვილის ოთახის კარი და აღშფოთება ვერ დამალა:
– რით ვერ გადაეჩვიე, პატარა ბიჭი ხარ თუ პოლიციელი?
– კარგი, რა, დედიკო, ქუჩაში ხომ არ ვუსტვენ? – მთქნარებით თქვა ვერიკომ და გაიზმორა, – იმდენი მეძინა, სულ მთლად მოვითენთე, ადგომის თავიც კი არ მაქვს.
– გინდა, ყავა მოგიტანო? – თემა შეცვალა დედამ, – სანამ შენ ნებივრობდი, ხაჭაპური გამოგიცხვე. თუ გინდა, გაგიფიცხებ.
– როდის მოასწარი? – ვერიკომ კიდევ ერთხელ დაამთქნარა, თმა ხელით შეისწორა და ბანცალით წამოდგა საწოლიდან, – არა, სამზარეულოში გამოვალ და მარტო ყავას დავლევ, მერე კი თავს მოვიწესრიგებ, თორემ, მგონი, ალს ვგავარ.
 – რამე მოიცვი, არ გაცივდე. სანამ გამოხვალ, ყავას მოგიდუღებ.
– კარგი, – ვერიკომ სკამზე გადაკიდებული ხალათი მოიცვა და მობილური აიღო, – ერთი ვნახოთ, ვინმემ ხომ არ დამირეკაო, – ჩაილაპარაკა, მერე ღილაკს თითი დააჭირა და გაოცებით წამოიძახა: – უცნობი ნომერია! ხუთჯერ აქვს დარეკილი, ნეტავი ვინ არის? – კიდევ დააჭირა თითი ღილაკს და პირველივე ზარის შემდეგ თეას ხმა გაიგონა:
– რა გჭირს, სად დაიკარგე, ხომ მშვიდობაა?
– ჰო, მშვიდობაა. უბრალოდ, მე და დედაჩემმა ღამე ლაპარაკში გავათენეთ და მერე ისე მკვდარივით მეძინა მთელი დღე, ზარის ხმაც კი არ გამიგია. დღეს მე თვითონ ვაპირებდი შენთან დარეკვას და ბოდიშის მოხდას, არ გამომივიდა კარგად...
– სისულელეებს ნუ ლაპარაკობ, ყველაფერი ძალიან კარგად გამოგივიდა. იმ ტუტუცის ატანა აღარ შემეძლო, იმას ვფიქრობდი, როგორ მოვიშორო უმტკივნეულოდ-მეთქი და შენ ცოტათი წამეხმარე, მეტი არაფერი.
– მართლა არა ხარ ნაწყენი?
– არა-მეთქი, დედას გეფიცები.
– მაშინ, ჩემთან გამოდი, დედაჩემსაც გაგაცნობ და მის გამომცხვარ საფირმო ხაჭაპურსაც გაჭმევ.
– ახლა?
ვერიკომ პაუზა გააკეთა და მერე მორიდებით უთხრა:
– არა, ერთ საათში. ხუთი წუთის წინ გავიღვიძე და, ცოტა გონზე თუ არ მოვედი, ლაპარაკის თავი არ მაქვს.
– თუ გინდა, ხვალ მოვალ.
– არა, დღეს, ერთ საათში. კარგი?
– კარგი, ერთ საათში შენთან ვარ, – თეამ ყურმილი გათიშა და რამდენიმე წამში ისევ დაურეკა სიცილით:
– შენ ჭიჭიკიაზე ერთი ძველი ანეკდოტი იცი?
– რა ანეკდოტი? – დაიბნა ვერიკო.
– მისამართთან დაკავშირებით, – ჩაიკისკისა თეამ.
– არა... რა მისამართთან? – ვერიკო ცოტა დაიძაბა – ვერ მიხვდა, თეა აშაყირებდა თუ მართლა რაღაც ანეკდოტს ახსენებდა.
– რა და, ჭიჭიკიამ ბიჭიკია თავისთან დაპატიჟა – გამეიარეო. ბიჭიკიამ ჰკითხა, სად ცხოვრობო. ჭიჭიკიამ – მაგი არაა შენი საქმე, შენ გამეიარეო.
– უი, მისამართი არ მითქვამს? – ჩაბჟირდა ვერიკო, – ეგ ანეკდოტი, მგონი, ჩემი ბავშვობისდროინდელია, საიდან გაგახსენდა?
– ბოლოს და ბოლოს, მეტყვი თუ არა მისამართს? – სული რომ მოითქვა, ჰკითხა თეამ.
ვერიკომ მისამართი უთხრა და, უკვე გამოფხიზლებული, სწრაფი ნაბიჯით გავიდა სამზარეულოში. მეგის კოხტად ჰქონდა მაგიდა გაწყობილი, ახალდასხმულ ყავას კი სურნელოვანი ოხშივარი ასდიოდა. ვერიკომ სასწრაფოდ დაავლო ხელი პატარა ფინჯანს და ქაფქაფა ყავა არაყივით გადაკრა.
– გამოგეფუფქება გულ-მუცელი, რას შვრები! – შეჰყვირა დედამ.
– არ გამომეფუფქება, ხომ იცი, რომ ძალიან ცხელი ყავა მიყვარს, – მერე ვერიკომ ხაჭაპურის ნაჭერს წვეტი მოაკბიჩა და ფაციფუცით გავარდა აბაზანისკენ.
– დაჯექი, ადამიანო და შეირგე ლუკმა, რას დარბიხარ? – გაბრაზდა მეგი.
– დე, ერთ საათში თეა მოვა ჩვენთან და ეს ყველაფერში ჩემს ოთახში გაგვიწყვე, რა!
მეგის აღარაფერი უთქვამს, რაც ჰქონდა მაცივარში და კარადაში, ყველაფერი ლამაზად დააწყო სინებზე და შვილის ოთახში გაიტანა.
***
ორშაბათს ვერიკო ადრიანად მივიდა სამსახურში – რაღაც წვრილმანი საქმეები ჰქონდა დასამთავრებელი და ძალიან გაუკვირდა, თეა უკვე მისული რომ დახვდა.
– როგორ ხარ? – შინაურულად გაუღიმა და თავისი ოთახისკენ გასწია.
– რაც შენგან წამოვედი, იმის მერე კარგ ხასიათზე ვარ. ძალიან ლამაზი დედა გყოლია, თან, ნამდვილი არისტოკრატი. ვგიჟდები ასეთ ქალებზე, – ვერიკომ იგრძნო, რომ თეა აბსოლუტურად გულწრფელი იყო და ესიამოვნა.
– დედაჩემსაც ძალიან მოეწონე.
– მართლა? – გაუხარდა თეას, – რაო, რა თქვა ჩემზე?
– ძალიან ჭკვიანი და განათლებული გოგო ჩანს, თან, ლამაზიც არისო.
მეგიმ მართლა ასე უთხრა შვილს და ამიტომ ვერიკოს არ მოუწია ზრდილობის გამო სასიამოვნო ტყუილის შეთხზვა.
ცოტა ხანს კიდევ ილაპარაკეს არაფერზე და მერე ორივე თავის საქმეს შეუდგა. ერთ საათში თანამშრომლებმა დაიწყეს მოსვლა, 12 საათისთვის კი გენოც გამოჩნდა, ამაყი სახით ჩაუარა მის დანახვაზე გაჩუმებულ ქალებს და თავის კაბინეტს მიაშურა. შეიკეტა თუ არა კარი, უზარმაზარ ოთახს, რომელშიც ოცამდე ქალი და ხუთიოდე ახალგაზრდა მამაკაცი უსხდნენ კომპიუტერებს, უცებ ამოვარდნილი ქარივით გადაუარა ჩურჩულმა, რომელიც ნელ-ნელა გაძლიერდა და მალე შეკავებულ გნიასში გადაიზარდა. ბიჭებიდან ორმა, რომლებიც გვერდიგვერდ ისხდნენ, ჯერ აკრიახებულ ქალებს მოავლეს თვალი, მერე ერთმანეთს შეხედეს და უცებ სიცილი აუტყდათ.
– აუ, ამათ რაღა დააწყნარებს! – უკმაყოფილოდ თქვა ერთმა, – ისედაც პახმელია ვარ და თავი მისკდება.
– ერთი ხუთი წუთი მოიცადე და გაჩუმდებიან, – უპასუხა მეორემ ისე, რომ თავისი კომპიუტერის ეკრანისთვის თვალი არ მოუშორებია.
– ვითომ?! – დაეჭვებით იკითხა პირველმა.
– აგერ ნახავ, – ისევ ეკრანზე თვალმოუშორებლად უპასუხა მეორემ.
მართლაც, ხუთი წუთიც არ იყო გასული, რომ ერთმანეთის მოპირდაპირე კუთხეებიდან სამი გოგო ადგა. ერთს ყავის ჭიქა ეჭირა ხელში, მეორეს – ქაღალდებით სავსე ფაილი, მესამეს სულაც არაფერი და, შესაბამისად, არაფრისმთქმელი, საქმიანი და შეწუხებული სახეებით ერთი მიმართულებით დაიძრნენ, დანარჩენები კი შეთანხმებულებივით გაისუსნენ და შურიანი, გამკილავი, დამცინავი და კიდევ მრავალნაირი მზერა გააყოლეს ტანის რხევით მიმავალ სამეულს. ყველა მათ უყურებდა, ერთის გარდა, რომელიც ძალიან მონდომებული სახით კრეფდა კომპიუტერზე რაღაც ტექსტს და სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა.
– სად მიდიან? – ისე ჩუმად იკითხა პირველმა ბიჭმა, რომ, მეორემ კი ვერ გაიგონა, უბრალოდ, მიხვდა, რა ჰკითხეს და პასუხად საჩვენებელი თითი მიმართა ჭერისკენ (იდეაში – ზეცისკენ) და ეს ჟესტი სახის მრავალმნიშვნელოვანი მიმიკით გააძლიერა.
– ჰმ?! – მიხვდა პირველი.
– ჰმ! – დაეთანხმა მეორე, თვალით ანიშნა, გოგოებს გახედეო და ორივემ ერთად მოავლო თვალი გასუსულ ქალებს.
– რა ხდება? – ბოლომდე მაინც ვერ მიხვდა პირველი.
– მაგას, ანუ შედეგს, დღის მეორე ნახევარში გავიგებთ, – აუხსნა მეორემ.
– იმასთან რა უნდათ? სხვებიც შემიმჩნევია ხოლმე... – პირველი ახალი თანამშრომელი იყო და აქაური „სისტემისა“ ჯერ არაფერი გაეგებოდა.
– აბეზღებენ ხოლმე, – ცოტა სევდიანად უპასუხა მეორემ.
– ვის? – ისევ ვერ მიხვდა პირველი.
– ყველას: ერთმანეთს, მე, შენ, ტექნიკურ პერსონალს... დამლაგებელსაც კი, თან, განსაკუთრებით დაწვრილებით უყვებიან იმათ პირად ცხოვრებასა და ინტიმურ ამბებს, ვინც თითოეულ მათგანს თავის კონკურენტად მიაჩნია, ოღონდ, რა თქმა უნდა, ნახევარზე მეტი ტყუილია, მათივე გამოგონილი.
– რის კონკურენტად, ვაკანსიაა რამე თანამდებობაზე? – მთლად დაიბნა პირველი.
– ბიჭო, შენ დაწყებითი კლასების დამთავრების შემდეგ დაიწყე აქ მუშაობა? საერთოდ აზრზე არა ხარ, რაებიც ხდება ცხოვრებაში? რა თანამდებობა!.. თუმცა, ჰო, გარკვეულწილად, თანამდებობაა – დროებითი საყვარლის, რომელსაც მუდმივი ცოლის თანამდებობაზე გადაყვანის დაუოკებელი სურვილი და უზარმაზარი იმედი აქვს. ამიტომაც, ყველაფერს კადრულობენ – ხომ გაგიგია, მიზანი ამართლებს საშუალებასო.
– მაშ, გენოზეა ნადირობა? – სიცილი აუტყდა პირველს, – რამდენია კონკურენტი?
– სულ მცირე – ამათი ნახევარი.
– ანუ, გამოდის, რომ ყოველდღე ამათ ქასთინგებს უნდა ვუყუროთ? ყველამ ერთად რომ მოინდომოს შესვლა?
– რა გინდა, გაერთობი. თან, გენოს მდივანიც საქმეშია გასული და მხოლოდ თითო-თითოს უშვებს თავისი შეფის კაბინეტში, ისიც, ათ-ათი წუთით.
– აუ, ამათი გაძლება არ გინდა?! – პირველმა უჯრიდან „ბორჯომი“ ამოიღო პატარა ბოთლით, მოიყუდა და თან ისევ გადახედა ქალებს.
– დღეს მაკამ გაიმარჯვა მარათონში, – ჩუმად თქვა მეორემ და ჩაიცინა, – ეგ უფალი გენოს ფავორიტი ნაშაა და კარგა ხანს აღარ გამოვა იქიდან, – მერე თვითონაც მოავლო დარბაზს თვალი და პირველს უთხრა: – ხედავ, რა შურიანები არიან ქალები? უკლებლივ ყველამ მიატოვა საქმე და ლამის ენაგადმოგდებულები ელიან, როდის და როგორი გამოვა მაკა იქიდან.
– ყველა არა, – არ დაეთანხმა პირველი, – საბედნიეროდ, არის ამ დარბაზში თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც ჭორებზე და ქალურ შურზე მაღლა აღმოჩნდა.
– მართლა? აბა, რომელი?
პირველმა ფანჯარასთან მჯდარ გოგოზე მიუთითა, რომელიც ყურადღებას არ აქცევდა, რა ხდებოდა მის გარშემო და ისევ დინჯად კრეფდა კომპიუტერზე რაღაც ტექსტს.
– ნახე? რამდენი ხანია, ვუყურებ და, თავიც არ აუწევია, ისე მუშაობს. ჩანს, წესიერი ადამიანებიც არსებობენ!
მეორემ მითითებულ მხარეს გაიხედა და ისე გაიცინა, რომ ქალებს არ შეემჩნიათ.
– რას ფხუკუნებ? – დაინტერესდა პირველი.
– ეგ შენი „წესიერი ადამიანი“ ამათ შორის ყველაზე ეშმაკი და ჭკვიანია. შენ გგონია, ახლა სამსახურის საქმეს აკეთებს?
– აბა?
– პირდაპირ კომპიუტერით უგზავნის თავის მოპოვებულ მასალებს ყველას შესახებ. იმდენად ჭკვიანია, რომ სხვის დასანახავად გენოსთან არასდროს შედის და, შესაბამისად, მტრებსაც არ იჩენს. და რადგან აქ მყოფ ქალებს ჰგონიათ, რომ ტატას გენო იმიტომ არ აინტერესებს, რომ უფრო მდიდარი საყვარელი ჰყავს, თავის საიდუმლოსა და გულისნადებს მას უმხელენ და, როგორც ჭკვიან ქალს, რჩევასაც ეკითხებიან. ვის რა რჩევებს აძლევს, აზრზე არა ვარ, მაგრამ, მაგრად სათავისოდ რომ იყენებს ამ შენიღბული პუტანკების მიწოდებულ ინფორმაციებს, ეგ ზუსტად ვიცი.
– შენ საიდანღა იცი ამდენი? – დაეჭვდა პირველი.
– ისევ ამათგან. იციან, რომ მე ნაღდად არ გამოვდგები კონკურენტად და გულის დარდებს მიყვებიან ხოლმე; მოკლედ, დაქალი გავხდი, – მეორეს ცოტა ხმამაღლა მოუვიდა გაცინება და შემკრთალმა გახედა ქალებს, მაგრამ მისთვის არავის ეცალა ტატას გარდა – მხოლოდ მან გამოხედა მკაცრი სახით.
– მგონი, დაგვერხა, – უთხრა პირველს და უსიამოვნოდ შეიჭმუხნა სახე.
– რატომ?
– ტატა გვიყურებდა და აშკარად მიხვდა, რომ ვღადაობდით. ამიტომ, არ გაგიკვირდეს, რომ ხვალ დილიდან ახალი სამსახურის ძებნა მომიწიოს.
– რატომ?
– გული მიგრძნობს, რომ დღევანდელ გაგზავნილ ტექსტში მეც ვიქნები მოხსენიებული, თან, ჩემთვის ფრიად უსიამოვნო ეპითეტებით.
– რას გერჩის?
– აქ რომ მოვედი, ძალიან ბანძურად დამიწყო ჩალიჩი და პირდაპირ ვუთხარი, შენნაირი გოგოები არ მომწონს-მეთქი.
– დედა შეგიგინებია და ვერ მიმხვდარხარ.
– ჰო, ვაღიარებ, ძალიან ცუდად გამომივიდა. ჩემი უტაქტობით დაუძინებელი მტერი შევიძინე. მიუხედავად იმისა, რომ ორ დღეში „გადაერთო“ გენოზე ნადირობაზე, მე მაინც ამოჩემებულად მემტერება და, ცდილობს, არ გამახაროს.
– ერთი ეს გამაგებინე, ამ სამსახურში ერთი ნორმალური და წესიერი გოგოც არ მუშაობს? – პირველი აშკარად დაიძაბა და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო.
– როგორ არ მუშაობს, მაგრამ, ისინი ბევრს ვერაფერს გიშველიან.
– რა მჭირს საშველი? – კიდევ უფრო დაიძაბა პირველი.
– რა და, ტატა ახლა შენც გიყურებდა და, ეჭვი მაქვს, რომ დასაბეზღებელთა სია კიდევ ერთი კაცით გაიზრდება.
– ღადაობ? – შეშინებული ხმით იკითხა პირველმა და, როდესაც მეორემ თავი გაუქნია – არაო, ფეთიანივით წამოხტა, მაგიდაზე დაგდებულ სანთებელას ხელი დაავლო და ფოიესკენ გავარდა.
მეორემ ღიმილით გააყოლა თვალი დამფრთხალ თანამშრომელს და თავის კომპიუტერს მიუბრუნდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3