როდის გაედინება ადამიანის სასიცოცხლო ენერგია კოსმოსში და რატომ არ უნდა მოექცეთ სხვისი გავლენის ქვეშ
ნებისმიერ ადამიანს სურს, დაცული იყოს გარემო უარყოფითი ფაქტორებისგან; მეტად უმართლებდეს; აიცილოს შესაძლო საფრთხეები და ასე შემდეგ. ჩვენს სხეულს გარშემო სპეციალური გარსი აკრავს, რომელიც ჩვენსავე დაცვას უზრუნველყოფს და, მისი დარღვევის შემთხვევაში, უამრავი პრობლემა იჩენს თავს.
დღეს ბევრს აინტერესებს, თუ საიდან იღებს ენერგიას ჩვენი ბიოველი; რატომ იცვლის ის ფერს განწყობის მიხედვით; როგორ უნდა გავწმინდოთ სახლი უარყოფითი ენერგიებისგან და ასე შემდეგ. ამ კითხვებს ის ადამიანები სვამენ, ვინც ასტროლოგიურ საკითხებში ოდნავ მაინც არიან ჩახედულები.
ადამიანს სხეულის გარშემო აკრავს დამცავი გარსი, ანუ, ეგრეთ წოდებული ენერგოინფორმაციული ველი. ის კოსმიური ძალების ზეგავლენით იცვლება, თვალით უხილავია და გვიცავს გარე ძალების არასასურველი ჩარევისგან. სუფთა და უბოროტო ადამიანის ბიოველის გარღვევა და დაზიანება ძალიან რთულია. შესაბამისად, ასეთი ადამიანები მეტად დაცულები არიან გარე ფაქტორების ნეგატიური ზემოქმედებისგან, ანუ, ასეთი ადამიანების ბიოველში ნეგატიური ინფორმაციის შეტანა რთულია.
საერთოდ, აურა ადამიანის გარშემო მანათობელი გარსია, რომელიც ამა თუ იმ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიხედვით იცვლის ფერს; ბიოველი კი, იგივე აურაა, რომელიც სიმეტრიულად არის განაწილებული ადამიანის სხეულის გარშემო. ადამიანს აქვს ფარული ენერგიების დიდი მარაგი, რაც ხშირად ფიზიკურ ამტანობაში ვლინდება. ექსტრემალურ სიტუაციაში ორგანიზმში იღვიძებს ფარული რეზერვები, უმჯობესდება ტვინის მუშაობა, მახვილდება ყნოსვა და სმენა. რაც შეეხება ადამიანის ბიოველის ფერს, ის ფერს იცვლის ადამიანის განწყობის მიხედვით. ბიოველს თავისი ფერები აქვს. ბიოველის დარღვევა და დეფორმირება კი იწვევს ისეთ დაავადებებს, რომელთა განკურნებაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია. დარღვევები შთამომავლობით, შვილებსა და შვილიშვილებზე გადადის და ეს გადაცემა ენერგეტიკულ დონეზე ხდება. დადებითი ემოციები ზრდის ბიოველს. მაგალითად, თუ ადამიანი ადვილად ექცევა სხვისი ენერგეტიკული ზემოქმედების ქვეშ, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, იღებს თვალს და დადის გათვალული, მისი აურა თანდათან დეფორმირდება, ირღვევა და სასიცოცხლო ენერგია კოსმოსში გაედინება. ენერგიის გაცვლა-გამოცვლა ბუნების დაუწერელი კანონია და, ნებისმიერი ენერგეტიკული გამონატყორცნი, დადებითი იქნება ის თუ უარყოფითი, ყოველთვის თავის უპირველეს წყაროს უბრუნდება.
რწმენა, სიყვარული, იმედი, სიხარული და სხვა დადებითი გრძნობები და განცდები, ადამიანს ენერგეტიკულად აძლიერებს; ხოლო, უიმედობა, შიში, დეპრესია, შური, ეჭვიანობა თუ სამაგიეროს გადახდის სურვილი – ენერგიას აკარგვინებს და ბიოველს უსუსტებს. მობილური ტელეფონი, ტელევიზორი, კომპიუტერი და სხვა ტექნიკა ჩვენს აურას საგრძნობლად ასუსტებს. ამის გამო უამრავი დაავადება იჩენს თავს, რომლებიც ბიოველის დასუსტებით არის გამოწვეული. თქვენ წარმოიდგინეთ, რამხელა უარყოფითი ენერგიების ნაკადი გროვდება ჩვენს ბინებში, სადაც ტელეფონიც არის, ტელევიზორიც და კომპიუტერიც. ამიტომ, აუცილებელია, გაწმინდოთ ბინის ბიოველი, ანუ აურა. მილეული მთვარის პერიოდში, ღამით, გააღეთ ფანჯრები და კარი, საიდანაც ბინაში შემოვა სუფთა ჰაერი და მას კოსმოსიდან შემოჰყვება მილეული მთვარის ენერგეტიკა, რომელიც ბინის აურაზე დადებითად მოქმედებს. რაც შეეხება ადამიანის აურას, მთავარია, იზრუნოთ, რომ ის არ დაზიანდეს და არ დეფორმირდეს. ამისთვის კი გირჩევთ, არ ჩაიდოთ გულში ბოღმა, შური და სამაგიეროს გადახდის სურვილი; იყავით მეტად ოპტიმისტი, შეინარჩუნეთ სტაბილურობა და ასე დაეხმარეთ საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. იყავით უბოროტო და სუფთა, რათა ბოროტმა ადამიანებმა ვერ მოახერხონ თქვენი ბიოველის გარღვევა, მასში ნეგატიური ინფორმაციის შეტანა და ამით თქვენი დასუსტება.