როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
გამდლიშვილი
გვარის ფუძეა გამეზარდა. მისგანაა გამზრდელი, გამდელი და, ამათგან კი, გვარი – გამდლიშვილი.
გამდლიშვილები იყვნენ აზნაურები.
„გამდლიშვილები, თავიანთი ახოთი და ვენახით, დარჩა ნასყიდა დოლმაზაშვილს, 1696 წელს“.
გამდლიშვილი ველია, იოსებ და მამუკა, სახუნდარაში მცხოვრებლები, მოიხსენიებიან მეჩვიდმეტე საუკუნეში.
კახეთში, კერძოდ კი ანთოქში, მოიხსენიებიან გამდლიშვილის ყმები.
საქართველოში 223 გამდლიშვილი ცხოვრობს: გორში – 102, თბილისში – 78, გურჯაანში – 43.
ყარაგვეზაშვილი-ყარაგოზაშვილი
გვარი ყარაგვეზაშვილის ფუძეა თურქული საკუთარი სახელი ყარაგვეზ. იგივე სახელი დაედო ფუძედ გვარებს: ყარაგოზაშვილი და ყარანგოზაშვილი.
ანალოგიური წესითაა ნაწარმოები რიგი ქართული გვარები. ასეთებია: ყარაშვილი, ყარალაშვილი, ყარაბუდახაშვილი, ყარაჯაშვილი, ყარყარაშვილი. გვარი – ყარაშვილი, ყარალაშვილი, კახეთის თავად-აზნაურთა საგვარეულო გახლდათ. ყარაბუდახაშვილები, ბუდახაშვილები და ბუდაღაშვილები კი ქვემოქართლელი მემამულეების გვარებია; ყარაჯაშვილს ფუძედ აქვს გამოყენებული თურქული მეტსახელი ყარაჯა, იგივეა, რაც შავი, შავგვრემანი.
გვარი ყარაბუდახაშვილი იგივეა, რაც შავტოტაშვილი (ბუდახა იგივეა, რაც ტოტი, რტო).
გადმოცემით, ყარყარაშვილთა ძველი გვარი ნაკაშაშვილი იყო. მათი წინაპარი ბატონს გამოჰქცევია, თან ერთი ყარყარა ლიტრით ოქრო წამოუღია და ამის გამო შეურქმევიათ ყარყარაშვილი.
საერთოდ, ყარანგოზაშვილები დუშეთიდან არიან, ფლობდნენ იქ მიწა-წყალსა და ყმა გლეხებს. იქვე იყო მათი წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია. მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში ისინი დიდი სახელითა და გავლენით სარგებლობდნენ. ამის მაგალითად შეიძლება დავასახელოთ დუშეთის თავკაცი – ერთეოს ყარანგოზაშვილი.
გვარი ყარანგოზაშვილი არაგვის ერისთავთა ერთ-ერთი ლამაზი ასულიდან მომდინარეობს. თათართა შემოსევისას მათ წინ შემოხვედრიათ ლამაზი გოგონა; გაკვირვებულებს უკითხავთ, ვინაა ეს გოგო, რა ჰქვიაო და თავადვე გაუციათ პასუხი: ყარანგოზია, ანუ შავთვალა, შავგვრემანიო. სწორედ ეს გამხდარა იმის საბაბი, რომ ერისთავიდან ყარანგოზაშვილი გაჩენილიყო.
საქართველოში 26 ყარაგოზაშვილი ცხოვრობს: დედოფლისწყაროში – 19, თბილისში – 6, ახალციხეში – 1.
სერგია
გვარი სერგია მომდინარეობს მამაკაცის საკუთარი სახელიდან – სერგი. გვხვდება, ასევე, საკუთარი სახელი სერგია.
არსებობს სასერგიო, ანუ, უბნები ზემო საფარცვანოსა და ციზეთში.
1569 წელს შედგენილ შეწირულობის წიგნში აღნიშნულია, რომ ხოფის ღვთისმშობლისთვის შეუწირავთ კაკულია სერგია.
1616-1621 წლებში „საცაიშლო დავთარში” დასახელებულნი არიან ცაიშის მცხოვრებლები: მასხულია სერგია, ხუხული სერგია, ჯგევშია სერგია, გეგელია სერგია, ხუხულია სერგია, გვანობა სერგია და ასე შემდეგ.
„სერგი ლათინურიდან ნასესხები სახელია. მისი კნინობითი ფორმაა სერგია და ის გვარადაც გვხვდება”, – წერს ზურაბ ჭუმბურიძე.
საქართველოში 365 სერგია ცხოვრობს: თბილისში – 44, სენაკში – 37, ზუგდიდში – 20. არიან სხვაგანაც.
არდიშვილი
არდიშვილის ფუძეა საკუთარი სახელი არდი, რაც ურარტუს ქვეყანაში მზის ღვთაების სახელია. მზეს ქართულად ოდესღაც „არდი” უნდა რქმეოდა. სიტყვა „არდადეგი” კი მზის დგომის დღეს აღნიშნავდა.
1886 წლიდან სოფელ წინწყაროში არდიშვილები ბერძნებად არიან ჩაწერილები და არუდოვის გვარს ატარებენ.
არდიშვილები მცირერიცხოვანი გვარია.
საქართველოში 29 არდიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 15, ქუთაისში – 14.
ასათაშვილი
გვარის ფუძეა არაბული სიტყვა – ასათ, რაც ქართულად ლომს ნიშნავს. აქედანაა ნაწარმოები გვარები: ასათაშვილი, ასათიანი.
გვხვდება, ასევე, საკუთარი სახელი ასათა.
ასათაშვილის გვარის ძველი ფორმაა ასათისძე. ვახუშტი „მთავართა გვართათვის” წერს: „... ხოლო გვარნი მთავართა, მათ ძველთანი არიან ასათისძე, კარიჭისძე, ქობულისძე”.
მეფე დავით მეათის განჩინებით, ბარათაშვილთა გაყრისას, 1523 წელს, გერმანოზსა და მის ძმებს ენაგეთში შეხვედრიათ ასათაშვილი.
დემეტრე ასათაშვილი კი მოიხსენიება 1741 წელს, პირობის წიგნში, რომელსაც გრიგოლ ჩოლოყაშვილი აძლევს ფშაველებს.
სოფელ ენაგეთში 1756 წელს დაფიქსირებული არიან გაბრიელ, გიორგი, დავით და პეტრე ასათაშვილები, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ ოჯახებით.
საქართველოში 107 ასათაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 77, თბილისში – 20, თელავში – 10.
ფხაკაძე
გვარის წარმოშობის ადგილად მიჩნეულია ფარცხანაყანევი, წყალტუბოს რაიონი.
ისტორიულ წყაროებში დაფიქსირებულია შიო ფხაკაძე – „ფარცხანაყანევს მცხოვრები, გიორგი მეფემ შესწირა გულათს ულუხან ლორთქიფანიძის სამწირველად და დააკისრა ოცი კოკა ღვინო და ათი საკლავის თეთრი“ (1573 წელი).
გვხვდება გვარები: ფხიკაძე, ფხეკია.
გვარის ფუძედაა მიჩნეული მეტსახელი ფხაკა.
ალექსანდრე ღლონტი, წიგნში – „ქართველური საკუთარი სახელები“ – წერს: „ფხაკა – მეტსახელი გვარში ფხაკაძე“...
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის ფხაკაძეთა გვარს 129-ე ადგილი უკავია.
გვაქვს, აგრეთვე, ქართული გვარი – ფხაკალაშვილი.
საქართველოში 3 979 ფხაკაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 1 784, წყალტუბოში – 1 165, თბილისში – 512. არიან სხვაგანაც.
ტიკურიშვილი-ძერყორაშვილი
ტიკურიშვილის გვარის ფუძედ გამოყენებულია სახელი ტიკარა. ვარაუდობენ, რომ ეს სახელი ტიკთან არის დაკავშირებული – ტიკის გამომყვანი, გამკეთებელი, ესე იგი, ხელობა-საქმიანობის გვარი უნდა იყოს. ამავე ფუძითაა წარმოქმნილი ტიკარაძე, ტიკარიძე, ტიკაძე, ტიკიშვილი, ტიკურაშვილი.
ტიკურიშვილები მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ჩანან დღევანდელი თეთრიწყაროს რაიონის სოფელ გოლთეთში. 1873 წლის აღწერით, მებატონე ანტონ ყორღანაშვილის დროებით ვალდებულ გლეხებად მოიხსენიებიან ანდრე, ზურაბ და გაბრიელ ტიკურიშვილები. გოლთეთში მოსვლისას ტიკურიშვილებს გვარი შეუცვლიათ, აქ მოსვლამდე მათი ადრინდელი გვარი ძერყორაშვილი ყოფილა. ძერ-ყორა-შვილები ახალგორის მხარიდან გადმოსულან.
ძერყორაშვილ-ტიკურიშვილებიდან გაჩენილი გვარებია: ბეკარიშვილი, მახარაშვილი, ხრიკული. მახარაშვილი არის დამოუკიდებლად გაჩენილი გვარიც.
საქართველოში 48 ძერყორაშვილი ცხოვრობს. ახალგორში – 35, თბილისში – 8, რუსთავში – 5.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით