ინტიმური საუბრები
მშობლებს ვეღარ ვიტან
ძალიან მრცხვენია, ამას რომ ვწერ, მაგრამ, გულში ვეღარ ვიტევ ამდენ დარდს და ტკივილს. მინდა ვაღიარო, რომ ვეღარ ვიტან ჩემს მშობლებს, ოღონდ, სხვადასხვა მიზეზის გამო, თუმცა, ემ მიზეზები ერთმანეთზეა გადაბმული.
დედაჩემი ერთი ჩუმი, წყნარი, ოჯახზე გადაგებული ქალია. თავისი პირადი ყველაფერი უარყო: კარიერაზეც უარი თქვა, ჩაცმა-დახურვაზეც, მეგობრებთან სიარულზეც და საერთოდ, ყველაფერზე. მთელი ცხოვრება ქმარს შესციცინებს თვალებში, ყველანაირ კომფორტს უქმნის და, ისე უყვარს დღემდე, მგონი, შვილებზეც კი უარს იტყვის, თუკი ამით მამაჩემს ასიამოვნებს. მამაჩემი კი, იმის ნაცვლად, დააფასოს ან დაინახოს მაინც ცოლის ასეთი ერთგულება, მთელი ცხოვრება ატყუებს და ღალატობს, თანაც, ყველასთან – მეზობლებთან, დედაჩემის ბავშვობის დაქალებთან, თავის თანამშრომლებთან, ნაცნობებთან თუ უცნობებთან, მოკლედ, არცერთ შემთხვევას არ „მაზავს“. ამ ყველაფერთან ერთად, დედაჩემს სულ სათითაოდ გამოაცალა ხელიდან ძვირფასი სამკაულები და, ზუსტად ვიცი, რომ თავის ბოზებში დაარიგა, ცოლს კი ხან რა ტყუილს ეუბნებოდა ხან – რას. დედასაც სჯეროდა, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დროს საკუთარი თვალით ნახა ხან თავისი ბეჭედი და ხან საყურე ზოგი – მეზობლის ხელზე, ზოგი – დაქალის ყურებზე, მაგრამ, თვალებს იბრმავებდა და ქმრისთვის საყვედური კი არა, შეკითხვაც არ დაუსვამს. ეტყობა, ცოლის ასეთმა მონურმა სიყვარულმა მამაჩემი უფრო გაათამამა და თავისი საყვარლების სახლში მოყვანაც დაიწყო, ერთ-ერთს კი ჩემი უმცროსი ძმა მოანათვლინა. მერე, დასასვენებლად რომ მივყავდით, ისიც მოჰყავდა ხოლმე და ჩვენთან ტოვებდა, ან, თუ არ ტოვებდა, ის ჰყავდა დედაჩემის სახლში დიასახლისად.
სანამ პატარა ვიყავი, რაღაცეები კი მიკვირდა, თუმცა, ბევრს ვერაფერს ვხვდებოდი, მაგრამ, რომ წამოვიზარდე, ვეღარ ავიტანე ამდენი და ერთხელ გავუბედე, ეს ქალები აქ აღარ მოიყვანო, თორემ, მე წავალ სახლიდან-მეთქი. კი მიყვირა და მეჩხუბა, მაგრამ, კარგა ხანს მართლა აღარავინ მოუყვანია. ამ ყველაფრის გამო საშინლად გამიცივდა გული მამაზე.
მოკლედ, მამაჩემი თავისი გარყვნილების გამო შემძულდა, დედაჩემს კი იმიტომ აღარ ვცემ პატივს, რომ ეს ყველაფერი იცის და მაინც ხმას არ იღებს, არაფერს ეუბნება. სულ მთლად ახალგაზრდა ქალია და ასი წლის მოხუცს დაემსგავსა. საერთოდ არ აქცევს თავს ყურადღებას, სარკეშიც კი აღარ იხედება. უკვე იმდენად ფეხებზე ჰკიდია საკუთარი თავი, შეუძლია, საშინაო ხალათზე შემოიცვას პალტო და, თავიც არ დაივარცხნოს, ისე წავიდეს პანაშვიდზე ან სადმე სხვაგან. არც ასეთი დამონება შეიძლება. ხანდახან ვფიქრობ, მამაჩემი იმიტომ დარბის ქალებში აღმა-დაღმა, რომ სახლში ყოველთვის თმაშეუღებავ-დაუვარცხნელი, წინსაფარგაკეთებული, დაღლილ-დაქანცული ცოლი ხვდება, რომელსაც ხელები ჭურჭლის რეცხვისგან აქვს დაწითლებული და მთელ სხეულზე ბორშჩის ან კატლეტის სუნი ასდის. კაცს ასეთი ცოლის აღარც ერთგულება აინტერესებს, აღარც სიყვარული და აღარც თან გადაყოლა. ქალის ვარიანტში ეს იგივე იქნება, ჩანჩურა, უუნარო, უმწეო და საცოდავი ქმარი რომ მყავდეს. ძალიან მეცოდება დედა და სწორედ ეს სიბრალული მაღიზიანებს ყველაზე მეტად. მინდა, ორივეს ვუთხრა, რისი ღირსებიც არიან, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვბედავ და იმიტომაც მოგწერეთ ეს წერილი – იქნებ დედაჩემმა წაიკითხოს, მიხვდეს, რომ ამას მისი შვილი წერს და ახლა მაინც გამოფხიზლდეს.
ინგა, 19 წლის.
მამაჩემმა თავის დირექტორს უხამსობა არ აპატია
მამაჩემს სამსახურში ჰყავს თავისზე ბევრად ახალგაზრდა დირექტორი, რომელთანაც, ასაკში სხვაობის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ მეგობრობს, თუმცა, ოჯახის წევრებთან მისი ხსენებისას ყოველთვის იმას უსვამდა ხაზს, ძალიან ჭკვიანი, მოხერხებული და შანსიანი ახალგაზრდაა, მაგრამ ეგეთ სიძეს ნამდვილად არ ვისურვებდიო. დედამ მიზეზი რომ ჰკითხა, მამამ უპასუხა – არ ვიცი, რატომ, მაგრამ, მიუხედავად ჩვენი საკმაოდ ახლო ურთიერთობისა, მას რომ ვუყურებ, წითელი მენთება ხოლმე და ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს რაღაც ცუდი უნდა დამემართოსო.
დედას გაეცინა – მგონი, უკვე დაგეტყო სიბერის ნიშნები. რას ერჩი იმ ბიჭს, ვერ გამიგიაო. მამამ აღარაფერი თქვა, მხოლოდ უსიამოვნო გამომეტყველებით გააქნია თავი და ტელევიზორის ყურება განაგრძო.
ამ დიალოგიდან ძალიან მალე მამაჩემი იმ დირექტორმა გამოიძახა და უთხრა, თქვენისთანა თანამშრომელი არ მყავს და პირველი რიცხვიდან განყოფილების უფროსად გადამყავხარო. ეს ყველას ძალიან გაგვიხარდა, რადგან, თანამდებობის გარდა, ხელფასიც მნიშვნელოვნად მოემატებოდა, რაც ჩვენს ოჯახს ძალიან სჭირდებოდა. ერთხელაც, ისე მოხდა, რომ მამამ თავისი დირექტორი და ვიღაც სხვა თანამშრომელი სახლში მოიყვანა. მე და დედამ მაშინვე სუფრა გავშალეთ. სტუმრებმა კარგად მოილხინეს, მამა კი მთელი საღამოს განმავლობაში დაძაბული უყურებდა თავის დირექტორს. ცოტა ხანში მივხვდი, რატომაც იყო მამა ასე – რომ შეთვრნენ, რამდენჯერმე დავიჭირე იმ კაცის მსუნაგი მზერა. იმდენიც კი გაბედა, თეფშს რომ ვუცვლიდი, უსიამოვნო ღიმილით შემხედა და რაღაცნაირი საძაგელი ხმით მითხრა – შენ რა ლამაზი გოგო ყოფილხარ, რატომ აქამდე არ ვიცოდი, მამაშენს გაცილებით ადრე დავაწინაურებდიო. ეს სიტყვები ისე ბილწად იყო ნათქვამი, ის მეორე თანამშრომელი შეცბა და აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. მამა ამ დროს სუფრასთან არ იჯდა – ბუეფტიდან ეგრეთ წოდებულ „განსხვავებულ სასმისს“ იღებდა. ცხადია, ეს სიტყვები გაიგონა და ისე უცბად შემობრუნდა, რომ ბუფეტზე დაწყობილ თეფშებს გამოედო იდაყვით და ძირს ჩამოყარა. ჭურჭლის მტვრევის ხმაზე დირექტორმა მამისკენ გაიხედა და მისი გაცოფებული სახე რომ დაინახა, კი გაუკრთა შიში თვალებში, მაგრამ, ეტყობა, მაინც იფიქრა, ხვალ მის დაწინაურებას უნდა მოვაწერო ხელი და ვერაფერს გამიბედავსო, ამიტომ, ცინიკურად მიმართა: – ეს რა ლამაზი გოგო გყოლია, რატომ მიმალავდიო. დავინახე, როგორ დაიძრა მამა მისკენ, როგორ ჩაავლო ხელი საკინძეში, როგორ გაიტანა სახლიდან ჰაერში აწეული და, სადარბაზოდან გავიდა თუ არა, ისეთი დაარტყა ყბაში, ტკაცანი ბინაში გავიგონეთ. ის მეორე თანამშრომელი კი გაეკიდა მამაჩემს იმის ძახილით, არ მოკლა და შარში არ გაეხვიოო, მაგრამ მეტი ვერაფერი მოახერხა. ყბამონგრეული დირექტორი ჩვენი კორპუსის წინ დარგულ ბუჩქებში თავით შეფრინდა. თანამშრომელი მივარდა, რომ წამოეყენებინა და იქიდან წაეყვანა, მაგრამ, ის ნაძირალა, წამოდგა თუ არა, მამაჩემისკენ მოტრიალდა და დაემუქრა – შენ თუ ციხეში არ ამოგალპე, კაცი არ ვიყო. შენ იქ დაგაწინაურებენ, მე კი შენს ცოლ-შვილთან გავერთობიო. ეს სიტყვები დასრულებულიც არ ჰქონდა, რომ იმ თანამშრომელმა, რომელიც მის იქიდან წაყვანას ცდილობდა, ვეღარ მოითმინა ასეთი არაკაცობა და, ისე გაუერთიანა თავ-ყბა, მამაჩემის მუშტი იმასთან მოფერება იყო. დედას შეეშინდა, არ შემოაკვდესო და ძლივს გამოჰგლიჯა ხელიდან. დირექტორი ბანცალ-ბანცალით წავიდა თავისი მანქანისკენ, რომელშიც მძღოლი ელოდა. სხვათა შორის, იმ მძღოლმა ძალიან კარგად დაინახა, რომ მის უფროსს სცემდნენ, მაგრამ, არც კი უცდია მიშველება. მანქანის კარს რომ აღებდა, თანამშრომელი მიუახლოვდა და უთხრა, ჩივილი არ გაბედო, თორემ, მოწმედ წავყვები გიორგის და ისეთ ჩვენებას მივცემ, ათი წელი ციხიდან ცხვირს ვერ გამოყოფო.
მეორე დღეს დირექტორი მაინც მისულა სამსახურში შავი სათვალეებით (ჩალურჯებული თვალები დამალა) და უთქვამს, სადარბაზოს კიბეზე დამიცდა ფეხი და კინაღამ დავილეწეო. მერე კი მამაჩემის დაწინაურების საბუთზე მაინც მოუწერია ხელი (ეტყობა, შეეშინდა), მაგრამ მამა სამსახურში აღარ წასულა – იმ თანამშრომელს დაურეკა და სთხოვა, ჩემ მაგივრად შენ დაწერე განცხადება, მანდედან მოვდივარო. რამდენიმე დღეში ის თანამშრომელიც წავიდა იქიდან – ამ არაკაცთან ვერ ვიმუშავებ; ერთხელაც იქნება, თავს მომაკვლევინებს და მაგის გამო ციხეში როგორ წავიდეო. ცოტა ხანში დირექტორმა თავისი მძღოლი მოხსნა – რატომ არ მომეშველეო. იმან კი სამაგიერო იმით გადაუხადა, რომ მთელ სამსახურს უამბო, ვინ და როგორ გაიდო ფეხქვეშ და ცოტა ხანში ისეთი ჭორები აუგორეს, იძულებული გახდა, თვითონაც დაეწერა განცხადება და იქიდან წასულიყო.
მარიანა, 23 წლის.