კოსმეტოლოგიის რჩევები
კითხვა: საჭიროა თუ არა სახის კანის მოვლა 20 წლის ასაკში და, თუკი აუცილებელია, რომელი პროცედურები უნდა ჩავიტარო?
პასუხი: 20 წლის ასაკში კანის მოვლა აუცილებელია, რადგან, სწორედ ამ მოვლაზე იქნება დამოკიდებული, როგორი კანი გექნებათ 30 და 40 წლის ასაკში.
თუ გაქვთ ნორმალური (არა გაღიზიანებული) კანი, საკმარისია მარტივი გამწმენდი მცენარეული (ხილის, ბოსტნეულის) ან რძის პროდუქტების ნიღბები და შესაფერისი დამატენიანებელი და მკვებავი კრემები. სასურველია, ეს ყველაფერი გააკეთოთ კოსმეტოლოგთან კონსულტაციის შემდეგ.
კითხვა: ხშირად გამიგია ტერმინი „დაღლილი კანი“. როგორ კანს უწოდებენ კოსმეტოლოგები „დაღლილს“, რა არის ამის მიზეზი და როგორ მოვუაროთ ასეთ კანს?
პასუხი: კოსმეტოლოგები „დაღლილს“ უწოდებენ მორუხო ფერის კანს, რომელსაც დაქვეითებული აქვს ტონუსი, ამის გამო დაკარგული აქვს ელასტიკურობა და მოშვებულია. დღევანდელი პირობებიდან გამომდინარე, ეს გამოწვეულია დაბინძურებული გარემოთი, კომპიუტერთან დიდხანს ჯდომით, სუფთა ჰაერის დეფიციტით; ასევე, სტრესებითა და არასწორი და არაჯანსაღი კვებით. კანის მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია მასაჟითა და ჰიალურონის მჟავის, A, C, E და B ჯგუფის ვიტამინების შემცველი კრემებით.
კითხვა: ვარ 31 წლის. ამ ასაკში უკვე აუცილებელია კანის დაბერების საწინააღმდეგო აქტიური კრემების გამოყენება?
პასუხი: კანის დაბერების საწინააღმდეგო აქტიური კრემების გამოყენება იმ შემთხვევაში არ არის აუცილებელი, თუ რეგულარულად იყენებთ ჰიალურონის მჟავის შემცველ დამატენიანებელ კრემებს.