ადამი და ევა
აღიარეთ შეცდომები
ამბობენ, რომ ჭეშმარიტი მამაკაცი ის არის, ვისაც შეუძლია შეცდომების აღიარება. თუმცა, ამის უნარი ყველას არ შესწევს იმ მარტივი მიზეზით, რომ უჭირს საკუთარი ამბიციის დათრგუნვა. ზოგადად, თუ ხარ ძლიერი (მამაკაცი კი ნამდვილად არის ძლიერი სქესი), დათმობა და სუსტის პატივისცემა უნდა შეგეძლოს, რადგან, მიტევებისა და შეცდომების აღიარების ნიჭი ძლიერთა ხვედრია. სუსტს შეცდომის აღიარების ისტერიული შიში აქვს. შეიძლება, მამაკაცი ვერ მიხვდეს, როდის და როგორ აწყენინა ქალს, მაგრამ, როცა ხედავს, რომ ის ნაწყენია, სასწრაფოდ უნდა აღიაროს ის შეცდომაც კი, რომელიც, შეიძლება, არც კი ჰქონდეს სრულად გაცნობიერებული.
რა დაშავდება იმით, თუკი მამაკაცი იტყვის, მართალი არ ვიყავიო?! პირიქით, ქალი ამას ჯეროვნად დაუფასებს, ანუ, აღიარებით არაფერს წააგებს, პირიქით, დივიდენდებსაც კი მიიღებს. კაცი, რომელიც ამას ხვდება, ქალებში ძალიან პოპულარულია.
მამრობითი სქესის წარმომადგენელი, რომელიც უფრთხილდება თავის ურთიერთობას ქალთან, სიტუაციის გარკვევას არ დაიწყებს – პირდაპირ აღიარეთ, მართალი არ ვიყავიო და პრობლემაც მოგვარდება. მერე, როცა მოუბოდიშებთ და ქალი დამშვიდდება, შეგიძლიათ, ფრთხილად გაარკვიოთ სიმართლე – ეს უკვე აღარ იქნება შესამჩნევი და მტკივნეული. მეორედ და მესამედ, როცა ქალი მართალი არ იქნება, ის აუცილებლად გამოტყდება ამაში, რადგან მისი ნდობა თქვენ უკვე მოიპოვეთ – ის მშვიდად არის და იცის, რომ არ დაჩაგრავთ! ანუ, თამამად აღიარეთ შეცდომები, მამაკაცებო!
ახალი ცხოვრება...
ყოველთვის შეგიძლიათ, ყველაფერი სუფთა ფურცლიდან, ანუ ხელახლა დაიწყოთ. საჭიროა მხოლოდ სურვილი და ცოდნა – როგორ გააკეთო ეს სწორად.
უპირველესად, დაფიქრდით, რა რესურსს ფლობთ. შეაქეთ საკუთარი თავი იმისთვის, რაც აქამდე გაგიკეთებიათ. შეიძლება, ყველაფერი კარგად არ გამოგდიოდათ, მაგრამ, შეცდომები მოსდის ყველას – ამისგან თავს ვერავინ იზღვევს და გამონაკლისი არც თქვენ ხართ! რატომ უნდა შეიცოდოთ ან შეიძულოთ საკუთარი თავი.
ამოარჩიეთ მთავარი პრიორიტეტები ცხოვრებაში და დაიწყეთ აქედან.
სწორად დაისახეთ მიზანიც. ნუ მოინდომებთ ერთბაშად, ნელ-ნელა, ეტაპობრივად მიჰყევით. ჰკითხეთ საკუთარ თავს – რისთვის გჭირდებათ ცვლილებები და კონკრეტულად, რისი შეცვლაა მნიშვნელოვანი და აუცილებელი. შედეგებზეც უნდა იფიქროთ – ხომ არ ექნება მას „უკუჩვენებები“?! – იყავით მზად იმისთვისაც, რომ ცვლილებებს მხოლოდ პოზიტივი არ მოაქვს. რით არ მოგწონთ ის ცხოვრება, რომელიც ახლა გაქვთ?!
შეეცადეთ, იპოვოთ ის კონკრეტული მიზეზი, რომელმაც ხელი შეგიშალათ მიზნის მიღწევასა თუ ცხოვრების უკეთესად წარმართვაში.
მიეცით საკუთარ თავს დრო გონზე მოსვლისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ცოტა რამ მაინც უნდა გააკეთოთ პირადი სიამოვნებისთვის, მაგალითად, რამდენიმე დღე იცხოვრეთ ისე, რომ მოეშვათ და დაისვენოთ – მინიმუმ 1-2 კვირა მაინც არის ხოლმე საჭირო ამისთვის.
ზოგადად, მოტივაცია ძალიან მნიშვნელოვანია და, ეს, ფაქტობრივად, საქმის ნახევარია. ხელს შეგიშლით დანაშაულის განცდა და თვითგვემა. ამიტომ, აი, საიდან უნდა დაიწყოთ – საკუთარი თავის დაფასებიდან!
შენ ის გიყვარს...
სასიყვარულო სამკუთხედი საკმაოდ ხშირია – შენ ის გიყვარს, მაგრამ, არსებობს კიდევ მესამე, რომელიც თქვენ შორის დგას, ეს კი, არჩევნის გაკეთებას ვერ ახერხებს, ვერ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რითაც გაწვალებთ თქვენც, საკუთარ თავსაც და იმასაც... გადის დღეები, თვეები, მან კი მაინც არ იცის, რომელი უფრო ძვირფასი და ახლობელია მისთვის. ცხოვრება სერიალს ემსგავსება და მხოლოდ ბოლოს ხვდები, რომ გამოსავალი თავად უნდა იპოვო, თუნდაც ტკივილის ფასად. რეალურ ცხოვრებაში სასიყვარულო სამკუთხედში ყოფნა ნებისმიერი ადამიანისთვის არასასურველია და შოკის მომგვრელი. რა არის მთავარი? არ დაკარგოთ საკუთარი თავი თქვენს სიყვარულში, თორემ, თქვენი შანსი ამით რამდენადმე შემცირდება და, კიდევ უარესიც – მთლიანად მამაკაცის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდებით. თუ მართლა გინდათ მასთან ყოფნა და თქვენი სიყვარულის გადარჩენა, სიტუაცია თავად უნდა აიყვანოთ კონტროლზე. არ ეძებოთ დამნაშავე, მით უფრო – საკუთარ თავში. მართალია, გარკვეულწილად, თქვენი ბრალეულობაც იქნება ამაში, მაგრამ, ამის გამწვავება თქვენს სასარგებლოდ ნამდვილად არ იმუშავებს.
არ იყოთ სირაქლემას პოზაში – აზრი არა აქვს, ამით მხოლოდ გაღრმავდება კრიზისი და პრობლემა. ჰკითხეთ საკუთარ თავს და უპასუხეთ გულახდილად: რასთან შეგიძლიათ შეგუება, რათა რეალურად შეაფასოთ ის სიტუაცია, რაც გაქვთ... ყველაფერს კი აჯობებს, მონახოთ საკუთარ თავში ძალა და გამოეთიშოთ „სამკუთხედს“, ნაცვლად იმისა, რომ ჯიუტად და უთავმოყვარეოდ იმეოროთ: „მე ის მიყვარს!”
ცხოვრება ომში
ზოგჯერ მხოლოდ ცხოვრების ბოლოს აცნობიერებს ქალი, რომ ომის პირობებში უცხოვრია და ეს ომი თავის ყველაზე საყვარელ ადამიანთან ჰქონია. თუ ამაზე არ დაფიქრდები, შეიძლება, ვერც კი მიხვდე, ვერ გააცნობიერო...
გიყვარს, ნერვიულობ მასზე, განიცდი და გტკივა, ცრემლებს ღვრი, ღამეებს ათენებ, ცდილობ, გაიგო, რა უნდა მას – რა გაახარებს და გააბედნიერებს... ბოლოს და ბოლოს, ისიც ხომ უნდა იცოდე დანამდვილებით, რას გრძნობს შენ მიმართ? ხდება ისე, რომ, გეუბნება, მიყვარხარო, მაგრამ, ქვეცნობიერში გრძნობ, რომ რაღაც ისე არ არის; ან, პირიქით – საერთოდ არ იღებს ხმას თავის გრძნობაზე... ერთი სიტყვით, რთულია, მამაკაცს გაუგო, ჩასწვდე მის გულისნადებს და ასე გვიწევს, მუდმივად ომში ცხოვრება, რომელიც ბოლოს ისე გვღლის და გვფიტავს, სიცოცხლე აღარ გვიხარია... ერთხელ უნდა სცადო და მისცე მამაკაცს საშუალება, გამოავლინოს თავისი ცუდი თვისებები, ოღონდ, მათი შედეგები საკუთარ თავზე იწვნიოს – ინერვიულოს და განიცადოს. შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი გაიგოთ საკუთარ პარტნიორზე, ამიტომ, ნუ შეუშლით ხელს, იყოს ისეთი, როგორიც სინამდვილეშია; მოეშვას და ბუნებრიობა თვალსაჩინო გახადოს. კიდევ ერთი რჩევა: ნუ ენდობით ისე, როგორც საკუთარ თავს, მით უმეტეს, რომ ბოლომდე საკუთარი თავის ნდობაც არ შეიძლება...