ნილ პატრიკ ჰარისი: „კმაყოფილი ვარ გეის ცხოვრების წესით“
ამერიკის კინოაკადემიის პრემიით – „ოსკარით“ დაჯილდოების ცერემონიალს წელს ნილ პატრიკ ჰარისი გაუძღვა.
ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და ილუზიონისტი, მაგიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ნილ ჰარისი დაიბადა ნიუ-მექსიკოს შტატში. მამა ადვოკატი იყო, დედა – მწერალი. მსახიობობა მეოთხე კლასიდან, სკოლის თეატრში დაიწყო. 15 წლისა უკვე ფილმებში გადაიღეს. „კლარას გული“ – ასე ერქვა ფილმს, რომელშიც ნილი თამაშობდა, მთავარი როლი კი ვუპი გოლდბერგმა შეასრულა. ფილმმა „ოქროს გლობუსი“ მიიღო. 16 წლის ნილ ჰარისი უკვე მთავარი როლის შესასრულებლად მიიწვიეს სერიალში „დუგლი ნოუსერი – მედიცინის დოქტორი“; ამას მოჰყვა როლები ფილმებსა და სერიალებში – სერიული მკვლელებიდან – კომიკურის ჩათვლით. ნილმა ერთ-ერთ ფილმში საკუთარი პაროდიაც კი ითამაშა; გაახმოვანა მულტფილმები, მათ შორის – „პინგვინები მადაგასკარიდან“. იგი ცნობილი გახდა სერიალით „როგორ შევხვდი თქვენს დედას“. ყველაზე ნაყოფიერი კი გამოდგა ფილმი „გამქრალები“, რომელსაც უამრავი პრემია მიენიჭა. ნილ ჰარისი არის „ოქროს გლობუსის“ ნომინანტი და „ტონისა“ და „ემის“ პრემიების ლაურეატი. 2011 წელს მას ჰოლივუდის ვარსკვლავთა ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 2015 წელს ნილის ნახვა მაყურებელს შეეძლება სერიალ „საშინელებათა ამერიკული ისტორიის“ მეოთხე სეზონში.
ნილმა 2006 წელს ღიად განაცხადა, რომ გეია. „ამაყი ვარ, რომ შემიძლია, ვთქვა: მე სრულიად კმაყოფილი ვარ გეის ცხოვრების წესით და უდიდეს კმაყოფილებას განვიცდი, რომ წილად მერგო, მემუშავა შესანიშნავ ადამიანებთან იმ საერთო საქმეზე, რომელიც მიყვარს“... მისი პარტნიორია მსახიობი დევიდ ბარტკა, რომელმაც ეპიზოდური როლი შეასრულა სერიალში „როგორ შევხვდი თქვენს დედას“. 2010 წლის 12 ოქტომბერს დაიბადნენ ტყუპები – გოგონა და ვაჟი, რომლებსაც წყვილი სუროგატი დედისგან ელოდა. 2011 წლის 24 ივნისს კი, ერთსქესიანი ქორწინების კანონის მიღების შემდეგ, ნიუ-იორკში მათი ჯვრისწერაც გაიმართა. 2014 წლის პირველივე დასვენების დღეებში წყვილმა ეს ურთიერთობა უკვე ოფიციალურად იტალიაში დააკანონა და ორივე მოვლენაზე ინფორმაცია ნილმა ტვიტერზეც დადო.