მუცლის არეში ტკივილს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ
კანზე გაჩენილი გამონაყარი, ლაქები და ნაოჭები კონკრეტულ დაავადებაზე მიუთითებს
ყველა შინაგანი ორგანო სახის გარკვეულ ნაწილთან არის დაკავშირებული. სახის კანის მდგომარეობის მიხედვით შეგიძლიათ, გაიგოთ, თუ რა გაწუხებთ.
თუ გამონაყარი შუბლზე გაგიჩნდათ, უნდა ივარაუდოთ, რომ ფილტვებთან და სასუნთქ გზებთან დაკავშირებით გაქვთ პრობლემები; ასევე, შესაძლოა, ეს კუჭ-ნაწლავის სისტემის არასწორი ფუნქციონირების მანიშნებელიც იყოს. ხშირად ასეთი გამონაყარი ორგანიზმის გამწმენდი პროცედურების შემდეგ ქრება ან წვრილი გამონაყარით იცვლება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ორგანიზმი გაიწმინდა, წვრილი გამონაყარი კი ტოქსინების მოშორებით გამოწვეული მოკლევადიანი რეაქციაა.
თუ შუბლზე წითელი ლაქები გაგიჩნდათ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ საკვები, რომელსაც იღებთ, დიდი რაოდენობით მარილს შეიცავს. ამ დროს, ასევე, არ არის სასურველი ხორცის მიღება, მაგრამ, თუ შუბლი, პირიქით, გაფერმკრთალდა, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ბევრ ყავასა და ტკბილს ეტანებით და მადა უნდა აკონტროლოთ.
თუ ცხვირის ფუძის ზემოთ, შუბლთან ახლოს, ღრმა, ვერტიკალური ნაოჭები გაჩნდა, ეს ღვიძლის დისფუნქციაზე მეტყველებს, მაგრამ, თუ შუბლზე ვერტიკალური და ჰორიზონტალური ნაოჭები მომრავლდა, ესე იგი, თქვენ გადაჭარბებით იღებთ ცილოვან საკვებს.
თუ ნაოჭები ქუთუთოების ზემოთ გაგიჩნდათ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ელენთა არასწორად ფუნქციონირებს და მას სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოთ, მაგრამ, თუ ასეთივე ნიშნები ქუთუთოების ქვემოთაც გაჩნდა ან მათი შეშუპება, შესიება და ფერის შეცვლა დაიწყო, ესე იგი, ღვიძლი ითხოვს შველას.
ცხვირზე ან ყვრიმალებზე გაჩენილი გამონაყარი კუჭ-ნაწლავის სისტემის დისფუნქციაზე მიუთითებს. ასეთი სიმპტომები ახასიათებს კოლიტს.
ცხვირის წვერი გულის ფუნქციონირებაზე გვაძლევს მინიშნებას. თუ ცხვირის წვერზე არსებული კაპილარები გაფართოვდა და ადვილად შესამჩნევი გახდა, ესე იგი, გული ცუდად მუშაობს და ყურადღება მიაქციეთ.
ცხვირზე ან ლოყებზე დიდი რაოდენობით გაჩენილი ფერისმჭამელები ან გამონაყარი იმაზე მეტყველებს, რომ იმუნიტეტი დაქვეითებული გაქვთ. ამ დროს ნუ ჩართავთ კვებით რაციონში რძის პროდუქტებს.
ნიკაპი სასქესო ორგანოებზე იძლევა მინიშნებას. მასზე არსებული ნებისმიერი ცვლილება სწორედ ამ ორგანოსთან დაკავშირებულ პრობლემებზე მეტყველებს. თუ ნიკაპზე გამონაყარი ჩნდება ან კანი აჭრელებული და გაუხეშებულია, სავარაუდოდ, ადამიანს სოკოვანი დაავადება სასქესო ორგანოზე აქვს.
ტუჩის გარშემო გამონაყარი საჭმლის მომნელებელი სისტემის დისფუნქციაზე მიუთითებს, მაგრამ, თუ ტუჩების სიმშრალე გაწუხებთ და კანიც გექერცლებათ, მაშინ ორგანიზმი დაბინძურებულია წიდებით და სასწრაფოდ ჩაიტარეთ გამწმენდი პროცედურები.
მარილების დაგროვებასა და სახსრების ტკივილს ხალხური მედიცინით უმკურნალეთ
მარილების დაგროვება ორგანიზმში უამრავ პრობლემას უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. მარილების დაგროვებისა და სახსრების ტკივილის დროს შემდეგი ხალხური და აპრობირებული რეცეპტი გამოგადგებათ:
* გაატარეთ 10 ცალი ლიმონი ხორცის საკეპ მანქანაში, მოათავსეთ ქილაში, დაუმატეთ 20-30 გრამი ინგლისური მარილი და ერთი ლიტრი ანადუღარი წყალი. კარგად აურიეთ ერთმანეთში. ერთი დღე-ღამის განმავლობაში გააჩერეთ და შემდეგ მარლაში გაწურეთ. წვენი მიიღეთ ღვინის ჭიქით, ჭამამდე, დღეში 3-ჯერ. მკურნალობის კურსი 3 დღეა. ამ დროს იკრძალება ალკოჰოლი.
* მარილების დაგროვების სამკურნალოდ, 10 ცალ დაფნის ფოთოლს დაასხით 300 მილილიტრი წყალი, ხარშეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ თბილად შეფუთეთ და გააჩერეთ 4-5 საათი. ერთი კვირის შემდეგ კურსი გაიმეორეთ. სახსრების ტკვილი აუცილებლად გაგივლით.
ორგანიზმიდან მარილების გამოსადევნად ხალხური მედიცინის კიდევ ერთი რეცეპტი დაგეხმარებათ:
წვრილად დაჭერით 1 საშუალო კონა ნიახური, დაასხით 1 ქილა მაწონი და დილამდე გააჩერეთ. დალიეთ დილით, უზმოზე; ან წვრილად დაჭერით ერთი კონა ნიახური, დაასხით 300 მილილიტრი ცივი წყალი და დალიეთ უზმოზე, დილაობით, ერთი კვირის განმავლობაში.
წვენების მიღება ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია
ხილის წვენი წმენდს ორგანიზმს, გამოაქვს წიდები და შხამები, ავსებს აუცილებელი ნივთიერებებით, კერძოდ, ამინომჟავებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, რომლებიც გაზაფხულის მიჯნაზე განსაკუთრებით აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
გაითვალისწინეთ, რომ ხილისა და ბოსტნეულის მხოლოდ ახალგამოწურული წვენია სასარგებლო. წვენი აუცილებლად უზმოზე დალიეთ, რადგან ამ დროს ის უფრო სწრაფად და აქტიურად მოქმედებს.
სტაფილოს წვენი აუმჯობესებს მხედველობას, კბილების სტრუქტურას, შეიცავს დიდი რაოდენობით A, B, C, D, E ვიტამინებს; მისი დალევა კარგია სისხლნაკლებობის დროს.
ვაშლის წვენი მდიდარია რკინით, რომელიც აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას და ააქტიურებს ორგანიზმის სასიცოცხლო ძალებს.
ჭარხლის წვენი ყველაზე სასარგებლოა სისხლის წითელი ბურთულების წარმოსაქმნელად და აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, წმენდს ღვიძლს, თირკმელებს, ნაღვლის ბუშტს. ჭარხლის წვენი უნდა მიიღოთ დღის განმავლობაში მხოლოდ ნახევარი ჭიქა.
კიტრის წვენი კარგი შარდმდენი საშუალებაა. ის შეიცავს კალიუმის დიდ რაოდენობას, რის გამოც სასარგებლოა ჰიპერტონიის დროს; ასევე, აჩერებს თმის ცვენას და აუმჯობესებს მეხსიერებას.
კარტოფილის წვენი შველის კუჭის დაავადებებს. თუ ჭამის შემდეგ კუჭის არეში სიმძიმესა და ტკივილს გრძნობთ, დალიეთ უმი კარტოფილის წვენი და პრობლემა მოგეხსნებათ.
შიმშილი სქესობრივი ლტოლვის დაკარგვას იწვევს
სასქესო ჯირკვლები საჭიროა როგორც მთლიანი ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობის უზრუნველსაყოფად, ასევე, ნორმალური სქესობრივი ცხოვრებისთვის. ისინი ასრულებენ შერეულ ფუნქციას, ანუ, წარმოქმნიან არა მხოლოდ გარეგნული, არამედ შინაგანი სეკრეციის პროდუქტებსაც, რომლებიც, მოხვდებიან თუ არა სისხლში, აახალგაზრდავებენ ორგანიზმს.
ყოველდღიურ საკვებ რაციონში აუცილებელი ელემენტების სიმცირე ან არარსებობა უარყოფითად მოქმედებს სასქესო ჯირკვლების ფუნქციაზე და შეუძლია გამოიწვიოს უნაყოფობა. სასქესო ჯირკვლებისთვის აუცილებელია A, C, E და B ჯგუფის ვიტამინები.
ვიტამინი A უზრუნველყოფს საკვერცხეებისა და წინამდებარე ჯირკვლის ნორმალურ ცხოველმყოფელობას. წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციის დარღვევას იწვევს კვების რაციონში A ვიტამინის ნაკლებობა.
B ჯგუფის ვიტამინები აუცილებელია სქესობრივი პოტენციისა და აქტის შესანარჩუნებლად. ამ ვიტამინის უკმარისობას მოსდევს ნევროზი, შიში, გაღიზიანება, რაც, თავისთავად, სქესობრივი აქტივობის დაქვეითებას იწვევს.
საკვერცხეების ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ვიტამინი C. მისი არარსებობა იწვევს ანემიას. მამაკაცებში ვიტამინ C-ს უკმარისობა აქვეითებს ჯერ ჩასახვის უნარს, შემდეგ კი იწვევს სქესობრივი ლტოლვის სრულიად გაქრობას.
ვიტამინი E ზრდის შთამომავლობის წარმოქმნის უნარს. ამ ვიტამინის ნაკლებობას შეუძლია გამოიწვიოს სქესობრივი სტერილიზაცია.
შიმშილი იწვევს სქესობრივი ლტოლვის დაკარგვას. სასქესო ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ცილოვანი დიეტა, არგინინი კი შეუცვლელი ამინომჟავაა, რომელიც შედის ერთ-ერთ ცილაში. ასევე, აუცილებელია მინერალური ნივთიერებები – რკინა და სპილენძი.
თევზი, კარტოფილი, კომბოსტო, თალგამი, პომიდორი და ღვიძლი უხვად შეიცავს ვიტამინ A-ს.
ვიტამინ E-ს წყაროა: ხორბალი, კვერცხის გული, ღორის ქონი, მზესუმზირის ზეთი და მარცვლოვანი კულტურები.
არგონინს შეიცავს: კვერცხი, რძე, შვრია, არაქისი, ხორბალი, საფუარი.
რკინას შეიცავს: ლობიო, ნიგოზი, ხორბალი, შვრია, ჩამიჩი, კვერცხი, მწვანე ბოსტნეული და ხორცი.
სპილენძის წყაროა: ხორბალი, ლობიო, ოხრახუში, სოკო, ღვიძლი, სატაცური.
ასე რომ, საკვებსა და სქესობრივ ცხოვრებას შორის უდიდესი კავშირია და, თუ ყოველდღიურ რაციონს სწორად გადაანაწილებთ, ამ პრობლემის წინაშე არასდროს აღმოჩნდებით.
მუცლის არეში ტკივილს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ
უნდა გახსოვდეთ, რომ მუცლის არეში ტკივილი ბევრად უფრო მძიმე პათოლოგიით შეიძლება იყოს გამოწვეული, ვიდრე გასტრიტია. ამიტომ, საჭიროა, მწვავე გასტრიტის დიფერენცირება მწვავე აპენდიციტის ატიპურ ფორმებთან, მწვავე პანკრეატიტთან, პერიტონიტთან, ნაწლავთა მაღალ გაუვალობასთან, რომელიც ნაწლავების ზედა ნაწილში განვითარებული პროცესით არის გამოწვეული. მას ახასიათებს ღებინება და მოვლითი ტკივილები ჭიპის არეში, რაც გულის კოვზისკენ გადაეცემა. ამონაღებ მასაში არის ნაღვლის მინარევები, რაც იმას ნიშნავს, რომ სწრაფად პროგრესირებადი ინტოქსიკაცია მიმდინარეობს.
მწვავე აპენდიციტის ატიპური ფორმები ხასიათდება სწრაფად პროგრესირებული ტკივილის სინდრომით, რომელსაც თერაპიული მკურნალობა ვერ აცხრობს.
მწვავე პანკრეატიტს კი ახასიათებს ტკივილი მარცხენა მხარეს, კერძოდ, მარცხენა ნეკნქვეშა არეში და ზურგში. ტკივილი გადაცემითია და ახასიათებს მუცლის მკვეთრი შებერილობა, ასევე, ნაწლავთა პერისტალტიკის დათრგუნვა, ცვლილებები სისხლსა და შარდში.
პერიტონიტს ყოველთვის თან ახლავს მუცლის ფარის ანუ პერიტონეუმის გაღიზიანების სიმპტომები, რომელიც არ აღინიშნება მწვავე გასტრიტის დროს.
ყოველთვის გულდასმით დააკვირდით, როგორ გტკივათ მუცელი, რა ადგილას აღინიშნება მოვლითი ტკივილები, საით გადაეცემა ტკივილი და სპეციალისტთან ვიზიტის შემდეგ მიიღეთ შესაბამისი ზომები.