ექიმის რჩევები
კითხვა: ვარ 24 წლის, ბავშვობიდან მაქვს საკმაოდ მაღალი პულსი – 90-100. შეგიძლიათ, მითხრათ, ეს საშიშია თუ ბუნებრივია? თავს კარგად ვგრძნობ.
პასუხი: თქვენს ასაკში ასეთი პულსი არ არის დაავადების სიმპტომი. მიუხედავად ამისა, სასურველია, ერთხელ მაინც მიმართოთ ექიმს, რათა გამოირიცხოს დაავადება.
კითხვა: დაახლოებით ორი თვეა, რაც კუჭის მოქმედებასთან შემექმნა პრობლემები. კერძოდ, ხან შეკრულობა მაწუხებს, ხან კი პირიქით – უცებ შეიძლება, ფაღარათით შეიცვალოს. მაწუხებს გულის რევის შეგრძნებაც და ბოყინი, ასევე ხანდახან პირში მიგროვდება ბევრი ნერწყვი. მაწუხებს ყრუ მუცლის ტკივილიც. თუ შეგიძლიათ, ამ სიმპტომების მიხედვით, სავარაუდოდ, რაიმე დასკვნის გამოტანა? ერთი წლის წინ გაკეთებული მაქვს მუცლის ღრუს ექოსკოპია. რაიმე სერიოზული დაავადება არ მქონია, ნაღვლის ბუშტი მქონდა გაღიზიანებული.
პასუხი: სამწუხაროდ, მხოლოდ მუცლის ღრუს ექოსკოპიური გამოკვლევის ჩატარება მოცემულ შემთხვევაში, საკმარისი არ არის. პაციენტი საჭიროებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დამატებით გამოკვლევებს (რენტგენოსკოპია, ან გასტრო-დუოდენო-ფიბროსკოპია) სრულფასოვანი და ზუსტი დიაგნოსტიკისათვის. საქმე უნდა გვქონდეს დისბაქტერიოზის ფონზე მიმდინარე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული ანთების გამწვავაების პროცესთან, რომლის დიაგნოსტირება მხოლოდ ექოსკოპიური გამოკვლევით შეუძლებელია.
კითხვა: ამ ბოლო დროს შევამჩნიე, რომ დილით თვალები შეშუპებული მაქვს და სიმძიმის შეგრძნებასთან ერთად, თითქოს გამომიშრა კიდეც. სამსახურში მიწევს კომპიუტერთან მუშაობა მთელი დღე. შეიძლება, ამას გამოეწვია? ნატურალური ცრემლი რომ ჩავიწვეთო და კომპიუტერთან მუშაობის დროს სათვალე ვიხმარო, ამ პრობლემას მოვაგვარებ?
პასუხი: სავარაუდოდ, გაქვთ მშრალი თვალის სინდრომი. იხმარეთ ნატურალური ცრემლი (უნდა ჩაიწვეთოთ, საშუალოდ, 3-4 საათში ერთხელ კომპიუტერთან მუშაობისას). ექიმების უმრავლესობა პაციენტებს ურჩევს შეზღუდონ კომპიუტერთან მუშაობის ხანგრძლივობა, სწორად შეარჩიონ მონიტორის მდებარეობა და დროდადრო შეისვენონ. დიდი მნიშვნელობა ენიჭება მონიტორის სწორად შერჩევას.
კითხვა: ექიმმა დამინიშნა L-თიროქსინი, 50 მილიგრამი. TSH – 8.89 მაქვს. თმა წინ შემითხელდა და წონაშიც მოვიმატე. შესაძლოა, რომ ამ პრეპარატის მიღების შემდეგ წონაშიც დავიკლო და თმაც ისევ ამომივიდეს? შესაძლებელია, რომ ჰორმონები არასწორი დიეტის შედეგად მომმატებოდა და რამდენიმე წელი ასე, მომატებული ყოფილიყო?
პასუხი: დიეტა არ არის ჰიპოთირეოზის მიზეზი. ჰორმონული ფონის კორექციამ გავლენა უნდა მოახდინოს წონაზე და, შესაძლოა, აღდგეს თავზე თმიანი საფარველის სიხშირე, თუკი თმის ფოლიკულები ცოცხალია და თმის შეთხელების მიზეზი მხოლოდ აღნიშნული პათოლოგიაა; პარალელურად, ყურადღება უნდა მიაქციოთ მენიუს: შეამციროთ ცხიმებისა და ნახშირწყების წილი და გაზარდოთ ცილების რაოდენობა, სანამ ნორმალურ წონას მიაღწევთ.