სულიერი სიბრმავისგან განკურნება
ჩემმა ნაცნობმა ა.ვ-მ მიამბო შემდეგი: მე და ნატალია ნ. ერთად ვმუშაობდით სამკერვალო ფაბრიკაში. ის ათეისტი იყო და მორწმუნეებს დასცინოდა, მაგრამ გული კეთილი ჰქონდა და ყველას ეხმარებოდა. ჩვენი მეგობრობა 1927 წლამდე გრძელდებოდა, შემდეგ ის სხვაგან გადავიდა სამუშაოდ და ჩვენი გზები გაიყარა. ნატალიას მხოლოდ ოცი წლის შემდეგ, 1947 წელს შევხვდი. ამ შეხვედრისას მან მიამბო სასწაულის შესახებ, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა:
„1942 წელს მე ვმუშაობდი ატელიეში, კალუგის ქუჩაზე, – მითხრა ნატალიამ, – ომი იყო და ყველა ის ტანჯვა გამოვცადე, რაც ომს მოაქვს – შიმშილი და სიცივე.
ერთხელ სამსახურში მივდიოდი. მეტროდან დილის 6 საათზე გამოვედი. გვიანი შემოდგომის დილა იყო, სუსხიანი; ქუჩები ჩაბნელებული და უკაცრიელი იყო. მოედანზე გადასვლისას დიდ გუბეში ჩავვარდი. ვცდილობ, წამოვდგე, მაგრამ ვერ ვახერხებ – ვდგები და ისევ ვეცემი, თითქოს რაღაც მითრევს გუბეში. ძალ-ღონე გამომელია, ტირილი ამივარდა და სლუკუნით ვამბობ: „უფალო, თუკი შენ ნამდვილად არსებობ, დამეხმარე, ხომ ხედავ, როგორ ვიტანჯები“.
უეცრად დავინახე, რომ ზეციდან დიდი ხატი დაეშვა და ჩემ წინ გაჩერდა – ეს იყო ღვთისმშობლის ხატი „ზეციური ნიშანი“, მე კი მუხლებზე ვდგავარ გუბეში და ვყვირი: „დედაო ღვთისა, შეგვეწიე ჩვენ!“
ღვთისმშობელმა ხატიდან მომმართა: „ნატალია, შენ გზა აგებნა, ჩემს ძეს ევედრე“.
ამ სიტყვებით ხატმა ზეცისკენ იწყო ასვლა და, სანამ გაუჩინარდებოდა, მესმოდა მისი ხმა: „მოექეცი, შენ გზააბნეული ხარ“.
ამ დროს გამვლელებიც გამოჩნდნენ, მოვიდნენ და წამომაყენეს. მე ვეკითხები: „დაინახეთ, ხატი რომ ჩამოვიდა ციდან?” – მაგრამ, ჩემ მეტს ის არავის დაუნახავს.
სამსახურში სველი და ტალახში ამოსვრილი მივედი და ტირილით ვითხოვე სახლში გაშვება, რადგან მუშაობის ძალა აღარ მქონდა. მაშინვე გამათავისუფლეს. სახლში დავბრუნდი, ტანსაცმელი გამოვიცვალე და ნოვოდევიჩის მონასტერში წავედი. იქ ვნახე დედაღვთისას ხატი „ზეციური ნიშანი“. სანთელი ავანთე და დიდხანს ვტიროდი გულამოსკვნით მის წინაშე. ჩემი განცდები იმდენად ძლიერი იყო, რომ გარშემო მყოფთ ვერც კი ვამჩნევდი.
შემდეგ აღსარება ვთქვი და ვეზიარე.
– ბედნიერი ადამიანი ყოფილხარ, როგორც ჩანს, კეთილი გული გაქვს, – მითხრა მღვდელმა.
ახლა ეკლესიაში ხშირად დავდივარ, ჩემი ქალიშვილიც მოვნათლე (20 წლის ასაკში) და შვილიშვილებიც. ხშირად ვეზიარები. ჩემი ცხოვრება ნათელი და მშვიდი გახდა. იმდენად ბედნიერი ვარ, რომ, არც კი ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი მადლიერება ღვთისადმი მისი გულმოწყალებისათვის.