მოძღვარი გირჩევთ
კითხვა: რა მოვალეობები აკისრია ქრისტიანს გარშემო მყოფთა მიმართ?
პასუხი: ქრისტიანს ყველა უნდა უყვარდეს უფლის მიერ; სხვა ადამიანები უნდა დააყენოს საკუთარ თავზე წინ; მოთმინებით უნდა აიტანოს მათი უძლურებანი და უგუნურებანი; არავინ არ უნდა შეურაცხყოს; სარგებლობა უნდა მოუტანოს მათ და ილოცოს მათთვის.
კითხვა: რას ურჩევს ეკლესია ქრისტიან მშობლებს შვილების სასიკეთოდ?
პასუხი: წმინდა მამები ქრისტიან მშობლებს ურჩევდნენ, ხშირად მიეყვანათ შვილები საზიარებლად – ამგვარად ისინი უფრო ჯანმრთელები, ჭკვიანები და ბედნიერები იქნებიანო.
კითხვა: როგორ უყურებს მართლმადიდებლობა სიძუნწეს?
პასუხი: სიძუნწე არ არის სწორი და მართებული, თუმცა, არც უზომოდ და უანგარიშოდ არ უნდა გასწიოთ უსარგებლო ხარჯი. ჭეშმარიტი ქრისტიანი ზომიერების ფარგლებში შეძლებს, იცხოვროს მომჭირნედ.
კითხვა: ეკლესიურად აუცილებელია თუ არა მიცვალებულისთვის ქელეხის, ორმოცისა და წლისთავის დიდი სუფრით გადახდა, მით უმეტეს, თუ ოჯახს ამის საშუალება არ აქვს და თანხა უნდა ისესხოს?
პასუხი: დიდი სუფრის გაშლა და განსაკუთრებული ხარჯის გაწევა აუცილებელი არ არის. მიცვალებულს გადაუხადეთ ეკლესიაში პანაშვიდი, გაეცით თუნდაც მცირედი მოწყალება მის სახელზე და ილოცეთ მისი სულისთვის.