კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი იყო ჭინკაობის თვე და როდის გადაიქცეოდა ჭინკა ადამიანისა და მისი ოჯახის ყურმოჭრილ მსახურად

კავკასიელთა ცხოვრებას წარმართავდა იმ ღვთაებებთან ურთიერთობა, რომლებსაც ისინი თავისად მიიჩნევდნენ და რიტუალების მეშვეობით, მათ მიერ დადგენილ წესრიგს ინარჩუნებდნენ. მაგრამ, ღვთაებების გარდა, სამყარო დასახლებული იყო ბოროტი ძალებით, რომლებთანაც ადამიანს უხდებოდა შეხება. ამის შესახებ გვესაუბრება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის გამგე, პროფესორი ქეთევან სიხარულიძე:

– სამყაროში ორი საწყისის – კეთილისა და ბოროტის არსებობა ძველ კოსმოგონიებშივე გამოიკვეთა, სადაც ორი, თითქმის თანაბარძალიანი ღვთაება ებრძვის ერთმანეთს. გამარჯვებულმა ღმერთმა ბოროტი ღვთაება ჩაამწყვდია ჩაკეტილ სივრცეში და კოსმოსი – მოწესრიგებული სამყარო გადაურჩა მის დამანგრეველ ძალას. მაგრამ, კოსმოსის გარე სკნელში დარჩა ქაოსი, რომელიც დემონურ ძალთა სამყოფია. ისინი პერიოდულად ცდილობენ კოსმოსში შესვლას, მაგრამ ღვთაებებთან ბრძოლის უნარი მათ არ გააჩნიათ, ამდენი ძალა არ ჰყოფნით. ამიტომ, ადამიანებს ეტანებიან. ადამიანის მოწესრიგებული ცხოვრება მიედინება სივრცის იმ ნაწილში, რომელიც მის „შინას“ წარმოადგენს. ამავე დროს, მას უწევს გარე სამყაროში გასვლა ოჯახის ან საზოგადოების საჭიროებისთვის. სწორედ იქ ელოდება საფრთხე ავსულების სახით, რომლებიც ტყე-ღრეში, ხევებსა და სხვა მიუვალ ადგილებში ბინადრობენ და ეტანებიან მარტო მიმავალ მგზავრს. დარგობრივი ღვთაებების მსგავსად, დემონურ არსებებსაც აქვთ არჩეული სამოქმედო სფეროები, როცა ისინი ადამიანს ეჩვენებიან (მგზავრობა, ნადირობა, სამეურნეო საქმიანობა).
– რით გამოირჩევიან ავსულები, რა არის მათთვის დამახასიათებელი?
– კუდიან ავსულთა დამახასიათებელია გრძელი თმა და ფრჩხილები. დემონური არსებები მაქციები არიან. მათ შეუძლიათ, სხვადასხვა სახის მიღება, მათ შორის ნაცნობი ადამიანისაც. ხმასაც დაამსგავსებენ და ამით შეცდომაში შეჰყავთ მგზავრი, რომლის მონადირებასაც აპირებენ. ზოგჯერ ლამაზი, ოქროსფერთმიანი ქალის სახით ეჩვენებიან და მამაკაცებს სასიყვარულოდ იწვევენ. ასეთები არიან ტყის ალები, რომლებიც ხშირად ხვდებოდნენ დაგვიანებულ მგზავრებს. მის გარშემო გამართავდნენ ფერხულს და მღეროდნენ:  თუ ადამიანი გონს არ კარგავდა, ძალას მოიკრებდა და ამღერდებოდა პასუხად: „წინდა მაცვია ეშისა, ქალამანი მაქვს მეშისა, წმიდა გიორგიმ დასწყევლოს ფერხული ეშმაკებისა“. წმიდა გიორგის სახელზე ალები გაიფანტებოდნენ და ადამიანი მშვიდობით ბრუნდებოდა სახლში. ავსულების სასიცოცხლო ძალა გრძელ თმასა და ფრჩხილებშია. თუ ადამიანი მოახერხებდა ჭინკისთვის (ან ალისთვის) თმის ან ფრჩხილების დაჭრას, ის იმორჩილებდა კუდიანს და იმსახურებდა. ავსული ვერ ტოვებდა სახლს, რადგან ფრჩხილებისა და თმის გარეშე ვერსად წავიდოდა.
– ვისი სახე ჰქონდა ჭინკას, რომლის სახელიც ხალხში განსაკუთრებულად იყო გავრცელებული?
– ხალხში ამბობდნენ, რომ ჭინკა ორივე სქესისაა. მამრი პატარა ბიჭის სახით ჩნდება, ქალი ლამაზია, თეთრი სახითა და გრძელი თმით, ოღონდ ორივეს სხეული ბალნით აქვს დაფარული. ისინი ადამიანებთან სასიყვარულო კავშირსაც ამყარებენ. ერთ კაცს დაუახლოვდა ჭინკა. ის ცოლს აღარ ეკარებოდა და ღამით ბეღელში წვებოდა, სადაც მისი საყვარელი მოდიოდა. ცოლი ჩაუსაფრდა. ჭინკა მიუწვა კაცს და მისი გრძელი თმა გადმოეკიდა მიწაზე. როცა დაიძინა, ცოლი მიეპარა და ნაწნავები შეაჭრა. გაიღვიძა ჭინკამ და ძალიან შეწუხდა. იმდენი ქნა კაცმა, რომ აიძულა ცოლი, დაებრუნებინა ჭინკისთვის ნაწნავები. სხვა გადმოცემით, ერთხელ ღამე კაცი მოდიოდა ცხენით და შემოუჯდა მამრი ჭინკა. კაცმა დაიჭირა და ცარიელ ქვევრში ჩაამწყვდია. ჭინკა ევედრებოდა, გამოეშვა, თან ჰპირდებოდა, რომ მისი ოჯახიდან არავის და არაფერს ავნებდა. კაცმა პირობა ჩამოართვა და სათითაოდ ჩამოუთვალა ოჯახის წევრები და საგნები. ჩამოთვლისას ცეცხლის ხსენება დაავიწყდა. გამოუშვა ჭინკა, რომელიც გაიქცა და შორიდან დაუძახა: „ყოველ კალანდას ცეცხლი გიქრებოდეს“. მართლაც, მათ ოჯახში ახალ წელს დილით შეშა ცუდად იწვოდა. თუ ჭინკა დაწყევლიდა ოჯახს, მათი საქმე ცუდად წავიდოდა. ჭინკას მსხვერპლი, როგორც წესი, ჭკუიდან იშლებოდა. ხალხში იყო წარმოდგენა, რომ ჭინკები წელიწადის ერთსა და იმავე დროს ამოცვივდებიან და ხშირად მოაქვთ ცუდი ამინდი – ქარი და წვიმა. იმერლების თქმით, ჭინკობის თვე ოქტომბერია. ჭინკობის წინა ღამეს სასიმინდეს და ბეღლებს გამოკეტავდნენ ან წალდს დაადებდნენ – რკინას ჭინკა ვერ ეკარებაო. საერთოდ, ავსულებს ლითონის ეშინიათ, განსაკუთრებით ბასრპირიანი საგნების. ამიტომ, ღამით მოსიარულე კაცებს ხანჯალი ქარქაშიდან ამოწეული ჰქონდათ ჭინკებისგან თავის დასაცავად. ჭინკობისას სიმინდს არ გამოიტანდნენ, ნიორს ან ცერცვს არ დათესდნენ, რომ ჭინკას არ წაეღო. ბავშვს არ დაბანდნენ, ტანსაცმელს არ გაუჭრიდნენ. რამე თუ დარჩებოდათ გარეთ, ცეცხლზე გადაატარებდნენ. ჭინკა თმას მალავს, რადგან ერთი ღერიც თუ ჩაუვარდა ადამიანს, მის მორჩილ მსახურად იქცევა და სხვათა შორის, არნახული სისწრაფითა და ბარაქიანობით ემსახურება ოჯახს. ჭინკობის თვეში რაც არ უნდა გაეკეთებინათ, მისთვისაც უნდა ეწილადებინათ. თუ ქსოვდა ქალი, ჭინკისთვისაც უნდა მოექსოვა პატარა წინდა, თორემ მოვიდოდა და ეტყოდა: „წინდა მომე, წინდა, თორემ შენ შეგწვავ“. ხალხის წარმოდგენით, ჭინკა ბავშვის ტანისაა და ტიტველია. ჭინკები ტყეში ცხოვრობენ, ასევე ღელეების ნაპირას და სხვადასხვა მივარდნილ ადგილზე. ადამიანს გზის პირას ხვდებიან და სახელს დაუძახებენ. ჭინკა იმასაც ეტყვის, თუ სად მიდის ის, გულში რას ფიქრობს და ჯიბეში რა უდევს. ჭინკების მთავარი თვისებაა, ჭკუაზე შეშალონ მათ წრეში ჩავარდნილი ადამიანი. ჭინკებს უყვართ ადამიანის გამასხარავება. უხარიათ, როცა ქვებს ესვრიან სახლების სახურავებზე და აკრთობენ მის ბინადართ. ხან სახურავიდან კერის გარშემო დამსხდარ ხალხს სიბინძურეს აყრიან. ჭინკებს ბავშვის ხმა აქვთ, ამიტომ ისე მშვენივრად აჯავრებენ ბავშვის ტირილს, რომ კაცს ეგონება, ადამიანის შვილი ჩარჩენიათ ტყეშიო. ძებნას რომ დაუწყებს, წააწყდება ჭინკების მთელ გროვას, რომლებიც მისცვივდებიან კაცს და მოუნდომებენ ცემასა და ჭკუიდან შეშლას. ჭინკისთვის დამახასიათებელია გამოსკვნა, დაკირკატება. ამ ოინბაზობით აწვალებენ ადამიანს. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა ადამიანს დილით უნახავს თავისი ცხენი დაწნული ძუით, მაგრამ ისე ჩახვეული, რომ ვერც კი გაუხსნია. საერთოდ, დახვევა ჭინკეულისა და ქაჯების თვისებაა. ხევსურეთში ხვეული სახის ორნამენტიან ხმალს ქაჯისთმიანს უწოდებენ. თავად ქსოვის პროცესიც ერთგვარად ქაჯურ ბუნებას უკავშირდება. დამცავი ჯაჭვი ნაქსოვია და მას ქაჯი აკეთებს. სიტყვა „დაკირკატება“ (ჩახვევა) და კრიმანჭულის მეორე სახელწოდება „კირკანტული“ ერთი ძირიდან მომდინარეობს. გურული ახალგაზრდები, ღამით რომ არ შეშინებულიყვნენ, მაშინ მღეროდნენ „კირკანტულს“. სამეგრელოში ჭინკობას „ჭეჭეთობა“ ერქვა. „ჭიჭე“ პატარას ნიშნავს და იმ წარმოდგენიდან მომდინარეობს, რომ ჭინკა ზომით პატარაა. ქაჯი ასევე, ქალის სახით წარმოედგინათ – გრძელი თმით და საშინელი ღონით. მან საშინელი ყვირილი იცის, ცდილობს მამაკაცებთან ურთიერთობას. ხალხის წარმოდგენით, წელიწადში ერთხელ მზაკვრები ანუ ეშმაკეულები ყველა კუთხიდან მიდიან ტაბაკონას მთაზე თავიანთ უფროსთან – როკაპთან და იმის ანგარიშს აბარებენ, თუ რა მავნებლობა ჩაიდინეს წლის განმავლობაში. ეს ხდება ჭეჭეთობის ანუ ჭინკობის დროს ივლისში ან აგვისტოში. ამ დღეს სამეგრელოში დაბინდებისთანავე ემზადება მთელი სოფელი მზაკვრების დასახვედრად. ყველამ იცის, რომ ამ ღამეს მზაკვრები ტაბაკონაზე უნდა წავიდნენ როკაპთან ძღვენის მისართმევად. ვინც ამ ღამემდე ვერ მოასწრო ადამიანებისთვის ევნო რამე, ამ ღამეს მაინც ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რომ თავის უფროსს ხელცარიელი არ წარუდგეს და მისი წყრომა და რისხვა არ დაიმსახუროს. სოფლელნი, თავის მხრივ, ცდილობდნენ, ამ ბრძოლიდან უვნებელნი გამოსულიყვნენ. ამისთვის ისინი მოჭრილ იელს გადააჯვარედინებდნენ, ან სარზე დაამაგრებდნენ ჯვარს, ეკლის გვირგვინსაც წამოაცვამდნენ და თვალსაჩინო ადგილას მიწაში ჩაარჭობდნენ, რათა მზაკვარის თვალი პირველად მას მოხვედროდა. ამით მის ჯადოქრობას ძალა ეკარგებოდა. იმ ღამეს არავის არ უნდა დაეძინა. სოფლელები სასოფლო მოედანზე იკრიბებოდნენ, ცეკვავდნენ, მღეროდნენ. შუა მოედანზე დაანთებდნენ დიდ ცეცხლს და ყველა მისული გადაახტებოდა, რადგან ცეცხლის გამანადგურებელი ძალა სპობდა არაწმინდა არსებას და მის ბოროტ განზრახვას. ფიქრობდნენ, რომ მზაკვრებს სოფელში თანამოაზრეები და ხელშემწყობები ჰყავდათ. ასეთი ეჭვმიტანილები ზოგჯერ ძალიან უცემიათ, სახლ-კარი დაუწვავთ და მდინარეში ჩაუგდიათ. მიაჩნდათ, თუ მდინარე ჩაძირავდა, მაშინ უდანაშაულო იყო, ხოლო თუ ამოატივტივებდა, ეს ნიშნავდა მის ნამდვილ კუდიანობას. ასეთ ადამიანს დაღავდნენ და ჩაქოლავდნენ.

скачать dle 11.3