მანიკა ასათიანის რა მოთხოვნები დააკმაყოფილა ნიკა ლაზარიაშვილმა და რაში უბამს მას მხარს მანიკას მეუღლე
მანიკა ასათიანი და ნიკა ლაზარიაშვილი „ორი ვარსკვლავის“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ნიჭიერი წყვილია. პირადად მე ამ ორ არაჩვეულებრივ ადამიანს, რომლებიც ბევრი პოზიტივით, დადებითი ენერგიით, სითბოთი და ხალისით გამოირჩევიან, ყველაზე მეტად ვგულშემატკივრობ. ამიტომ, თქვენც, ვისაც მათი ნახვა დიდხანს გინდათ „ორ ვარსკვლავში“, დაუმესიჯეთ ნომერზე: 95208.
მანიკა ასათიანი: ნიკას პირადად არ ვიცნობდი. როცა მოვისმინე მისი ნამღერი, გამახსენდა და ვოკალიც მომეწონა. რომ გავიცანი, ახლა უფრო მეტად კმაყოფილი ვარ, ხასიათებითაც კარგად შევეწყვეთ.
ნიკა ლაზარიაშვილი: მანიკა „ჯეოსტარიდან“ მახსოვდა, ოღონდ, ძალიან ბუნდოვნად: ჟღალთმიანი გოგო. სახლში რომ მოვედი, ჩემს ძმას ვუთხარი, მანიკა მაჩვენე-მეთქი. გიგამ მაჩვენა, მომეწონა და გამიხარდა. რომ გავიცანი, უფრო დავახლოვდით და დავმეგობრდით. მისი შესაძლებლობები დიდად არ განსხვავდება ჩემგან, ისიც ძალიან მაგარი პროფია. რაღაც გამოცდილება ჰქონდა, მერე აღარ განაგრძო და ახლა მისი კუნთები ისევ უბრუნდება ძველ ფორმას. ძალიან მაგარი გოგოა და ერთად კარგი რაღაცეების გაკეთებას ვგეგმავთ.
– როგორ შეეწყვეთ ხასიათებით?
– ძალიან ჯიუტია, მეც ჯიუტი ვარ და ეს თემაა, რა!.. ახლა რომ მოვდიოდით, დიღომში ერთ შუქნიშანზე მიმტკიცებდა – გუშინ დააყენესო. არადა, დიღომში ვცხოვრობ 25 წელია, სულ მანდ დავდივარ და ვიცი, ერთი თვის წინ დააყენეს. ვნახოთ, ვინ მოიგებს სუშის.
მანიკა: ამან რომ არ მითხრას, მეც ვიცი, რომ ჯიუტი ვარ.
ნიკა: ისეთ რაღაცეებზე მიმტკიცებს ხოლმე... მაგალითად, სახლში რაღაცას გავაკეთებ და, ეს მეუბნება, არა, ასე არ გაგიკეთებიაო. იმდენად მზრუნველი დედაა, ჩემზეც კი ზრუნავს. კიდევ, არაპუნქტუალურია. რეპეტიციაზე სულ ლოდინი მიწევს. მე იქვე ვცხოვრობ და 3 წუთში ვარ ადგილზე, ეს კი მთელი საათ-ნახევარი აგვიანებს. მისი მეუღლეც მხარს მიბამს: ხომ იცი, სულ ასეა და მეც აღარ მეშლება ნერვებიო.
– შენ და ბექამ კოალიცია ხომ არ შექმენით მანიკას წინააღმდეგ?
მანიკა: ჰო, მაგრამ, ვერ მერევიან – ქალის ძალა ხომ იცი... ბექა ძალიან მგულშემატკივრობს და ძალიან ნერვიულობს. როგორც მე ვარ მისი აქტიური ქომაგი, ისეა ის ჩემი ქომაგი.
ნიკა: სხვათა შორის, ბექას ბრალია, რომ მანიკას ყელი ამ დღეში აქვს.
– თამაშებზე რომ აყვირებს?
მანიკა: აჰა, ესე იგი, ბექას ბრალი ყოფილა. მაგრამ, ახლა აღვიდგენ ძალებს.
– რაც მთავარია, ორივე ძალიან მხიარულად ატარებთ დროს.
– ორივე სულ ვიცინით 24 საათის განმავლობაში. ფოტოებს რომ ვათვალიერებთ, მეცინება: ყველაში ერთნაირი სახე გვაქვს და მერე გიჟებივით ვიცინით. თან, კარგად გვაფასებენ ხოლმე. გულით მიხარია, რომ ხალხში დადებით ემოციებს ვიწვევთ.
– ნიკამ შენზე თქვა, ჯიუტია და აგვიანებსო, ახლა ნიკას უარყოფით თვისებებზეც მითხარი რამე.
– ესეც ჯიუტია, სიმღერის დროს დაიწყებს ხოლმე ჯიჯღინს: მაინც არ მოგწონს ჩემი არჩეული, მაშინ, შენ აარჩიე და, რომ აარჩევ, მერე მომეცი და ვისწავლიო. მე ასე არ მინდა; მინდა, ორივე კმაყოფილები ვიყოთ და მოგვწონდეს სიმღერა.
ნიკა: ბოლო სიმღერით ორივე ძალიან კმაყოფილები ვართ.
– დომინანტი მაინც ვისი აზრია?
– მანიკასი, თუმცა, ვითვალისწინებთ ერთმანეთის აზრს.
მანიკა: კი, ვითვალისწინებ ნიკას აზრს, თან, პედაგოგებიც გვეხმარებიან და მერე საერთო ხმა წყვეტს.
– ალბათ, ერთმანეთის რჩევებსაც ითვალისწინებთ.
ნიკა: რჩევები უფრო ჩემგან მოდის. არც სჭირდება ბევრი არაფერი, რადგან, ჩამოყალიბებული ინდივიდია, კარგად მღერის, იმპროვიზაციისა და შესრულების ინდივიდუალური უნარი აქვს.
მანიკა: ძირითადად კარგი კომენტარები ისმის ჩვენი მიმართულებით, თუმცა, არის განსხვავებული აზრიც და მე არ ვარ არც ჯანსაღი კრიტიკის წინააღმდეგი და არც უარყოფითი კომენტარის. თუმცა, ვინც მიიჩნევს, რომ რაღაც გამოცდილება მაქვს და ასევე მომღერლად მთვლის, მინდა, გავცე პასუხი: მე არც ვმალავ, რომ პირველად არ ვდგავარ სცენაზე. როდესაც „ჯეოსტარში“ ვმონაწილებოდი, 15 წლის ვიყავი, ეს კი არ ნიშნავს მომღერლობას – სულ 4-5 ტურში ვიმღერე, ჩემი ბავშვური მოთხოვნილება დავიკმაყოფილე და ოცნება ავისრულე. არც იმას ვმალავ, რომ 13 წლამდე დავდიოდი სიმღერის მასწავლებელთან, რადგან ძალიან მიყვარდა ეს საქმე. მაგრამ მერე მოდელობა დავიწყე, 14-15 წლამდე არც მიმღერია, „ჯეოსტარის“ შემდეგაც არ გამიგრძელებია. შეიძლება, ვინმეს „დილის ეთერში” აქვს ჩემი სიმღერა მოსმენილი, რადგან, გვქონდა მუსიკალური რუბრიკა, სადაც სიმღერებზე ისტორიებს ყვებოდნენ და, თუ იყო ისეთი სიმღერა, რომელიც შემეძლო მეც მემღერა, დილით ტექსტს მომაწოდებდნენ და ვმღეროდი. თუ კარგად გამომდიოდა – ძალიან კარგია, მაგრამ, თუ ეს ვინმესთვის მომღერლობაა, მოდი, მან თავისი კომპეტენცია და შეხედულებები გამოასწოროს. მე ჟურნალისტი ვარ და ვმღერი.
ნიკა: ზოგს მშობლიური ენა ავიწყდება, როდესაც სადმე მიდის და იმ ენაზე საუბრობს, სადაც ცხოვრობს. მანიკას იოგებსაც ასეთი რაღაც მოუვიდა – დაავიწყდა სიმღერა და ახლა იწყებს გახსენებას.
მანიკა: მე გამიხარდება, თუ ვინმეს ესიამოვნება ჩვენი სიმღერის მოსმენა, მაგრამ, თუ ვინმეს არ გაუხარდება და გულზე მოხვდება თუნდაც იმიტომ, რომ სხვისი გულშემატკივარია, არც ეს არის პრობლება.
ნიკა: ნიჭიერი გოგოა და ბევრი რამ გამოსდის კარგად. ჩემი გადმოსახედიდან, ძალიან გამიმართლა, რომ სწორედ მანიკაა ჩემი მეწყვილე.
მანიკა: მეც ძალიან გამიმართლა, ვფიქრობ, კარგი წყვილი ვართ. მხოლოდ ის არ არის საკმარისი, რომ ერთმანეთს ვოკალურად შევეფერებოდეთ, ყველაფერს ვაქცევდი ყურადღებას – სიმაღლეც ვიკითხე, ვიზუალიც, როგორ შევეფერებით ერთმანეთს, რადგან, თავიდან ვიზუალი გხვდება თვალში, შემდეგ, თუ კარგი ვოკალიც არის და პლასტიკაც, მერე კარგი ნომერი გამოდის და კარგი წყვილია.
– მანიკას გიო გაიცანი?
ნიკა: ჯერ არა, დავინახე.
მანიკა: არ დამყავს, რადგან, იმდენად მიჯაჭვულია ჩემზე არავის დანახვა არ უნდა ხოლმე. ვერაფერს მოვახერხებთ. ნიკას „ფუას“ ეძახის. მამამისიც „ფუაა,“ როცა ჩემ გვერდით არის. მერე, ერთად რომ ვუყურებთ ტელევიზორს, უხარია: ბევრი დედა მინდაო.
– ნიკა, შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
ნიკა: ასი შეყვარებული მყავს და მაინც არ ვარ კმაყოფილიი...
– ბოლო გამოსვლის დროს ჟიურიმ აღნიშნა, რომ მანიკამ უკეთესად იმღერა. ზოგს ამაზე საშინელი რეაქცია ექნებოდა, შენ კი კარგად მიიღე.
– სიმართლეს უნდა ჩახედო თვალებში: აღიარებითა შენითა მოიპოვე სიმშვიდე შენიო. ასე იყო და მეც ვაღიარებ. რადგან გეუბნებიან, უნდა გამოასწორო, სხვისი უნდა გესმოდეს.
მანიკა: მეც სულ ვითვალისწინებ კომპეტენტური ხალხის – პედაგოგების, ჟიურის აზრს, რადგან, საბოლოოდ ეს გაძლევს შედეგს. აი, მაღალ ნოტებზე თუ დავხუჭე კიდევ თვალები...
ნიკა: როგორ არ უნდა დახუჭო, უბრალოდ, სულ დახუჭული არ უნდა გქონდეს. შიშით არ უნდა დახუჭო, თორემ, გრძნობა თუ მოიტანს, აბა, რა უნდა ქნა?!
– „ახალი ხმის“ მერე აღარ ჩანდი.
– ევროტურში ვიყავი. ბევრ კონცერტს დავესწარი, შემდეგ, ინსპირაციისთვის, ხელმეორედ წავედი ამსტერდამში. ძალიან შეიცვალა ჩემი ცხოვრება, რადგან, შევხვდი ადამიანს, რომელმაც ბევრი რამ სხვანაირად დამანახვა – სტეფანეს ვგულისხმობ. ბევრი კარგი რამ დავინახე, უფრო მარტივად ვუყურებ რაღაცეებს, გავიზარდე, სხვა ღირებულებები წამოვიდა წინ და ბედნიერი ვარ.