რა მიაჩნია სიყვარულის დროს წარმოუდგენლად თამუნა ერგემლიძეს და როგორ იქორწინა მან ურთიერთობის სამი თვის თავზე
მსახიობი თამუნა ერგემლიძე მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან,“ მინისტრ თეას როლით გაიცნო. მიუხედავად იმისა, რომ თამუნა პროფესიით მსახიობია, ეს მისთვის პირველი როლია. მას აქამდე, არცერთ ფილმსა და სპექტაკლში არ მიუღია მონაწილეობა. მიზეზი საპატიო ჰქონდა, ოჯახი შექმნა და ტყუპი ბიჭების აღზრდაზე დაიწყო ზრუნვა. მსახიობი ამჟამად, სერიალის პარალელურად, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტში მუშაობს, რაც ძალიან მოსწონს. თუმცა, ამბობს, რომ გადასაღები მოედანი სულ სხვა ბედნიერებას ანიჭებს.
თამუნა ერგემლიძე: ცნობადობის კოეფიციენტი ძალიან მაღალია, ალბათ, ჩემი ხუჭუჭა თმის გამო (იცინის). მაგრამ, რაც ჩემი და ვატოს ურთიერთობა შეიცვალა, დამოკიდებულებაც უარყოფითი გახდა. უფრო ვატოს მიმართ, თუმცა მეც კარგად გამომლანძღეს. ერთხელ, მაღაზიაში შევედი, სადაც დედა შემოვიდა ორი ბავშვით. ბავშვებმა მიცნეს. ისინი უფრო გამოხატავენ ხოლმე ამას და მეც გავუღიმე. ცხოვრებაში პირველად ბავშვებმა არ გამიღიმეს. ავნერვიულდი. მერე დაველაპარაკე. ვუთხარი: თეა, ალბათ, არ მოგწონთ, მაგრამ მე მსახიობი ვარ, თამუნა მქვია და საერთოდ, გილოცავთ ახალ წელს-მეთქი. დიდი დამრგვალებული თვალებით მიყურებდნენ და ძალიან გაუხარდათ. ამდენი წლის შემდეგ, ჩემს პროფესიას დავუბრუნდი, რაც ახალ შეგრძნებებს იწვევს ჩემში. მსახიობობის გარდა, ძალიან მიყვარს წერა. მისი საშუალებით, ჩემს გრძნობებსა და შეგრძნებებს გადმოვცემ. პირველად ჩემს შვილებს ვაკითხებ ხოლმე. რაც შეეხება მსახიობობას, ეს გადაწყვეტილება ბოლო კლასში სწავლისას მივიღე.
– თუმცა მსახიობის პროფესია აქამდე არ გამოგიყენებიათ. რატომ?
– ამას არაჩვეულებრივი მიზეზი ჰქონდა. ეს იყო ჩემი შვილები: გიორგი და თორნიკე. მე მათ ვჭირდებოდი, ისინი კი მე მჭირდებოდნენ. სხვა პრიორიტეტი ჩემთვის არ არსებობდა. არც მიფიქრია ამაზე. რა თქმა უნდა, ჩემს შვილებთან ყოფნა ვარჩიე. მსახიობობაზე უარის თქმა არ გამჭირვებია, რადგან პრიორიტეტები დავაწყვე მანამ, სანამ შვილები შემეძინებოდა – მაშინვე, როგორც კი გავიგე, რომ ორი შვილის დედა გავხდებოდი. ბევრი ფიქრიც არ დამჭირვებია. გული და გონება ერთს მეუბნებოდა. ჩემს შვილებთან ერთად მერჩივნა ყოფნა. ბავშვების გაზრდის მომენტში, პერიოდულად, როცა ჩემს მეგობრებს ვუყურებდი, მეც მინდებოდა იქ ყოფნა. მოვიტყუები, რომ თქვა, ასე არ იყო-მეთქი. თუმცა, ზუსტად ვიცოდი, რას ვაკეთებდი.
– მეუღლეც გაახარეთ, ალბათ, თქვენი გადაწყვეტილებით?
– რასაკვირველია. მეუღლე ძალიან ბედნიერი იყო. ახლა ჩემი შვილები ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლობენ ბიზნესადმინისტრირებაზე. გახსნეს სტუდია, სადაც „ჰიპ-ჰოპს” ასწავლიან. ეს ახალი ეტაპია მათ ცხოვრებაში და მე წარმატებას და იღბალს ვუსურვებ. არ აქვს მნიშვნელობა, არტისტი ხარ, ცეკვავ თუ რას აკეთებს სცენაზე, როცა იქ დიდ ენერგიას და გულს დებ, ბედნიერი ხდები. მე ამას ჩემს შვილებში ვხედავ. მეც ვცეკვავდი სკოლის ასაკიდან. „სუხიშვილების სტუდია” მაქვს დამთავრებული. ინსტიტუტშიც ძალიან ბევრ ცეკვაში სოლისტი ვიყავი. ასე რომ, ეს უნარი ჩემს შვილებს ჩემგან აქვთ (იცინის). პროფესიით კი, მამის გზას გაჰყვნენ. ჩემი მეუღლეც ეკონომისტია. მოკლედ, ვერ აუარეს გვერდი მშობლების უნარებს და ორივესგან აიღეს რაღაც (იცინის).
– როგორ მოსწონთ შვილებს და მეუღლეს თქვენი როლი და თუ ნერვიულობენ, როცა ეკრანზე გხედავენ?
– ბიჭებს ახარებთ ის, რომ ახალ ამპლუაში მხედავენ. მათ არ ვყავდი ნანახი სცენაზე. რასაც უყურებენ, მოსწონთ. ბუნებრივია, პერსონაჟით არ არიან მოხიბლულები, უბრალოდ, მოსწონთ სხვა ამპლუაში რეალიზებული დედა. მეუღლემ ძალიან კორექტულად იცის ხოლმე შექება. ვფიქრობ, რომ ნერვიულობაც ახლავს ამ პროცესს. თუმცა, სერიალის დროს, ბიჭები ხან მუშაობენ, ხან დარბაზში არიან სავარჯიშოდ და მერე უწევთ ხოლმე ყურება. ამიტომ ხშირად ერთად ვერ ვუყურებთ. შენიშვნებს არ მაძლევენ. ჩვენ სხვანაირი დამოკიდებულებები გვაქვს. შეიძლება, რაღაც დააკლდეს როლს, მაგრამ ეს მათგან არ გამიგია. ეს ყველაზე კარგად მე ვიცი.
– საინტერესოა, როგორი იყო მათი რეაქცია, როცა ამდენი ხნის შემდეგ პროფესიას დაუბრუნდით?
– ადრეც მქონდა შემოთავაზებები და არცთუ ისე ცოტა, მაგრამ არ ვდგამდი ამ ნაბიჯს. ამ შემთხვევაში, საჭირო დროს, საჭირო მომენტში მივიღე შემოთავაზება და დავთანხმდი. მეუღლეს და შვილებს პირდაპირ გადაწყვეტილება გავაცანი (იცინის). ჰო, მაგარია, თამოო, – მითხრეს. წინააღმდეგები არ ყოფილან. ისეთ გადაწყვეტილებას მე თვითონ არ მივიღებ, რომ ოჯახის წევრები უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო.
– თეას ვატოსთან ურთიერთობაზე რას ფიქრობთ?
– ის ქიმია, რაც ორ ადამიანს შორის ხდება, იმ ორი ადამიანისთვის არის აღმოჩენა. ამას სხვა ვერ იგრძნობს. არ აქვს მნიშვნელობა არც ასაკს, არც მანძილს, არც სოციალურ სტატუსს და არც სხვა არაფერს, როცა გაბედნიერებს ის ერთი და სხვა არავინ, როგორიც არ უნდა იყოს ის. ვატოს რაც შეეხება, როგორც სერიალიდან ჩანს, არის მიზანდასახული, კარიერისტი ბიჭი, რომელიც ყველაფერზე მიდის მიზნის მისაღწევად. მართალია, სცენარის წაკითხვისას მეც სახტად დავრჩი, მაგრამ ასე ცხოვრებაშიც ხომ ხშირად ხდება. არა მგონია, თეას არ ეგრძნოს ვატოს კარიერული ლტოლვა. არ მესმის იმ სიყვარულის, რომელიც უკეთესს არ გაგხდის, ვიდრე ხარ. ვატოც თავისებურად აბედნიერებს თეას, თუმცა დგება დრო, როცა თეას და ვატოს ურთიერთობაში კრიზისი ჩნდება და ეს პლასტმასის სიყვარული ვეღარ უძლებს დროს.
– რადგან ასე საუბრობთ სიყვარულზე, თქვენი და თქვენი მეუღლის სიყვარულის შესახებ მომიყევით.
– მე და ჩემმა მეუღლემ სამი თვის თავზე ვიქორწინეთ. მანამდე ვიცნობდი, მერე რაღაც პაუზა გვქონდა და მოგვიანებით, ისევ აღვადგინეთ ურთიერთობა. ადამიანს რომ გაიცნობ, ის ან არის შენი, ან არა. მერე შეყვარება, ალბათ, ცოტა დაძალებითია. მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები ვართ. მე ძალიან რომანტიკული ვარ, ის – არა, თუმცა ეს ხელის შემშლელი საერთოდ არ არის ურთიერთობაში, პირიქით, ალბათ, ასეთი ადამიანები უფრო იზიდავენ ერთმანეთს. მთავარია, რომ წყვილს შორის არ იყოს „მხიარული სტარტები“, ანუ შეჯიბრის მომენტი, რაც ძალიან აფუჭებს ურთიერთობას. ჩვენ შეყვარებულები ოთხმოცდაათიანებში ვიყავით, მანქანა კი მყავდა, მაგრამ მახსოვს, რომ ძალიან ბევრს დავდიოდით ფეხით, რაც ორივეს ძალიან მოგვწონდა. დილა რომ თენდებოდა, ცხრაზე მეწყებოდა ლექციები და ის ცხრის ნახევარზე, უკვე ქვემოთ მელოდა. ინსტიტუტშიც რომ შევდიოდი, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც სწავლობდა, მე მელოდებოდა გარეთ. ლამის რვა საათამდე მქონდა ხოლმე ლექციები. სულ ერთად ვიყავით და არ გვბეზრდებოდა. სახლშიც რამდენჯერ ტელეფონზე ჩამოკიდებულს დამძინებია. მაშინ თერთმეტ საათზე კომენდანტის საათი იწყებოდა და ხუთი წუთი რომ აკლდა, ზუსტად მაშინ ვცილდებოდით ერთმანეთს. ახლა გამახსენდა და თვალებშიც სხვა სხივი ჩამიდგა. გამიხარდება, თუ ამდენი წლის შემდეგ კიდევ რამით გავაოცებთ ერთმანეთს.
– თეას პერონაჟი ისეთივე აქტიურად განაგრძობას არსებობას?
– საიდუმლოს ვერ გავცემ, თუმცა ძალიან დიდი ინტრიგებია. დაელოდოს მაყურებელი და ყველაფერი ძალიან საინტერესოდ განვითარდება. ქეთი დევდარიანი ამჯერადაც არ უღალატებს პრინციპს და მაყურებელს გააოცებს.