რა უნიკალურ ოპერაციებს აკეთებენ ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში და რატომ ირჩევენ მას პაციენტები
რატომ ენდობიან პაციენტები ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და მის დამფუძნებელს, ბატონ კოტე მარდალეიშვილს. რითია კლინიკა გამორჩეული და რატომ ირჩევენ მას სიმსივნით დაავადებული პაციენტები. ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, მძლავრ პროფესიულ-სამეცნიერო ბაზას ეფუძნება და საქართველოში დღეს ამ დარგის პრიორიტეტულ სამედიცინო დაწესებულებად სახელდება. კლინიკის განვითარების სამომავლო გეგმებსა და სამუშაო პრინციპებზე სასაუბროდ ბატონ კოტე მარდალეიშვილს კაბინეტში მაშინ ვეწვიეთ, როცა რამდენიმე წარმატებული ოპერაციის შემდეგ მცირედი დრო გამონახა ჩვენთან სასაუბროდ.
საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თავისა და კისრის ონკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი კონსტანტინე მარდალეიშვილი ცნობილია საქართველოსა და ევროპის სამედიცინო საზოგადოებისთვის როგორც პრაქტიკული, ასევე სამეცნიერო მოღვაწეობითა და ორგანიზებული საქმიანობით. საქართველოში კონსტანტინე მარდალეიშვილის მოღვაწეობა 30 წლის განმავლობაში წარმოდგენილია რამდენიმე მიმართულებით, კერძოდ, სამეცნიერო პედაგოგიური, პრაქტიკული და ორგანიზაციული მხრივ. მან აღზარდა ახალგაზრდა ქირურგთა მთელი პლეადა, რომლებიც წარმატებით მუშაობენ არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის წამყვან სამედიცინო ცენტრებში. ამ ხნის განმავლობაში პრაქტიკულად შეიქმნა კონსტანტინე მარდალეიშვილის ქირურგიული სკოლა, რომელსაც ძალუძს თავისა და კისრის პათოლოგიებით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის ყველა საკითხის მაღალპროფესიულად გადაწყვეტა. კონსტანტინე მარდალეიშვილის მიერ საქართველოში პირველად შესრულდა მთელი რიგი ოპერაციებისა, რომლებმაც მნიშვნელოვნად აამაღლეს ონკოლოგიურ პაციენტთა გამოჯანმრთელების მაჩვენებლები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კონსტანტინე მარდალეიშვილი, ონკოლოგიაში მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობის გამო, დაჯილდოებულია საპატიო სიგელებით, ღირსების მედლითა და ორდენით, ხოლო მის მიერ ონკოლოგიურ პაციენტთა ქირურგიული რეაბილიტაციის ახალი მეთოდების დანერგვის გამო მიენიჭა სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება.
2012 წელს კონსტანტინე მარდალეიშვილმა ჩამოაყალიბა ონკოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომელშიც მოიწვია სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტები როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთის ცნობილი კლინიკებიდან.
– ბატონო კოტე, როდის ჩამოყალიბდა კლინიკა და როგორ ვითარდებოდა მისი სამუშაო ფუნქციები ბოლო წლების განმავლობაში?
– მკურნალობის ევროპული სტანდარტების საქართველოში დანერგვის მიზნით, 1995 წელს, გერმანელ კოლეგებთან, პროფესორ ვ. მესმერთან და პროფესორ ა. შელერთან ერთად, დაარსდა ქართულგერმანული სპეციალიზებული ონკოლოგიური კლინიკა, რომელიც წარმოადგენდა ახალგაზრდა კადრების მომზადების ბაზას. ამ კლინიკის ბაზაზე ყოველწლიურად იმართებოდა საერთაშორისო კონსილიუმები მძიმე ონკოლოგიური პაციენტების შემდგომი მკურნალობის სტრატეგიის განსაზღვრის მიზნით. აღნიშნულ კონსილიუმებში მონაწილეობდნენ ევროპაში განთქმული ონკოლოგები, რომლებიც, აუცილებლობის შემთხვევაში, მზად იყვნენ, პაციენტები მიეღოთ საკუთარ კლინიკებში. 2000 წელს ჩვენი ინიციატივით, ქართულ-გერმანული კლინიკის ბაზაზე შეიქმნა ოცდამეერთე საუკუნის მეცნიერებად მიჩნეული მსოფლიო სტანდარტებით აღჭურვილი ღეროვანი უჯრედების ლაბორატორია, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა უჯრედული სუბსტანციების მეშვეობით ორგანიზმის სხვადასხვა პათოლოგიების მკურნალობა. პირველ ეტაპზე კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები მიმდინარეობდა ფეტალური ღეროვანი უჯრედების გამოყენებით. შესაძლებელი გახდა ღეროვანი უჯრედის მიღების გზების დახვეწა, ფეტალური ღეროვანი უჯრედების გამრავლების მეთოდების შემუშავება, გამრავლებულ ღეროვან უჯრედებში ქრომოსომული აბერაციების არსებობის შესწავლა და სხვა. პარალელურად, მიმდინარეობდა ფეტალური ღეროვანი უჯრედების გამოყენების კლინიკური კვლევა ნეიროდეგენერაციული დაავადებების სამკურნალოდ. კვლევაში ჩართული იყო 17 პაციენტი, რომელთაგანაც 12 შემთხვევაში მიღებულ იქნა დაავადების სტაბილიზაცია და მდგომარეობის გაუმჯობესება. 2006 წლიდან ღეროვანი უჯრედების ლაბორატორიის ინტერესი გახდა ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები; შეიქმნა ჭიპლარის სისხლის ბანკი – „ჯეოქორდი“, სადაც ხდება ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების მიღება, შენახვა და დამუშავება თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად და ხანგრძლივი დროით.
ამ დარგის პერსპექტიულობიდან გამომდინარე, უკვე 2009 წელს დაფუძნდა უჯრედული ტექნოლოგიებისა და თერაპიის ცენტრი, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა სხვადასხვა უჯრედული სუბსტანციის მომზადება და მათი საშუალებით ორგანიზმის სხვადასხვა დაავადების მკურნალობის ეფექტურობის განსაზღვრა. ლაბორატორიის ინტერესის სფეროს შემოემატა აუტოლოგიური ძვლის ტვინის მეზენქიმური და სისხლმბადი ღეროვანი უჯრედების კლინიკური გამოყენება რეგენერაციულ მედიცინაში: გულის უკმარისობის, მიოკარდიუმის ინფარქტისა და ღვიძლის ციროზის (ჩაილდის მეორე და მესამე სტადიების) დროს. როდესაც კონსერვატული და ქირურგიული საშუალებები ამოწურული იყო, ამ მიზნით ძირითადად გამოიყენებოდა ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედები. დღემდე აღნიშნული სუბსტანციების მეშვეობით ნამკურნალევია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე 13 პაციენტი, ღვიძლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებული 17 პაციენტი. ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედები გამოყენებულია ძვლოვანი სტრუქტურის მთლიანობის აღსადგენად 5 შემთხვევაში, ხოლო რბილქსოვილოვანი დეფექტების აღდგენის მიზნით – 6 შემთხვევაში.
– ბოლო წლებში განხორციელებულ მიღწევებზე რას გვეტყვით?
– 2011 წლის მიწურულს კლინიკის ბაზაზე შეიქმნა ღეროვანი უჯრედების დონორთა საქართველოს ეროვნული რეესტრი, რომლის დანიშნულებაა საქართველოში ძვლის ტვინის პოტენციური დონორების აღრიცხვა და მათი HLA ტიპირება, რათა საჭიროებისას მოხდეს მათგან ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების შეგროვება პაციენტისთვის გადასანერგად. აღნიშნული პროექტი განხორციელდა ამერიკელი კოლეგების – ლოსანჯელესის კიბოს ცენტრის დახმარებით. ასევე, ბოლო წლებში, ლაბორატორიაში ფრანგ მეცნიერ ანდრე ლეფვერთან ერთად დანერგილია ლიმფოკინაქტივირებული კილერების მიღება (ლაკ) და მისი გამოყენება კიბოს იმუნოთერაპიისთვის თავისა და კისრის ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების სამკურნალოდ. ლაბორატორიაში, აგრეთვე, დანერგილია პერიფერიული სისხლის მონონუკლეარული უჯრედების გამოთავისუფლებისა და კულტივაციის მეთოდიკა, რომელიც განხორციელდა თელ-ავივის უჯრედული თერაპიისა და კიბოს იმუნოთერაპიის საერთაშორისო ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, პროფესორ შიმონ სლავინის ხელმძღვანელობით. ეს მეთოდიკა ინდივიდუალური ვაქცინის მომზადებისა და გამოყენების საშუალებას იძლევა.
– ბატონო კოტე, თქვენ მიერ ჩატარებული უნიკალური ოპერაციების შესახებაც გვიამბეთ...
– ჩვენ მიერ თავისა და კისრის სიმსივნეებით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის მიზნით ჩატარებულია 15 000-მდე ოპერაცია, რომელთა შორის, უმეტესობა გაფართოებულ-კომბინირებულ ხასიათს ატარებდა, მათ შორის პირველად შესრულებულია საქართველოში ოპერაციები სიმსივნეების კრანიოორბიტალური გავრცელების შემთხვევები; პირის ღრუს ავთვისებიანი სიმსივნეების დროს ქვედა ყბის აღდგენილი ოპერაციები კანკუნთოვანძვლოვანი ავტოლოგიური ტრანსპლანტანტის გამოყენებით; პირხახის სიმსივნეების დროს ლოყის ლორწოვანკუნთოვანი ნაფლეთის მეშვეობით ხორხ-ხახის დეფექტის აღდგენა. პროფესორ ნ. ბოხუასთან ერთად პირველად კლინიკურ პრაქტიკაში შევასრულეთ ხორხხახის ადგილობრივად გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეების გაფართოებულკომბინირებული ოპერაციების შემდეგ საყლაპავის კისრის ნაწილის პლასტიკა. აღნიშნული ჯგუფის პაციენტებისთვის ქირურგიული რეაბილიტაციის ეს მეთოდი ყველაზე ფიზიოლოგიური და ერთერთი უნიკალური საშუალებაა. საყლაპავის კისრის ნაწილობრივი დეფექტების არსებობის შემთხვევაში, პროფესორ ივა კუზანოვთან ერთად წარმატებით იქნა განხორციელებული საყლაპავის კისრის ნაწილის პლასტიკა თორაკოდორზალური ნაფლეთების გამოყენებით; ხოლო პროფესორ კ. ყიფიანთან და პროფესორ კახა ქუთელიასთან ერთად, კიდევ ერთი მეთოდი უკავშირდება კიბოს გავრცელებული რეგიონული მეტასტაზების ქირურგიული მკურნალობის საკითხს, როდესაც აღინიშნება მათი ჩაზრდა მაგისტრალურ სისხლძარღვებში. ამ მეთოდების შედეგები არაერთხელ იქნა მოხსენებული სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებზე, სადაც აღინიშნა, რომ მსგავსი ოპერაციები მხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმისა და დიდი გამოცდილების მქონე კლინიკების ხვედრია.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი დამსახურება ხორხის კიბოთი დაავადებულ ლარინგექტომირებული პაციენტების ხმის აღდგენითი ოპერაციების დანერგვაში. საქართველოში აღნიშნული ტიპის ოპერაცია პირველად განხორციელდა 2000 წელს, შვედ სპეციალისტებთან ერთად, რამაც საფუძველი დაუდო მრავალი პაციენტის სოციალურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. დღეისათვის 50ზე მეტი პაციენტი საზოგადოების სრულფასოვანი წევრია. ჩვენს სახელთან არის დაკავშირებული სუნთქვის აღდგენითი ოპერაციების მეთოდოლოგიური ასპექტების დამუშავება და კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვა. როგორც წესი, მსგავსი ოპერაციების განხორციელება ესაჭიროებათ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის მქონე, ან ფარისებურ ჯირკვალზე ნაოპერაციევ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ მბგერავი იოგების ორმხრივი დამბლა. ეს განაპირობებს ხმის ტემბრის მნიშვნელოვან შეცვლასა და ჰაერის ქრონიკულ უკმარისობას. პაციენტის ჰიპოქსიის მდგომარეობიდან გამოყვანა და სრულფასოვანი სუნთქვის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ აღნიშნული ოპერაციების, ანუ მბგერავი იოგის ლიტერალიზაციის განხორციელებით.
– ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენი ცენტრი ფართოვდება. კონკრეტულად რა სამომავლო გეგმები გაქვთ?
– დღეს არსებული კლინიკის გვერდით ვაშენებთ რადიოლოგიისა და რადიოქირურგიის ცენტრს, სადაც პაციენტები მიიღებენ რადიაცულ მედიცინასთან დაკავშირებული მკურნალობის სრულ სპექტრს, რომელიც მოიცავს რადიონუკლიდურ თერაპიას, ახლოფოკუსიან რენტგენოთერაპიას, ბრაქითერაპიას, დისტანციურ გამათერაპიას, სხივურ თერაპიას ხაზოვან ამაჩქარებლებზე და სხვა.
– ბატონო კოტე, თქვენი, როგორც ექიმის გრაფიკი განუზომლად დატვირთულია. რა გრძნობა გეუფლებათ, როდესაც ოპერაციიდან გამოდიხართ?
– ოპერაციის მიმდინარეობის თავისებურებებიდან გამომდინარე, კლინიცისტმა, როგორც წესი, იცის, როგორ განვითარდება პოსტოპერაციული პერიოდი, რა რადიკალურ შედეგებთან გვექნება საქმე. გააჩნია სიმსივნის ფორმას, ჩაზრდის ხარისხს, კავშირს სხვადასხვა ანატომიურ ორგანოსთან და ასე შემდეგ. ზოგადად კი, უდიდესი ბედნიერებაა, როცა იცი, რომ შენს ოპერაციას ექნება პოზიტიური შედეგი, როდესაც პაციენტს უბრუნებ შანსს, იცხოვროს სრულყოფილად!