რა აღმოაჩინა ექსპერტ-კრიმინალისტმა ზაზა ალთუნაშვილმა „ცეერუს“ აგენტისა და გიორგი სანაიას მკვლელობების გამოძიების დროს
დამოუკიდებელი ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი წლების განმავლობაში იყო ქვეყნის პირველი ექსპერტ-კრიმინალისტი. პროფესიული საქმიანობა სამთო-გეოლოგის სპეციალობით დაიწყო, თუმცა, აფეთქებების სპეციალური ცოდნისა და მაღალი კვალიფიკაციის წყალობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ სამსახურში მოხვდა, სადაც რთულ კრიმინალურ პერიოდში ყველაზე მძიმე და გახმაურებულ საქმეებზე მუშაობდნენ. ბატონი ზაზას „ანგარიშზეა” 90-იანი წლების ბევრი რეზონანსული საქმე. დღეს ბალისტიკასა და კრიმინალისტიკას დროდადრო კონსულტანტის რანგში უბრუნდება, თუმცა, კარგად ახსოვს ის თითოეული დეტალი, რომელიც მისი პროფესიული ბიოგრაფიის ნაწილი გახდა.
ზაზა ალთუნაშვილი: პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი დავამთავრე და, როგორც წარმატებული სტუდენტი კათედრაზე დამტოვეს სამუშაოდ. პედაგოგიურ საქმიანობას ვეწეოდი – მეხუთე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა ლექციების კითხვა დავიწყე. სტუდენტებთან გავდიოდით დისციპლინას – ფეთქებადი სამუშაოები, რომელიც ჩვენს ფაკულტეტზე ისწავლებოდა. ეს ის სფერო იყო, რომელიც სპეციალისტების სიმრავლით არ გამოირჩეოდა. აფეთქებები, რომლებიც სამრეწველო საქმეში გამოიყენებოდა, მოითხოვდა სპეციალურ ცოდნას. ჩვენ საქმე გვქონდა მიმართულ აფეთქებებთან, რაც სამხედრო დანიშნულების აფეთქებებისგან დიდად არ განსხვავდება – თუ სამუშაო სრული სიზუსტით არ შეასრულე, სანტიმეტრიან ცდომილებასაც კი შეიძლება, რთული და მძიმე შედეგი მოჰყვეს. სტუდენტობის დროს გავიარე სავალდებულო სამხედრო სამსახური შორეულ აღმოსავლეთში, სადაც მოვხვდი სპეცდანიშნულების ნაწილში. ფაქტობრივად, ისე მოხდა, რომ ჩემი პროფესია დაემთხვა სამხედრო მომზადების პროფილს. 90-იან წლებამდე კრიმინალური აფეთქებები და ტერორისტული აქტები თითქმის არც ყოფილა; მოსახლეობაში საბრძოლო მასალა არ იყო და თუ რამე მოხდებოდა, მას ისეთი რეზონანსი ჰქონდა, საკავშირო მნიშვნელობის სპეციალისტები ჩამოდიოდნენ. მას შემდეგ, რაც დაიშალა საბჭოთა კავშირი და აირია ყველაფერი, საქართველოში მძიმე კრიმინალური მდგომარეობა შეიქმნა. ხალხში გაჩნდა დიდი ოდენობით საბრძოლო და ასაფეთქებელი მასალა, ყოველდღე უამრავი მძიმე დანაშაული ხდებოდა. ჩვენ არ გვყავდა სპეციალისტები, რომლებიც ამ მიმართულებით იმუშავებდნენ, შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კადრების მოძიება და თანამშრომლობა დაიწყო ჩვენთან, პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლაბორატორიაში, სადაც მე მასწავლებლობით დავიწყე და ლაბორატორიის ხელმძღვანელი გავხდი. ჯერ კიდევ ინსტიტუტში მუშაობის დროს, როგორც აფეთქების დარგში სპეციალური ცოდნით აღჭურვილ პირს, მიწევდა დასკვნებზე მუშაობა – ასე აღმოვჩნდი შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტურ სამსახურში, ბალისტიკურ განყოფილებაში.
– როგორი იყო პროფესიული ნათლობა უკვე კრიმინალისტის რანგში?
– იმ წლებში ძალიან ბევრ თემაზე მომიწია მუშაობა. ამ მიმართულებით კრიმინალისტურ სამსახურში მარტო მე ვმუშაობდი. დღე არ გავიდოდა, სასტიკი მკვლელობა და აფეთქება არ მომხდარიყო. აფეთქებები ხდებოდა როგორც საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, ასევე, იყო გახმაურებული ტერორისტული აქტებიც, მაგალითად, გია ჭანტურიაზე განხორციელებული თავდასხმა, რომლის დროსაც სამი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღიდან დაახლოებით სამასზე მეტი ვაზნა იყო გასროლილი. ვმუშაობდი გია გულუას საქმეზეც. 1995 წელს პრეზიდენტზე განხორციელებული ტერაქტი იყო კლასიკური ტერაქტი – ზუსტად ის სამხედრო დანიშნულების ასაფეთქებელი „მონები” იყო გამოყენებული, რომლებიც სამხედრო საქმეში გამოიყენებოდა. ეს იყო სუპერპროფესიონალურად გაკეთებული დანაღმვა. პროფესიონალი იყო ის, ვინც მაშინ დანაღმა ედუარდ შევარდნაძის ავტომანქანა: ყველაფერი უნიკალურად იყო გათვლილი და დამონტაჟებული; თუმცა, რამდენადაც მაღალ დონეზე იყო ჩადებული ნაღმი, იმდენად არაპროფესიონალურად მოხდა მისი აფეთქება დისტანციური პულტით, იმიტომ რომ, დამნაღმველი სხვა იყო, აფეთქება კი განახორციელა სხვამ და იმიტომაც არ დადგა ის შედეგი, რაზეც იყო გათვლილი. ამ საქმეზე მუშაობის დროს ძალიან ბევრი ექსპერიმენტი ჩავატარეთ: სამხედრო ნაწილში გავაკეთეთ აფეთქება, რომ აღგვედგინა სურათი. ექსპერტის მთავარი ფუნქცია არის ინფორმაციის მიღება საგნებიდან და ამის შემდეგ ის მოდის „უკან”, რომ აღადგინოს სურათი. ექსპერტმა უნდა იცოდეს, რა ეძებოს, სად ეძებოს, როგორ დააფიქსიროს, ამოიღოს და გამოიკვლიოს. ამ საქმეზე ჩვენ იმდენი სამუშაო ჩავატარეთ, რომ ფილმიც გადაიღეს „დისქავერისთვის.” მე, ასევე, ვმუშაობდი ედუარდ შევარდანაძეზე 1998 წელს განხორციელებული ტერაქტის გახსნაშიც. ჩვენი ლაბორატორია იყო ქვეყნის წამყვანი ლაბორატორია, სადაც თავს იყრიდა, ფაქტობრივად, ყველა საქმე: მკვლელობა, ყაჩაღობა, ნარკოტიკები. ისეთი მძიმე დრო იყო, სულ სამსახურში მიწევდა ყოფნა, წლების განმავლობაში სამსახურში გვეძინა. ექსპერტის პოზიციით დავიწყე და საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს უფროსის პოსტამდე მივედი. ჩვენი სამსახური აქტიურად იყო ჩართული გამოძიების პროცესში – კრიმინალისტები საგამოძიებო ჯგუფში შევდიოდით. სამინისტროს ხელმძღვანელების დიდი მხარდაჭერა გვქონდა. როცა მუშაობა დავიწყე, სულ 33 კაცი ვიყავით, მაგრამ, როცა სამსახურიდან წამოვედი, უკვე 400 თანამშრომელი გვყავდა და ცენტრალიზებული სისტემა გვქონდა აწყობილი. ყველა რეგიონში და რაიონში იყო ექსპერტი, რომელსაც მინისტრის რანგი ჰქონდა – ვერც პოლიციის უფროსი ეხებოდა და ვერც ვერავინ, რომ მათი დამოუკიდებლობა არ შეზღუდულიყო. მთელი ამოღებული მასალა: იარაღი, ნარკოტიკი, ბომბი, საკვები, ბიოლოგიური და ქიმიური ნივთიერებები, საბრძოლო მასალა – ინახებოდა ჩემთან. ეს იყო უდიდესი არსენალი. ერთხელ ჩემი მეგობარი მოვიდა ჩემთან, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი იყო. მაშინ ლუდის ქილებს საფერფლეებად იყენებდნენ, ჩემს კაბინეტში კი ამ ქილებს სხვა დანიშნულება ჰქონდა – ვიყენებდით იმისთვის, რომ დენთი არ გაბნეულიყო. ჩემი მეგობარი სიგარეტს ეწეოდა და იმ ლუდის ქილისკენ წაიღო ხელი ჩასაფერფლებლად, რომელშიც დენთი ეყარა. ფერი წაუვიდა, როცა გაიგო, რას ვინახავდით ამ ქილებში. რა გეშინია, დაიხედე, რაზე ზიხარ-მეთქი. დაიხედა და ნახა, რომ ოთახი სავსე იყო გამშვები რაკეტებით – ეს ჩემთვის ჩვეულებრივი რამ იყო (იცინის). იმ პერიოდში ჩვენს ლაბორატორიაში შემოდიოდა კვების პროდუქტებიც. მთელი სამეგობრო მე მირეკავდა და მეც გავცემდი ინფორმაციას, რისი ჭამა შეიძლებოდა და რისი – არა (იცინის).
– ლაბორატორია, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობდით, იმ პერიოდში რა ტექნიკურ რესურსს ფლობდა? როგორ აკეთებდით იშვიათ ექსპერტიზებს?
– მაშინ, რა თქმა უნდა, არ გვქონდა ამდენი რესურსი, რაც არის ახლა, მაგალითად, არ კეთდებოდა დნმ-ის ანალიზი, მაგრამ, კეთდებოდა ბიოლოგიური ექსპერტიზები სისხლზე, სპერმაზე. ვაკეთებდით ანალიზების ხელნაწერებს, რადგან მაშინ საბუთების გაყალბებების პერიოდი იყო. მაშინ ჩვენი სამსახურის დაფინანსება სულ 20 ათასი ლარი იყო და რა რესურსი უნდა შეგვექმნა ამ თანხით?! დიდი წვალებით გვიწევდა საჭირო მასალის მოძიება, ექსპერტიზების შედეგები კი დგებოდა უფრო ცოდნის დონეზე. არ არსებობდა დაქტილოსკოპიური ანალიზის აპარატურა, თვალით შედარებებით კეთდებოდა ანაბეჭდების ანალიზი. ღამეებს ათენებდა ხალხი ანაბეჭდებზე, თუმცა, ამ ექსპერტიზით მაინც ბევრი საქმე იხსნებოდა. როგორც ექსპერტი, ჩართული ვიყავი გიორგი სანაიას მკვლელობის საქმის გამოძიებაშიც. ჩვენ ოთხი თვის შემდეგ ვიპოვეთ იარაღი, რომლითაც მოხდა მკვლელობა. დანაშაულში ბრალდებული დარწმუნებული იყო, რომ იარაღს ვერ ვიპოვიდით. ჩვენს სამსახურში შემოდიოდა ოდოროლოგიური ექსპერტიზაც – მეცნიერება, რომელიც მუშაობს სუნის მიხედვით კვალის დადგენაზე. ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყენებდით ამ ექსპერტიზას და გამოვიყენეთ გიორგი სანაიას საქმეშიც: ერთ-ერთ ეჭვმიტანილზე არსებობდა მთელი რიგი ოპერატიული მასალა. ჩვენ შემთხვევის ადგილიდან ამოვიღეთ სუნი და ჩავატარეთ ექსპერტიზა. ის ეჭვმიტანილი ვერც კი მიხვდა, რომ მასზე ვაკეთებდით ექსპერტიზას. ამ დასკვნამ მოგვცა საფუძველი, რომ ის არანაირ კავშირში არ იყო ჩადენილ დანაშაულთან.
– ბოლო პერიოდში, როგორც ექსპერტი, რამდენიმე რეზონანსულ საქმეზე გამოჩნდით, მათ შორის – იური ვაზაგაშვილის აფეთქების დროს. როგორია დღეს აფეთქებების „ხელწერა,” პროფესიონალი კრიმინალისტის აზრით?
– როდესაც ეს აფეთქება მოხდა, თავიდანვე იყო საუბრები, რომ ეს პროფესიონალის მიერ იყო გაკეთებული. მე მაშინაც ვთქვი, რომ განსაკუთრებულ პროფესიონალთან არ გვქონდა საქმე. ეს გაკეთებული იყო იმ ადამიანის მიერ, რომელსაც ჰქონდა შეხება საბრძოლო მასალასთან. იმ წლებში, როცა მე ვმუშაობდი, ბევრი უკონტროლო ტერიტორია და დაჯგუფება არსებობდა და, შესაბამისად, ბევრად უფრო ხელმისაწვდომი იყო საბრძოლო მასალა. საბედნიეროდ, დღეს ასე არაა, და აფეთქებებიც არ ხდება. ამ საქმეს სპეციალური ცოდნა უნდა. მე ხუთი წელი აქ ვისწავლე, შემდეგ მქონდა უზარმაზარი პრაქტიკა; მოგვიანებით გავიარე მომზადება FBR-ის აკადემიაში. ამერიკელებთან მუშაობის გამოცდილება მქონდა თბილისშიც, როცა რასელ ვუდროფის მკვლელობაზე ვმუშაობდით. მე მაშინ ახალგაზრდა კრიმინალისტი ვიყავი და ავტომანქანის დათვალიერების დროს ზუსტად ვთქვი, საიდან იყო გაკეთებული გასროლა. - არა, ეს არაა ასე, მიმტკიცებდნენ ამ საქმეში ჩართული ადამიანები. ერთი კვირა იმუშავა „ეფბიაიმ” ამ საქმეზე და გასროლის რა მიმართულებაც მე დავაფიქსირე, იგივე დააფიქსირეს მათაც.
იყო ჩემს პროფესიულ კარიერაში ერთი საქმე, რომელსაც წლების განმავლობაში არაერთხელ „დავუბრუნდი”. ამ საქმის გამო ძალიან დიდი პროფესიული „ჭიდილი” მქონდა საკუთარ თავთან. 2000 წელს თიანეთის ერთ-ერთ სოფელში ბერიანიძეების მთელი ოჯახი ამოწყვიტეს. შვიდი ადამიანი იყო მოკლული: ცოლ-ქმარი, ბებია და ოთხი შვილი. საწოლში მძინარეები იყვნენ დახოცილები ავტომატით, ერთადერთი ბავშვი იყო წამომდგარი, იმიტომ რომ, მასრაზე იწვა – როგორც ჩანს, სროლის დროს გაეღვიძა. არ ვიცი, რა იყო, რა მოხდა. ის ოჯახი არ იყო შეძლებული და გამოცანად დარჩა ჩემთვის ეს საქმე. ახლაც ბევრჯერ მახსენდება ხოლმე და სულ მაფიქრებს, რატომ ვერ გავხსენით, რამე ხომ არ დავაკელით საქმის გახსნას.
დღეს მე ამ საქმეში არ ვარ ჩართული, როცა დახმარებას მთხოვენ, კონსულტაციების დონეზე ვეხმარები. ექსპერტის სამსახურს სხვა უნარ-ჩვევები, ალღო სჭირდება. შეიძლება, მთელი ცხოვრება იმუშაო და ექსპერტი არ იყო, მაგრამ, შესაძლოა, ორი წელი იმუშაო და პროფესიონალი გახდე. იმდენ საქმეზე მაქვს ნამუშევარი 15 წლის განმავლობაში, უკვე აღარ მაქვს ჩემი „სტატისტიკა”. მე სხვა დამოკიდებულება მქონდა – ეს საქმე იყო მთელი ჩემი ცხოვრება.