კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის უკერავდა ნინო გვენეტაძე ვაკეში ქურთუკებს და როგორ დარჩა ის მარტო

ნინო გვენეტაძე, ალბათ, მალე მოირგებს  პირველი მოსამართლის მანტიას, ჯერ კი პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე დასახელებული კანდიდატი პროცედურულ ნორმებს  გადის, რაც მისთვის ცხოვრების ახალი, ყველაზე საპატიო და საპასუხისმგებლო ეტაპის დასაწყისია. მოსამართლის მანტია მან 1999 წელს მოირგო და  ექვსი წელი ატარა. დღემდე ახსოვს ყველა ის პროცესი და  განაჩენი, რამაც მის ცხოვრებაში დიდი კვალი დატოვა, თუმცა ამაზე და პროფესიული გზის ყველაზე საინტერესო ფრაგმენტებზე  ნინო გვენეტაძე,  ძველებურად  გახსნილი და გულწრფელი რესპოდენტი, უკვე თავად  გიამბობთ.     

ნინო გვენეტაძე:  კეთილსინდისიერად და გულწრფელად გეტყვით, რომ  ეს დღეები, რაც ჩემი კანდიდატურა დასახელდა, ემოციურად იოლი არაა – არ დაგიმალავთ, ძალიან ვღელავ კიდეც.  ვერ ვიტყვი, რომ  როდისმე განსაკუთრებით  მშვიდი  ან ნაკლებად დატვირთული რეჟიმი მქონდა, მაგრამ, ეს, რა თქმა უნდა, სხვა იყო, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა კი სულ სხვა რანგია. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, სადაც მე ვმუშაობ,  საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს,  მე გახლავართ  სამართლის სკოლის სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი. წარმოიდგინეთ, რამხელა პასუხისმგებლობაა აუდიტორიაში  სტუდენტებთან ურთიერთობა, რასაც, ასევე, ემატება მთელი რიგი ადმინისტრაციული ფუნქციებისა, მაგრამ  ის, რისი გავლაც მომიწევს მომავალში, ნამდვილად ბევრად უფრო რთული  იქნება.
– საზოგადოების აზრი ორად არის გაყოფილი: გყავთ ბევრი მომხრე, თუმცა  კრიტიკოსებიც  გამოგიჩნდნენ ბოლო დღეებში. 
–   ბუნებრივია, მოველოდი, რომ  აბსოლუტურად ყველა ჩემი მომხრე ვერ იქნებოდა,  მაგრამ, მაინც მინდა, ვიმედოვნებდე, რომ უმრავლესობის დამოკიდებულება არის პოზიტიური. უმრავლესობაში არ ვგულისხმობ პოლიტიკურ სპექტრს, მე ვსაუბრობ საზოგადოებაზე.  ყველა ის მესიჯი, რომელიც ჩემი მხრიდან გაჟღერდება პარლამენტში, დეპუტატებთან შეხედრებზე, ბუნებრივია, მიმართული იქნება ფორმალურად  კანონმდებლებისკენ, მაგრამ, ეს იქნება განკუთვნილი საზოგადოებისთვის; ამიტომაც, კიდევ უფრო მაღალია პასუხისმგებლობა  იმ საზოგადოების წინაშე, რომელსაც დიდი ინტერესი აქვს სასამართლო ხელისუფლების მიმართ. ბუნებრივია, მე, პირველ ყოვლისა, უნდა ვუპასუხო  საზოგადოების მოთხოვნებსა და დაკვეთებს, რადგან, მეც ვიყავი უსამართლობის მსხვერპლი და ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს, როცა ხელყოფენ შენს უფლებებს.  საბედნიეროდ,  ჩემი პროფესიული საქმიანობის ფრაგმენტები ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი და დღეს ხდება ყველაფრის  აღდგენა, გახსენება.   თუ წარმოდგენილი ვიქნები სასამართლო ხელისუფლებაში,  ჩემი უპირველესი მიზანი გახდება სასამართლოსთვის ფუნქციის სწორად შემეცნება, ვინაიდან დღეს ჩვენ გვაქვს ასეთი მოცემულობა:  ორი სახელისუფლებო  შტო – საკანონმდებლო და აღმასრულებელი, ხმამაღლა, მთელი პასუხისმგებლობით დეკლარირებს, რომ ისინი არ ჩაერევიან მართლმსაჯულებაში.
– ამას ყველა  ხელისუფლება აცხადებს,  თუმცა, უზენაესი სასამართლოს ვერცერთმა თავმჯდომარემ  ვერ შეძლო, ყოფილიყო პოლიტიკური ხელისუფლებისგან  დამოუკიდებელი და თავისუფალი. ერთ-ერთ „ბრალდებად” თქვენც გიყენებენ თქვენს  კავშირს „რესპუბლიკურ პარტიასთან,” რომლის კანდიდატიც  იყავით საპარლამენტო არჩევნებზე ხაშურიდან.
–  ვიცი, რომ ეს შეკითხვა ამ დღეებში უკვე ბევრჯერ გაისმა.  მე ვადასტურებ, რომ ნამდვილად ვიყავი „რესპუბლიკური პარტიის” წევრი 2008 წლიდან 2012 წლის ნოემბრამდე, თუმცა პოლიტიკური გეგმები არასდროს მქონია. მე  ჯერ  კიდევ მაშინ დავტოვე  ეს  პარტია, როცა „რესპუბლიკური პარტია” კოალიციის ფორმატში მოვიდა ხელისუფლებაში. გეტყვით, საიდან მოდიოდა ეს ჩემი პოლიტიკურად მომგებიანი  წინდახედულება: როცა დაგვატოვებინეს სასამართლო და აგვიკრძალეს მართლმსაჯულების განხორციელების უფლება, მას შემდეგ არ შეგვიწყვეტია სამართლებრივი ბრძოლა: გასაჩივრება ევროპის სასამართლოში, ჩვენი პრობლემის წარმოჩენა  სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დონეზე, ევროპელ კოლგებთან ურთიერთობა. ეს ყველაფერი გვაძლევდა საშუალებას,  გვებრძოლა სამართლებრივი გზებით. 2008 წელს როცა მე საპარლამენტო არჩევნებში მივიღე მონაწილეობა,  ჯერ კიდევ არ ვიყავი რესპუბლიკური პარტიის წევრი.  სიმართლე გითხრათ, პოლიტიკურ ჭრილში აქტივობა არ გამომივიდა და, შესაბამისად, ძალიან იოლად შეველიე ამ ფორმატს. ეს იყო  ბრძოლის ფორმა, გადატანილი პოლიტიკურ სპექტრში, მაგრამ, როგორც კი არჩევნების გზით შეიცვალა სიტუაცია, მე დავუბრუნდი ჩემს ძველ ნიშას და გავაგრძელე თანამშრომლობა  სამართლის ექსპერტის  რანგში.
– წლების განმავლობაში იყავით უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და ეს რანგი მიიღეთ  იმ ადამიანების მიერ, რომლებმაც წლების შემდეგ სკანდალით  გაგათავისუფლეს სასამართლოდან... 
–  უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ,  როგორც სამართლის გამოჩენილი სპეციალისტი, ყოველგვარი ბარიერების გარეშე ვიყავი წარდგენილი და დამტკიცებული პარლამენტის მიერ, მაშინდელი უზენაესი სასამართლოს შესახებ კანონით დათქმული საგამონაკლისო ნორმით.  მინდა ვთქვა, რომ  მე მოსამართლის კანდიდატის რანგში წარდგენილი ვიყავი იმ რეფორმატორებისგან, რომლებიც ახორციელებდნენ მართლმსაჯულების რეფორმას – დიახ, ეს იყო ყოფილი პრეზიდენტი და, ასევე,  ბატონი ლადო ჭანტურია, რომლებმაც ჩემი პროფესიული გამოცდილებისა და სტატუსის გამო დამაკისრეს უდიდესი პასუხისმგებლობა.  ჩემთან ერთად ეს პასუხისმგებლობა დაეკისრა ბატონ მერაბ ტურავას. ამას წინ დიდი პროფესიული გზა უძღოდა: საუნივერსიტეტო განათლების მიღების შემდეგ მე ვსწავლობდი მეცნიერებათა აკადემიის თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში; გავხდი მეცნიერებათა  დოქტორი; წლების განმავლობაში ვეწეოდი პედაგოგიურ საქმიანობას და, ამავდროულად, ვმუშაობდი იუსტიციის სამინისტროში კანონშემოქმედებითი საქმიანობის კუთხით. ჩემი პროფესიული ზრდისთვის კარგი პერიოდი დამემთხვა – ეს იყო სამართლებრივი და საკანონმდებლო რეფორმის პირველი ეტაპი ქვეყანაში, ვმუშაობდი იმ სახელმწიფო კომისიაში, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსს ქმნიდა.  ამ კომისიაში მდივანიც ვიყავი და წევრიც.
– თქვენ იყავით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პირველი ქალი ხელმძღვანელი. მაშინ დაიწყო თქვენი მეგობრობა პარლამენტის თავმჯდომარესთან? როგორც ამბობენ, მასთან ძალიან ბევრი წელი  და ახლო ურთიერთობა გაკავშირებთ.   
– არც ამას ვმალავ – ჩვენ უნივერსიტეტში ვსწავლობდით ერთად. ჩვენი მეგობრობა დაიწყო იმ ასაკში, როცა ადამიანები განსაკუთრებით გულწრფელები და ალალები არიან;  ჩვენ დაგვაკავშირა ამ ლაღმა წლებმა,  საერთო იდეალებმა. ჩვენგან არცერთს არ დაურღვევია „საიაში” დადებული „ფიცი” და  არ აგვირევია ერთმანეთში საქმე და მეგობრობა. 1994 წელს, როცა სულ რამდენიმე თანამოაზრემ დავაფუძნეთ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,” ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა აქტიური საზოგადოებრივი  სექტორი. ჩვენ ერთად გვქონდა დათქმული ის პრინციპები, რასაც მე სასამართლოში გამოვიყენებ – კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები.  1998 წელს მე მომიწია იუსტიციის სამინისტროს დატოვება და გავხდი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” პირველი ქალი თავმჯდომარე. სხვათა შორის, როცა მე მოსამართლის ფიცს ვდებდი, პირველი, რაც გამახსენდა, იყო „საიაში” დადებული „ფიცი” – ეს იყო ორგანიზაციის წესდება, აგებული იმ პრინციპებზე, რომლისთვისაც არ მიღალატია. როცა მოსამართლის ფიცი დავდე, ისე განვიცადე, რომ ტემპერატურამ ამიწია (იცინის). სხვათა შორის, იგივე დამემართა რამდენიმე რთული საქმის განხილვის დროს. ასეთ საქმეთა შორის იყო ჩეჩნების ექსტრადიციის საქმე, რომელთა გადაცემასაც რუსეთი მოითხოვდა. პროცესი ისე გართულდა, რომ, ისიც კი ითქვა, თუ ჩეჩენ მებრძოლებს არ გადავცდემდით რუსულ მხარეს, ისინი ყაზბეგს დაბომბავდნენ. ეს იყო დილემა, შესაბამისად, ამ საქმის განხილვა ბევრი თვალსაზრისით აღმოჩნდა  რთული.  მე ვერ აღვწერ ჩემს მდგომარეობას ბოლო სხდომაზე, როცა გადაწყვეტილება უნდა მიმეღო – იმ დღეს  ყველაზე მძაფრი განცდები მქონდა.  მხოლოდ ერთი წუთი დავყავი დარბაზში გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. არ დამავიწყდება დარბაზის რეაქცია და ერთ-ერთი ქალბატონის მზერა, რომელიც, როგორც მერე გავიგე, ჩეჩენი მებრძოლის დედა იყო. მის თვალებში იყო ყველაფერი – დედის ტკივილი, თხოვნა, მოლოდინი... ეს იყო უხილავი ბმა ადამიანებს შორის, როცა შენ, მოსამართლე, არ შეიძლება, რომ შეცდე.  ეს პროცესი ისტორიულ დარბაზში მიმდინარეობდა. მაშინ უსაფრთხოების ზომები არ იყო ისეთი, როგორიც ახლაა და, ამიტომ, სწრაფად დავტოვეთ დარბაზი, გავიხადეთ მანტიები და  ისეთი ოპერატიული სისწრაფით ავედით სამუშაო კაბინეტებში, რომ კარგ სპორტსმენებს ვგავდით (იცინის). რაღაც პერიოდის შემდეგ გერმანიაში მომიწია კოლეგებთან შეხვედრა, რომლებმაც მითხრეს, იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც თქვენ მიიღეთ, ჩვენც კი გაგვიჭირდებოდა თვით ჩვენს ქვეყანაშიო. ამის გამო  ისეთი ამაყი ვიყავი,  მაგრამ, ისე დავიბენი, არც კი  ვიცოდი, რა მეპასუხა მათთვის.
 როდესაც სასამართლო სისტემიდან გამომიშვეს, შინაგანად ისეთი შეურაცხყოფილი დავრჩი, მყისვე პედაგოგიური საქმიანობა რომ არ გამეგრძელებინა, არ ვიცი, როგორ გადავიტანდი იმ რთულ პერიოდს. მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს, დარჩე მარტო, რომ, შეიძლება, აღარც კი მოგესალმოს შენი კოლეგა და ასეთიც არაერთი შემხვედრია; სამაგიეროდ, ამაყად შევდიოდი ლექციებზე და ამაყად ვასწავლიდი ჩემს სტუდენტებს იმ პრინციპებს, რაზეც უნდა იდგეს მართლმსაჯულება.  ძალიან    მენატრებოდა ჩემი საქმე. ერთი წამი არ მიფიქრია, მიმეტოვებინა მტკივნეული, მაგრამ ემოციური სამართლებრივი გზით ბრძოლა. მაშინ ჩემი შვილი ძალიან პატარა იყო, გამიჭირდა ცხოვრება. თიკოს მარტო ვზრდიდი, მხოლოდ ჩემი და მეხმარებოდა.  ჩვენი გადარჩენის გზა იყო პედაგოგიური  საქმიანობა,  თუმცა, მერე უნივერსიტეტიდანაც გამომიშვეს. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, „საქართველოს უნივერსიტეტში” ვიყავი მიწვეული, სადაც ერთი წელი ვიმუშავე. მაშინ  ბევრი კეთილი ადამიანი დამიდგა გვერდში.  დღეს  თიკო უკვე 11 წლისაა,  აქტიური ხასიათი აქვს, ძალიან ინფორმირებულია. თავისი ასაკის მიუხედავად, ხვდება, რა წლები გადავიტანე მაშინ, თუმცა, ისიც კარგად  მახსოვს, როგორ მიჭერდა ხალხი მხარს ყვითელ ავტობუსებში; როგორ გამოხატავდნენ სიმპათიებს, მიღებდნენ ბილეთს... უცებ გამიცნო მთელმა ქვეყანამ (იცინის).
–  როგორია თქვენი ცხოვრება კადრს მიღმა?
–  ძალიან ჩვეულებრივი: ვცხოვრობ ჩემი შვილით და საქმით – ეს არის ჩემი სამყარო. ბუნებით ლიბერალი ვარ, სამართლიანი, თუმცა, ზოგჯერ მკაცრიც, რაც ჩემს შვილს არ გამოეპარება ხოლმე.  მე მაინც დამყოლი ადამიანი მგონია თავი, მით უმეტეს – ბავშვებთან.  მიყვარს მათი სურვილების შესრულება.  ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული კულინარი ვარ, თუმცა, სახლის საქმე, დალაგება, სარემონტო სამუშაოები ყველაფერი – საკუთარ თავზე მაქვს აღებული. ხელმარჯვე  ნამდვილად ვარ, მიყვარს ქსოვა, კერვა. ძალიან კარგად ვკერავ, მთელი სტუდენტობა მეც და ჩემს მეგობრებსაც ჩემი შეკერილი ტანსაცმელი გვეცვა; ზამთრის ქურთუკებსაც კი ვკერავდი.  ჩემი მოდელები ძალიან პოპულარული იყო. ჩვენი მოდა თითქოს იქვე, უნივერსიტეტთან „იქმნებოდა“. მაშინ მარტო ვცხოვრობდი და ჩემი სამეგობრო სულ ჩემთან იყრიდა თავს. ზოგჯერ ერთ ოთახში თერთმეტ ადამიანს ეძინა, ყველას თავისი ნივთი ჰქონდა ჩემთან დატოვებული.  ოთახის შუაში იდგა მაგიდა და ზედ  საკერავი მანქანა,  ბურდას  თარგები ელაგა. ხან მიფუჭდებოდა ხოლმე მეგობრების „შეკვეთები”, მაგრამ,  რა მექნა? მქონდა ძველისძველი „ზინგერი,” რომელიც  ელექტრომანქანით შევცვალე, მაგრამ ახლა კერვისთვის აღარ მცალია. მიყვარს მუსიკის მოსმენა, თუმცა, ამის დროც არ მაქვს. მიყვარს მიწასთან ურთიერთობა.  მამაჩემი ყოფილი პედაგოგია. ის წარმოშობით იმერეთიდანაა,  მაგრამ, მამიდასთან  არის გაზრდილი ხაშურში და იქ დაფუძნდა.  მეც ხაშურში დავამთვარე სკოლა და მიყვარს იქაურობა. როცა დრო მაქვს, ჩავდივარ ხოლმე. მამას პატარა ბოსტანი აქვს და ვეხმარები კიდეც თავის გამოსაჩენად, თუმცა, ბევრი არაფერი გამომდის. ყველანაირი სამუშაო შემისრულებია, არაფერი მეთაკილება –  სახლს რომ ვაშენებდით, პატარა ვიყავი, მაგრამ, იქაც კი მაქვს წვლილი შეტანილი.                 
– თქვენი მანტია უფრო დამძიმდება და შესაბამისად, უფრო დამძიმდება თქვენი ცხოვრება პირველი მოსამართლის რანგში.  როგორ ფიქრობთ, რასთან შელევა მოგიწევთ?
–   მოსამართლის მანტია მოითხოვს უდიდეს მსხვერპლს ადამიანური რესურსის სახით; მსხვერპლს შენი ოჯახის, შვილის წინაშე. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც მოიცავს შენს ყოველ ნაბიჯს, ქმედებას. მოსამართლეობა გარკვეულწილად არის ასკეტური ცხოვრება – იმ წლებში მე ეს ცხოვრება მქონდა, თუმცა, ბედნიერი ვიყავი, რომ გარშემო მყოფები ამას იგებდნენ. ვიცი, რომ მყავს უამრავი განაწყენებული  ადამიანიც, ვინც მთხოვა სამართლებრივი დახმარება ან რეკომენდაცია დასაქმებაზე და მე ეს ვერ შევძელი, თუმცა, სამართლებრივი კონსულტაციების მიცემა ყოველთვის იყო ჩემი მოწოდება.  ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ის საქმე, რომელსაც ვემსახურებოდი.  ალბათ, მქონდა შეცდომებიც – ამისგან არავინ არაა დაზღვეული.  ვიცი, რომ წინ მელის  ბევრი სირთულე და  გამოწვევა, მაგრამ, მზად ვარ ყველაფრისთვის – საკუთარ თავს შევძახებ, რომ ეს ტვირთი  ღირსეულად უნდა ვზიდო და ეს  აუცილებლად გამომივა.

скачать dle 11.3