რატომ არის მოწადინებული საბერძნეთის ახალი მთავრობა რუსეთთან დამეგობრებით, რატომ ემუქრება ევროკავშირს ევროზონის დატოვებით და როგორ უწევს ცუდ სამსახურს საქართველოს
საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 36 პროცენტით მემარცხენე რადიკალურმა პარტიამ „სირიზამ“ გაიმარჯვა და საბერძნეთის პარლამენტში 149 ადგილი მოიპოვა. უფრო საბედნიეროდ, უმრავლესობის მოპოვებამდე „სირიზას“ ორიოდ მანდატი დააკლდა. „სირიზას“ ლიდერი ალექსის ციპრასი გამარჯვებისთანავე დაჰპირდა საბერძნეთის მოსახლეობას, რომ დაასრულებს მკაცრი ეკონომიის პოლიტიკას, რომელსაც წინა მთავრობა ევროკავშირის მოთხოვნით ახორციელებდა. თუმცა, მეორე მხრივ, ცნობილია, რომ საბერძნეთის რამდენიმე ხელისუფლებამ ევროკავშირის მიერ საბერძნეთისთვის მიცემული ფული, არც მეტი, არც ნაკლები, შეჭამა. ამან ქვეყანას მძიმე ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა, რასაც ევროკავშირმა დამატებითი თანხის გამოყოფით უპასუხა. თავის მხრივ, ალექსის ციპრასი ევროკავშირის დატოვებითაც იმუქრება და ვალების ჩამოწერასაც ითხოვს, რაც „იავნანად“ ჩაესმის სანქციადადებულ რუსეთის ფედერაციას. სწორედ ვლადიმირ პუტინი იყო პირველი, ვინც „სირიზას“ ლიდერს გამარჯება მიულოცა. რა ბედი ელის ევროკავშირს საბერძნეთის გარეშე, საბერძნეთს – ევროკავშირის გარეშე და იქცევიან თუ არა ძველი ელინების შთამომავლები ტროას ცხენად ევროპის გაერთიანებისთვის, – ამ თემას პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესთან ერთად განვიხილავთ.
– გასაგებია, რომ საბერძნეთის ევროკავშირში ყოფნას აქვს სიმბოლური და იდეოლოგიური დატვირთვა, რადგან ევროპული კავშირი შეუძლებელია, არსებობდეს ევროპის აკვნის, საბერძნეთის გარეშე.
– დავაზუსტებ: არაერთხელ მითქვამს, ისევე, როგორც დღევანდელ ეგვიპტელ ფელახებს არაფერი აქვთ საერთო ფარაონებთან, იმ ხალხთან, ვინც პირამიდები დაგვიტოვა; ისევე, როგორც დღევანდელ იტალიელებს ძალიან ცოტა რამ აკავშირებთ ძველ რომაელებთან; ასევე, დღევანდელ ბერძნებს არაფერი აქვთ საერთო ძველ ელინებთან. ამიტომ, მართალია, საბერძნეთი იყო ცივილიზაციის სამშობლო, მაგრამ ადამიანები, მათი მენტალობა შეიცვალა საუკუნეების განმავლობაში.
– რა პოლიტიკური პროცესებია საბერძნეთში? რის იმედით უპირისპირდებიან ევროკავშირს, რომელთა ფულით უდგათ სული?
– გასაკვირი მხოლოდ ის არის, როგორ ითმენდა ბრიუსელი წლების განმავლობაში იმას, რასაც აკეთებდა საბერძნეთი. საოცარია პირდაპირ, საბერძნეთში, რომელიც, ძირითადად ცხოვრობდა ევროკავშირის ფულით, წლების განმავლობაში მემანქანეს, რამდენჯერაც ხელს დაიბანდა, იმდენი ხელფასი ემატებოდა და პრემიები ეძლეოდა, დაახლოებით ისე, როგორ ჩვენს მინისტრებს. შიკრიკს, ჩვენ რომ კურიერს ვუწოდებთ, სამინისტროში ერთი ოთახიდან მეორე ოთახში თითო დოკუმენტის შეტანაში ეძლეოდა ხელფასზე დანამატი. სამსახურში დროულად მისვლა აღინიშნებოდა პრემიებით. მაშინ, როდესდაც ქვეყანა დეფოლტის პირას დგას, სწავლაც უფასოა და თან, სტუდენტს შეუძლია, 40 წლამდე ისე ისწავლოს, რომ ერთი საგანიც არ ჩააბაროს. უფასოდ იცხოვროს საერთო საცხოვრებელში და იკვებებოდეს სტუდენტურ სასადილოში. ანუ იქ სოციალიზმია თავისი ყველაზე მახინჯი ფორმით. რასაკვირველია, როდესაც 2 წლის წინათ გასკდა ეს საპნის ბუშტი, ბერძნებს უთხრეს, გეყოთ ჩვენს ხარჯზე ცხოვრება, შეამცირეთ გაბერილი შტატები, მოსპეთ ზღაპრული ხელფასები, დანამატები და გადადით მკაცრ ეკონომიაზე. ბოლო წელიწად-ნახევარი ახლა უკვე წასული მთავრობა ამ კურსს ატარებდა, რასაც საერთო უკმაყოფილება მოჰყვა. თუმცა 14 წლის განმავლობაში შარშან პირველი წელი იყო, როდესაც საბერძნეთში გამოჩნდა ეკონომიკის სტაბილიზაციის რეალური მაჩვენებლები, მაგრამ ამ დროს ასპარეზზე გაჩნდა მემარცხენე პარტია „სირიზა“, რომლის ბირთვს შეადგენენ მაოისტები და ტროცკისტები. კიდევ კარგი, რომ „სირიზამ“ აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მიიღო და მარტო ვერ შექმნის მთავრობას, ამიტომაც, თქვენ წარმოიდგინეთ, შეეკრა ულტრამემარჯვენეებს. ასე რომ, რაღაც არაბუნებრივი პოლიტიკური სიმბიოზია საბერძნეთში.
– რამდენად საფუძვლიანია რუსეთის სიხარული „სირიზას“ გამარჯვების გამო, რა დახმარებას ელის საბერძნეთისგან?
– „სირიზა“ ყოველთვის ევროკავშირის წინააღმდეგ გამოდიოდა. მას დიდი ხანია, ჰყავს თავისი დეპუტატები ევროპარლამენტში და ისინი ყოველთვის გამოდიოდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგ გასული წლის აპრილიდან მოყოლებული და კატეგორიულად მოითხოვდნენ რუსეთთან მეგობრული პოლიტიკის გატარებას. ამიტომ მოსკოვიც გახარებულია „სირიზას“ გამარჯვებით საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში. ციპრასს, ახალ პრემიერს, 40 წლის ქარიზმატულ ახალგაზრდა კაცს, პირველი საუბარი გამარჯვების შემდეგ სწორედ რუსეთის ელჩთან ჰქონდა.
– რას ნიშნავს ეს დიპლომატიის ენაზე?
– საბერძნეთი ძალიან დააზარალა რუსეთის კონტრსანქციებმა, იმიტომ რომ, საბერძნეთიდან რუსეთში სოფლის მეურნეობის პროდუქცია შედიოდა და ამის აკრძალვა საბერძნეთის ეკონომიკაზე ცუდად აისახა. ამიტომ ციპრასი მოწადინებლია რუსეთთან დამეგობრებით. მოდი, ვნახოთ, ვინ არიან ევროპაში რუსეთის მეგობრები? მარინ ლე პენი, რომელიც ერთ წელიწადში სამჯერ ჩავიდა რუსეთში და ცხრა-ნახევარი მილიარდი ევროს კრედიტიც მისცა მას რუსეთმა ჩეხური ბანკის მეშვეობით 2012 წელს თუ 2013-ის დასაწყისში. ამის შემდეგ იყო, რომ ევროპარლამენტის არჩვენებში ლე პენმა ასეთ წარმატებას მიაღწია და ახლა რუსეთის მეგობართა რიცხვს დაემატა „სირიზაც“. დღეს, დაახლოებით, 400 მილიარდ ევრომდე ვალი აქვს საბერძნეთს ევროპის. აქედან დაახლოებით, 250 მილიარდია დიდი სამეულის – ევროკავშირი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი, დანარჩენი კი კერძო კომპანიებისა და ბანკების ვალია. მანამდე ორჯერ ჩამოაწერეს ვალი საბერძნეთს, მაგრამ, როგორც კი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ვალს არ გადაიხდიან.
– ერთი რუსეთი იცოდა აქამდე მსოფლიომ, რომელიც არ აპირებს ვალის გადახდას და მეორეც შეჰმატებია.
– სულ უარს არ ამბობენ, დათქმები აქვთ, სანამ ჩვენი ეკონომიკა არ გაძლიერდებაო. მაგრამ ეს მაინც საცდელი სვლა იყო, რადგან გასულ კვირას მერკელი გამოვიდა და ძალიან მკაცრად მიმართა: ვერც ევროზონიდან გახვალთ და ვერც ამ ვალის გადახდას აიცილებთო. მეორე მხრივ, ჩვენ არ გვესწავლება, რომ გამარჯვებამდე პარტია ერთს ჰპირდება ამომრჩეველს და გამარჯვების შემდეგ სულ სხვა რამეს აკეთებს. მართალია, ციპრასმა არჩევნებში გაიმარჯვა მოწოდებებით, რომ ევროკავშირის ვალს არ გადაიხდიდა, ხელფასებს არ შეამცირებდა, არც შტატებს და მათაც კი აღადგენდა სამსახურში, ვინც შემცირებაში მოჰყვა, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სხვანაირად აჭიკჭიკდა. ამბობს, ვალის გასტუმრებაზე უარს არ ვამბობთ, მაგრამ ნახევარზე მეტი უნდა ჩამოგვაწეროთო. ბრიუსელი უარზეა, თუმცა სთავაზობს, გააგრძელეთ რეფორმები და ვნახოთ, თუ რეფორმებს ჩაატარებთ, არ არის გამორიცხული, ვალი კიდევ ერთხელ ჩამოგაწეროთო. ერთი სიტყვით, თითქოს ერთგვარი ჩიხური სიტუაციაა. მეორე მხრივ, სტრატეგიულად საბერძნეთს მართლაც მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს „ნატოსთვის“, მაგრამ ბერძნებს არც ის უნდა დაავიწყდეთ, რომ თურქეთი ჰყავთ მეზობლად.
– ჩვენ რამენაირად გვეხება საბერძნეთის უცნაური აქტივობები?
– ჩვენთვის ეს ცუდია, რადგან ევროპულ პრესაში უკვე ჩნდება სტატიები იმის შესახებ, რომ ევროკავშირი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს თავის დაპირებებში ღარიბი ქვეყნებისადმი. საქართველო, მგონი, ევროპაში არ მიიჩნევა მდიდარ ქვეყნად და ევროკავშირში გაწევრიანების მბჟუტავი იმედი ბერძნებმა კიდევ უფრო პრობლემური გახადეს. ამდენად, მათ ჩვენ და იმ ქვეყნებს, რომლებსაც უნდაც ევროკავშირში გაერთიანება, ძალიან ცუდი სამსახური გაგვიწიეს. თუმცა, საბოლოო ჯამში, ბერძნებს მოუწევთ ვალის გადახდაც, იმ დიდ სამეულთან მოლაპარაკებაც და ვერსადაც ვერ წავლენ.
– პროცედურულად რას ითვალისწინებს ევროზონისა და ევროკავშირის დატოვება?
– ევროკავშირიდან გარიცხვა არ ხდება: სახელმწიფო თავისი სურვილით გადის ევროკავშირიდან. შესვლაც ნებაყოფლობითია და გასვლაც, თუ თვითონ არ უნდა სახელმწიფოს გასვლა, მას ვერ გააგდებენ ევროკავშირიდან. მაგრამ იქ სხვა ფინანსური პრობლემებიცაა: საბერძნეთს ათეულობით მილიარდი სჭირდება და ბრიუსელმა მათ უკვე უთხრა, რომ კიდევ მისცემენ 25 მილიარდ ევროს, თუ ახალი მთავრობა გააგრძელებს რეფორმებს და არ გადავა პოპულიზმზე – ამ 25 მილიარდს პრემიებსა და შტატების გაბერვას არ მოახმარს. დღეს რეალობა ისეთია, რომ საბერძნეთი არ არის არც მსოფლიოს და არც ევროკავშირის წამყვანი ქვეყანა და ის არც „ნატოსთვისაა“ შეუცვლელი. „ნატოს“ სამხრეთის ფლანგი საიმედოდ აქვს ჩაკეტილი თურქეთს, რომელსაც ჩრდილოატლანტიკურ ალაინსში აშშ-ის შემდეგ ყველაზე დიდი და ძლიერი არმია ჰყავს.
– საბერძნეთს აქვს იმის ეკონომიკური შნო, რომ დატოვოს ევროკავშირი, რუსეთი შეძლებს მისთვის იმ პარტნიორობის გაწევას, რასაც ევროკავშირი უწევდა?
– გამორიცხულია, საბერძნეთმა ევროზონა დატოვოს. როგორ, ვისესხე 300-400 მილიარდი ევრო და უცებ ვაცხადებ, რომ აღარ ვიხდი?! რაც შეეხება რუსეთს, ის ასეთ მდგომარეობაშია: ყვავს რა ჰქონდა, ბუს გაჰქონდაო. სად აქვს რუსეთს იმდენი ფული, რომ დღეს კიდევ საბერძნეთი მოიკიდოს ზურგზე, როდესაც ყირიმის რჩენის თავი არ აქვს?! რუსეთისთვის, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია ევროკავშირში განხეთქილება და ბზარის შეტანა. ამიტომაც პუტინმა ციპრასს არადიპლომატიური ტექსტით მიულოცა, რომლის კონტექსტი ასეთი იყო: ჩვენ, ერთად, დედას ვუტირებთ ევროკავშირს. ამასობაში კი, ჩვენი პრესა ყურადღებას არ აქცევს, თუ რა ხდება ინგლისში.
– ლიტვინენკოს საქმეს გულისხმობთ?
– დიახ, ეს ამბავი 2006 წელს მოხდა და იმ დროიდან ითხოვს მარინა ლიტვინენკო, ლიტვინენკოს ქვრივი, მოეწყოს საჯარო განხილვა. ეს მხოლოდ ინგლისში ხდება, არ არის სასამართლო პროცესი, მაგრამ არის საჯარო მოსმენა, რომელსაც ხელმძღვანელობს ან რომელიმე ცნობილი მოსამართლე, ან ქვეყნის ავტორიტეტული პირი. ინგლისის მთავრობა ამის წინააღმდეგი იყო პოლიტკორექტულობის გამო. მაგრამ 2011 წელს ლიტვინენკოს ქვრივმა ინგლისის მთავრობას მოუგო სასამართლო პროცესი და მთავრობა იძულებული გახდა, დათანხმებულიყო მოსმენის ჩატარებაზე, ოღონდ მაინც გააჭიანურა და ახლახან, 15 იანვარს, დაიწყო.
– ხელსაყრელ დროს ელოდა ინგლისის ხელისუფლება?
– რუსეთის ძლიერი გავლენა იყო, რადგან, წარმოიდგინეთ, საჯარო განხილვა ხდება იმის შესახებ, რომ რუსეთის მთავრობამ ლონდონის ცენტრში მოაწყო ბირთვული ტერორისტული აქტი. მისი მთავარი ფიგურანტი – ლუგოვოი, „ეფ ეს ბეს“ აგენტი, ჟირინოვსკიმ თავისი სიით შეიყვანა რუსეთის „დუმაში“. საინტერესოა, რატომ გამოიყენეს მათ პოლონიუმი – საქმე ის არის, რომ 1971 წლის კლასიფიკაციით, პოლონიუმის კვალის აღმოჩენა ვერ ხერხდება, მაგრამ „ეფ ეს ბემ“ პოლონიუმი იხმარა 2006 წელს და იხელმძღვანელა 1970 წლის ნორმატივით, რადგან არ იცოდნენ, რომ დასავლეთში მეცნიერები უკვე ავლენდნენ პოლონიუმის კვალს. ლუგოვოიმ ყველგან, სადაც კი იყო ლონდონში, დატოვა პოლონიუმის კვალი. აი, ახლა მიმდინარეობს ინგლისში ამ საქმის მოსმენა. მეტიც, ინგლისის ხელისუფლებამ თქვა, საიდუმლო მასალებსაც გამოვაქვეყნებთო, რის კატეგორიული წინააღმდეგი იყო მანამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი მსოფლიო მარგინალად იქცევა, გახდება, როგორც თვითონ ამბობენ: „იზგოი“. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რომ არა რუსეთის მთავრობის თანხმობა, ასეთი რამ ვერ ჩატარდებოდა. ანუ რუსეთის მთავრობა გამოდის ბირთვული ტერორისტი. ამდენად, შექმნილ ვითარებაში რუსეთისთვის თითოეული მოკავშირე მნიშვნელოვანია.