ჰუმანიტარული რეკომენდაციები
მასტერკლასი – ქართულად
თუკი პარლამენტის ჩვენებური წევრების ნოვაცია საბრძოლო იარაღად მიკროფონების გამოყენებაა, ჩვენი მეზობელი თურქეთის პარლამენტარები უფრო შორს წავიდნენ და ერთმანეთს პარლამენტის თავმჯდომარის ჩაქუჩითა და ზარით გაუსწორდნენ. –
თურქული მედიის ცნობით, სულ მცირე, ხუთი პარლამენტარი დაზიანდა გასულ კვირას თურქეთის საკანონმდებლო ორგანოში მომხდარ ჩხუბში. ასე განსაჯეთ – ერთ დეპუტატს ჩაქუჩი შიგ გულში მოხვედრია. ერთს, საერთოდაც, გული წასვლია. ერთსაც – თავი გასტეხია!
ეს ორთაბრძოლა კი დახურულ შეხვედრაზე გამართულა, რომელზეც განიხილავდნენ საკანონმდებლო პაკეტს უსაფრთხოების შესახებ, რომელიც, თუ თურქულ მედიას ვერწმუნებით, გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. ერთურთს კი მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პროქურთული პარტიის წევრები დასტაკებიან, რაკი პარლამენტის თავმჯდომარეს ოპოზიციისთვის სიტყვა არ მიუცია.
თუ ამდენ დაზარალებულს გავიხსენებთ და იმასაც დავამატებთ, რომ, სახელდობრ, საქართველოს პარლამენტში (არადა, რაც მას ბრძოლები გადაუტანია?!) არათუ გული არ წასვლია, თვით კუჭის მოქმედებაც კი არ არევია არცერთ ჩვენს რჩეულს, ვფიქრობ, თურქეთის პარლამენტში – ჰუმანიტარული დახმარების სახით – ქართველ დეპუტატთა ჯგუფი უნდა მივავლინოთ თურქი კოლეგებისთვის საზოგადოებრივ საწყისებზე მასტერკლასის ჩასატარებლად! –