ქათმის ფილე აზიურად – აჩი ფურცელაძისგან
როგორც ყველა ქართველ მამაკაცს, მეც მიყვარს გემრიელი კერძები, თუმცა, ვცდილობ, ფორმა შევინარჩუნო და მოვერიდო ზედმეტად ცხიმიან კერძებს. აზიურად მომზადებული ქათმის ფილე სტაფილოთი და ბულგარული წიწაკით ძალიან გემრიელი, მამაკაცური და, ამავდროულად, საკმაოდ ადვილი მოსამზადებელი კერძია, მით უმეტეს, თუ მარტო ცხოვრობთ და საკუთარ თავს თავადვე ანებივრებთ სამზარეულოში.
საჭირო ინგრედიენტები: 3 ცალი ქათმის ფილე, 1.5 სადილის კოვზი მდოგვი, 1 ცალი სტაფილო, 1 ცალი ბულგარული წიწაკა, 1 თავი ხახვი, 5 ცალი მწვანე ხახვი, 3-4 სადილის კოვზი ფქვილი, 1 სადილის კოვზი სახამებელი, 3-4 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 4 სადილის კოვზი სოიის სოუსი, 1 სადილის კოვზი მომჟავო-მოტკბო ჩილის სოუსი, 1 სადილის კოვზი მშრალი რეჰანი, 1 ჩაის კოვზი მშრალი თავშავა, მარილი და წიწაკა – გემოვნებით.
მომზადების წესი: ქათმის ფილე დაჭერით, შეურიეთ მდოგვი, მშრალი მწვანილები, გააჩერეთ 1-2 საათი, ამოავლეთ სახამებლისა და ფქვილის ნარევში და 10 წუთის განმავლობაში შეწვით ზეითუნის ზეთში. დაუმატეთ წიწაკა, მარილი და სოუსები. ცალკე ტაფაზე მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მწვანე ხახვი, მოგრძო ნაჭრებად დაჭრილი სტაფილო და ბულგარული წიწაკა, შემდეგ ორივე მასა შეურიეთ და ცეცხლზე 3 წუთი გააჩერეთ.