რისთვის იბრძვის გიგა კვენეტაძე მოსკოვში, ვინ არის მისი საყვარელი ქალი და როგორ უხდის სამაგიეროს მას ქეთა თოფურია
როდესაც გიგა კვენეტაძემ მოსკოვში გადასახლება გადაწყვიტა, ნამდვილად ვერ იფიქრებდა, ამხელა წარმატებას თუ მიაღწევდა დიდ რუსეთში. დღეს ის ერთ-ერთ მოთხოვნად კომპოზიტორად ითვლება და მის სიმღერებს შოუ-ბიზნესის რუსი ვარსკვლავები დიდ სცენებზე ასრულებენ. გიგას პირად ცხოვრებაშიც სასიამოვნო სიახლეა. მართალია, მისი პირველი ქორწინება კრახით დასრულდა, მაგრამ ახლა ის შეყვარებულია და სულ მალე ქორწილსაც გეგმავს.
გიგა კვენეტაძე: ექვსი წელია, მოსკოვში ვცხოვრობ და გამიმართლა აქ ჩამოსულს. მართალია, საქართველოში ცნობილი ვიყავი, მაგრამ, აქ სხვა საფეხურზე ავედი და მოსწონთ ჩემი დაწერილი სიმღერები. გამოდის, იღბლიანი ვარ (იცინის). ჩემს საავტორო სიმღერებს ჯგუფი „ა სტუდიო”, ვალერია, დიანა ღურწკაია და ასე შემდეგ, ანუ, საკმაოდ ცნობილი მომღერლები რუსეთის დიდ სცენებზე ასრულებენ. ეს ჩემთვის, როგორც ქართველი კომპოზიტორისთვის, დიდი პატივია. საქართველოში რომ დავრჩენილიყავი, ალბათ დავიძირებოდი, არ ექნებოდა ჩემს შემოქმედებას განვითარება და ვიფიქრებდი იმაზე, როგორ გამეტანა თავი. თან, რასაც ვხედავ, თუ დოლს არ შემოჰკარი, გარმონი არ გაწელე და „დარი-დური” არ შეუბერე, ისე არავინ მოგისმენს – სხვა სიმღერა არ უნდათ. აქ კი სულ სხვა სტილის მუსიკაზეა მოთხოვნა.
– გამოდის, რომ საქართველოში მტირალა მომღერალი, რუსეთში ენერგიულ კომპოზიტორად მიგიღეს?
– ნამდვილად ასეა. აქ ჩამოსულმა სტილი შევიცვალე. თუ საქართველოში ტირილის უფლებას მაძლევდით სცენაზე, რუსეთს ამ ცრემლების არ სჯერა (იცინის). ვერ ვიტყვი, საქართველოში მოთხოვნადი მომღერალი არ ვიყავი-მეთქი, მაგრამ რუსეთში უფრო დიდი ასპარეზი მომეცა და ეს გამოვიყენე. მიხარია, რომ ჩემს ქვეყანაში დღესაც უსმენენ ჩემს სიმღერებს – „როგორ მინდა მოგეფერო”, „ვერ შეგელევი.” ახლა, ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: ვმუშაობ ახალ სიმღერაზე, რომლითაც ჩემს ქვეყანას უფრო მაგრად მოვეფერები და ვეტყვი, რომ ვერ შეველევი. სამწუხაროა, რომ ქართული შოუ-ბიზნესისთვის დღეს სიმღერებს აღარ ვქმნი, მაგრამ, ამ სიმღერას თავად შევასრულებ.
– სიმართლე გითხრა, მიკვირს დღეს სიმღერებს სხვებისთვის რომ წერ და თავად არ ცდილობ რუსეთის დიდ სცენაზე გამოსვლას.
– ყველა მეუბნება, როგორი თავმდაბალი ხარო (იცინის). შემოქმედ ადამიანს თავში არ უნდა აუვარდეს წარმატება. ვისაც თავში აუვარდა, ის მალევე „ჩაქრა” და დაივიწყა ხალხმა. ვფიქრობ, უნდა აკეთო საქმე, რომელიც გიყვარს და ხალხს ამით სიამოვნება მიანიჭო. უშუალო უნდა იყო და ყველა უნდა გიყვარდეს. რაც შეეხება რუსეთის დიდ სცენაზე დადგომას, ეს ეტაპიც დადგება. საფუძველი უკვე ჩავყარე და სულ მალე დავდგები სცენაზეც როგორც მომღერალი და არა კომპოზიტორი. ამას არ ვჩქარობ, თუმცა, ამის დროც, მალე მოვა. სოლო კარიერას ბევრი მუშაობა სჭირდება; აქ მარტო ნიჭი ვერ გიშველის, ფინანსებიც საჭიროა, თუმცა, მე ეს არ გამიჭირდება, რადგან, აქ ბევრი კარგი მეგობარი მყავს, ვინც რეკომენდაციას გამიწევს და გვერდში დამიდგება. ხომ იცით, ძველი სიკეთე არ იკარგება (იცინის). თან ასაკიც ხელს მიწყობს – ჯერ არ დამიგვიანია. ახლა შემოქმედებითად აქტიურ ეტაპზე ვარ, ვმუშაობ ახალ, სოლო ალბომზე, იმ სიმღერას ვქმნი, რომელზეც კლიპს გადავიღებ და ამით რუსეთში ჩემი, როგორც მომღერლის კარიერა დაიწყება. საქართველოში გამიმართლა ჩემი პირველი სიმღერით – „ვერ შეგელევი” და, ვნახოთ, აქ როგორ მიიღებს რუსი მსმენელი ჩემს პირველ გამოჩენას.
– მართალია, რომ დიმა ბილანმა შენი სიმღერები დაიწუნა და მათ შესრულებაზე უარი თქვა?
– არ დაუწუნებია, უბრალოდ, უარი თქვა, რადგან, მისი ფორმატი არ იყო. მითხრა, ძალიან კარგი სიმღერაა, რასაც მთავაზობ, მაგრამ, ჩემი სტილი არ არის და, თუ ასეთს დაწერ, დიდი სიამოვნებით ვიმღერებო.
– ამბობენ, ქეთა თოფურიამ დიდი როლი ითამაშა შენს წარმატებაში. დღეს თუ გეხმარება რუსეთში აღიარებული ქართველი ვარსკვლავი დამწყებ მომღერალს კარიერის მოწყობაში?
– ქეთამ მართლაც დიდი როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში, დიდ პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს. ყველანაირად გვერდში მიდგას. ის ცნობილი სახეა შოუ-ბიზნესში და ერთგვარი შუამავალია ჩემსა და რუსულ ესტრადას შორის. ის მენდობა და იცის, რომ იმედებს აუცილებლად გავუმართლებ. შეიძლება, თამამად ვთქვა, რომ ქეთა თოფურია ჩემი მფარველი ანგელოზია (იცინის). ადრე იყო მომენტი, როცა ჩემმა ერთმა სიმღერამ გადაწყვიტა მისი „ა სტუდიოში” მოხვედრა, კერძოდ, სიმღერამ – „გული გეფერებოდა”. ეს ახლაც ახსოვს და ყოველთვის მადლობას მიხდის. ახლა ახალ სიმღერას ვწერ მისთვის და იმედია, ისიც გაჰიტდება.
– გიგა, პირად ცხოვრებაში რა ეტაპზე ხარ? მახსოვს, ბოლოს მითხარი, შეყვარებული ვარო. ხომ არ გადაწყვიტე ურთიერთობის დაკანონება შენს რჩეულ მარია კარამოვასთან?
– ჩემს პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა. მარია ძალიან ლამაზი და საყვარელი ადამიანია. გაზაფხულზე ვაპირებთ თბილისში ჩამოსვლას და ოფიციალურად ურთიერთობის დაკანონებას. დაგეგმილი გვაქვს, ჯვარიც საქართველოში დავიწეროთ, ხელიც მანდ მოვაწეროთ და ქორწილიც გადავიხადოთ. მე მანდ ბევრი მეგობარი და ახლობელი მყავს და, მინდა, მათაც გაიზიარონ ჩვენი ბედნიერი წამები.
– რომანტიკული შეყვარებული ხარ? თუ ანებივრებ საჩუქრებით საყვარელ ქალს?
– ჩემზე დიდი რომანტიკოსი დედამიწაზე არ დადის! რაც მე ცრემლი მიღვრია სიყვარულზე სიმღერით, მეტი რომანტიკა რაღა გინდათ?! (იცინის) რაც შეეხება საჩუქრებით განებივრებას, მარია ამბობს, რომ მისთვის ყველაზე დიდი და შეუფასებელი საჩუქრები ჩემგან ის სიმღერებია, რომლებიც მას მივუძღვენი.
– როგორც მივხვდი, შენთვის ოცნებებში ფრენისა და ტირილის დრო მოსკოვში ნამდვილად აღარ არის.
– ოცნებების დრო წავიდა, ახლა საქმეა საჭირო! რუსეთში ერთი წამიც კი ძალიან ძვირად ფასობს. რაღა დროს ოცნება და ტირილია? მოსკოვს არც ჩემი ოცნებების და არც ჩემი ცრემლების არ სჯერა. აქ რეალური ქმედებებია საჭირო და ამისთვის ვიბრძვი. ყველაზე დიდ ბედნიერებას ის მანიჭებს, რომ ღმერთმა მომცა ნიჭი, შევქმნა მუსიკა, მივიტანო ის მსმენელამდე და ამით ხალხს ვასიამოვნო და გავახარო დედა, რომ ჩემით იამაყოს. ამისთვის შრომაც და ბრძოლაც ღირს, სადაც არ უნდა ვიყო. პატარა ქუთაისელმა ბიჭმა ყოველთვის ვიცოდი, რომ ცნობილი გავხდებოდი და ოცნებებს ავიხდენდი; ეს მოვახერხე და ახლა, ბედნიერი ვარ.