რა მინუსი აღმოუჩინა ფეხბურთელმა იკა შალიკაშვილმა შეყვარებულს და რატომ არ ასწავლა ვერკა ჯაჯანიძემ მას ტანგო
ჟურნალისტებს ხშირად ბრალს გვდებენ, რომ სიხარულით ვწერთ და ვაშუქებთ ადამიანების შესახებ ნეგატიურ ინფორმაციას და ჩასაფრებულები ვართ – ვის და როდის დაუცდება ფეხი, მაგრამ, საიდუმლო არ არის, რომ ასეთ ინფორმაციაზე ძალზე დიდია ინტერესი, რაც სოციალურ ქსელებში საზოგადოების აქტიურობით გამოიხატება. იშვიათად მინახავს სიყვარულით ასე გაბედნიერებული ადამიანები, ალბათ, გალაკტიონი უნდა იყო, რომ ვერკა ჯაჯანიძისა და იკა შალიკაშვილის ბედნიერება გადმოსცე, მაგრამ, მაინც შევეცდები, თქვენც გადმოგდოთ ის ემოცია, რაც მე ამ წყვილთან შეხვედრის შემდეგ დამრჩა.
– იკა, მოკლედ გაგვაცანი თავი – ვინ ხარ და საით მიაფრენ ჩვენს უმშვენიერეს ვერკას?
იკა: მე ვარ იკა შალიკაშვილი, ფეხბურთელი, ვთამაშობ რუსთავის გუნდში; მყავს ტყუპისცალი – თოკო, რომელიც აგრეთვე ფეხბურთელია და სამტრედიაში თამაშობს; კიდევ ერთი ძმა მყავს. ვარ ქუთაისელი და ჩემი ოჯახი ამჟამად იქ ცხოვრობს.
– სად და როგორ დაიწყო თქვენი სიყვარული?
იკა: პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პერიოდში. ხშირად დავდიოდი ხოლმე რეპეტიციებზე, რადგან ბევრი ჩემი მეგობარი ამ პროექტში იყო. ვერკასაც მაშინ დავადგი თვალი.
ვერკა: რაღაც მომენტში ძალიან მოუხშირა რეპეტიციებზე სიარულს და ღამის 3-4 საათამდე ჩვენთან ერთად იჯდა ხოლმე, რაც ძალიან მაკვირვებდა, მაგრამ, მერე ცხადი გახდა, რატომაც იტანჯებოდა.
– მისმა ტანჯვამ შენი ყურადღება რამდენ ხანში მიიპყრო?
– მხოლოდ ჩემი კი არა, ბევრი გოგოს ყურადღება მიიპყრო თავიდანვე, მაგრამ, როცა მივხვდი, რომ ჩემით დაინტერესდა და განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა ჩემ მიმართ, მერე მეც უფრო სერიოზულად შევხედე.
– მისი განსაკუთრებული ყურადღება რაში გამოიხატებოდა?
– მეკითხებოდა, ხომ არ მშიოდა, ყავა ხომ არ მოეტანა, ძალიან დავიღალე თუ არა და ასე შემდეგ. მერე ტელეფონის ნომრები გავცვალეთ და რეპეტიციებიდან სახლამდე ყოველ ღამით მაცილებდა... შესაბამისად, უკვე გასაგები იყო, რაც ხდებოდა.
– იკა, ადვილი „შესაბმელი“ აღმოჩნდა ვერკა თუ გაგიჭირდა მისი მოხიბვლა?
იკა: მისი მოხიბვლა ნამდვილად არ გამჭირვებია და არც მისი მხრიდან ჰქონია კეკლუცობასა და თავის დაფასებას ადგილი. ყველაზე მეტად მასში ის მომეწონა, რომ არის თავდაჭერილი, გაწონასწორებული და დინჯი. არ მიყვარს ცანცარა გოგოები.
– ვერკა, ირაკლიში რა ნახე ისეთი, რამაც გათქმევინა, რომ ეს „ის” არის?
ვერკა: ძალიან ყურადღებიანია, მზრუნველი და მოსიყვარულე; ის სიმკაცრეც მომწონს, რომელიც დოზირებულად აქვს. დღემდე ნაკლი ვერ ვუპოვე და, ამიტომ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ის არის, ვინც მე მჭირდება. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა, მაგრამ, დღემდე არავის მიუქცევია ჩემი ყურადღება – მიმაჩნდა, რომ ეს ზედმეტი თავის ტკივილია და კარიერაში ხელის შემშლელი, მაგრამ იკას გაცნობის შემდეგ სულ სხვანაირად დავიწყე ფიქრი.
– სხვათა შორის, ორივეს ისეთი პროფესია გაქვთ და ისე გამოიყურებით, რომ ერთმანეთზე საეჭვიანო ყოველთვის გექნებათ; მგონი, ამ საკითხში ვერცერთი ვერ მოდუნდებით.
იკა: პირველ ყოვლისა, საკუთარ თავში ვარ დარწმუნებული და, თან, ვერკას ასი პროცენტით ვენდობი; ისე, მთლად ბოლომდე არავის უნდა ენდო, მაგრამ მაინც (იცინის)...
– პირველი ოფიციალური პაემანი როგორი გქონდათ?
– ამას მე მოვყვები, გეხვეწები (იცინის). გრძნობები ახალი გახურებული გვაქვს, ერთ ამბავში ვართ და, გადავწყვიტე, მეყიდა საჩუქარი და შევხვედროდი. დავურეკე, მითხრა, რომ ეცალა, შეეძლო ჩემი ნახვა და დამიბარა მანეჟში. გავიზმანე, დავივარცხნე, სუნამოში ვიბანავე და წავედი შეხვედრაზე. მე არ ვიცოდი, სად იყო და რა იყო ეს მანეჟი. ამიხსნა, სად უნდა მივსულიყავი. მივედი, ვაღებ კარს, მხვდება სარეპეტიციო დარბაზი და საიდანღაც გავიგე ვერკას კივილი. მივიხედე და ხელს მიქნევს, ოღონდ, არ იცი, რა ფორმაში დამხვდა?! უკან შემოხვეული კურტკა, ელასტიკები, ცალი ყბა გამოტენილი ცხიმიანი ხაჭაპურით... ამ ჭუჭყიანი ხელებით გადამეხვია და ტუჩებზე ჩამოყრილი ფენოვანით მაკოცა. არადა, ჩემი პირველი სერიოზული პაემანი სხვანაირად მქონდა წარმოდგენილი (იცინის).
ვერკა: მე რა ვიცოდი, რომ პაემანს მინიშნავდა? მეგონა, ჩვეულებრივი მორიგი ნახვა იყო და მეც სარეპეტიციო დარბაზში დავიბარე. მკითხა, ამ დროს თუ გცალია და სად შევხვდეთო, ჰოდა, მეც შევხვდი (იცინის).
– საჩუქრებისა და სურპრიზების გაკეთება უყვარს?
– თითქმის ყოველდღე მიძღვნის საჩუქრებს ან სიურპრიზებს მიწყობს. მისთვის მეორე და ჩემთვის პირველ სერიოზულ პაემანზე უძვირფასესი ყელსაბამი მაჩუქა, ძალიან ნაზია და, ყოველდღიურად, რა თქმა უნდა, ვერ ვიხმარ, ამიტომ ველოდებოდი შესაფერის დროს და ადგილს, სადაც გავიკეთებდი, მაგრამ ეს დრო არასდროს აღარ მოვიდა, მას კი, თურმე, სწყინდა, რომ არ მეკეთა. ერთ მშვენიერ დღეს ჩემთან იყო სტუმრად, გავაცილე და ნახევარი საათის შემდეგ ისევ მირეკავს – კარი გაღეო. გავაღე და რას ვხედავ: მთელი სადარბაზო ყვავილებით და პატარა ფერადი ფურცლებით იყო სავსე, რომლებზეც რაღაც სიტყვები ეწერა. ბოლოს, რომ გავშიფრე, ასეთი წინადადება იკითხებოდა: „ჩემი ნაჩუქარი ყელსაბამი არასდროს გიკეთია, მაგრამ მე შენ ყველაზე მეტად მიყვარხარ“.
– უფრო სერიოზული ნაბიჯის გადადგმას, რასაც შეუღლება ჰქვია, როდის აპირებთ?
– ჯერ არ ვჩქარობთ, გვინდა, რომ შეყვარებულობის პერიოდი გავიხანგრძლივოთ; თანაც, შემოდგომაზე ბუნებაში მინდა გვქონდეს ქორწილი – პატარა, მაგრამ ყველა სტუმრისთვის დასამახსოვრებელი და საინტერესო. არც მე და არც ირაკლის არ მოგვწონს ტრადიციული ქორწილი – ყანწებითა და განსხვავებულებით სმა-ჭამა-ყლაპვა. თან, აუცილებლად ღია ცის ქვეშ გვინდა საქორწინო რიტუალის და ღონისძიების გაკეთება.
– ირაკლი, შენს ფანტაზიებშიც იყო შემოდგომა?
იკა: წელიწადის დროზე არასდროს მიფიქრია; მთავარია, საყვარელი ადამიანი მყავდეს გვერდით და დანარჩენი, მეც ისეთი წარმომიდგენია ეს დღე, როგორიც ვერკას.
– გამოდის, ჯვრისწერის ცერემონიალის დეტალებზეც გისაუბრიათ. ერთმანეთის ოჯახები თუ გაიცანით?
ვერკა: კი, იკა გავაცანი ჩემს ოჯახს და ძალიან მოეწონათ. ასევე, იკამაც გამაცნო თავისი მშობლები – ჩამიყვანა ქუთაისში და მათ უფრო მეტად შემაყვარეს იკა. ზუსტად ისეთი სადედამთილო მყავს, როგორზეც ვოცნებობდი, თან, ულამაზესი საგვარეულო ბეჭედი მაჩუქა. ძალიან საყვარელი ქალია.
იკა: საერთო ენა ადვილად გამონახეს. ვერკა მაგარი კულინარია და დედაც ადვილად მოხიბლა ამით, ოღონდ, ერთი მინუსი აქვს – ჭურჭლის რეცხვა იცის საათნახევრიანი (იცინის).
– ისე, რა ამის პასუხია და, საინტერესო იქნებოდა ფეხბურთელი იკა შალიკაშვილისა და მოცეკვავე ვერკა ჯაჯანიძის შეყვარებული წყვილი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“.
ვერკა: ამაზე არ დავფიქრებულვარ, მაგრამ კარგი იქნება, თუმცა, ეს პროდიუსერების გადასაწყვეტია. ისე, ცეკვა კი უყვარს და მთხოვს ხოლმე, რომ ვამეცადინო. მართალია, მისი საყვარელი „ტანგო” დღემდე ჯერ ვერ ვასწავლე, მაგრამ, იმედი მაქვს, ადვილად აითვისებს; თან, ჩვენი ქორწილისთვის გვინდა, რამდენიმე ცეკვა დავდგათ.