კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მინიშნებებით გრძნობს ხოლმე კატო ყიფიანი მამის არსებობას

ალბათ, ბევრი თქვენგანისთვის აღმოჩენა იქნება თუ გეტყვით, რომ დავით ყიფიანს 12 წლის გოგონა ჰყავს ქალთან, რომელიც ძალიან უყვარდა და დაქორწინებას აპირებდა. კატო დათო ყიფიანის მეოთხე შვილია: ფეხბურთელს პირველი ქორწინებიდან – ორი, მეორიდან კი ერთი ვაჟი ჰყავს. კატო მამას გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში დაიბადა. პატარა რომ იყო, მამის სურათთან მიდიოდა და ელაპარაკებოდა. როცა ცხოვრებაში მძიმე მომენტები აქვს, გულში მამას სთხოვს დახმარებას და ისიც აუცილებლად ეხმარება. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი მაინც დათო ყიფიანის მანქანის ციფრებია – 090-ნომრიანი ავტომანქანა სულ თან დაჰყვება, როცა ის დედასთან ერთად მამის საფლავზე ან სხვაგან მიდის.  
– მამა არ გახსოვს, მაგრამ, როცა წამოიზარდე, ალბათ, სახლში სულ გელაპარაკებოდნენ მასზე.   
– მამა რომ გარდაიცვალა დედა ჩემზე 12 კვირის ფეხმძიმე იყო. როცა გავიზარდე, სულ მესმოდა სახლში მასზე, თუ  როგორი ადამიანი და რამხელა ფეხბურთელი იყო, თუმცა, მაშინ იმდენად ვერ ვაცნობიერებდი, ახლა უფრო ვხვდები ნელ-ნელა.  დედიკო მეუბნება, მის სურათთან მიდიოდი და, ხან ეჩხუბებოდი, ხან ვეფერებოდიო. ლაპარაკი რომ დავიწყე, პირველი სიტყვაც „მამა” ვთქვი. 
– თუ გიფიქრია, მამა ცოცხალი რომ ყოფილიყო, როგორ იცხოვრებდით?
– რა თქმა უნდა, მიფიქრია. მგონია, რომ სულ სხვანაირი ცხოვრება გვექნებოდა მეც და დედასაც. დედა როგორც ამბობს, საქართველოში არ ვიცხოვრებდით – მას უფრო ასე წარმოედგინა, რომ, სადაც მამა წავიდოდა, ჩვენც იქ წაგვიყვანდა. 
– სულის არსებობის თუ გჯერა? არიან ადამიანები ვინც გარდაცვლილის თანადგომას გრძნობენ სხვადასხვა მინიშნებით.            
– დათოს გვერდში ყოფნას სულ ვგრძნობთ მეც და დედაც, დათო ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ვგრძნობთ თუნდაც იმით, რომ, როცა გარდაიცვალა, დედაჩემმა სთხოვა მის სულს, როცა ჩვენ გვერდით იქნები, შენი მანქანის ციფრები დაგვანახვე, რომ შენი არსებობა ვიგრძნოო და მართლაც ასე მოხდა. მისი მანქანის ნომერი იყო 090. ხშირად ხდება, როცა რაღაც გვიჭირს საქმესთან დაკავშირებით ან პრობლემა გვაქვს, დედა ხედავს ციფრს – 090-ს და მაშინვე ყველაფერი გვარდება. ახლა უკვე მეც ვხედავ. როცა გამოცდები ან სპექტაკლი მაქვს და ვნერვიულობ, გულში ჩემთვის ვამბობ: მამიკო, გთხოვ, ახლა დამეხმარე-მეთქი და, ვგრძნობ, რომ ზემოდან ვიღაც დამყურებს. არ ვიცი რატომ, მაგრამ, ვფიქრობ, იქიდან უფრო გვეხმარება, ვიდრე აქ რომ ყოფილიყო. ეს ძალიან დიდი ძალაა, ვერ წარმოიდგენთ, როგორი.  
– როდესაც ნანა შენზე მშობიარობდა, თურმე, მთელი სიცხადით იგრძნო დათოს იქ ყოფნაც – ვხედავდი, როგორ იდგა ჩემს თავთან და დამყურებდაო. მსგავსი შეგრძნებები სხვა დროსაც თუ გქონიათ რომელიმეს?      
– ჩემი სკოლელი კომაში იყო და მთელი ის პერიოდი ძალიან განვიცდიდი. დამესიზმრა, რომ მას და მამას ხელები ჰქონდათ ერთმანეთზე ჩაკიდული და დათომ მითხრა: ნუ გეშინია, კარგ ხელშია, მე ვუპატრონებო და წავიდნენ. ეს ბავშვი მალე გარდაიცვალა.
– ბიჭი რომ ყოფილიყავი, ალბათ, ფეხბურთელი იქნებოდი, ხომ? 
– ბიჭი რომ ვყოფილიყავი?!. ბიჭი რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მერქმეოდა დათო და ძალიან მაგრად ვითამაშებდი,  სულ მამას დავემსგავსებოდი.
– შენს ძმებთან – ლევანთან, ნიკუშასთან, გიორგისთან გაქვს ურთიერთობა?      
– ყველასთან მაქვს ურთიერთობა. ლევანი ძალიან დაკავებულია და იშვიათად ვნახულობ. მე და ნიკუშას შვილი ტოლები ვართ და უფრო ვუგებთ ერთმანეთს. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. ნიკუშა ამბობს, მსოფლიოში საუკეთესო მამიდა ხარო.
– ბევრი შენი თანატოლი გოგონასავით, შენც თუ გაქვს დღიური?         
– დიახ. ყოველდღე ვწერ რა მოხდა მნიშვნელოვანი და ყველაფერს მამას ვუყვები. 
– შეიძლება, მომავალში დათო ყიფიანზე  მისმა ქალიშვილმა წიგნიც დაწეროს?
– შეიძლება, ამაზე არ მიფიქრია. არა მხოლოდ მის ცხოვრებაზე დავწერდი, დედაზეც და ჩემზეც.
– თუ გაინტერესებს და ათვალიერებ ინტერნეტში მამას ფოტოებს, რას წერდნენ მასზე?  
– სულ ვეძებ, სულ ვკითხულობ, ვათვალიერებ; ტელეფონში მაქვს გადმოწერილი მისი ფოტოები, „ფეისბიუქზეც” მიდევს უამრავი ფოტო. მის საფეხბურთო ისტორიაში დიდად არ ვარ გარკვეული, თუმცა, მისი რამდენიმე თამაშის ჩანაწერი ნანახი მაქვს.
– შეყვარებული თუ გყავს? როცა გათხოვდები, ალბათ გინდა, რომ დათოსნაირ ბიჭს გაჰყვე ცოლად.
– შეყვარებული არ მყავს. ადრე ერთი ბიჭი მომწონდა, მაგრამ, ამან ჩაიარა. მინდა, რომ ჩემი მომავალი მეორე ნახევარი ფეხბურთელი იყოს და, რა თქმა უნდა, ასე იქნება. მისნაირი მინდა იყოს, რადგან, მამა თავისი ცხოვრების წესითა და თვისებებით ყოველთვის მისაბაძი ადამიანი იყო და, მინდა, რომ ისიც ღირსეული და ისეთივე წარმატებული ადამიანი იყოს. შვილი რომ მეყოლება, თუ გოგო იქნება, ნანას დავარქმევ, თუ ბიჭი – დათოს. 
– როგორც ვიცი, მსახიობობა გაქვს გადაწყვეტილი. სცენაზე ვერ წარმომიდგენიხარ, იმდენად ჩუმი და მორიდებული ჩანხარ. 
– კი, მსახიობი გავხდები აუცილებლად, ეს გადაწყვეტილია. სხვათა შორის, ყველაზე კარგად თავს სცენაზე ვგრძნობ – როგორც სახლში, ისე. ბოლომდე იმ როლში ვარ, რა როლიც მაქვს, თუმცა, გასვლის წინ ძალიან ვნერვიულობ. ასე ერთი შეხედვით არ მეტყობა, მაგრამ, მართლა ძალიან ვნერვიულობ და, აი, მაშინ ვთხოვ ხოლმე მამას: ახლა ეს სპექტაკლი კარგად ჩამამთავრებინა, მეტი არაფერი მინდა-მეთქი და, წარმოვიდგენ, როგორ ზის დათო სადღაც იქვე და მიყურებს.
– ცხადია, ძნელია მამის გარეშე ცხოვრება, მაგრამ, მაინც გკითხავ: რა დაგაკლდა იმის გამო, რომ დათო აღარ არის?   
– არაფერი არ დამკლებია, დედაჩემმა ყველაფერი გამიკეთა იმისთვის, რომ კარგად ვიცხოვრო. დედაჩემია ჩემთვის დედაც, მამაც და ყველაფერიც.
– საფლავზე, ალბათ, ხშირად მიდიხართ? 
– ხშირად მივდივართ. ცოტა ხანს ვრჩებით, მიწას ვასუფთავებთ, ყვავილები მიგვაქვს, სანთლებს ვანთებთ, ვესაუბრებით. ზოგჯერ ქარიც ამოვარდნილა, მითხოვია, სანთელი არ ჩაქრეს-მეთქი და არ ჩამქარალა და, ყველაზე მთავარი: როცა გადაწყდება, რომ დათოს საფლავზე უნდა წავიდეთ, გზაში ვხედავთ, როგორ მოგვყვება თან 090-ნომრიანი მანქანა, ან, შეიძლება, ისე ჩაგვიაროს გვერდით. მხოლოდ სასაფლაოზე წასვლის დროს არა, სხვა ადგილებშიც ვხედავთ.

скачать dle 11.3